უკრაინა - ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022 13:06

ახალი ქართული შრიფტი „უკრაინა“, უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ (ხელნაწერების შედევრებია „ოსტრომიროვოს სახარება“, „არხანგელის სახარება“, და ა.შ.) დაყრდნობით შეიქმნა. თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
„კიევი შუა საუკუნეებში მთავარ სლავურ სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა, სადაც კალიგრაფები ხელნაწერ საღვთისმეტყველებო წიგნებს ქმნიდნენ. უკრაინის მონასტრებში იქმნებოდა და ვითარდებოდა კირილიცას ახალი კალიგრაფიული მიმდინარეობები. შრიფტი „უკრაინაც“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- აღნიშნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ. 

„უკრაინული ენა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე დამწერლობის, კირილიცას საშუალებით ჩაიწერება. ჩვენთან ხშირად კირილიცას, ისევ და ისევ პროპაგანდის მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო, არასწორად რუსულ დამწერლობას უწოდებენ, მაგრამ თანამედროვე რუსეთთან ამ დამწერლობის საწყისებს, ისტორიული კავშირი ნაკლები აქვს.
შრიფტი „უკრაინა“ ეძღვნება უკრაინელ ხალხს და მათ თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.

შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts

და https://calligraphy.ge/fonts

ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებსა და ქართული დამწერლობის ძეგლებს აციფრულებს და ქმნის ახალ ქართულ შრიფტებს. იხილეთ შრიფტების გალერეა www.gepra.ge/fonts.-ზე.

წაკითხულია 250 ჯერ

Related items

  • თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

    გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

    თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

    უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

    უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

    უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

    „გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

    „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

    "უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

    უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

  • აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

    ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

    თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

    შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

    ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

  • G7 გაზრდის თანამშრომლობას რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ

    დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები გააძლიერებენ თანამშრომლობას, რათა რუსეთმა, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე, თავიდან ვერ აიცილოს ეკონომიკური სანქციები. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში, რომელიც გახლავთ ამ ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, შეიკრიბნენ.

    იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრების შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობას, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე.

    შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასაცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა და ასევე მესამე ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხების თაობაზე თანამშრომლობა უნდა გაზარდონ.

    შეხვედრაზე მხარეები, რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების გააქტიურებაზე და ამ სადამსჯელო ქმედებების სრულად და კოორდინირებულ განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.

    თავის მხრივ, შეხვედრაზე G7-ის მინისტრებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გასული თვის ბოლოს გაჟღერებული გეგმები ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.   

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამომცემლობა „ასოშიეტედ პრესთან“ (AP) ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უკრაინაში მიწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვალი).

    უკრაინაში ომის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 12 პუნქტიან დოკუმენტზე, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ის (სი) აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია მასთან კონტაქტი.

    თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული.

    შეგახსენებთ, სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

  • "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

    2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
    სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
    თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური