დიდი შვიდეულის ლიდერები პუტინის რეჟიმზე და ბელარუსში მის მოკავშირეებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 ივლისი 2022 10:39

დიდი შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას და ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ისინი ასევე მზად არიან, გააძლიერონ  საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში.

დიდი შვიდეულის ქვეყნების — კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისს ჩატარდა.

დიდი შვიდეული მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების შესახებ. 

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და მხარში დავუდგებით უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ამ პროცესში ვალდებულებას ვიღებთ, გამოვავლინოთ გლობალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა და შევამციროთ რუსეთის აგრესიის საერთაშორისო გავლენა — განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე“, — აღნიშნეს დიდი შვიდეულის ლიდერებმა უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში.

გარდა ამისა, დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში: „ამით რუსეთს მოვუსპობთ ეკონომიკურ ბერკეტებს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი კოორდინირებული სანქციების მიზნობრივ გამოყენებას მანამ, სანამ საჭირო იქნება“. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში გამონახავენ რუსეთის საერთაშორისო ბაზრიდან იზოლირების ახალ გზებს, შეამცირებენ მის შემოსავლებს, გააგრძელებენ სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლას, შეამცირებენ რუსეთის მიერ ენერგეტიკიდან მიღებულ მოგებას, კოორდინაციას გაუწევენ სატარიფო ზომების მიღებას რუსეთიდან იმპორტზე, უფრო მეტად შეზღუდავენ ქვეყნის წვდომას დიდი შვიდეულის ქვეყნებში წარმოებულ ძირითად ინდუსტრიულ რესურსებზე, მომსახურებებსა და ტექნოლოგიებზე და სანქციებს დაუწესებენ მათ, ვინც ომის დანაშაულებზე და სურსათის უსაფრთხოების კრიზისზეა პასუხისმგებელი. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

    23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას. რეზოლუცია, ამასთან, ამ და სხვა მკვლელობების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

    რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სოფელ კირბალში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაშაულები ჩაიდინეს 2023 წლის 6 ნოემბერს — ანუ ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მისცემოდა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

    ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

    პარლამენტი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

    გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

    რეზოლუციის ტექსტი 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო 7, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის სრულად ნახვა აქაა შესაძლებელი.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • დიდი შვიდეული რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად მოლაპარაკებებს აჩქარებს

    იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას. 

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

    „ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.

    გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“. 

    მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“. 

    „რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

    რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად. 

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში დღემდე 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

    გაეროს ცნობით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 9900 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებული გახდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება. 

    უკრაინაში განვითარებული მოვლენები გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილეს.

    გაეროს ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის (OCHA) ჟენევის წარმომადგენელმა და საკოორდინაციო განყოფილების დირექტორმა რამეშ რაჯასინჰემმა აქ წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია.

    რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, რაც საზოგადოების დაახლოებით 40 პროცენტს შეესაბამება.

    მანვე განაცხადა, რომ 10 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 9 ათას 900 მშვიდობიანი მოქალაქე.

    მან გააკეთა გაფრთხილება, რომ რეალური მაჩვენებლები შეიძლება იყოს უფრო მაღალი და თქვა: "ომის გაგრძელებისას გარემო ბევრად უფრო საშიში გახდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებისთვის. ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციის  14 მუშაკი დაიღუპა“.

    რაჯასინჰემმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 1300 თავდასხმა მოხდა ჯანდაცვის ობიექტებზე, დაიღუპა 111 ჯანდაცვის მუშაკი და პაციენტი.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.
    პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

    გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

    თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

    უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

    უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

    უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

    „გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

    „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

    "უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

    უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური