“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2022 14:59

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ.

საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას - ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ ენჯეოებს შორის.

გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა „სირცხვილია“ და ნაციონალური მოძრაობის ენჯეოსატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 3 დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. სამწუხაროდ, ამ გეგმას რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა კვლავ დესტრუქციული ქმედებებით უპასუხეს. თუმცა, ჩვენთვის მათი ქმედებები ვერცერთი შემთხვევაში ვერ იქნება გეგმიდან გადახვევის მიზეზი.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს აწ უკვე ოფიციალურად აღიარებული ევროპული პერსპექტივის გასამყარებლად, „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით შეასრულებს თითოეულ პუნქტს, რისთვისაც ყველა საჭირო ნაბიჯი სათანადო ფორმატში და სათანადო ვადებში გადაიდგმება.

ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტის ნების რეალიზაციით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით და ჩვენი ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, ბუნებრივია, ამ გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - ნათქვამია ი. კობახიძის განცხადებაში.

წაკითხულია 270 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
    პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
    მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
    ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
    5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
    ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • ლიბერთი ბანკის განცხადება!

    გვინდა გამოვეხმაუროთ სს ლიბერთი ბანკის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას. კერძოდ, სანქცირებული კომპანიის მიერ სს ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გახდა საფუძველი პოლიტიკოს გიორგი ვაშაძის მიერ და მთავარი არხისა და ტვ პირველის ეთერებში გაჟღერებული სრულიად უსაფუძვლო ბრალდებისა, რომლის მიხედვითაც თითქოს ადგილი ჰქონდა სს ლიბერთი ბანკის მიერ სანქციების დარღვევას.

    სს ლიბერთი ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ზედმიწევნით იცავს საქართველოს კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს და საერთაშორისო სანქციებს. ამის პირდაპირი დასტურია სწორედ ზემოთ ხსენებული სარჩელიც, რომლის მიხედვითაც დასანქცირებული კომპანია სს ლიბერთი ბანკს ედავება საერთაშორისო სანქციების ზედმეტად ფართო და მკაცრ ინტერპრეტაციას.

    სს ლიბერთი ბანკის მიმართ დღეს გაჟღერებული ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სანქცირებული კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი გახლავთ ალიშერ უსმანოვი, რომელიც ინდივიდუალურად დასანქცირდა 2022 წლის მარტში, ხოლო მის კომპანიას კი ჰქონდა წვდომა საბანკო აქტივებზე (მათ შორის სს ლიბერთი ბანკში) უშუალოდ ამ კომპანიის დასანქცირებამდე - 2023 წლის აპრილამდე.

    მიგვაჩნია რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება სანქიების დარღვევად იმ მიზეზით, რომ 2022 წლის მარტშივე ალიშერ უსმანოვის დასანქცირებისას გამოიცა ე.წ General License #15 (მოქმედებდა 2023 წლის აპრილამდე), რომლის მიხედვითაც OFAC-მა (The Office of Foreign Assets Control) მკაფიოდ განმარტა, რომ სანქცირებული ალიშერ უსმანოვის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდებოდა სანქციები, თუ ეს კომპანიები თავად არ მოხვდებოდნენ სანქცირებულთა სიაში, რაც მოსარჩელე კომპანიის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ 2023 წლის აპრილში. მოსარჩელე სანქცირებული კომპანია 2023 წლის აპრილამდე სარგებლობდა არა მხოლოდ სს ლიბერთი ბანკის, არამედ სხვა ევროპული ბანკების მომსახურებითაც. 2023 წლის აპრილიდან, უშუალოდ კომპანიის დასანქცირების დღიდანვე, კომპანიას მყისიერად შეეზღუდა წვდომა სს ლიბერთი ბანკში განთავსებულ აქტივებზეც.

    სს ლიბერთი ბანკისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბანკის რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამებლური კამპანიები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში სისტემატიურად აწარმოებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები თუ მედია არხები.

    ბანკის რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის გაგრძელების შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკი უფლებას იტოვებს მიმართოს სასამართლოს და იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

  • ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას

    ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება რამოდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორცილებაში.

    „გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და, უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

    30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

  • ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

    დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

    საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

    დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

    სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.

    გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.

    ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

  • კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: „ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ“!

    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერსიტეტი და რესპუბლიკური საავადმყოფო გვერდიგვერდ სწორედ იმის გათვალისწინებით აშენდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო იყო  ქართული მედიცინის მთავარი სასწავლო ბაზა. საკითხი, ეს შენობა დაინგრეს, თუ მოხდეს მისი რენოვაცია, უნდა გადაწყვიტოს სამედიცინო უნივერსიტეტის და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პროცესი უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურება და სტუდენტების აღზრდა არ შეჩერდეს და არ შეფერხდეს.    

    მითქმა-მოთქმა ისმის იმაზეც, რომ ქალაქის ცენტრში არსებული 8  ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომლის მინიმალური ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია, სასურველი ლუკმაა და არსებული შენობის დანგრევის შემდეგ, იქ საავადმყოფო აღარ აშენდება. საზოგადოებამ ისიც იცის, როგორ ღიად და ურცხვად არის ჩაბმული „ქართული ოცნება“ სისტემურ კორუფციაში, ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

    ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.   

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური