საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 10:49

2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!

პატივისცემით,

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

წაკითხულია 301 ჯერ

Related items

  • ევროპარლამენტი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის გატაცებას გმობს

    23 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას. რეზოლუცია, ამასთან, ამ და სხვა მკვლელობების დეტალურ გამოძიებას ითხოვს.

    რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სოფელ კირბალში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ახლოს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაშაულები ჩაიდინეს 2023 წლის 6 ნოემბერს — ანუ ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის წარდგენამდე ერთი დღით ადრე. 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მისცემოდა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

    ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ პარლამენტი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

    პარლამენტი დაბეჯითებით მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე.

    გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში.

    რეზოლუციის ტექსტი 495 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო 7, ხოლო 50-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტის სრულად ნახვა აქაა შესაძლებელი.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

    მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
    შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.
    პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
    ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის

    ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
    ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
     
    დამატებითი ინფორმაცია
    პრესრელიზი

  • სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

    2023 წლის 19 მარტს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კლინიკა „ვივა მედში“ განთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი მოინახულა, რომლებიც ასევე კლინიკა „ვივა მედში“ გადიან მკურნალობას.

    „თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.

    ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

    თუმცა, ჩემი მხრივ დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

    რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან.

    ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.

    შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.

    მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

    პრეს-რელიზი

    Press release

    წყარო: https://euneighbourseast.eu/news/latest-news/charles-michel-meets-georgian-president-salome-zurabishvili/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური