“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022 14:31

პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი გამართა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

გვინდა, გამოვეხმაუროთ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს.

ქალბატონი სალომეს განცხადებებზე გამოხმაურებას საჭიროდ არ ჩავთვლიდით, თუმცა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სტატუსს და აქედან გამომდინარე, ძალიან მოკლედ შევეხებით მისი გუშინდელი ბრიფინგის რამდენიმე პასაჟს.

დავიწყებთ საერთო შეფასებით და ვიტყვით, რომ, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ.

ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ, საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე, ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია, ამასაც კი არა აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა.

როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ, ვციტირებ, „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და კანდიდატის სტატუსის მიღების მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელება. რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას შეეძლო. თუმცა, ამ შემთხვევაში, მსგავსი, ადეკვატურობას მოკლებული განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ.

ამასთან, საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გუშინ უმწვავესად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასში გვხვდება როგორც ფაქტობრივი უზუსტობები, ისე დაუსაბუთებელი ბრალდებები. გაუგებარია, რატომ უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ჩვენს სამართლიან კრიტიკას ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ევროპარლამენტს თავად ასეთ უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

სალომე ზურაბიშვილმა აბსურდი უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ამგვარი განცხადება პირველად არა მმართველმა პარტიამ, არამედ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა გააკეთა. როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ირიბი სანქციები უკვე მოქმედებს და ამ სანქციებით მას ვერავინ შეაშინებს, ეს რას ნიშნავს, საზოგადოებას კარგად ესმის და წესით, სალომე ზურაბიშვილსაც კარგად უნდა ესმოდეს. ამ ფონზე, რატომ ცდილობს ის ირიბი სანქციების თემის დაკნინებას, გაუგებარია და ამაზე მსჯელობაც საზოგადოებისთვის მიგვინდია.

კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ, ეს არის ციტატა.  არა გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი განცხადება მისი სამარცხვინო შინაარსის დაგვიანებით გაცნობიერების გამო გადააკეთა. როგორც ჩანს, მან, ნახა რა საზოგადოების განწყობა და უმძიმესი რეაქციები, მიხვდა, რომ ამ განცხადების უკიდურესი უსამართლობა და უმადურობა მის იმიჯს მძიმედ დააზიანებდა და უკან დახევა ამიტომ მოუწია.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს:

-         19 აპრილის შეთანხმების ანულირება. სალომე ზურაბიშვილს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მხარემ - ნაციონალურმა მოძრაობამ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და მმართველმა პარტიამ ის ანულირებულად მხოლოდ ამის შემდეგ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა. ამ 100 დღის მანძილზე, ჩვენ არ გვახსენდება სალომე ზურაბიშვილის, ენჯეოების თუ საერთაშორისო პარტნიორების არცერთი მკვეთრი თუ თუნდაც ნაკლებად მკვეთრი მოწოდება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. რატომ არ მოუწოდებდა ნაციონალურ მოძრაობას არავინ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდია;

-         5 ივლისის ძალადობის არასათანადო გამოძიება. ეს არის მეორე ბრალდება.  სტატისტიკას აღარ გავიმეორებთ, თუმცა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, სათანადოდ წარმიმართა და არაერთი ადამიანი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორე იგივე, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის არასათანადო გამოძიება ყოველგვარ კონკრეტულ ფაქტზე მითითების გარეშე დააბრალა;

-         მესამე, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია;

-         გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარის თქმა. შემდეგი თემა.  შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის უპრეცედენტო, აბსურდული წესის შემოღება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ უტყუარი არგუმენტები, რაზეც ოპოზიციამ ვერცერთი, ვიმეორებთ - ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტით ვერ გვიპასუხა. შესაბამისად, ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან ამ გარემოებას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება;

-         არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გავრცელება. კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ისიც ეხსენებინა, რომ ეს ჩანაწერები არჩევნების წინ არა მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამ გაავრცელა. ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, ვინ განახორციელა და შემდეგ, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, ამ საქმეზე გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად წარიმართოს;

-         მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საბჭოს წევრები კონფერენციამ, 300-ზე მეტმა მოსამართლემ კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს ქვეყანას ფუნქციონირებადი იუსტიციის საბჭო არ ეყოლებოდა. სწორედ ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ინტერესი და რატომ იზიარებს ამ ინტერესს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის გაუგებარია;

-         ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილება. საქართველოს პარლამენტმა შეამსუბუქა ცესკოს წევრების არჩევის უპრეცედენტო და აბსურდული წესი და ის შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან წინასწარი კონსულტაციებიც გავიარეთ. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განცხადება მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული;

-         უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის არჩევა. ამ შემთხვევაშიც, კანდიდატების წარდგენა და არჩევა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ, სირთულისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობას უსწრებს. გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქონდა პოლიტიკური ინტერესი, უზენაესი სასამართლო სრულად არ დაკომპლექტებულიყო და ფუნქციონირებაში სირთულეები შექმნოდა. თუმცა, რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი, ესეც ჩვენთვის გაუგებარია;

-         სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახური არ გაუქმებულა, არამედ ორ ნაწილად გაიყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად არათუ არაფერი გაუარესებულა, არამედ, პირიქით, სისტემა, უფრო რაციონალურად მოწესრიგდა. პრეზიდენტს სიტყვაც არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ ორი ასეთი სამსახურის ერთად არსებობის პრეცედენტი მსოფლიოში არ ფიქსირდება. შესაბამისად, კრიტიკა ამ შემთხვევაში სრულად არის საფუძველს მოკლებული;

-         გვარამიას „უდროო“ დაკავება. ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, ეს, რა თქმა უნდა,  ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს;

-         მიყურადების კანონის მიღება. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ამ კანონის მეორე მოსმენით განხილვა გადავდეთ 2 კვირით, რათა ოპოზიციას, ენჯეოებს და საერთაშორისო პარტნიორებს კანონის წინააღმდეგ არგუმენტები წარმოედგინათ. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ამგვარი არგუმენტები, ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. მეტიც, მეორე მოსმენის დროს, პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი სიტყვითაც კი არ გამოსულა. ასეთ დროს, პარლამენტს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა მიეღო კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამგვარად, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას.

ფაქტები კი არის ის, რომ მმართველი პარტიის ნაბიჯების წყალობით, დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სათანადოდ მუშაობს ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, სრულად და სათანადოდ არის დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოში დღესაც მოქმედებს გენერალური პროკურორისა და ცესკოს წევრების არჩევის წესი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ინსტიტუციურად გამართულად ფუნქციონირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურები, კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.

ეს არის ის, რაც არ მოსწონთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, მაგრამ რაც მოგვწონს ჩვენ და რაც მთავარია, მოსწონს საქართველოს მოსახლეობას. რატომ არ მოსწონს ეს სალომე ზურაბიშვილს, ამის ახსნა საზოგადოებისთვის მიგვინდია.

რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას:

-         სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ეს არის მაგალითად დანილოვის ცნობილი ციტატა. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არც მიგვაჩნია;

-         ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა;

-         საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატოს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არა აქვს, საბედნიეროდ.

ბოლოს, შევეხებით ხვალისთვის დაანონსებული აქციის თემას. ამ აქციის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთან“, როგორც მას თავადვე უწოდა - რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არა აქვს.

დაველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას. გვაქვს რწმენა, რომ გაიმარჯვებს სიმართლე და სამართლიანობა, რაც ის ღირებულებებია, რომლებსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა.

წაკითხულია 307 ჯერ

Related items

  • კახა ოქრიაშვილი: საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
    საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
    პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
    მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
    ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
    5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
    ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას

    ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება რამოდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორცილებაში.

    „გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და, უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – განაცხადა კობახიძემ.

    30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

  • პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.

    ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. 
    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

    დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.

    საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

    დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.

    სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.

    გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.

    ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.

  • კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს - „PSP ჯგუფი, თურმე, ჩემი არ ყოფილა. ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  PSP ჯგუფი, რომლის შენებაც დავიწყე 30 წლის წინ და ვაქციე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთგვარ ბრილიანტად, კომპანია, სადაც დასაქმებულია 8 000-ზე მეტი ადამიანი, კომპანია, რომელიც 50 მილიონ ლარზე მეტ გადასახადს იხდის საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად, თურმე, ჩემი არ ყოფილა.
    ბატონო ირაკლი, პასუხი იხილეთ ჩემს პირად FB გვერდზე“. ჯერ კიდევ ველი პრემიერ-მინისტრის მიერ, ორი დღის წინ, ჩემს მიმართ გაჟღერებულ ტყუილზე, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების მომატებასთან დაკავშირებით, ცრუ ბრალდების უარყოფას  და ბოდიშს!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური