საქართველო vs ესპანეთი - 49:15

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 მარტი 2022 10:42

გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები „დინამო არენაზე“ - 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვა. სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით იგი დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მე-10-ედ შემართეს.

ესპანელებს ორი ლელო გაუტანა აკა ტაბუცაძემ და 19 თამაშში 18 მოუგროვდა. ამ უნიკალური მაჩვენებლით, ის მახო ურჯიკაშვილს გაუტოლდა და საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

წაკითხულია 330 ჯერ

Related items

  • მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში დღეს იწყება!

    კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს იწყება. 2023 წლის პლანეტის პირველობას აზიის სამი ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს. ტურნირის ხილვა საქართველოს პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება შესაძლებელი.

    FIBA-მ ტურნირის დაწყებამდე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მუნდიალის წინ ყველა საინტერესო დეტალი მიმოიხილა.

    მასპინძელი არენები:

    ჩემპიონატი 25 აგვისტოს გაიხსნება და პირველივე დღეს ასპარეზობაში 16 გუნდი ჩაერთვება. A და B ჯგუფის გუნდები თავიანთ თამაშებს ფილიპინებზე, SMART Araneta Coliseum-ზე ჩაატარებენ. C და D ჯგუფის ნაკრებები ერთმანეთს Mall of Asia (MoA) Arena-ზე დაუპირისპირდებიან.

    ტურნირის პირველი რაუნდის 2 შეხვედრა Philippine Arena-ზე გაიმართება, რომელიც 52 000 მაყურებელს იტევს.

    საქართველოს ნაკრები, რომელიც F ჯგუფშია, იაპონიაში, Okinawa Arena-ზე ითამაშებს ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად. აღნიშნული დარბაზი ასევე მიიღებს E ჯგუფის მატჩებს.

    დარჩენილი ორი ჯგუფის, G და H-ის ნაკრებები კი ინდონეზიაში შეიკრიბებიან, Indonesia Arena-ზე.

    ტურნირის ფინალური ეტაპი 5-10 სექტემბერს შედგება და ყველა შეხვედრა MoA Arena-ზე ჩატარდება.

    ტურნირის ფორმატი:

    მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს. სულ არის 8 ჯგუფი, ხოლო თითოეულში 4 ნაკრებია. ყოველი ჯგუფიდან 2-2 გუნდი გავა მეორე ეტაპზე, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.

    მეორე ეტაპზე 4 ჯგუფი დაკომპლექტდება, საიდანაც 2-2 გუნდი მეოთხედფინალში გავა. მაგალითად, თუ საქართველოს ნაკრები F ჯგუფიდან გააღწევს, K ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ასევე ითამაშებენ E ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები. აღნიშნული 4 ჯგუფიდან ვერ გასული გუნდები 9-17 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

    მოქმედი ჩემპიონი:

    2019 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანეთმა მოიპოვა. იმ ტურნირის MVP-ი რიკი რუბიო გახდა, ხოლო ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები 96:75 დაამარცხეს.

     

  • თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატმა

    გუშინ თბილისში სტარტი აიღო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა (U21) ჩემპიონატმა. გუშინვე გაიმართა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაწილეობით.

    საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი  ეფექტური გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა და ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან, „დინამო არენაზე“ 2:0 მოიგო.

    მატჩის პირველ ტაიმში, წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ მცველს წამიერი დაბნეულობა არ აპატია, კარს მიუახლოვდა და ზუსტად დაარტყა – 1:0. ტაიმის ბოლოს კი იგივე წიტაიშვილის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კართან საზონოვი დარჩა უმეთვალყურეოდ და შესვენებამდე, საქართველოს ნაკრები კომფორტული უპირატესობით დააწინაურა – 2:0.

    მეორე ტაიმში პორტუგალიამ სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა შესძლეს მოგერიება და ამ თამაშის მოგება.

    ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.

    საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

    გიორგი ოთინაშვილი

  • გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს

    ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვი - მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა.

    ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს (54 კგ) და დემურ ქაჯაიას (67 კგ), რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს.

    ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თათია ბუკიას (75 კგ). იგი გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა.

    მესამე ადგილებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შესძინეს დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ). 

  • ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
    ისტორიაში პირველად - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
    ქართველმა ხელბურთელებმა გადამწყვეტი მატჩი სტუმრად უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ძალიან დაძაბულ ბრძოლაში (31:30) დაამარცხა.

    შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენება ისევ ცხოვრებაძემ მოახერხა და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:30.

    საქართველოს ნაკრებმა მე-6 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი ხელბურთელები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
    ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება.
  • ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეშვიდე ოქროს მედლით დააგვირგვინა

    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის ერევნის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე, მოლოდინისამებრ, საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა მეშვიდედ მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ქალთა ნაკრების ლიდერს, მსოფლიოს ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებულ ანასტასია გოტფრიდსაც, რომელმაც ასევე მედლები დაისაკუთრა.

    ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ექვსგზის და ასევე ექვსგზის ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მნიშვნელოვანი უპირატესობა ატაცში მოიპოვა. 222 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაიბევა. ასეთივე სინჯის მედალი ერგო აკვრაში დაძლეული 252 კილოგრამით. ჩემპიონი გახდა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 474 კილოგრამითაც.

    ასე რომ, ქართველმა მძიმეწონოსანმა მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატზე  ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები დაისაკუთრა.

    ამავე წონაში იყო წარმოდგენილი ბაქარ თურმანიძე, რომელსაც ორჭიდის ჯამით (392 კგ) მეხუთე შედეგი ჰქონდა.

    წარმატებით იასპარეზა ანასტასია გოტფრიდმა(+87 კგ). მან ატაცში 117 კგ დაძლია, რამაც ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლის მედალი ერგო აკვრაში დამორჩილებული 135 კილოგრამით. ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 252 კილოგრამითაც.

    რამდენიმე დღით ადრე ერევნის ფიცარნაგზე ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა იზეიმა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ვერცხლის მედლები ერგოთ რამინ შამილიშვილს (55 კგ), ირაკლი ჩხეიძეს (102 კგ) და გიორგი ჩხეიძეს (109 კგ), ხოლო აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ზაზა ლომთაძემ (109 კგ).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური