ცესკოს გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022 11:28

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) კვლავ გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. ის უკვე მეორედ აირჩიეს და გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ცესკოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ დღეს  პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია. გიორგი კალანდარიშვილმა მადლობა გადაუხადა საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს ვინც მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს უმნიშვნელოვანესი საქმე - რასაც არჩევნების ადმინისტრირება ჰქვია:

„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა მრავალპარტიული მხარდაჭერის შედეგად გავაგრძელო საქმე, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, - ეს არის არჩევნების და საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.  ჩემს კონკურენტს კი, წარმატებებს ვუსურვებ მის მომავალ საქმიანობაში.

ჩვენმა გუნდმა უმოკლეს ვადებში დანერგა არაერთი პროექტი და ეფექტურად განახორციელა საარჩევნო რეფორმები. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა ყოფილიყო სრულიად საჯარო. ზედმიწევნით მივყვებით ჩვენს გეგმას და არაერთი ინიციატივაც გამოვიჩინეთ; გავიხსენებ იმასაც, რომ სწორედ ჩემი მოთხოვნით განხორციელდა დამატებითი გადათვლის პროცედურები საუბნო საარჩევნო კომისიებში გასულ წელს, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ სანდოობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

ახლაც სწორედ ამ მიმართულებით ვივლით, - ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ყველა პირობა შექმნილი, რათა ყოველთვის გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო საკითხებზე ამომწურავი ცოდნა და ინფორმაცია. ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას და ყველა ჩვენი აქტივობა მიზანმიმართული არის და იქნება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე ჩვენს ქვეყანაში. ასევე გაგრძელდება კონსტრუქციული თანამშრომლობა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან.

ჩვენ კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ საქმიანობას, ვემზადებით 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, რომ მაღალპროფესიულ დონეზე გავუწიოთ არჩევნებს ადმინისტრირება,“ განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.   

გიორგი კალანდარიშვილი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის 3 აგვისტოდან ხელმძღვანელობს. თავმჯდომარედ არჩევამდე (2008-2021წ.წ.) ცესკოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ასევე საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 -ის მოთხოვნების შესაბამისად ცესკოს ხარისხის მენეჯერი. 

გიორგი კალანდარიშვილი პროფესიით იურისტია, გარდა ამისა მას არაერთ საერთაშორისო სასწავლო კურსში აქვს მიღებული მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივ, გენდერულ, საარჩევნო ტექნოლოგიებისა და კიბერ ჰიგიენის, ეფექტური საჯარო მენეჯმენტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, პერსონალური მონაცემების დაცვის  და სხვა საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილს ასევე აქვს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

წაკითხულია 413 ჯერ

Related items

  • ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 46,84% შეადგინა

    ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიამ, რეგიონული კომისიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა 14 საათისათვის არსებული პირველი მონაცემები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის აქტივობის შესახებ.

    მათი ინფორმაციით საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობამ 46,84% შეადგინა.

    მათ შორის:

    1. აბაის რეგიონში - 52,28%;

    2. აკმოლის რაიონში - 52,12%;

    3. აქტობის რაიონში - 51,28%;

    4. ალმათის რეგიონში - 52,13%;

    5. ატირაუს რეგიონში - 36,15%;

    6. დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში - 55,14%;

    7. ჟამბილის რეგიონში - 58,32%;

    8. ჟეტისუს რეგიონში - 52,41%;

    9. ყარაგანდის რაიონში - 56,97%;

    10. კოსტანის რაიონში - 62,36%;

    11. კიზილორდას რეგიონში - 54,31%;

    12. მანგისტაუს რაიონში - 49,18%;

    13. პავლოდარის მხარეში - 51,24%;

    14. ჩრდილოეთ ყაზახეთის რეგიონში - 49,68%;

    15. თურქესტანის რეგიონში - 48,37%;

    16. ულიტაუს რეგიონში - 52,29%;

    17. აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონში - 58,69%;

    18. ასტანაში - 33,65%;

    19. ალმათაში - 15,38%;

    20. ქალაქ შიმკენტში - 35,61%.

    შემდეგი ოპერატიული ინფორმაცია 16:10 საათზე იქნება წარმოდგენილი.

  • ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად

    „2023 წლის 19 მარტს ყაზახეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები საშუალებას მისცემს ხალხს გამოიყენონ ხმის მიცემის უფლება თავისი ქვეყნის ნათელი მომავლის მართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა მუხტარ ერმანმა ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მ. ერმანმა აღნიშნა, ბოლო ათი თვის განმავლობაში ყაზახეთში დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმების სერია, რომლებზეც დიდი მუშაობა მიმდინარეობდა, რაც ნიშნავს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას და ქვეყნის ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ გადაქცევას.

    მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმების ათ თვეში განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ყაზახეთის განვითარების ისტორიაში.

    ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ, ახალი კანონმდებლობა და საკონსტიტუციო რეფორმები გარდაქმნის არსებულ სისტემას და ქვეყნის საჯარო მმართველობის სისტემას თანასწორობასა და ეფექტურობაზე დააფუძნებს, რაც ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს.

    მუხტარ იერმანმა ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი მიდის ახალი საკონსტიტუციო გარდამავალი პროცესისკენ, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა გაერთიანებული. „ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია სრულ მზადყოფნაშია საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - აღნიშნა მ. ერმანმა.

    აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პარლამენტის არჩევნებში შვიდი პოლიტიკური პარტია ღებულობს მონაწილეობას. ესენია პარტია-AMANAT, «Ауыл» - სახალხო დემოკრატიული, პატრიოტული პარტია, პარტია „რესპუბლიკელები“, ყაზახეთის სახალხო პარტია, პარტია «Байтақ», ყაზახეთის დემოკრატიული პარტია «Ак жол» და ნაციონალური სოციალ-დემოკრატიული პარტია.

    ამასთან, ყაზახეთის ერთმანდატიან ოლქებში 609 კანდიდატია წარდგენილი, მათგან 525 თვითდასახელებულია. ყაზახეთის ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა 12 მილიონ 32 ათას 550 ადამიანს შეეძლება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

    სპეციალურად ასტანიდან

  • 2024 წლის პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს

    2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.  ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

    „დღეს ცესკომ ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, 2024 წელს გასამართი პარლამენტის არჩევნებისას, ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული საშუალებების  გამოყენებით მიიღებს. დარჩენილ საარჩევნო უბნებზე კი განხორციელდება  ბიულეტენების გაციფრულება და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დადგენას საარჩევნო უბნებზე. აღსანიშნავია, რომ ეს მოცემულობა ხელს შეუწყობს ყველა ჩართულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ გაერთიანებებს, თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ  წელიწადნახევრით ადრე მოემზადონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები 2024 წლის არჩევნებისთვის“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

    გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ - „ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამისთვის ვიბრძოდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი  იყო დღევანდელი სხდომა იმითაც, რომ პოლიტიკურ პარტიებს წელიწადნახევრით ადრე უკვე ეცოდინებათ ახალი საარჩევნო გეოგრაფია, რაც მისცემს მათ საშუალებას ადეკვატურად დაგეგმონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის“.

    ცესკოს წევრის ივანე ნორაკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა ნდობის ამაღლებას - „განსხვავებით საკანონმდებლო ჩანაწერისგან, გვაქვს პროგრესი. საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდებოდა ამომრჩევლის მინიმუმ 70 პროცენტისთვის, ცესკოს დღევანდელი განკარგულებით კი დადგინდა, რომ ელექტრონული არჩევნები საქართველოში ჩატარდება ამომრჩევლის თითქმის 90 პროცენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რადგან ელექტრონული არჩევნები ზოგადად ამარტივებს არჩევნების ადმინისტრირებას, უფრო მეტ სიზუსტეს სძენს მას და აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში იზრდება ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩეველთა მხრიდან“.    

    2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველი თემების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე, ასევე ზემოხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრებისა) არსებულ იმ საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს. იმ საარჩევნო უბნებში კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, საუბნო საარჩევნო კომისია ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში განახორციელებს საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანას შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტ სივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით და მათი გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

    აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას წინ უძღოდა მთელი რიგი სამუშაოები, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით გასწია, ასევე, ჩართულ მხარეებთან სხვადასხვა სამუშაო ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც განხორციელდა დოკუმენტის ძირითადი პრინციპების განხილვა და მოსაზრებების მოსმენა.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი შუალედური/რიგგარეშე არჩევნებიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და იმავე კრიტერიუმების მიხედვით ჩატარდება, რომელიც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებზე იმოქმედებს.

  • თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბიზნეს საუზმეზე მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა
    2022 წლის 1 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ბიზნეს საუზმეზე საქართველოს მასმედიის წარმომადგელებს უმასპინძლა.
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე.
    მასმედიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რომ ორი ქვეყნის ურთიერთბების გაღრმავებისთვის საჭიროა მსგავსი ტიპის შეხვდრების ორგანიზება და მადლობა გადაუხადეს Deik-ის ბიზნეს საბჭოს მიმდინარე წლის თებერვალში ქ. სტამბოლში გამართულ საინფორმაციო შეხვედრის ორგანიზებისთვის.
  • ცესკოს თავმჯდომარის განცხადება ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით

    “საარჩევნო ადმინისტრაცია 3 აგვისტოდან, არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრისთვის გაითვალისწინა და განახორციელა  საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით - ე.წ. მიშელის დოკუმენტით.  ამის კარგი დასტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული შეფასებები, როგორც არჩევნების პირველ, ისე მეორე ტურთან დაკავშირებით” - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

    გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბიულეტენების გადათვლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სწორედ საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ  კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. „აქვე აღვნიშნავ რომ საერთო ჯამში, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე, ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების შედეგების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს  საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

    კანონის ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.  ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    მადლობას ვუხდი გადათვლის პროცესში ჩართულ საარჩევნო ადმინისტრატორებს, მედიას, რომელიც ამ ღონისძიებას აქტიურად აშუქებდა, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, რომლებიც ხმის გადათვლის პროცესების გამჭვირვალობას კიდევ უფრო უწყობდნენ ხელს.

    ჩვენ გუშინ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. რაც ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნდობის გამყარებას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში.

    წარმოგიდგენთ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს ამ დროისთვის გადათვლილი 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით.

    მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა.

    რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ - 5 ხმა“, განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ცესკოს ვებგვერდზე.

    დამატებით ინფორმაციას დღეს გადათვლილი საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგის შესახებ მოგაწვდით მოგვიანებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური