დროა დასრულდეს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 13:30

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებმაც ძალადობა იწვნიეს. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
გასული წლების მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, გენდერული კვოტირების შემოღება, ამ კანონების აღსრულების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების გაძლიერება, სხვადასხვა დისკრიმინაციული სოციალური სტერეოტიპის დაძლევა, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც განაპირობებს. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს. სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ამ მხრივ, მდგომარეობას ამწვავებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.
ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე კვლავაც დაბალია. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა შედარებით გაიზარდა 2020 და 2021 საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თუმცა საქართველოს პოლიტიკაში კვლავ კაცები დომინირებენ.
ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში აიღო.

პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.

წყარო: გაეროს ოფისი საქართველოში

 

წაკითხულია 474 ჯერ

Related items

  • თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

    გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

    თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

    უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

    უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

    უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

    „გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

    „რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

    "უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

    უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

  • სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

    "ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

    ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

    ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

    პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

  • პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.

    პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.

    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.

    საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას. 

    საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა. 

    ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.

    საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.

    პრეზიდენტის ადმინისტრაცია

  • Visa-ს და Emerging Europe-ის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მეწარმე ქალებს სურთ გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და განავითარონ ბიზნესი საერთაშორისო დონეზე

    უახლესი კვლევა, რომელიც Emerging Europe-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, კამპანიის She's Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში ჩაატარა, მიუთითებს, რომ ქალ ლიდერებს რეგიონში ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა აინტერესებთ და მზად არიან განავითარონ თავიანთი ბიზნესი საერთაშორისო დონეზე. კვლევის შედეგად, საქართველოში მეწარმე ქალების მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების ტენდენცია გამოვლინდა

    თბილისი, 2023 წლის 1 მარტი – Visa-მ, დღეს, ინიციატივა She’s Next-ის ფარგლებში, გამოაცხადა კვლევის შედეგები ქალთა ლიდერობისა და მეწარმეობის შესახებ,  აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კვლევა ჩაატარა რეგიონული განვითარების ჰაბმა Emerging Europe-მა.

    ფართომასშტაბიანმა კვლევამ მოიცვა 2000 ბიზნესის მფლობელი თუ თვითდასაქმებული ქალი, რომლებიც ონლაინ, 75 სიღრმისეული ინტერვიუსა და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობის შედეგად გამოიკითხნენ 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კვლევის შედეგები ამომწურავ ინფორმაციას გვიზიარებს  რეგიონში  საშუალო სტატისტიკური მეწარმე ქალის შესახებ და საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს გაეცნონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ქალები თავიანთი კარიერის განვითარების გზაზე აწყდებიან. 

    „როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა, ქალებისთვის თანხის მოზიდვა რთულია, მაგრამ შედარებით რთულია Silicon Valley-ში და უფრო რთული მის ქვეყანაში - სომხეთში. თანხების მოზიდვა მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ გამოწვევას შორის, რომელთა წინაშეც მეწარმე ქალები დგანან,“ - თქვა ენდრიუ ვრობელმა, Emerging Europe-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა. „აღნიშნულ კვლევაში გვინდოდა რაც შეიძლება საფუძვლიანად შეგვესწავლა ქალთა მეწარმეობა და გაგვეგო ყველა პოტენციური დაბრკოლება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალების ბიზნესსა და სტარტაპებზე. ჩვენ ასევე გვსურდა დაგვედგინა მათი საჭიროებები, გაგვეგო მათი პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათი შესაძლებლობების გაფართოებას და მათი ბიზნესის წარმატებას საერთაშორისო დონეზე.“

    საერთო ჯამში, ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესების უმეტესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში (84%) არ კვეთს საერთაშორისო საზღვრებს, მაგრამ მეწარმე ქალები მზად არიან შეისწავლონ საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოება.

    ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესები ერთიანდებიან შემდეგ წამყვან სექტორებში: სილამაზე და ჯანმრთელობა (17%), საცალო ვაჭრობა (12%), სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები (12%), განათლება (8%), პიარი და მარკეტინგი (7%). მეწარმე ქალთა ორი მესამედი არ იყენებს გარე დაფინანსებას, ხოლო სამ მეოთხედს არ ჰყავს თანამშრომლები. რეგიონში ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესის, დაახლოებით, 35% 1000 აშშ დოლარზე ნაკლები ინვესტიციით შეიქმნა. 10 ქალიდან მხოლოდ ერთი ასაქმებს 5-ზე მეტ ადამიანს.

    „She’s Next პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება,ქალილიდერების, ადგილობრივითემებისგაძლიერებასადამათიგანვითარების ხელშეწყობას გულისხმობს,“ - თქვავირაპლატონოვამ, Visa-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, დსთ-ს, საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების (CISSEE) ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა. ამიტომძალიანმნიშვნელოვანია Visa-სთვის გაეცნოსმეწარმექალთაკონკრეტულსაჭიროებებსადაპრობლემებსიმქვეყნებში, სადაცინიციატივა ხორციელდება. მოხარულივართ, რომსაქართველოს,აღმოსავლეთდასამხრეთ-აღმოსავლეთევროპის, ცენტრალურიაზიისადაკავკასიისმთელირეგიონისქალილიდერები  ელექტრონულკომერციას ირჩევენ დამოსახერხებელიდასაიმედოციფრულიგადახდებით სარგებლობენ. ჩვენგამოვიყენებთკვლევისშედეგებს, რათა ბევრი სხვა ინიციატივა ავამოქმედოთრეგიონშიგენდერულიინკლუზიურობისხელშემწყობის მიზნით.“

    ძირითადი დასკვნები

    1. ქალებიპროფესიულიდაფინანსურიდამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ქალების მოტივაციის ძირითადი წყაროებია შემოსავლის გაზრდის სურვილი (50%), საკუთარი თავისთვის მუშაობის სურვილი (31%) და ოცნების ახდენის სურვილი (21%). საქართველოში მეწარმე ქალთა მთავარ მოტივაციას შემოსავლის ზრდა წარმოადგენს (55%).
    2. ქალიმეწარმეებითავიანთბიზნესზედაპირადცხოვრებაზე თითქმისთანაბრადზრუნავენ. რესპონდენტები თავიანთ ყველაზე დიდ გამოწვევად ბიზნესის სამომავლო წარუმატებლობას (29%), ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას (27%) და ოჯახისა და შვილების მიმართ უყურადღებობას (25%) მიიჩნევენ. საქართველოში ქალებისთვის მთავარ გამოწვევას ბიზნესის წარუმატებლობა წარმოადგენს (41%).
    3. ქალებისმფლობელობაშიარსებულბიზნესსკონკურენციასთანდადაფინანსებისმოსაზიდად უწევსბრძოლა. მეწარმე ქალები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა მაღალი კონკურენცია (40%), კაპიტალის მოზიდვა (32%) და არახელსაყრელი ბიზნესპირობები (31%). საქართველოში რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ბიზნესის დაწყებისა და წარმართვისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მაღალი კონკურენციაა (36%), რომლის შემდეგ  ინვესტიციების მოპოვება და დაფინანსება მოდის (36%).
    4. ეწარმექალებსსურთისწავლონბიზნესისწარმოება ონლაინ. რესპონდენტებს სურთ შეიძინონ დამატებითი დაფინანსების მოპოვების (47%), ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის (37%), ელექტრონული კომერციისა (24%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების (21%) უნარები. საქართველოში მეწარმე ქალებს ყველაზე მეტად შემდეგი უნარების გაუმჯობესება სურთ: დამატებითი დაფინანსების მოპოვება (52%), ელექტრონული მარკეტინგი და სოციალური ქსელების მართვა (42%) და საერთაშორისო ბიზნესის განვითარება (25%).
    5. ქალი მეწარმეები თანამშრომლებისა და მიმწოდებლების ანაზღაურებას ნაღდი  ფულით უზრუნველყოფენ, თუმცა მომხმარებლებს POS ტერმინალებით გადახდის მეთოდსაც სთავაზობენ.

    მეწარმე ქალთა 42% ანგარიშსწორებას თანამშრომლებსა და მიმწოდებლებთან ნაღდი ფულით აწარმოებს, ხოლო 37% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას. საქართველოში 22% იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 45% საბანკო ბარათით გადახდას ირჩევს. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათ შორის ელექტრონული გადახდები ბევრად პოპულარულია: გამოკითხულთა 37%-მა განაცხადა, რომ მათი პროდუქტისა და მომსახურების საფასურის საბანკო ბარათით გადახდა ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ხოლო 42%-მა თქვა, რომ ურჩევნია, მომხმარებლებმა საბანკო ბარათით გადაიხადონ. შედარებისთვის, მეწარმე ქალთა 35%-მა თქვა, რომ მათი კლიენტები ნაღდი ფულით უფრო ხშირად იხდიან და მხოლოდ 28%-ს ურჩევნია, რომ კლიენტებმა ნაღდი ანგარიშსწორება გამოიყენონ. საქართველოში 40% საბანკო ბარათით გადახდას ანიჭებს უპირატესობას, და მხოლოდ 29% ნაღდ ანგარიშსწორებას ირჩევს.

    Visa-ს და Emerging Europe-ის  პარტნიორობის შემდგომი ეტაპის ამბიციური მიზნებია -  რეგიონში ქალი მეწარმეების She's Next საზოგადოების ფარგლებში გაერთიანება, მათთვის საკომუნიკაციო პლატფორმის უზრუნველყოფა, რაც გამოცდილების გაზიარებასა და მათი ბიზნესის ჰორიზონტის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

    ###

    Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge

    ევროპის განვითარების (Emerging Europe) შესახებ

    Emerging Europe არის ლონდონში დაფუძნებული განვითარების ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს განვითარდნენ და გაფართოვდნენ საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მისიაა მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მომავლის ევროპაში. ჩვენ საუკეთესო პარტნიორობას ვუწევთ მათ, ვისაც რეგიონში ბიზნესის წარმოება ან განვითარება სურს. სიღრმისეული ანალიზის, ბაზრის, კვლევის, პროგრამებისა და მიმზიდველი კონტენტის მეშვეობით, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს, მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს განვითარებაში. ჩვენ ვთავაზობთ მათ ზუსტ ანალიზს, წვდომას ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და მონაცემებთან, რათა მიიღონ სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები. ჩვენი ონლაინ პლატფორმა, Emerging Europe, არის რეგიონის შესახებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი ანალიზის წყარო.

  • გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

    გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.

    საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

    კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

    გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ  და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

    მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად  და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.

    მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური