დროა დასრულდეს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 13:30

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ქალებსა და გოგოებს, რომლებმაც ძალადობა იწვნიეს. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში.
გასული წლების მანძილზე, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მათ შორისაა, ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, გენდერული კვოტირების შემოღება, ამ კანონების აღსრულების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტების გაძლიერება, სხვადასხვა დისკრიმინაციული სოციალური სტერეოტიპის დაძლევა, ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების მიწოდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის, საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც განაპირობებს. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს. სექსუალური ძალადობის შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ამ მხრივ, მდგომარეობას ამწვავებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისი.
ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე კვლავაც დაბალია. ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა შედარებით გაიზარდა 2020 და 2021 საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თუმცა საქართველოს პოლიტიკაში კვლავ კაცები დომინირებენ.
ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს გლობალური მოძრაობის „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში აიღო.

პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში.

ყოველმა ჩვენთაგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა.
მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში.

წყარო: გაეროს ოფისი საქართველოში

 

წაკითხულია 507 ჯერ

Related items

  • გაეროს კონსულტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გაეროს შეზღუდულ შესაძლებლობათა ინკლუზიის საკითხებზე მომუშავე  ჯგუფმა (GUNDIG)  საქართველოში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციები (OPDs)  მოიწვია დღემდე მიღწეული პროგრესის აღნიშვნისა და იმ გამოწვევების განსახილველად, რომლებიც ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების შექმნას აფერხებს.

    შეხვედრაზე სადისკუსიო სივრცე შეიქმნა გაეროს სააგენტოებისა და შშმ პირთა ორგანიზაციებისთვის, სადაც მათ ერთმანეთს იდეები და გეგმები გაუზიარეს მიღწეული შედეგების მდგრადობის მხარდასაჭერად.

    გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა დისკუსია გახსნა და დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელიც დღემდე არის მიღწეული შშმ პირთა უფლებების წარმოჩენის მიმართულებით.

    „ჩვენ მივესალმებით აქამდე მიღწეულ პროგრესს შშმ პირთათვის უფრო ინკლუზიური, სამართლიანი და გამაძლიერებელი გარემოს შექმნის მიმართულებით“, - აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. „მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას შშმ პირებთან მჭიდრო პარტნიორობით, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას. ჩვენ რეალურ შედეგს უნდა მივაღწიოთ შშმ პირთა უფლებების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ ისეთ განვითარებას, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის ყველა ადამიანისთვის“.

    საკონსულტაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პრიორიტეტული სფეროები და კონკრეტული ნაბიჯები შშმ პირთა დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად საქართველოში.

    ღონისძიებაზე პრეზენტაციები გააკეთეს ნუცი ოდიშარიამ გაეროს მოსახლეობის ფონდიდან (UNFPA), ქეთევან მელიქაძემ გაეროს ბავშვთა ფონდიდან (იუნისეფი), სოფიო ბენაშვილმა  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისიდან (OHCHR) და ელისო ჩაბრავამ გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP). აღნიშნულ მოხსენებებში ყურადღება გამახვილდა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე, ხარისხიანი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების მისაწვდომობაზე, სადაც აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და გენდერული ძალადობა, მონაცემთა მართვა, შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერება და მონაწილეობა, შშმ ქალების და ახალგაზრდების, ასევე შშმ პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება  გადაწყვეტილების მიღებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში.

    შშმ პირთა უფლებების დაცვაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აუცილებელია უფრო აქტიურად მოქმედება და მეტი ვალდებულების აღება შშმ პირთა უფლებების წარმოჩენისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის, ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) განხორციელების მონიტორინგი საქართველოში. ეს კი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან“ (IDPD) დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მიერ გავრცელებულ გზავნილს ეხმიანება, სადაც „მსოფლიოს მოვუწოდებთ, რომ შშმ პირებთან გვერდიგვერდ იმუშაოს, რათა თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული გადაწყვეტები შეიმუშაონ და სისრულეში მოიყვანონ ყველა ქვეყანასა და საზოგადოებაში“.

    ღონისძიებამ კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა განახლებული ძალისხმევისა და პარტნიორობისთვის, რომლის მიზანია მიღწეული იქნას ამბიციური მიზნები: „ერთიანი ქმედება მდგრადი განვითარების მიზნების შენარჩუნებისა და მიღწევისთვის შშმ პირებისთვის, მათთან ერთად და მათ მიერ“, რაც წელს „შშმ პირთა საერთაშორისო დღის“ თემას წარმოადგენს.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკვე სამ ათწლეულზე მეტია, რაც ხელს უწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას ქვეყანაში. აღნიშნული სამუშაოს ფარგლებში საკანონმდებლო ბაზა გაძლიერდა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გარემოს შეიქმნა „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) და მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად. გაეროს დახმარება მიმართული იყო ხარისხიანი ინტეგრირებული ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების სისტემების გაუმჯობესებაზე, ამას გარდა, მონაცემთა შეგროვებისთვის, მონიტორინგისა და ადვოკატირებისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. გაერომ წარმატებული როლი ითამაშა შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სისტემის ტრანსფორმაციაში, შშმ პირთა საუკეთესო ინტერესებზე ფოკუსირებით. ამჟამად ორი ერთობლივი პროგრამა ხორციელდება „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის“ (UNPRPD) მხარდაჭერით, რომელთა მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში.  

  • განაცხადების მიღება დაიწყო - She’s Next, Empowered by Visa დაბრუნდა საქართველოში ბიზნეს იდეების კონკურსით ქალებისთვის

    თბილისი, დეკემბერი 6, 2023 – Visa-მ, ბიზნეს ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით, დაიწყო ბიზნეს იდეების კონკურსი ქალებისთვის She’s Next, Empowered by Visa-ს ფარგლებში.

    წელს, She’s Next ინიციატივის მე-4 ტალღა ხორციელდება საქართველოში, ბიზნეს იდეების კონკურსის ფორმატში. კონკურსის 10 რჩეული მონაწილე გაივლის პრაქტიკულ და თეორიულ მასტერკლასებს, რომელთაგანაც საუკეთესო ბიზნეს იდეის მქონე 3 ქალი გამოვლინდება და თითოეული მათგანი მიიღებს 10,000 ლარის ოდენობის პრიზს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართველ სრულწლოვან ქალს, ვისაც აქვს ბიზნეს იდეა და მისი განხორციელება სურს. 

    კონკურსის მიზანი საქართველოში ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი ხელშეწყობაა, სხვადასხვა რესურსის, მათ შორის დაფინანსების შესაძლებლობის შეთავაზების გზით.  

    კონკურსის პირობები და ეტაპები:

    • განაცხადების მიღებდა დამუშავებ- საწყის ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური, თითოეული შემოტანილი განაცხადის, შესაბამისობას განიხილავს, კონკურსის კრიტერიუმებთან და პირობებთან. შემდეგ კი შეარჩევს ყველაზე პერსპექტიული და საინტერესო ბიზნეს იდეების მქონე  ტოპ 10 ქალ მონაწილეს, რომლებიც უფასო საკონსულტაციო სესიებს გაივლიან.
    • საკონსულტაციო სესიები - შერჩეული ტოპ 10 ქალი აპლიკანტი მონაწილეობას მიიღებს 5-დღიან საკონსულტაციო სესიებში, რომლებსაც სხვადასხვა დარგის ექსპერტები და სპეციალისტები გაუძღვებიან ბრენდინგის, ციფრული ტექნოლოგიების, საბანკო პროდუქტების, გაყიდვების, მარკეტინგის, კომუნიკაციისა და ინვესტიციების სფეროებიდან. კონკურსის ამ ეტაპზე, მონაწილეები იმუშავებენ თავიანთ ბიზნეს იდეებზე, რათა ისინი აქციონ ბიზნეს გეგმად და შექმნან ეფექტური პრეზენტაცია პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად.
    • კონკურსის დღე და დაჯილდოების ცერემონია - საგანმანათლებლო სესიების შემდეგ, ტოპ 10 მონაწილე ქალი თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ 5 პროფესიონალისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, 3 წუთის განმავლობაში. პრეზენტაციების შემდეგ, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ქალს და თითოეული მათგანი პრიზის სახით მიიღებს 10,000 ლარს და უფასო მენტორულ სესიებს.
    • ბიზნეს მენტორული სესია სამი გამარჯვებულისთვის - პროექტის საბოლოო ეტაპზე, 3 გამარჯვებული ქალი, ბიზნესის წარმატებით დასაწყებად, გაივლის მენტორულ სესიას.

    დაინტერესებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ კონკურსის წესებსა და პირობებს და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ბმულზე 2023 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.

    კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

    Visa-შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე Visa.com.ge  

    USAID-ისსაქმიანობისშესახებსაქართველოში: USAID არის მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო. საქართველოსთან პარტნიორობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, USAID-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ტრანსფორმაციას განვითარებად დემოკრატიად, რომელიც სულ უფრო მეტად არის ინტეგრირებული დასავლურ პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინსტიტუტებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.

    USAID-ისეკონომიკურიუსაფრთხოებისპროგრამისშესახებ: 5-წლიანი, USAID-ის მიერ $23 მილიონით დაფინანსებული პროგრამა ხორციელდება DAI Global-ის მიერ.  პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ. https://www.facebook.com/EconSecProgram.

    “ქალების მომავლისთვის“ შესახებ

    ბიზნესფედერაცია  "ქალები მომავლისთვის“ მისიაა, გააძლიეროს ქალების როლი ეკონომიკური განვითარების პროცესში, რასაც ახორციელებს ქალ ბიზნესლიდერთა ავტორიზებული ქსელის ჩამოყალიბებისა და მის წევრებს შორის აქტიური თანამშრომლობის  გზით. ფედერაცია მხარს უჭერს მცირე და საშუალო კომპანიებისა და სტარტაპების განვითარებას, აკავშირებს ქალ ბიზნესლიდერებს მათი ინტერესების შესაბამისად და ეხმარება ადგილობრივ, საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობაში. “ქალები მომავლისთვის” ქმნის მრავალმხრივ, ეფექტიან გაერთიანებას, რომელშიც შედიან წარმატებული ქალი ბიზნესლიდერები, ანტრეპრენერები, მაღალი რგოლის მენეჯერები და კომპანიები, რომლებსაც ფედერაცია აქტიურად აკავშირებს კერძო, საჯარო და საერთაშორისო წარმომადგენლობით ორგანოებთან. https://w4t.ge/  

  • ევროკავშირის დაფინანსებითა და UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების თემაზე კონფერენცია ჩაატარა

    28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლის გასავითარებლად პოლიტიკის, რეფორმებისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით თბილისში კონფერენცია გამართა. კონფერენციას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები.

    კონფერენცია ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით  ჩატარდა.

    „საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ამ ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობისა და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, რათა  სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩო ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას დაუახლოვდეს. ამ მნიშვნელოვანი სფეროს წარმატებისთვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან“. 

    გერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ევროკავშირის LEADER პროგრამა — ქვემოდან ზევით ინიციატივა, რომლის მიზანი ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების მეშვეობით სოფლის განვითარების მხარდაჭერაა. „ველით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება გამართული მექანიზმი, რაც LEADER ინიციატივით წახალისებული სოფლის განვითარების პროექტების სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყობს ხელს“, — დასძინა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

    ევროკავშირის და UNDP-ის მხრიდან საქართველოს სასოფლო განვითარების მხარდაჭერა ეყრდნობა 234.5 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

    წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში,  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ნატოს სამეკავშირეო ოფისი  და  ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის,  პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ყველას მოვუწოდებთ საერთო ქმედებისკენ ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად - დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული. მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.[1] საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებების ამ საშინელი დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა - ნაკლებად წარმატებული.

    ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა. ამას გარდა, არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ყოველივე ამისთვის კი სასიცოცხლოდ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და ქალთა ლიდერობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში.[2] პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით.[3]

    ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან. გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება,[4] ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე,  შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის  აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

    ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე.

    __________________

    [1] „ფაქტები და რიცხვები: ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.unwomen.org/en/what-we-do/ending-violence-against-women/facts-and-figures

    [2] „პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://georgia.unwomen.org/en/digital-library/publications/2023/08/violence-against-women-in-politics-in-georgia

    [3] არჩევნების მონიტორინგის ანგარიში: სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.undp.org/georgia/publications/gender-bias-social-media-2020

    [4] 2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23.0 პროცენტია. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.geostat.ge/media/57459/Adjusted-gender-pay-gap---2022.pdf

  • ევროკავშირმა და გაერომ შეაჯამეს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის შედეგები

    5.1 მილიონის ევროს ღირებულების ხუთწლიანი  პროგრამა პარტნიორობის, მეწარმეობის, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნებს ემსახურება

    თბილისი. 14 ნოემბერი 2023 – ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეაჯამეს 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგები „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

    ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, რომელიც 2019-2023 წლებში ხორციელდებოდა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

    პროგრამის განხორცილება უშუალოდ აისახა 100-მდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე. მან ხელი შეუწყო საქართველოში ოთხი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას და კლასტერული ანალიზის ევროპულ ინიციატივაში (ECEI) ინტეგრირებას.

    ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1,500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ჩაერთო სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მათი მეწარმეობის უნარები და გაზარდა წარმატების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრებზე.

    კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

    ამ პარტნიორული და თანამონაწილეობითი ინიციატივის შედეგების შეჯამება 14 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    „ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში შექმნა მრავალმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ წარმატებას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობა ითვალისწინებს უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რაც საფუძველს ჩაუყრის ქართული ბიზნესისა და წარმოების წარმატებას“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

    დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკური და სოციალური უფლების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

    „ევროკავშირთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ვეხმარებით მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ბიზნეს კლასტერმა, შემფუთველთა კლასტერმა PMAG, საგრძნობლად გააფართოვა თავისი ქსელი, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წარმატებით დანერგა ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის წარმოებაში და ასევე დაიწყო გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის, მათ შორის, მდგრადი წარმოებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის გამოყენება. ეს ცვლილებები შესამჩნევ ფინანსურ წარმატებაშიც აისახა. 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, PMAG კლასტერის წევრი კომპანიების  გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა დაგლას უებმა.

    „ამ პროექტის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ჩარჩო რითაც, ხელი შეუწყო ნერგების ადგილობრივ წარმოებას. მან, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწია და აღჭურვა 20-მდე სანერგე მეურნეობა. უფრო მეტიც, FAO-ს მხარდაჭერით 1000-მდე მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მეწარმეების ინტეგრაციას ადგილობრივ საბაზრო სისტემაში. საბოლოო ჯამში, პროექტის მიღწევები დიდ როლს ითამაშებს უფრო მდგარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც დადებითად აისახება პროდუქტის რაოდენობაში, ხარისხსა და გარემოზე ზეგავლენაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა

    „UNIDO პირდაპირ დაეხმარა 36 მცირე და საშუალო მეწარმეს და ტრენინგების/ინდივიდუალური დახმარების გზით გადაამზადა 300-მდე ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში. UNIDO-ს ჩართულობით მწარმოებლებმა გადალახეს წარმოებასთან და ხარისხის მართვასთან დაკავშირებული შეფერხებები, და შეძლეს გაეგრძელებინათ ბაზარზე მდგრადად ოპერირება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც UNIDO დაეხმარა, გახდა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირებული და მოიპოვა ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის უფლება. UNIDO-ს დახმარებით საქართველოს საზღვაო თევზჭერისა და ბიოფარმაცევტულმა კლასტერებმა შეძლეს მწარმოებლების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მიზნების მიღწევა, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარების გარეშე გადაულახავი დარჩებოდა“, - თქვა UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა გიორგი ანდღულაძემ.

    „დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის დინამიური ურთიერთობის განვითარების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნა მაღალ-პროფილური დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ 4000-მდე დიასპორის პროფილს აერთიანებს. დიასპორის ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, IOM-ი ასობით დიასპორის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნესსა და დიასპორას შორის ძლიერი კავშირების დამყარება, დიასპორის რესურსების, ცოდნისა და იდეების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნულმა ინიციატივამ არა მხოლოდ გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, არამედ ხელი შეუწყო შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სტიმულირებას. ინიციატივის ფარგლებში, წარმატებით წარმოჩინდა დიასპორის როლი ადგილობრივ განვითარებაში“, - აღნიშნა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

    ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირისა და გაეროს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთ საყურადღებო მიღწევაა. ამ ხელშეწყობის შედეგად, შეიქმნა ოთხი ძლიერი კლასტერი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში:

    1. შემფუთველთა კლასტერი, PMAG, რომელმაც კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივის (ECEI) ბრინჯაოს ნიშანი (Bronze Label) მოიპოვა და შემფუთველთა მსოფლიო ორგანიზაციაში (WPO) სრული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNDP
    2. ჩითილებისა და სანერგე მეურნეობების კლასტერი, რომლის ფარგლებში შემუშავდა სანერგე მასალების სერტიფიცირების სისტემა და განხორციელდა სანერგე მეურნეობების ტექნიკური მხარდაჭერა, ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისთვის და გაიმართა აგრარული ბაზრების სერია. მხარდამჭერი ორგანიზაცია: FAO
    3. საქართველოს ბიო-ფარმაცევტული კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
    4. საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO

    პროგრამამ ასევე შეუწყო ხელი საჯარო და კერძო პარტნიორობის განმტკიცებას ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის სხვადასხვა საკვანძო სფეროში, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის გაუმჯობესებაში მუნიციპალურ დონეზე. 2023 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხელი მოაწერეს განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

    გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმიანი კავშირების განმტკიცებაში საქართველოს მცირე და საშუალო მწარმოებლებსა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ დიასპორას შორის. ევროკავშირისა და გაეროს მიერ შეთავაზებულმა პარტნიორულმა მიდგომამ ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველ მეწარმეთა დამკვიდრებას ევროპულ ბაზრებზე.

    ხუთწლიანი პროგრამამ „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შექმნა ახალი სივრცე და თანამედროვე შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებენ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას.

    ###

    დამატებითი ინფორმაცია:

    „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური