ასი წლის მანძილზე განვითარებული ნიჭით ახალ გზას ვადგავართ - იდეალური მსოფლიოს შექმნის განზრახვას გულში ვატარებთ

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 15:52

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ლი იენი

2021 წლის 8-11 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის ცენტრალური კომიტეტის მე-6 პლენარული სხდომა ჩატარდა. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების საკვანძო მომენტი დადგა. ეს პლენუმი ჩინელი ერის აღორძინების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
პლენუმის მიერ მიღებული „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება პარტიის საუკუნოვანი ბრძოლის ძირითადი მიღწევებისა და ისტორიული გამოცდილების შესახებ“ - ამ სხდომის მთავარი შედეგია. ძველი ჩინური გამოთქმის მიხედვით, „ისტორია გვასწავლის აღმავლობასა და დაცემას“. ისტორიის შესწავლა და დასკვნების გაკეთება, ისტორიული გამოცდილების გაზიარება და გამოყენება, ისტორიიდან სიბრძნისა და სიძლიერის მიღება - ეს ის მნიშვნელოვანი მიზეზებია, რის გამოც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ქვეყნის გაძლიერების გზაზე უწყვეტი გამარჯვება და წარმატება მოიპოვა. დადგენილებაში ნათლად ჩანს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია ისტორიის განვითარების კანონზომიერებას კარგად იცნობს და ისტორიით ნაკარნახევი პოლიტიკური თვითშეგნება აქვს. იგი აჩვენებს, რომ ახალ ისტორიულ მოგზაურობაში ჩინეთის კომუნისტური პარტია თავდაპირველ მისიას და უკეთესი მომავლის შექმნის ადრინდელ პასუხისმგებლობას არ ივიწყებს, რასაც ღრმა ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
წარსულის ცოდნა, მომავლის გზას ანათებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა აღნიშნა: „რეალობის უკეთ დასანახად და მომავლის განსაჭვრეტად, წარსული უნდა დავიხმაროთ. ჩინეთის კომუნისტური პარტიის საუკუნოვანი ბრძოლიდან უნდა დავინახოთ წარსულში რატომ მივაღწიეთ წარმატებას, მხოლოდ ამის შემდეგ გავიგებთ მომავალში როგორ გავაგრძელოთ წარმატების მიღწევა“. ჩინეთის კომუნისტური პარტია აცნობიერებს, რომ ჩინეთის პოლიტიკურმა ცივილიზაციამ და პოლიტიკურმა სისტემამ ჩინეთის სოციალურ ნიადაგზე უნდა გაიდგას ფესვები და სხვა ქვეყნების პოლიტიკური სისტემების გადმოღება არ ივარგებს. ამავდროულად, ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის მიერ დამოუკიდებლად არჩეულ განვითარების გზას და რეალური ქმედებებით გააგრძელებს მსოფლიო ცივილიზაციის მრავალფეროვნების დაცვას, ხელს შეუწყობს განვითარების სხვადასხვა მოდელებს შორის კავშირსა და გამოცდილების გაცვლას. ფაქტები მოწმობს და მომავალშიც ასე იქნება, რომ ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა სხვებს თავზე მოახვიოს თავისი სოციალური სისტემა და ე.წ. „დემოკრატიული მოდელი“, ყოველთვის კრახით მთავრდება.
ხალხი უპირველეს ყოვლისა, დიადი საქმის გაგრძელება. ჩინეთის კომუნისტური პარტია არსებობს ხალხიდან, ხალხის მეშვეობით და ხალხისთვის. საუკუნოვან ბრძოლაში, იქნებოდა ეს „დოვლათიანი საზოგადოების შექმნის გზაზე არც ერთი კაცი უკან“ თუ „ხალხის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერ ფასად“, ჩინეთის კომუნისტური პარტია ხალხს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა. სწორედ ამიტომ, ჩინეთის კომუნისტური პარტია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანას, ყველა ერს, ყველა ხალხს განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები უნდა ჰქონდეს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩინეთს ისტორიისა და ეპოქის სიმაღლეზე დადგომისკენ უბიძგებს, ჩინეთისა და მსოფლიოს საერთო ინტერესებიდან და მთელი კაცობრიობის საერთო კეთილდღეობიდან გამომდინარე, "საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" შექმნას საკუთარ მოვალეობად აღიქვამს, აქტიურად უწყობს ხელს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, დაუღალავად ისწრაფვის მთელი კაცობრიობის საერთო ღირებულებებისკენ, მაღალი ხარისხით ახორციელებს "სარტყლისა და გზის" ინიციატივას და გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას უდგას სათავეში.
თანამშრომლობა და ბედისწერის გაზიარება. ჩინეთის კომუნისტური პარტია მთელ სამყაროზე ფიქრს გულში ატარებს. მიმდინარე საუკუნოვანი ბრძოლის მანძილზე, კაცობრიობის ბედის საკითხს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს და მსოფლიოს პროგრესულ ძალებთან ერთად წინ მიიწევს. „რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?“ - ამ ეპოქალურ შეკითხვებზე პასუხად, პრეზიდენტი სი ძინფინგი „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შექმნის უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა. ჩინეთი მხარს უჭერს სხვა ქვეყნებთან ერთად ხანგრძლივი მშვიდობის, საყოველთაო უსაფრთხოების, საერთო კეთილდღეობის, ღია, ინკლუზიური, სუფთა და ლამაზი მსოფლიოს შენებას. ჩინეთი განუხრელად უწყობს ხელს „სარტყლისა და გზის“ მაღალი ხარისხით განვითარებას, რათა მაღალმა სტანდარტებმა სარგებელი მოუტანოს ხალხს და მდგრადი თანამშრომლობის პროექტებმა მეტი შედეგი გამოიღოს. ამასთან, ღია დამოკიდებულებას ინარჩუნებს თანამშრომლობის სხვა ინიციატივების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ ერთობლივ განვითარებას.
მომავალ წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ბოლო 30 წელში, საქართველო ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ზრდისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხის მიერ რეფორმებისა და გახსნილობის და „ასწლეულის ორი მიზნის“ განხორციელების მომსწრეა. საქართველო, ჩინეთის მიერ წამოყენებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის მხარდამჭერი და მონაწილეა, იგი ერთი-ერთი პირველი გამოეხმაურა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას და ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს. ჩინეთი სტაბილურად ინარჩუნებს საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორისა და პირველი საექსპორტო ბაზრის პოზიციას. ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური თანამშრომლობის ხელშესაწყობად, ეპიდემიისგან თავის დაღწევაში საქართველოს დასახმარებლად, ჩინური მხარის მიერ ინიცირებული „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების“ კონცეფციისა და პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ „ჩინური ვაქცინების გლობალურ საზოგადოებრივ პროდუქტად“ გარდაქმნის თაობაზე გაცემული დაპირების თანახმად, ჩინეთი საქართველოს ვაქცინების 2.8 მილიონი დოზით დაეხმარა, რომელთაგან ნაწილი საჩუქრად გადასცა, ხოლო ნაწილის კომერციულად შესყიდვაში დაეხმარა. ორი ქვეყნის მეგობრობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო გამოიბრძმედა.
განვლილ გზას თვალს თუ გადავავლებთ, ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ახალი ისტორიის საწყის წერტილზე ვდგავართ და წინ წასასვლელი გზა აქამდე არნახული ფათერაკებითა და გამოწვევებითაც რომ იყოს სავსე, ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინელი ხალხი ასწლიანი ისტორიიდან უზარმაზარ ძალას შეიძენს, შეუპოვრად წინ წავა, ახალ ეპოქაში და ახალ მოგზაურობაში უფრო დიდ გამარჯვებასა და დიდებას მოიპოვებს და კაცობრიობაც ერთმანეთთან მხარში დგომით უკეთეს მომავალს შეეგებება!

წაკითხულია 523 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი "Aktual School"-ის მონაწილეებს შეხვდა

    აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი "Aktual School-ის ჟურნალისტიკის კურსის მონაწილეებს შეხვდა.

    დიპლომატმა  ახალგაზრდები  აზერბაიჯანის საელჩოში მიიღო. იგი გაეცნო მონაწილეებს, მიიღო ინფორმაცია კურსის შესახებ და ისაუბრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. 

    შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ელჩმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა  და მონაწილეებთან ერთად განიხილა საკითხები, რაც შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას ეხებოდა. 

    მან აღნიშნა, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს დახმარებით რეაბილიტირდება ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული კომპლექსები და ა.შ. ასევე მისი თქმით, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების აღჭურვა ხდება ახალი წიგნებითა და სხვადასხვა სასკოლო ატრიბუტებით. ელჩმა შემდეგ მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი ისწავლონ სამშობლოს განვითარებისთვის. 

    ფაიგ გულიევმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და  კმაყოფილება გამოთქვა, რომ "Aktual School"-ის მხრიდან უკვე მესამედ ხორციელდება მსგავსი კურსები. 

    Aktual Media-ს  გენერალურმა დირექტორმა ილქინ ჰუსეინოვმა კი მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს მიღებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის ეხმარება და  ყურადღებას აქცევს საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეებს, რაც გამოიხატება ახალგაზრდებისთვის განათლების დაფინანსებაში, ასევე გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებებში და სხვ.

    შეხვედრის ბოლოს ელჩმა ახალგაზრდებთან ერთად ფოტო გადაიღო და მათ წარმატებები უსურვა.

    აღსანიშნავია, რომ "Aktual School"  2021 წლიდან ფუნქციონირებს და მას ამჟამად, 21 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი დასაქმებულნი არიან სხვადასხვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

  • საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს

    2023 წლის 24 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა დოვლათმირატ სეითმამედოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

    საქართველოს პრეზიდენტმა ს.ზურაბიშვილმა მხურვალედ მიულოცა თურქმენეთის ელჩს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში. 

    თავის მხრივ, ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის, ასევე თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერის, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარის გურბანგული ბერდიმუხამედოვის სახელით მადლობა გადაუხადა და საუკეთესო სურვილები გადასცა.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მოკითხვა გადასცა და ასევე წარმატებები უსურვა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს, თურქმენეთის ხალხის ეროვნული ლიდერს, თურქმენეთის "ჰალკ მასლახატის" თავმჯდომარეს გურბანგული ბერდიმუხამედოვს და თურქმენ ხალხს.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს, მათ შორის ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გაფართოებას.

  • ჩინეთის ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს, „სარტყლისა და გზის“ ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო

    10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი „სარტყლისა და გზის" ინიციატივით გამოვიდა. 2023 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს.

    მზად ვართ, „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმის" მნიშვნელოვანი პლატფორმის საშუალებით, აქტიურად შევუწყოთ ხელი მსოფლიოს განვითარებას და „კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ჩამოყალიბებას.

    ჩინეთის ეკონომიკა ინარჩუნებს სტაბილურობას და განაგრძობს გაუმჯობესებას

    სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის აღდგენის ტენდენცია. 2023 წლის პირველ ნახევარში, ჩინეთის მშპ 5.5%-ით გაიზარდა, რაც აშკარად აღემატება 2020-2022 წწ. პანდემიის პერიოდის წლიური საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, დადგენილ ნორმაზე მაღალი მრეწველობა - 3.9%-ით, მომსახურების სფეროში წარმოების ინდექსი - 8.1%-ით, სამომხმარებლო საქონლით საცალო ვაჭრობა - 7.0%-ით გაიზარდა და ამ უკანასკნელმა 30.2281 ტრილიონი იუენი შეადგინა.

    გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესის შეფერხების ფონზე, ჩინეთის ეკონომიკური მიღწევები განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩინეთის ეკონომიკამ დიდი გამძლეობა და უზარმაზარი პოტენციალი გამოავლინა, რაც ძლიერ სტიმულს ქმნის გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის.

    ჩინეთი საგარეო ვაჭრობაში წამყვანი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. ბოლო წლებში, შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების ლოკალიზაციას, საზღვრებთან ახლოს გადმოტანას, ალიანსების ფორმირებასა და რისკების შემცირებას, რამაც დარტყმა მიაყენა ჩინეთის სამრეწველო ჯაჭვებსა და საგარეო ვაჭრობას.

    უნებლიეთ იბადება კითხვა: ჩინეთს ისევ აქვს „მსოფლიო ქარხნის" სტატუსი"? მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, გლობალური მოთხოვნის შემცირების ფონზე, აშშ დოლარში დენომინირებული ჩინური საქონლის ექსპორტი შემცირდა, თუმცა, ჩინეთში გაცილებით უკეთესიმდგომარეობა იყო, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. 2022 წელს, საქონლის გლობალურ ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.4% შეადგინა, მაშინ როცა წამყვანმა განვითარებულმა ეკონომიკებმა კლება განიცადეს. ამ წლის პირველ ნახევარში, ჩინეთიდან საქონლის ექსპორტი 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14% შეადგინა. ჩინეთი საქონლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს. საგარეო ვაჭრობის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს.

    სტაბილურად ვინარჩუნებთ მაღალი ხარისხით განვითარებას. ჩინეთის ეკონომიკა ზრდის სწრაფი ტემპიდან - მაღალი ხარისხით განვითარების სტადიაზე გადავიდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ინვესტიციები 11.3%-ით გაიზარდა, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და მომსახურების დარგში განხორციელებული ინვესტიციები შესაბამისად 11.2%-ით და 11.5%-ითგაიზარდა. იანვარ-აგვისტოში, განახლებად ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვები 39.2%-ით გაიზარდა.

    წლის პირველ ნახევარში, ჩინეთიდანლითიუმის და მზის ბატარეების და ელექტროავტომობილების ექსპორტი 61.6%-ით გაიზარდა. „მწვანე მრეწველობამ" კარგი დინამიკა აჩვენა და ექსპორტის ზრდაში ახალ ნათელ წერტილად იქცა.ჩინეთი აგრძელებს საკუთარი ინოვაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ხელს უწყობს„მწვანე ტრანსფორმაციის" დაჩქარებას, მაღალი ხარისხით განვითარება დადებით სტიმულს იძლევა.

    „სარტყლისა და გზის" ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, რასაც მთელი მსოფლიოსთვის მოაქვს სარგებელი

    „სარტყლისა და გზის" ინიციირებიდან ათი წლის თავზე, იგი გლობალურ საჯარო სიკეთედ ჩამოყალიბდა. მართალია, იგი ჩინეთის თაოსნობით შეიქმნა, მაგრამ მხარეების ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება. თავისი მაღალი სტანდარტებით, მდგრადობითა და სარგებლით, მან მსოფლიოს ქვეყნების სამ მეოთხედზე მეტი და 32 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიზიდა, რამაც იგი საერთაშორისო თანამშრომლობის ყველაზე პოპულარულ პლატფორმად აქცია.

    ათი წლის განმავლობაში, ინიციატივის მონაწილე ქვეყნებსა და რეგიონებში მრავალი თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა. ამან ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითარებასა და ხალხის საარსებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. 2013-2022 წწ. ჩინეთსა და ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მოცულობის ზრდის წლიურმა მაჩვენებელმა დაახლოებით 8%, ხოლო ჯამურმა ინვესტიციებმა 397.9 მილიარდი იუენი შეადგინა, ადგილობრივ დონეზე 421 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, 3000-ზე მეტი თანამშრომლობის პროექტი განისაზღვრა, 40 მილიონამდე ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია.

    მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, ჩინეთსა და ინიციატივის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდა. პარტნიორ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტის მოცულობა 3.6%-ით გაიზარდა, რაც მთლიანი საგარეო ვაჭრობის ზრდის ტემპს აღემატება. ჩინეთი მტკიცედ აგრძელებს საგარეო გახსნილობის პოლიტიკას, საკუთარი განვითარებითსტიმულს აძლევს მთელი მსოფლიოს განვითარებას. სრულიად დამსახურებულად, იგი გლობალური განვითარების კონტრიბუტორად და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის ინიციატორად ჩამოყალიბდა.

    ამ წლის 17-18 ოქტომბერს, პეკინში რიგით მესამე „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი" გაიმართება. ღონისძიების გახსნაზე პრეზიდენტი სი ძინფინგი ძირითად მოხსენებას გააკეთებს. ფორუმის მთავარი თემაა „მაღალი ხარისხის „სარტყლისა და გზის" თანამშრომლობა - საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის".

    ეს საზეიმო ღონისძიება ინიციატივის მე-10 წლისთავს ეძღვნება. „სარტყელი და გზა" კიდევ ერთხელ მთავარ ფოკუსში მოექცევა. ფორუმის მონაწილეები „სარტყლისა და გზის" თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. ეს იქნება ახალი თავი აბრეშუმის გზის ისტორიაში საერთო განვითარებასა და ურთიერთსარგებელზე.

    ჩინეთსა და საქართველოს შორის „სარტყლისა და გზის" ფარგლებში თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა აქვს

    საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „სარტყლისა და გზის" ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამასთან, იგი პირველია ევრაზიის რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობა აქვს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა ეკონომიკასა და ვაჭრობაში მუდმივად იზრდება. მას შემდეგ, რაც 2018 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩინეთი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი და ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი.

    ბოლო ათი წლის განმავლობაში, არა ერთი ჩინელი ინვესტორიშემოვიდა საქართველოში. ჩინურმა მხარემ ჯამში 800 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განახორციელა. ორმხრივი თანამშრომლობა ინდუსტრიული პარკების, ფინანსების, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში სულ უფრო ღრმავდება.

    ჩინეთი ხელს უწყობს საქართველოში ვაჭრობის, ლოგისტიკის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ენერგორესურსების გადამუშავების და სხვა დარგების განვითარებას. ჩინურმა კომპანიებმა ჯამში 300-ზე მეტი კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზები და 40-ზე მეტი კილომეტრის სიგრძის რკინიგზა დააგეს, რაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარა. ჰუალინგ ჯგუფი მთავარი ჩინური ინვესტორია საქართველოში, რომლის ჯამური ინვესტიციები 600 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

    ჰუალინგის მიერ შეიქმნა სპეციალური ეკონომიკური და თავისუფალი ინდუსტრიული ზონები. იგიყოველწლიურად 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტის სტიმულირებას ახდენსჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. კომპანიაში ადგილობრივად დასაქმებულია 3000-ზე მეტი ადამიანი. ეს „სარტყლისა და გზის" ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია.

    იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ „სარტყლისა და გზის" საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმით" შექმნილი მარჯვე მომენტის გამოყენებას, რათა ქართულ მხარესთან ერთად დავგეგმოთ და წინ წავწიოთ „სარტყლისა და გზის" ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობა და ხელი შევუწყოთ „შუა დერეფნის" განვითარებას, ორი ერის საკეთილდღეოდ და ჩინურ-ქართული ურთიერთობების ახალ საფეხურზე ასასვლელად.

    საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული - სსუი ხაიჭენგ

    წყარო: https://resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=190879&fbclid=IwAR01xnD8HLvNl6nQw0uEuAin8BL0f9TAyqyLgPrQ6iV5DeNRqFDezhkv3Wg

  • თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

    2023 წლის 31 აგვისტოს, თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

    მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.

    შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მაღალი დონის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე. აღინიშნა გასულ წელს თურქმენეთში  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის და ასევე, მიმდინარე წელს ქ. თბილისში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დადებითი შედეგები. 

    შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქმენეთის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

    შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

  • სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

    ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

    "ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

    ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

    ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

    პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური