თბილისს UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების წევრის სტატუსი მიენიჭა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 ნოემბერი 2021 12:39

თბილისის მერიის ინიციატივით, UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის განხილვის შედეგად, თბილისი იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელის (Creative Cities Network) წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნული სტატუსი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მედიახელოვნების განვითარებასა და ერთჯერადი თუ გრძელვადიანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც თბილისი იუნესკო-ს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამჯერად კი ამავე ორგანიზაციის კიდევ ერთი უდიდესი შემოქმედებითი ქსელის წევრი გავხდით. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის უდიდესი გამოწვევების, ინოვაციური ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის წლები იქნება. ეს ჩვენს თანამედროვე არტისტებს, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტებსა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებს მსოფლიო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისა და თბილისის, როგორც ერთგვარი შემოქმედებითი ჰაბის, პოზიციონირების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.    
თბილისის მერიის მიერ ქსელში გაწევრიანებისთვის წარდგენილი აპლიკაციის თანახმად, ოთხწლიანი პროგრამა გააერთიანებს ციფრული ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მხატვრობის, მულტიმედიური ხელოვნების, ვიდეოთამაშების შექმნის, ინტერაქტიული მედიისა და სხვა ინოვაციურ პროექტებს.
თბილისთან ერთად, ქსელის წევრი მსოფლიოს კიდევ 48 ქალაქი გახდა. მათ შორისაა ბათუმი, რომელიც პროექტს მუსიკის მიმართულებით განახორციელებს.
იუნესკო-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 2004 წლიდან არსებობს და ამჟამად, აერთიანებს მსოფლიოს 90 ქვეყნის 295 ქალაქს, რომლებიც მედიახელოვნების, მუსიკის, კინემატოგრაფიის, გასტრონომიის, დიზაინის, ფოლკლორისა და ხელნაკეთი ნივთების მიმართულებით, პროექტებს ახორციელებენ.

წაკითხულია 405 ჯერ

Related items

  • თბილისში "ქართულ-ჩინური სინძიანის სასაქონლო გამოფენა" გაიხსნა

    დღეს, თბილისში, საგამოფენო პავილიონში გაიმართა „საქართველო-ჩინეთის სინძიანის სასაქონლო გამოფენის“ გახსნის ცერემონია.

    გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი, ჩინეთის სინციან-უიგურ ავტონომიური რეგიონის სახალხო მთავრობის ვიცე-გუბერნატორი კაისაიერ აბუდუკერემუ, სინძიანის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ჩინეთის საბჭოს ხელმძღვანელი მო ვეიგანგი და სხვა ოფიციალური პირები ურუმჩიდან (სინციან უიგურის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთი).

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა მხარეებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქართულ-ჩინური პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას.

    სინძიანის სასაქონლო გამოფენაზე წარმოდგენილია 50 კომპანია სინციან უიგურის ავტონომიური რეგიონიდან. გამოფენაზე ჩინელმა მეწარმეებმა და ფერმერებმა წარმოადგინეს ახალი ტექნოლოგიები, სამედიცინო აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტები, ქსოვილები, მექანიკური და ელექტრო ტექნიკა, სამრეწველო აღჭურვილობა, წვენები და ღვინო.

    „ქართულ-ჩინური სინძიანის სასაქონლო გამოფენა“ 8 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

  • თბილისი - კულტურათა გზაჯვარედინზე !

    1922–1936 წლებში თბილისი (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) —ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი

    თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. ხოლო, ისტორიული წყაროებით კი, თბილისის ტერიტორია ჯერ კიდევ ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. IV ათასწლეულში) ყოფილა დასახლებული. წყაროებში იგი პირველად IV საუკუნის II ნახევარში იხსენიება. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. V საუკუნეში ქალაქი ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამიტომაცაა იგი მიჩნეული ქალაქის დამაარსებლად. თბილისის უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყაროების უბანში გაჩნდა. IV საუკუნეშივე წარმოიშვა თბილისის მეორე უბანი, შემდგომ პერიოდში კი იგი თანდათან იზრდებოდა მტკვრის დინების აღმა.

    ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო თბილისი შუა აღმოსავლეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და წინა აზიისკენ.ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ–ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილო კავკასიის, თურქეთსა და ტრანსკავკასიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
    VI საუკუნის ბოლოდან კი იგი საუკუნოვანი ბრძოლების, დარბევისა და დაპყრობის ობიექტი გახდა. უცხოელთა ბატონობისგან ქალაქი დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა 1122 წელს. სწორედ ამ დროს გახდა თბილისი სახელმწიფო დედაქალაქი. XIII საუკუნიდან თბილისისთვის კვლავ ბრძოლისა და აოხრებების პერიოდი იწყება. 1490 წელს, საქართველოს ცალკეულ სამეფო–სამთავროებად დაშლის შემდეგ, თბილისი მხოლოდ ქართლის სამეფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1633 წლიდან, რაც ქართლის გამგებლად როსტომი დაინიშნა, თბილისი კვლავ აღორძინდა. 1748 წელს ერეკლე II-ემ თბილისიდან გააძევა ყიზილბაშთა გარნიზონი. ამის შემდგომ კი ქალაქმა კვლავ მოიკრიბა ძალა. 1795 –წელს აღა–მახმად –ხანის შემოსევის შედეგად თბილისი თითქმის მთლიანად განადგურდა, თუმცა შემდგომ წლებში მოხერხდა მისი აღდგენა.მიუხედავად იმისა,რომ საქართველო სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, სოციო–პოლიტიკურად და კულტურულად იგი და მისი დედაქალაქი,თბილისი, ევროპის ნაწილია.

    ” მე მაშინ გავხდი ევროპელი როცა მივიღე რელიგიად ქრისტიანობა “-ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად იშველიებენ როცა ქართველის და საქართველოს ევროპულობაზე საუბრობენ.

    თუმცა, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ევროპული ორიენტაცია ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა. ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავისი გავლენის ქვეშ. ამ გზით ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაულ ცივილიზაციაში.

    ხოლო ,IV საუკუნეში ქართლის მეფის მირიანის გადაწყვეტილება, ქვეყნის გაქრისტიანების შესახებ, ნიშნავდა საქართველოს მიბმას საქრისტიანოსთან ანუ ევროპასთან. ქრისტიანობა კი მარტოოდენ რელიგიური აღმსარებლობა როდი იყო, იგი გახლდათ მთელი სისტემა კულტურული ფასეულობებისა. და თუ ჩვენ საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით, ესეც დიდწილად ქრისტიანობის დამსახურება იყო.

    ამავდროულად, აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის საზღვარი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება ყველაზე თვალნათლივ კავკასიის რეგიონში ვლინდება. ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ერწყმის აღმოსავლური კულტურის ნიშნები.

    ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც არავის უკვირდა დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმ სწავლულთა ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული წარწერები და სხვ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა დასავლური ცივილიზაციის ფორპოსტს.

    ცივილიზაციის თანამედროვე მკვლევარები (მაგ., სემუელ ჰანთინგტონი) ცალსახად აღნიშნავენ, რომ რელიგია იმაზე ბევრად მკვეთრად მიჯნავს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება და რომ რელიგიური ერთობა გაცილებით ადვილად აყალიბებს საერთო ცივილიზაციურ ნიშნებს, ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორი. ამდენად, გაქრისტიანების შემდეგ საქართველო პოლიტიკურად, გაემიჯნა ჯერ ცეცხლთაყვანისმცემლურ, ხოლო შემდეგ მუსლიმანურ აღმოსავლეთს.ხოლო კულტურულად იგი რაღაცნაირი ხიდი მაინც რჩებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა.

    ხოლო,იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ–ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.თბილისი კი ,რასაკვირველია (1936 წლის 17 აგვისტომდე ტფილისი) — ყოველთვის აქტიური პოლიტიკური–ეკონომიკური მოვლენების ეპიცენტრის ადგილი გახლდათ, არამხოლოდ საქართველოში, არამედ შეიძლება, ითქვას კავკასიის რეგიონშიც კი, 1922–1936 წლებში იგი ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი.

    ამ მოვლენას საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია უძღოდა წინ. ხოლო,1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს,თბილისში წითელ არმიასთან შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. რომლებიც იბრძოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და გასაბჭოების წინააღმდეგ.

    მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც. სიმბოლურია, რომ თბილისში კვლავ ამ ადგილას, 1989 წლის 9 აპრილს,რუსის ჯარი გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს და მოშიმშილეებს,( საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა მათ შორის უმეტესი გახლდათ ქალბატონები).

    საქართველოს დამოუკიდებლობა კი 1991 წელს კვლავ აღდგენილ იქნა –ეს გააკეთა თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა უზენაესმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ, ყოფილმა დისიდენტმა და მწერალმა,ზვიად გამსახურდიამ. სამხედრო გადატრიალების, (რომელშიც, როგორც საქართველოში ითვლება, კვლავ რუსეთის ხელი ერია) მის შედეგად დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ხოლო ეს ეკონომიკური კრიზისი კი ნაწილობრივ დაძლეულ იქნა. თბილისი კი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქი,კლავაც აქტიურ კულტურულ ხიდად რჩება აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციათა შორის.

    მოამზადა რუსა გვაზავა

  • თურქმენეთის დელეგატები თბილისში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

    თურქმენეთის დელეგაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის  /UNFPA/ მხარდაჭერით მონაწილეობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც იმართება საქართველოს დედაქალაქ თბილისში.

    კონფერენციაზე შეიკრიბა დელეგატები 17 ქვეყნიდან, რათა განეხილათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით ძირითადი სტრატეგიები. 

    როგორც UNFPA სოციალურ ქსელში იუწყება, თურქმენმა მონაწილეებმა გააზიარეს თურქმენეთის საუკეთესო გამოცდილება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში და ისაუბრეს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ოჯახის დაგეგმვის საკითხებში.

    მათ ასევე წარმოადგინეს ქვეყნის დადებითი გამოცდილება საშვილოსნოს ყელის კიბოს მასობრივი სკრინინგის ჩატარების კუთხით.

  • ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა

    ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა!

    ლიბერთის  თანადგომით, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციამ, ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა.

    “ლიბერთი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, ქონდეთ მომავალი პროფესიის არჩევის მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.  პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციასთან ერთად, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო  პროექტების განხორციელებას და ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებას“- ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის მოადგილე, დეველოპმენტის უფროსი.

    ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე გაიმართა. მათგან ორი საქართველოში - თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტსა“ და  ქუთაისის უნივერსიტეტში ხოლო  ორი უკრაინაში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, მრავალპროფილიან ლიცეუმში ჩატარდა.
    ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა  ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა და 28 მარტს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა 15 წლის არჩილ ბერაიამ. ყველა საპრიზო ადგილი  ასევე ქართველმა მოსწავლეებმა  დაიკავეს.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

  • თბილისში „ელჩების კონფერენცია 2022” გაიხსნა

    2022 წლის 26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022” გაიმართება.
    კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას  და მიღწევებს და იმსჯელებენ 2023  წლის სამოქმედო გეგმაზე.
    განხილული იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი:  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე გაწეული ძალისხმევა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში თანამშრომლობის გაღრმავების და მრავალმხრივი დიპლომატიის საკითხები. 
    ელჩების კონფერენცია ე.წ ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
    აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური