საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021 10:11

არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა.

მინდა მოვულოცო გამარჯვება ახლადარჩეული ადგილობრივი საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისათვის.

ნიშანდობლივია, რომ  ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა, და არც საზოგადოება.

ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა,  პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ  მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს.

დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა: რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია? რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრის და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით...

რა უნდა გავაკეთოთ? როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან?

რეალურად, ჩატარებული არჩევნები გვაძლევს ამის შესაძლებლობას დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, სადაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელებიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.

მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს!

მაგრამ მთავარი, გაერთიანების თუ არა, დაწყნარების მაინც ფაქტორი, შეიძლება იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართაც ვართ საქმით, თუ სიტყვით გაერთიანებულნი.

ასეთი ერთი და პირველი საკითხია პანდემია: ჩვენ მომსწრენი ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი: სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციებისა და სიფრთხილის მიუხედავად.

პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ  იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირად შიშებს და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას  დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს! პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არა ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და დავძლიოთ პანდემია.

მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული: სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მედიას მივმართავ, რათა გადაცემები გახშირდეს ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე,  რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი!

სამაგიეროდ ვეწინააღმდეგები, და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, ვინაიდან და რადგანაც, ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე. მართალია, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ, ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების  უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ერთი მხრივ, ხელისუფლება  კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად, მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ  გაუარესებას. ოპოზიცია კი, სულ სხვა,  ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა.  ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა  პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი.

პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია, თუ უმრავლესობა დაუბრუნდება რეალურ პრობლემების და რეალურ გამოწვევების გადაწყვეტას.

პრეზიდენტის პრეს-სამსახური

წაკითხულია 408 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან

    პრეზიდენტი ილჰამ ალიევი: სომხეთი ახლოსაა ხუთი ცნობილი პრინციპის მიღებასთან. ამის თქმა მკაფიოდ შემიძლია, რომ ჩვენს მიერ არ იყო დაგეგმილი ანტიტერორისტული ღონისძიებები. ყოველ შემთხვევაში, 2020 წლის ნოემბერში არ ყოფილა.

    AZERTAC- ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და სირთულეები“- სიტყვით გამოსვლისას გამოხატა.

    მან განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმება სათანადოდ უნდა იქნას გამოკვლეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ასევე დაამატა ის, რომ „როგორც ქვეყანას, რომელსაც უნახავს ოცდაათ წელზე მეტი ოკუპაცია, ტერიტორიის სრული განადგურება, ეთნიკური წმენდა და ტანჯვა, მივმართეთ სომხეთს და არა საერთაშორისო შუამავლებს“.

    პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ შექმნილი სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები გაგზავნილი იყო სომხეთში, მაგრამ მაინც ამის მიმართ იყო დუმილი.  პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „მაშინ გამოცხადდა ხუთი ცნობილი პრინციპი. ახლა, როგორც ჩანს, სომხეთი მათ მიღებასთან ახლოსაა. მათ შეუძლიათ მიიღონ ის, როგორც საფუძველი. ეს რომ რამდენიმე წლის წინ გაეკეთებინათ, რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული ოპერაციის საჭიროება არ იქნებოდა. ეს ისტორიაა და ცხადყოფს, რომ მშვიდობის ხელშემწყობი აზერბაიჯანი იყო და არა სომხეთი“.

    წყარო: https://azertag.az/xeber/prezident_ilham_eliyev_ermenistan_bes_melum_prinsipi_qebul_etmeye_yaxindir-2842103

  • პრეზიდენტი: აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება

    აზერბაიჯანს აუცილებლად სჭირდება გარანტია, რომ სომხეთში რევანშიზმის მცდელობა არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით თუ რა ხდება სომხეთში. ისიც ცხადია, რომ სომხეთს ბევრი „მრჩეველი“ ჰყავს ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში.

    AZERTAC-ის ინფორმაციით, ეს მოსაზრებები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ“. მიღწევები და გამოწვევები“- სიტყვით გამოსვლისას  გააჟღერა.

    სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა: „ჩვენ გვსურს, რომ ორ ქვეყანას შორის ომი არ იყოს და ამ მხრივ გარანტია უნდა გვქონდეს.

    წყარო: https://azertag.az/xeber/prezident_ermenistanda_revansizm_cehdlerinin_olmayacagi_ile_bagli_azerbaycana_qeti_sekilde_qarantiya_lazimdir-2842085

  • პრეზიდენტი: აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ

    აზერბაიჯანს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენი პარტნიორობა მხოლოდ ენერგო სფეროში თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარმოგვეჩინა თავი მთელს ევროპაში.

    AZƏRTAC - ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ ფორუმზე, „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    ახელმწიფოს მეთაური აცხადებს, რომ იგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს, ასევე ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ჩადის და ყოველთვის განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს. პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში და მას ვუსურვებთ წარმატებებს ამ საქმეში. ასევე მან მიულოცა საქართველოს, ევროკავშირის მხრიდან მზაობის გამოხატვა მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

    წყარო: https://azertag.az/xeber/prezident_azerbaycan_ve_gurcustan_yaxin_terefdaslardir-2842127

  • პრეზიდენტი მედიას: თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რისკენაც ევროპა მოგვიწოდებს, სწორედ ესაა, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი და აზრის გაცვლა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქართული მედიის წარმომადგენლებს  უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

    ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

     ,,მინდა მოგესალმოთ ყველას და მადლობა მოგახსენოთ სასახლეში მობრძანებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამდენი მედიაა წარმომადგენელი ერთად შეკრებილი პრეზიდენტის სასახლეში - ორბელიანების სასახლეში. დარწმუნებული ვარ, რომ ორბელიანები ხარობენ, მათი სული ხარობს იქ, სადაც არიან, რომ ასეთი საზოგადოება შეიკრიბა დღეს აქ, ჩვენთან.

    მინდა, ასევე განსაკუთრებით მივესალმო რეგიონებიდან ჩამოსულ ჩვენს მედიას; მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს იმისთვის, რომ ამ საღამოს ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ.

    მინდა ვისურვო, რომ ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი შემთხვევა გახდეს, რადგან ევროპა სწორედ ესაა. ევროპაა ის რომ დღეს, ამ საღამოს სასახლეში აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული და მოწვეული. არ ყოფილა არანაირი გარჩევა რაიმე მიმართულებითა თუ ორიენტაციით და შევადგინეთ რაც შეიძლებოდა ყველაზე სრულყოფილი სია. ვინმე თუ არ არის ამ სიაში ეს რაღაც შეცდომაა, მაგრამ არა განზრახ მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ამისთვისაც ყველას მადლობა მოგახსენოთ, რომ ყველა ერთად ხართ და თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, რის მიმართაც მოგვიწოდებს ევროპა - სწორედ ეს არის, როცა ყველას შეუძლია ერთად დგომა, ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთთან აზრების გაცვლა, ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს. ეს გავლილი გვაქვს, ეს წარსულია და აღარასოდეს უნდა დაბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა ერთნაირად ფიქრი, ერთნაირად საუბარი.

    დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ კამპანიის ფარგლებში ,,ჩემი ხმა, შენი ხმა ევროპას!“ და თითოეული ჩვენგანის ხმა მივა ევროპამდე. ეს არის კამპანია, რომელიც პირველ ეტაპზე, ცხადია, მიმართულია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისკენ; ყველამ ვიცით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური. ეს მართლა ყველას ძალისხმევის შედეგია, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, მაგრამ ამის მერე იწყება კიდევ უფრო სერიოზული ეტაპი, რომელშიც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ამ გზაზე სიარული განვაგრძოთ იმისთვის, რომ თქვენ მოსახლეობამდე მიიტანოთ თუ რა არის რეალურად ევროპის კეთილდღეობა ყველა მიმართულებით, რას ნიშნავს ევროპული სტანდარტები - ეს არის ის, რაც თქვენ უფრო შეგიძლიათ, ვიდრე მე, როგორც პრეზიდენტს, ან პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის თქვენი განსაკუთრებული როლი და ამისთვის მზად უნდა იყოთ. კიდევ უფრო გადამწყვეტი იქნება შემდეგი წელი იმისათვის, რათა ჩვენ დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს, ასოცირებული ტრიოდან - უკრაინასა და მოლდოვას და მათთან ერთად მივაღწიოთ, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას სამივე ქვეყანასთან. ის მოლაპარაკები, რომელიც არის გზა პირდაპირი და უშუალო გაწევრიანებამდე.

    მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლა და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება; ეს არის მათი ბრძოლა ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. მინდა ყველას გითხრათ, რომ თქვენი როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 

    სასახლეში თქვენამდე ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი იმედით გვიყურებენ, რადგან მათი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია და მათ ჩვენ უნდა უძღვებოდეთ წინ, რადგან ახალგაზრდებს სჭირდებათ არამხოლოდ იმედი, სჭირდებათ ცოდნა, სჭირდებათ დანახვა როგორია ეს გზა, როგორ უნდა გაიარონ და როგორ ჰქონდეთ ამ ქვეყნის რწმენა, რათა უცებ არ გადაწყვიტონ საზღვარგარეთ წასვლა. რაღაც მომენტში ეს გადაწყვეტილება ყველას შეუძლია მიიღოს, რადგან თავისუფლებაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს ახალგაზრდები და ჩვენ მათთან ერთად უნდა მივაღწიოთ ჩვენს შედეგს.

    კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შეკრებები სხვადასხვა მიზნით, ფორმითა და მიზეზით მომავალშიც იქნება - ყველა ერთად ვიქნებით და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა ყველას!“- განაცხადა პრეზიდენტმა მედიისადმი მიმართვაში.

  • პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

    ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე.

    საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის ევროპული ინსტიტუტების ჩართულობის გაზრდის გზით. 

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის და ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერების კუთხით.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური