ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 02 ოქტომბერი 2021 19:09

ცენტრალურ საარჩევნო  კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.  ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.

„კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში გრძელდება. უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, იაქტიურონ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით - ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის  -41.35- %-ს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.

ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.

ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში, წილისყრაში ოპოზიციური პარტიებიდან წარდგენილმა კომისიის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვიდეოკამერების ჩანაწერები ოპერატიულად აიტვირთება ინტერნეტსივრცეში - Google drive-ის პლატფორმაზე.

ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადასაღებადაც, რომელიც, ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად, წელს პირველად განხორციელდება. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი გადაითვლება.

ხმის დათვლის პროცედურები დღეს 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ატვირთვის პროცესში ოპერატორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე იმ პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ოპერატორები, რომლებსაც დანიშნული ჰყავთ ცესკოში წევრი.   ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.

რაც შეეხება პროცედურულ ხარვეზებს, ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, -

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს.

თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი, და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება“,-განაცხადა იოსელიანმა.

წაკითხულია 359 ჯერ

Related items

  • ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს

    ყაზახეთში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი პარლამენტის ქვედა პალატის (მეჯლისის) დეპუტატთა არჩევნებზე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში.
    უცხოური მასმედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აკმოლის რაიონულ საარჩევნო უბანზე N639, სადაც გავეცანით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
    ჟურიტის საარჩევნო უბანზე ეგზიტპოლის სამსახურის თანამშრომელმა დღევანდელ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალ აქტივობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესი ყოველგვარი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.
    მისივე თქმით, უბნის გახსნიდან მოყოლებული ასაკოვანი ამომრჩევლების დიდი ნაკადი იყო, შემდეგ მათ ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები შეუერთდნენ. „ამომრჩეველი კმაყოფილია არჩევნების ჩატარებით, უბანზე სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევს“, - დასძინა მან.

    თავის მხრივ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საუბარში აღნიშნა ყაზახეთში რამოდენიმე პრობლემის არსებობა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი არჩევნების შემდეგ, ხელისუფლება და ახალი პარლამენტი შეძლებენ არსებული პრობლემების მოგვარებას.
    კითხვაზე, თუ რას ელის იგი კანდიდატებისგან, ამომრჩეველმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობისა და ფასების პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა დაასახელა.

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია ცენტრი გაიხსნა!

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

    მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები. 

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

    ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

  • ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" გამოაცხადა

    ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი "ტერორისტულ სახელმწიფოდ" გამოაცხადა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებას და აცხადებს რუსეთის რეჟიმს, ტერორისტულ რეჟიმად, რომლის ქმედებები ერთობლივად უნდა იქნას მოგერიებული და რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის დამფინანსებლად“.

    განცხადებაში საერთაშორისო თანამეგობრობას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდეს.

    ამრიგად, ლიეტუვისა და ლატვიის შემდეგ, ესტონეთი გახდა ბალტიისპირეთის მესამე ქვეყანა, რომლის პარლამენტმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

    რეზოლუციას მხარი 101 დეპუტატიდან 88-მ დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო 10-მა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა.

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შ. პაპუაშვილი აირჩიეს

    დღეს გამართულ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 1-მა დეპუტატმა მისცა.

    შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. კენჭისყრის პროცედურამდე, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, რეგლამენტის შესაბამისად, კოლეგების შეკითხვებს უპასუხა.

    განცხადებები გააკეთეს ფრაქციების წარმომადგენლებმაც. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო. დიდი მადლობა კახა კუჭავას, რომელიც, პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეულად უძღვებოდა პარლამენტს და შეძლო საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გასული წელიც შეაფასა.

    მისი თქმით, საზოგადოება, ერთდროულად, იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავსმოხვეული პოლარიზაციის წინაშე.

    „მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა, უკან დახევის გარეშე; გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა; ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდე მდგომარეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით, შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში, ქართველი ხალხის და ხელისუფლების მოკავშირეები იყვნენ ჩვენი ექიმები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პედაგოგები. დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით ედგა სახელმწიფოს ამ ურთულეს პერიოდში. პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი იქნება.

    „მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი განსაკუთრებით გულდასაწყვეტია. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტსა და ეროვნულ ამოცანაზეც ისაუბრა.

    „ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. სწორედ ამიტომ, მომდევნო სამი წელი იქნება პერიოდი, როდესაც ჩვენ წინ გველის საკანონმდებლო რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგი, რომელმაც გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებაში და ახალ ნიშნულზე მიიყვანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების დაბრუნება. და ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურით და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; და სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია

    დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ  და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

    საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

    შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. 

    თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.   

    საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში.

    არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის - მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ  საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ.

    არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი,  გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

    ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა.   გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

    საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან  შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

    ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე  იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

    დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ  მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური