აზერბაიჯანელები ქალაქ შუშას ქვეყნის კულტურულ დედაქალაქს უწოდებენ
გამოქვეყნებულია
მსოფლიო
ორშაბათი, 27 სექტემბერი 2021 13:36
აზერბაიჯანელები ქალაქ შუშას ქვეყნის კულტურულ დედაქალაქს უწოდებენ, რადგან ამ ქალაქში მათი უამრავი საამაყო შვილი მოღვაწეობდა.
შუშა ყარაბაღშია და აზერბაიჯანელები იქ დაბრუნებას მთელი 30 წელი ელოდნენ.
ეს მათ შარშან, 2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებული 44-დღიანი ომით მოახერხეს.
და იცით, პირველი რა შენობა აღადგინეს? - მათი სათაყვანებელი მომღერლის ბულბულის სახლ-მუზეუმი, მიუხედავად იმისა, რომ ხანქენდის (სომხები სტეფანაკერტად მოიხსენიებენ) გარდა, მთელ ყარაბაღში ვერ ნახავთ საცხოვრებლად ვარგის სახლს.
ბულბული მურთუზა მაშადი რზა-ოღლუ მამედოვის მეტსახელია, რომელიც მუსიკალური ნიჭის გამო, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში დაერქვა.
ის იყო საოპერო და საკონცერტო მომღერალი, პირველი აღმოსავლელი, რომელიც საოპერო ხელოვნებას ეზიარა. ასევე, იყო აზერბაიჯანის თეატრალური კულტურის ერთ-ერთი პირველი არქიტექტორი.
ლა სკალაში სასწავლებლად წავიდა და ამისთვის მან მემკვიდრეობით მიღებული ოქროს ქამარი გაყიდა. მერე მთელი ნიჭი და ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმარა, მიუხედავად იმისა, რომ დარჩენა არაერთ ქალაქში შესთავაზეს.
მეორე მაოფლიო ომის დროს კონცერტები გამართა და მიღებული შემოსავალი ტანკის საყიდლად ჯარს გაუგზავნა.
ბულბულს ძალიან უყვარდა საქართველო და თბილისი. აქ ხშირად ჩამოდიოდა, მღეროდა და პროფესიულადაც იხვეწებოდა. არქივშია შემონახული მისი თბილისურ სალონებში გადაღებული ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთი განახლებული მუზეუმის კედელზეა გამოკრული.
მთელ ყარაბაღში ეს ასევე გახდა პირველი მუზეუმი, რომელიც უკვე ამოქმედდა.
ეზოში დგას ბულბულის კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ძველი ბიუსტი იმის ნიშნად, რომ ომი ბოროტებაა და ის კულტურასაც არ ინდობს. გვერდით მომღერლის ახალი ბიუსტია.
სახლ-მუზეუმის აღდგენით ყარაბაღის აღდგენის დაწყება იმას ნიშნავს, თუ რა მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის კულტურა და ერის მოღვაწეები.
მუზეუმის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა შვილმა, ასევე ქართველების დიდმა მეგობარმა და მომღერალმა ფოლად ბულბულ-ოღლიმ, რომელიც აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი იყო და ახლა საკუთარი ქვეყნის ელჩია რუსეთში.
საინტერესოა, რომ ბულბულს ბოლო კონცერტი სწორედ შუშაში ჰქონდა. ის მალევე, ზუსტად 60 წლის წინათ,1961 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.
ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ერი კულტურის მნიშვნელობას აცნობიერებს და კონფლიქტის იარების მოშუშებას სწორედ კულტურით იწყებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებითა და კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, ქართველი ჟურნალისტები და ცნობილი საზოგადო აქტივისტები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. 21 სექტემბერს სტუმრები დედაქალაქ ბაქოდან გაემგზავრნენ და და ის ტერიტორიები მოინახულეს, რომელიც 44 დღიანი სამამულო ომის შედეგად აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიამ გათავისუფლა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, ასევე იმყოფებოდა გათავისუფლებული აღდამისა და ჯაბრაილის რეგიონების, ასევე, ქ. შუშას ტერიტორიაზე.
გოგა ჩანადირი
ქ. შუშა, აზერბაიჯანი
Tagged under