ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 11:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.

მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია.

ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და  დასაფასებელია.

შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა.  

სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

წაკითხულია 587 ჯერ

Related items

  • დებატების საგნის დანერგვა საგაკვეთილო პროცესში

    პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დაინერგა დებატების საგნის სწავლება

    პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ სასწავლო წელს პირველად დაინერგა და უკვე წარმატებულად გაიარა მონიტორინგი დებატებმა, როგორც არჩევითმა საგანმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

    სასწავლო საგნის დანერგვისთვის, მთელი საქართველოდან, შეირჩა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 20 ყველაზე მოტივირებული და წარმატებული დებატკლუბის ხელმძღვანელი, რომლებმაც საგანგებო გადამზადების შედეგად, ამ სასწავლო წლიდან აქტიურად დაიწყეს დებატების, როგორც, არჩევითი საგნის სწავლება.

    დებატების, როგორც საგნის სწავლების პროცესში ტარდება მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება დებატების გაკვეთილების სუპერვიზირება/მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების მუდმივ განვითარებასა და საგნის წარმატებულად სწავლებას.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

  • ჩინელმა სპორტსმენმა ბაკურიანში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

    ჩინეთის ნაკრების წევრმა CAI XUETONG-მა გუშინ, ბაკურიანში მიმდინარე თავისუფალი სტილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

    ჩინეთის ნაკრებისთვის ეს უკვე მეორე ოქროს მედალია. პირველი ოქრო ჩინეთის ნაკრებს ჩინელმა კუნგ ფანმა მოუტანა. 

    ჩინელ სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინელი სპორტსმენები კვლავ მიაღწევენ წარმატებებს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და ბაკურიანში კიდევ ერთხელ შესრულდება ჩინეთის ეროვნული ჰიმნი.

    მოგეხსენებათ, საქართველო პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. შეჯიბრში მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. 

    მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ სტილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 5 მარტს დასრულდება.

  • ევროკავშირი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შესაძლო დაშვებაზე IOC-ის მცდელობას გმობს

    რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირი თავისი რეზოლუციით გმობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ პარიზის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების მცდელობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    444 ხმით მიღებული რეზოლუციის თანახმად (26 წინააღმდეგი იყო, ხოლო 37-მა თავი შეიკავა), რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნებისთვის დაწესებულ საყოველთაო იზოლაციას.  ეჭვგარეშეა, რომ ამას  ორივე ქვეყნის რეჟიმი საკუთარი მიზნების პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

    რეზოლუცია 27 წევრ ქვეყანას მოუწოდებს ზეწოლა მოახდინოს IOC-ზე, რათა "მსოფლიო სპორტის სირცხვილად" შერაცხილი ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

    თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთის და ბელარუსის ჩამოშორება დისკრიმინაცია იქნება. თუმცა, შარშან თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე IOC-მა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს რუსეთის და ბელარუსის მოკვეთის რეკომენდაციითაც მიმართა.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება IOC-ის და მისი პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ შეცვლილ დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

    IOC-ის ახალი პოზიციის საპასუხოდ, უკრაინა პარიზი-2024-ის ბოიკოტირებას განიხილავს და ამ საქმეში სხვა ქვეყნების მხარდაჭერის იმედიც აქვს.

    თომას ბახმა შესაძლო ბოიკოტის მუქარის მიმართ საკუთარი უკმაყოფილება უკრაინის სპორტის მინისტრს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ვადიმ გუტცაიტს წერილობით აცნობა. ბახის თქმით, თამაშების ბოიკოტი ოლიმპიური ქარტიაზე ძალადობა იქნება.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, "ბოიკოტი ერთ-ერთი შესაძლებლობაა".

    "თუ რუსი და ბელარუსი ათლეტები პარიზში უკრაინელების ნაცვლად ჩავლენ, ეს იქნება მორალის, სპორტის და პოლიტიკური ნორმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. რუსი სპორტსმენების უმეტესობა, რომლებმაც ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მედლები მოიპოვეს, რუსული არმიის სპორტულ კლუბებს წარმოადგენდნენ."

  • 35 ქვეყანა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგ ერთიანდება

    ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის მინისტრის იურგიტა შიუგჟდინენეს განცხადებით, 35 ქვეყანა მოითხოვს, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები. ამის თაობაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაცია წერს.

    უწყების ცნობით, დიდ ბრიტანეთში 35 ქვეყნის წარმომადგენელთა სამიტი ჩატარდა, რომლის განსახილველი თემაც პარიზის თამაშებზე რუსეთის და ბელარუსის შესაძლო მონაწილეობა იყო. დისკუსიაში ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი  ვლადიმირ ზელენსკი, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელები არ დაუშვას ოლიმპიურ თამაშებზე.

    როგორც ირკვევა, კოალიციაში შემავალმა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, აშშ-მ, საფრანგეთმა და იაპონიამ პარიზი-2024-დან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ჩამოშორების საკითხი დააყენეს.

    "მივდივართ იმ მიმართულებით, რომლითაც ბოიკოტი არც დაგვჭირდება, რადგან ყველა ქვეყანა ერთიანია," - აცხადებს იურგიტა შიუგჟდინენე.

    პოლონეთის სპორტის მინისტრის კამილ ბორტნიჩუკის თქმით, არსებობს სხვა, კომპრომისული ვარიანტი - დევნილთა გუნდის შექმნა, რომელშიც შევლენ რუსი და ბელარუსი დისიდენტი სპორტსმენები.

    რამდენიმე დღის წინ უკრაინას სტუმრობდა  პარიზის მერი ანი იდალგო, რომელმაც განაცხადა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობა მიუღებელია.

  • კონსტანტინე სუპატაშვილი ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია

    ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველო სამთო თხილამურობაში, სნოუბორდში და ფიგურულ ციგურაობაში იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი იუწყება.

    გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დისკვალიფიკაციით გამოეთიშა ასპარეზობას ნინო ენუქიძე.

    მოციგურავე კოსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამით წარდგა, მსაჯებისგან 65.12 დაიმსახურა და ფინალში ასპარეზობის უფლება მეხუთე ადგილით მოიპოვა (ფინალში გასასვლელად 16 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).

    სნოუბორდში (სლოუპსტაილი) საკვალიფიკაციო გამოსვლა ჰქონდა  ნიკოლოზ გაბულდანს, რომელმაც 22 ქულით და მე-20 ადგილით დაასრულა გამოსვლა.

    ერთი დღით ადრე სამთო მოთხილამურეები - ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი და ლუკა ბურდული სლალომში გამოვიდნენ. ნაზღაიძემ და წულეისკირმა ორი დაშვების ჯამში, შესაბამისად, 68-ე და 69-ე ადგილები დაიკავეს, ლუკა ბურდულმა კი ასპარეზობა ვერ დაასრულა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური