შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2021 წლის 30 ივლისს თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია თბილისში მცხოვრები 1988 წელს დაბადებული რ.მ. (საქართველოს მოქალაქე). ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დროებით ცხოვრობდა თბილისში, გოგებაშვილის პირველ შესახვევში. მეგობრების განმარტებით, იგი ხშირად სეირნობდა მთაწმინდის პარკის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.
"30 ივლისს შანაი ბრუკი მეგობრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ მივიდა დათქმულ დროს და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია შეწყდა. მოგვიანებით, შანაი ბრუკის მეგობრებმა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს", - აღნიშნა მან.
კ. მურადაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გამოძიებამ ჩაატარა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები. მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დამნაშავე პირის იდენტიფიცირების მიზნით, შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს.
შესწავლილ იქნა შანაი ბრუკის გადაადგილების მარშრუტები და დათვალიერდა შემთხვევის დღეს შანაი ბრუკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე, შემთხვევის ადგილის, მისი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე ქუჩებზე განთავსებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის და კერძო ობიექტების კუთვნილი რამდენიმე ათეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის, შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.