დავით ზალკალიანსა და იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.
Related items
-
საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა
ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 30 მაისს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საზეიმო წვეულება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.
ამ დღეს საქართველოში ისრაელის საელჩომ ისრაელის დამოუკიდებლობის 75-ე იუბილე აღნიშნა. საზეიმო მიღებაზე ბევრი ისაუბრეს იმ რთულ გზებზე, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღებამდე გაიარა. საზეიმო გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა ქართულ-ებრაულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზეც, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს.
საღამოზე ყურადღება ასევე გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობაზე. შესრულდა ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.
ისრაელთან დაკავშირებით უნდა ითქვას ისიც, რომ მისი ისტორია ბიბლიიდან იღებს სათავეს და, სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის ტრაგედიაც ახსოვს ყველას. ისრაელს დღემდე უწევს ყოველდღიურ საფრთხეებთან გამკლავება და ამავდროულად, თანამედროვე, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოდ რჩება. -
ქალბატონ კატრინ კოლონას, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში
კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფრაგლებში 26-დან 28 აპრილამდე და გამოხატავს მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ.
კატრინ კოლონა, ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება. ის აღნიშნავს საფრანგეთის ერთგულებას, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთოშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემით. ის ასევე მოუწოდებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და დაუყოვნებლივ აღდგეს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მიმოსვლა.
ბაქოში, მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს. ის აგრეთვე პატივს მიაგებს 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.
ერევანში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.
თბილისში, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ის გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე როგორც კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად.
-
შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუიარ ოსმანის ვიზიტისთვის და ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა.
ისაუბრეს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა.
შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა და ქეთევან თურაზაშვილი.
-
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
2023 წლის 10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა.
ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.
ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
-
ილია დარჩიაშვილის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში, 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 10-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.
წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები - მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.
ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.
ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.
ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.
ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს", - წერია ი. დარჩიაშვილის განცხადებაში.
ბიზნეს ნიუსი

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა ხვალ გაიხსნება
ბათუმი ხვალიდან სამი დღის განმავლობაში სამშენებლო ...

„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოს...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა
2023 წლის 1 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვარ...
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდას...