ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს
როგორ უმკლავდება ჩეხეთი მზარდი ურბანიზაციის პირობებში გამწვანებული სივრცეების ნაკლებობას? ურბანული გამწვანება ქვეყნის ურბანული განვითარების გეგმების განუყოფელი ნაწილია. მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ.
2021 წლის 16 ივნისს, 13:00-15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, რუსთაველის გამზირი, #8), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ბატონი გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანომდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით.
ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი