ჩეხეთი საქართველოს მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით გამოცდილებას გაუზიარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021 12:59

როგორ უმკლავდება ჩეხეთი მზარდი ურბანიზაციის პირობებში გამწვანებული სივრცეების ნაკლებობას? ურბანული გამწვანება ქვეყნის ურბანული განვითარების გეგმების განუყოფელი ნაწილია. მწვანე ურბანული დაგეგმარების კუთხით ჩეხეთის წარმატებულ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს ჩეხი ექსპერტები გაუზიარებენ.

2021 წლის 16 ივნისს, 13:00-15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, რუსთაველის გამზირი, #8), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან თანამშრომლობით, მართავს პრეზენტაციასა და დისკუსიას „მწვანე ქალაქები და ურბანული დაგეგმარება: საერთო საკითხები ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაში“

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ბატონი გიგა გიგაშვილი, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. ჩეხი ექსპერტები გამართავენ პრეზენტაციებს ურბანული დაგეგმარებისა ნორმატიული რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ ჩეხეთში. დისკუსიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ჩეხეთისა და საქართველოს ურბანული დაგეგმარების საკანომდებლო რეგულირებისა და აღსრულების საკითხების შესახებ ინფორმაცია, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე შეჯერების მიზნით.

ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

წაკითხულია 630 ჯერ

Related items

  • პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებულ სხდომაში დიპლომატიურმა კორპუსმაც მიიღო მონაწილეობა

    საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. 

    ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ვალვო, ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი.

    სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან ყურადღება კულტურის კომიტეტის საქმიანობასა და საკონსულტაციო საბჭოს როლზე გაამახვილა.

    „მიხარია, რომ დატვირთული პოლიტიკური დღის წესრიგის ფონზე, ყოველთვის არის მომენტი, როდესაც კულტურაზე და ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, რომელიც საბოლოო ჯამში არის ქვეყნის, ერის, საზოგადოების განვითარების საფუძველი. ამიტომ განსაკუთრებით ვაფასებ კულტურის კომიტეტის და საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას, სწორედ ეს არის პარლამენტის და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    პარლამენტში კულტურის კომიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კულტურას და ხელოვნებას საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველობის იდენტობის ნაწილს და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

    „მსურს გამოვხატო მხარდაჭერა კულტურის სფეროს მიმართ, წარმატებები ვუსურვო საპარლამენტო კომიტეტს და მის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემით და გააზრებით, მჯერა, რომ უფრო ჰარმონიულ, განათლებულ და წარმატებულ საზოგადოებას ავაშენებთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ კულტურისა და კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს სწორედ კულტურის დიპლომატია წარმოადგენს. მისივე თქმით, 2024 წელს პარლამენტი სახელოვნებო განათლების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს.

    „დღევანდელ მსოფლიოში, ერების დაახლოების კონტექსტში კულტურა დიდ როლს თამაშობს. სხვადასხვა იდენტობის მქონე ერების კულტურული თანამშრომლობა ამდიდრებს ერთიანი ევროპის იდეას და გლობალურად ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ხედვა გულისხმობს კულტურის სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

    პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს შემდეგი საკითხები: სახელოვნებო განათლების რეფორმის მნიშვნელობა საქართველოში; ახალგაზრდების ცნობიერებისა და შემოქმედებითობის ამაღლება თანამედროვე სამყაროში; კულტურის მეშვეობით ლიდერი ქალების როლი საზოგადოებაში; კულტურის როლი სამშვიდობო პროცესებში.

    დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა.

    პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ: იუნესკოს ყოფილი გენერალური დირექტორი, სამეცნიერო მისიებისა და მდგრადობის გლობალური კომისიის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი ირინა ბოკოვა, შვეიცარიის საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, ჟენევის უშიშროების პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული ექსპერტი დავით ჩიკვაიძე, ლიდერობის, კულტურისა და განვითარების პროფესორი ღასან ხალილი.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.

    ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
    პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
    ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.
    პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
    ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.

    დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

    პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.

    რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.

  • პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს

    საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართა.

    საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, უკრაინაში, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

    პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

    პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

  • 31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს

    31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.
    რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

    მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური