ფონდმა „რიბირაბომ“ კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021 13:57
ფონდმა „რიბირაბომ“ კულტურის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით გააფორმა. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდმა „რიბირაბომ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობის წინ ფერადი მოზაიკის გამოყენებით ფეხით სავალი ნაწილი გააფორმა. ნამუშევარი ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი თანამედროვე ტექნიკით არის შესრულებული, რომლის სახელწოდებაა „ფლაკინგი“.
„ფლაკინგის“ ტექნიკა ეკუთვნის ლიონში მცხოვრებ ფრანგ ხელოვანს „Ememem“-ს, რომელმაც ქუჩაში ფეხით სავალ ნაწილზე არსებული ხარვეზების დაფარვის უჩვეულო გზას მიმართა და ასფალტის დაზიანებული ადგილები ფერადი მოზაიკის გამოყენებით ამოავსო. აღნიშნული ტექნიკა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მას ევროპის არაერთ ქალაქში იყენებენ, მათ შორის პარიზში, მადრიდში, ბარსელონასა და მილანში.
ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი „რიბირაბო“ 2019 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.
წაკითხულია 448 ჯერ

Related items

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში
    ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრსა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზვიად მხეიძესთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან,
    სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან ერთად, ამბროლაურის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა. თეა წულუკიანი სკოლის ლოტბარ ლევან ბერელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და პედაგოგებს რეგიონში ქართული ფოლკლორის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
    ამის შემდეგ მინისტრი ანსამბლის ,,საგალობელი" წევრებს შეხვდა და აცნობა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით ანსამბლი მიმდინარე წლის ზაფხულში პარიზში, ლევილში გაემგზავრება და ქართულ მიწაზე სამინისტროს მხარდაჭერით დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რითაც საკუთარ შემოქმედებას უცხოელ აუდიტორიასა და იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს გააცნობს.
    ამბროლაურის სალოტბარო სკოლა 2014 წელს ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით დაფუძნდა და პირველი სკოლაა, რომელიც ფოლკლორის ცენტრის ძალისხმევით დაარსდა. 2022 წელს, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 44 მოსწავლეა. ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.
    თეა წულუკიანმა ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმიც მოინახულა და მის დირექტორთან, მხატვარ ბესო კობახიძესთან ერთად, მუზეუმის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელა. მუზეუმი 1965 წლიდან ფუნქციონირებს და მასში დაცულია ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ავთო ვარაზის, ზურაბ ნიჟარაძისა და სხვა ქართველ მხატვართა ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული თუ სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის ნიმუშები.
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიდი ირანელი პოეტის, ფირდოუსის, ნაწარმოების - „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა. ეს „შაჰნამეს“ პირველი სრული ქართული თარგმანია.
    თარგმანი ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის, თითქმის 50-წლიანი თავდადებული შრომის ნაყოფია.
    გამოცემის პრეზენტაცია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
    ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: თავად მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, აკადემიური და ლიტერატურული სფეროებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
    პროექტის განსახორციელებლად სამინისტრომ 65 000 ლარი გამოყო. „შაჰნამეს“ პირველი ოთხი ტომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა.
    „შაჰნამე“ ანუ „მეფეთა წიგნი“ ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია, რომელიც ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ტექსტი დაწერილია მესნევის ფორმით (ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, გავრცელებული კლასიკურ სპარსულ პოეზიაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია სისადავე და უშუალობა, რასაც ხატოვანება და ემოციური აზროვნებაც ბუნებრივად ერწყმის.
    თანამედროვე ქართულ ენაზე „შაჰნამეს“ ცალკეული ნაწილები თარგმნეს ამბაკო ჭელიძემ, მაგალი თოდუამ, ალექსანდრე ელერდაშვილმა. ბელა შალვაშვილის თარგმანი კი პირველი სრული და ორიგინალს მიახლოებული თარგმანია.
    „შაჰნამე“ სხვადასხვა დროს მრავალ ენაზე ითარგმნა, თუმცა სრული ქართული თარგმანი, რომელიც ერთმა მთარგმნელმა შეასრულა, მსოფლიოში ერთადერთია. ბელა შალვაშვილმა „შაჰნამეს“ თარგმნა თავისი მასწავლებლის, ვახუშტი კოტეტიშვილის, დავალებით 1970 წელს დაიწყო და 2016 წელს დაასრულა. სამწუხაროდ, არაერთი ცდის მიუხედავად, წლების განმავლობაში თარგმანის გამოცემა ვერ ხერხდებოდა.
    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს, ქართული თარგმანის V-IX ტომების გამოცემით, დასრულდება.
  • დებატების საგნის დანერგვა საგაკვეთილო პროცესში

    პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დაინერგა დებატების საგნის სწავლება

    პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ სასწავლო წელს პირველად დაინერგა და უკვე წარმატებულად გაიარა მონიტორინგი დებატებმა, როგორც არჩევითმა საგანმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

    სასწავლო საგნის დანერგვისთვის, მთელი საქართველოდან, შეირჩა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 20 ყველაზე მოტივირებული და წარმატებული დებატკლუბის ხელმძღვანელი, რომლებმაც საგანგებო გადამზადების შედეგად, ამ სასწავლო წლიდან აქტიურად დაიწყეს დებატების, როგორც, არჩევითი საგნის სწავლება.

    დებატების, როგორც საგნის სწავლების პროცესში ტარდება მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება დებატების გაკვეთილების სუპერვიზირება/მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების მუდმივ განვითარებასა და საგნის წარმატებულად სწავლებას.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

  • „ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

    2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 042 593 ლარით 660-მდე მოზარდსა და ახალგაზრდას  დაეხმარა. შედეგად ასობით მზრუნველობამოკლებულმა ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და ბევრი წარმატებულ კარიერასაც აშენებს. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

    11 წლის განმავლობაში, „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:

    • 340-მა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება
    • 72-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება ან ამჟამად სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში
    • 220-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების ოსტატთან
    • 660-მა ახალგაზრდამ მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება

    დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 60%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული. „ფონდი ნატახტარის“ 2022 წლის საჭიროებები, რესურსები და ანგარიში ასე გამოიყურება:

     

    მთლიანობაში 2022 წელს ასოციაციის „ჩვენი სახლი - საქართველო“ კოორდინაციით, მომსახურება 20 ახალგაზრდას გაეწია. ოცივე იღებდა ინტენსიურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, 6 ახალგაზრდას უტარდებოდა ხანგრძლივი ფსიქოთერაპია, ხოლო 7-მა ისარგებლა ფსიქოდიაგნოსტირებით. გასულ წელს 13 ახალგაზრდას ერიცხებოდა სტიპენდია დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით. 1 დაფინანსდა კოლეჯში სიარულის მიზნით გზის თანხით. 3 ახალგაზრდა უზრუნველყოფილი იქნა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით. გარდა ამისა, მათ ჩაუტარდათ სამედიცინო დიაგნოსტირება და მკურნალობა. 2 აბიტურიენტი დაფინანსდა ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების მიზნით. თითოეული მათგანი ემზადებოდა 3 საგანში.

    საბოლოო ჯამში, „ფონდი ნატახტარის“ საქმიანობის შედეგად, 2022 წელს ფონდის ბენეფიციარი ორივე აბიტურიენტი გახდა სტუდენტი (დაწყებითი საფეხურის საბაკალავრო პროგრამა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი). მნიშვნელოვანია, რომ 20 ბენეფიციარიდან 15 დასაქმდა და წლის განმავლობაში 4 ბენეფიციართან ასოციაციამ დაასრულა მუშაობა, რადგან მათ ფონდის დახმარებით უკვე შეძლეს დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება.

     „ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია. თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: საცხოვრებლით უზრუნველყოფა, პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.

  • „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში NFT ჰაკათონი გაიმართა

    საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია NFP CREW და საზოგადოება NFT GEORGIA-ს ორგანიზებითა და „ნატახტარი ზიგზაგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად NFT ჰაკათონი გაიმართა. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხოლოდ პროტოტიპის საფუძველზე გამარჯვება მოეპოვებინათ. ჰაკათონის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, NFT ტექნოლოგიის გამოყენებით NFT პროექტის პროტოტიპი შექმნან, რომელსაც კონკრეტული utility მიენიჭება.

    ჰაკათონში 3 და 5 მონაწილისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პროექტში მონაწილე აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გუნდები წინასწარ თავად ჩამოაყალიბებინათ ან ადგილზე სპონტანურად შეექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ 32-მა აპლიკანტმა ორდღიანი სამუშაოს შემდეგ NFT პროექტის პროტოტიპები წარადგინა.
    ნამუშევრები კი კომპეტენტურმა ჟიურიმ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იდეის, დიზაინის, NFT პროექტის, ტექნიკური გადაწყვეტის, მარკეტინგის და სთორილაინის გათვალისწინებით, კოეფიციენტის მიხედვით შეაფასა.

    გამარჯვებულებს სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. პროექტის სპონსორმა „ნატახტარი ზიგზაგმა“ კი თავისი რჩეული გუნდი Blackworm საგზურით დააჯილდოვა.

    „ჩვენი სურვილია, შექმნილი პროტოტიპი გლობალური ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი იყოს და სწორედ ჰაკათონის ფარგლებში ვქმნით სივრცეს, სადაც დაინტერესებულ პირებს გუნდურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ მიერ შეთავაზებული თემატიკის გათვალისწინებით, გუნდებმა საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური დაგენერირებული პროტოტიპი შექმნეს და ჟიურის წინაშე წარსდგნენ,“ - აღნიშნავს ჰაკათონის იდეის ავტორი ლევან ცერაქაშვილი.

    „“ნატახტარი ზიგზაგისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდული და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ „ზიგზაგის“ კონცეფცია ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობას. ეს არის ახალგაზრდული ბრენდი მათთვის, ვისაც არ აშინებს თავგადასავლები, სიახლეები და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და შექმნას თავისებურად, არ იცხოვროს სწორხაზოვნად. ვფიქრობთ, რომ „ზიგზაგის“ ბრენდი თავის კონცეფციით უხდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა NFT ჰაკათონი. წარმატებას ვუსურვებთ როგორც ჩვენს რჩეულ გუნდს, ისე ყველა მონაწილეს,“-- განმარტავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური