საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 18 მაისი 2021 17:40

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტად ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ვიზიტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მეთაურთან, მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან ევროპაში (SACEUR) გენერალ ტოდ ვოლტერსთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალ ტოდ ვოლტერსს აშშ-ის ევროპული სარდლობის მიერ საქართველოსთვის გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ახალ ინიციატივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად განხორციელებასა და ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივას - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC), რომელიც წარმატებით ახორციელებს როგორც ეროვნულ, ასევე მრავალეროვნულ სწავლებებს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმებზე და რეფორმების მთავარ მიმართულებებზე.

გენერლებმა შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP). განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის ძალების მეთაური უცხოელ კოლეგებს შეხვდება და ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება.

 

 

წაკითხულია 720 ჯერ

Related items

  • ბელგიაში სამსახურში ველოსიპედით მოსიარულეები ფულს მიიღებენ

    ბელგიაში სამსახურში ველოსიპედით მოსიარულეები ფულს მიიღებენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ბელგიაში, შრომის ეროვნული საბჭოს ფარგლებში დამსაქმებლებსა და მუშაკთა წარმომადგენლებს შორის შეთანხმებით, სავალდებულო გახდა ველოსიპედის შემწეობის მიცემა მათთვის, ვინც სამსახურში ველოსიპედით მიდის.

    მის მიხედვით, 1 მაისიდან დასაქმებულები სამსახურში ველოსიპედით მისვლის შემთხვევაში დამსაქმებლებისგან მიიღებენ 0,27 ევროს ოდენობით ყოველ ერთ კილომეტრზე. ეს თანხა გათავისუფლდება გადასახადებისგან.

    დასაქმებულის ყოველდღიური ველოსიპედის შემწეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 40 კილომეტრს. ამრიგად, ველოსიპედის შემწეობა დღეში 10,8 ევრომდე შეიზღუდება.

    ამ დრომდე დამსაქმებლებს შეეძლოთ გადაეწყვიტათ ველოსიპედის შემწეობის მიცემის საკითხი. დამსაქმებელთა თითქმის 30 პროცენტი ფულს უხდიდა თანამშრომლებს, რომლებიც ველოსიპედს იყენებდნენ, სახლსა და სამუშაო ადგილს შორის მანძილის მიხედვით.

    ახალი შეთანხმებით, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ველოსიპედების გამოყენება უფრო ფართოვდება.

  • პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.

    ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. 
    საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა

    ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    ნატოს წევრი და არაწევრი 6 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადებას სამი კვირის განმავლობაში ბაკურიანში გადიოდა. პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველმა ინსტრუქტორებმა ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები, თხილამურებით სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკური მეთოდები, დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის მოწყობა შეასწავლეს. კურსის განმავლობაში სამხედროებმა ტაქტიკური მარშიც განახორციელეს.

    საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსის გამოშვების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე ცხადაძე დაესწრნენ. მალხაზ მერლანმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, კარიერული წინსვლა უსურვა და ყურადღება მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. 

    კურსდამთავრებულებს სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსის დასრულების აღმნიშვნელი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

  • ნატო-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
    6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ადმინისტრაცია იუწყება.
    ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
    ავტომობილებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ნატოს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს.
    პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია.
  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა. 

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. 
    როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება.
    განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას. 
    საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას” და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას”. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში.  
    შეხვედრას ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

პოპულარული

« December 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური