პრინცესა დაიანას წერილები 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა
24 წლის მანძილზე დაცული უელსის პრინცესა დაიანას წერილები აუქციონზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.
მათი მონაცემებით, ხელნაწერი წერილები, რომლებშიც დაიანა დედოფალ ელიზაბედს „ბოსს“ უწოდებს, 67 ათას 900 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
კოლექცია შედგება 36 წერილისგან, რომლებიც "ლეიდი დიმ" ოჯახის მეგობარს, როჯერ ბრამბლეს 1990-1997 წლებში მისწერა.
პრინცესა დაიანა ამ მიმოწერაში პრინც ჩარლზთან განქორწინების პროცესს, 1993 წელში თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
აუქციონიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ინგლისის ბალეტისა და ახალგაზრდა მუსიკოსების ეროვნული სინფონიური ორკესტრის მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც მხარს უჭერდნენ დაიანა და ბრამბლე.
შეგახსენებთ, რომ 1997 წლის 31 აგვისტოს დაიანა სპენსერი პარიზში ავტოავარიაში დაიღუპა. უელსის პრინცესა, პრინც ჩარლზის ყოფილი ცოლი და პრინცების - უილიამის და ჰარის დედა ცნობილი იყო, როგორც ქველმოქმედი და ჩარლზთან დაშორების შემდეგაც ბრიტანული საზოგადოების ნებიერად დარჩა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან - თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.