საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 27 თებერვალი 2020 14:23

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ;
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ;
  • სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

წაკითხულია 655 ჯერ

Related items

  • დებატების საგნის დანერგვა საგაკვეთილო პროცესში

    პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში დაინერგა დებატების საგნის სწავლება

    პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ამ სასწავლო წელს პირველად დაინერგა და უკვე წარმატებულად გაიარა მონიტორინგი დებატებმა, როგორც არჩევითმა საგანმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

    სასწავლო საგნის დანერგვისთვის, მთელი საქართველოდან, შეირჩა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 20 ყველაზე მოტივირებული და წარმატებული დებატკლუბის ხელმძღვანელი, რომლებმაც საგანგებო გადამზადების შედეგად, ამ სასწავლო წლიდან აქტიურად დაიწყეს დებატების, როგორც, არჩევითი საგნის სწავლება.

    დებატების, როგორც საგნის სწავლების პროცესში ტარდება მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, სისტემატიურად ტარდება დებატების გაკვეთილების სუპერვიზირება/მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების მუდმივ განვითარებასა და საგნის წარმატებულად სწავლებას.

    პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

  • Covid-19-ით 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ბოლო 8 კვირაში 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    გებრეისუსმა ჯანდაცვის გლობალური მდგომარეობის შესახებ შეფასებები გააკეთა.

    მან გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან Covid-19-ით ყოველკვირეული სიკვდილიანობის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ბოლო 8 კვირაში კოვიდ-19-ით 170 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მხოლოდ აღრიცხული დაღუპულთა რიცხვია, რეალური რიცხვი ამაზე მეტია“.

    გებრეისუსმა განაცხადა, რომ 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანმომ გამოაცხადა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა" და რომ ამ კვირაში Covid-19-ის საგანგებო კომიტეტი შეიკრიბება, რათა განიხილოს ვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს თუ არა გლობალური დონის საგანგებო მდგომრეობას.

    „წინასწარ არ მივიღებ საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რჩევებს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მზარდი მაჩვენებელი მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 3 წლის წინ, როდესაც ეპიდემია დაიწყო, გლობალური კოლექტიური რეაქცია ეპიდემიაზე კვლავ ზეწოლის ქვეშ არის“.  - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ძალიან ცოტა ადამიანი, განსაკუთრებით მოხუცები, არიან ადეკვატურად ვაქცინირებული და რომ ბევრი ადამიანი არ იღებს „შეხსენების“ დოზებს.

    გებრეისუსმა განაცხადა, რომ მყიფე ჯანდაცვის სისტემებს გრიპთან და სხვა დაავადებებთან გამკლავება კოვიდ 19-ის ტვირთთან ერთად უჭირთ და დაამატა: ”ჩემი გზავნილი ნათელია, ნუ დააკნინებთ ამ ვირუსს, მან გაგვაოცა და აგრძელებს ჩვენს გაოცებას. ვირუსი გააგრძელებს მოკვლას, თუ ჩვენ არ მივაწვდით ჯანდაცვის ინსტრუმენტებს მათ, ვისაც ეს სჭირდება და მეტს არ გავაკეთებთ დეზინფორმაციასთან მასშტაბურად საბრძოლველად“.

  • განათლების მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან ჭოუ ციენთან დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების სამინისტროში განუცხადეს.

    მათი თქმით, მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.

    მინისტრმა ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პარტნიორობით ზოგადი და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს. მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს მრავალწლიანი მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია.

    საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.

    თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა  მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    მხარეებს შორის შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩუიბინ ჩენი ესწრებოდა.

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თავის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

    მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის განათლების სფეროში არსებული მრავალწლიანი მეგობრობის თვალსაჩინო მაგალითია ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის შესანიშნავი პროექტი. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის კიდევ უფრო გაფართოება ახალი აკადემიური პროგრამების დამატების გზით.

    მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ქოლგის ქვეშ ერთობლივი პროფესიული პროგრამების განხორციელება შესთავაზა. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ­– საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კოლეჯებში მიმდინარე სასწავლო პროცესში 2022 წლიდან ჩართულნი არიან უცხოელი მასწავლებლები, რაც სასწავლო პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და  გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის. მიხეილ ჩხენკელმა საფრანგეთის ელჩს ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა.

    შეხვედრისას მინისტრმა შერაზ გასრის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

    მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ემატება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის  აქტიურად ითანამშრომლოს საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი აკადემიური პროგრამების განხორციელების მიზნით.

    როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

    საფრანგეთის ელჩთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ქართველი და ფრანგი მეცნიერები ადრონული თერაპიის ცენტრში ერთობლივ სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ.

    საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო Horizon Europe-ის პროგრამას. მინისტრის თქმით, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ხელი ბრიუსელში, საზეიმო ვითარებაში მოეწერა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს.

    თავის მხრივ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს და განაცხადა, რომ ევროპული ხარისხის შესაბამისი ახალი უნივერსიტეტის დაფუძნება და განვითარება მართლაც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აქტიურად არიან ჩართულნი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საქმეში. შერაზ გასრიმ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

    შეხვედრას საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი კამილ ნორა ესწრებოდა.

    განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 20 წლისაა!
    22 ნოემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას მართავს.
    კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
    კონფერენციას ესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; განათლების ექსპერტები, ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული პირები და სხვა მოწვეული სტუმრები.
    ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განვლილ გზას გაიხსენებენ. კონფერენციაზე მოხდება ასევე ცენტრის ახალი პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის“ - საზოგადოებისათვის წარდგენა. პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.
    კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პრეზენტაციებს. თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: 1) „შეფასება განვითარებისათვის“; 2) სამეცნიერო (STEM) კარიერასთან დაკავშირებული გამოწვევები და 15 წლის მოსწავლეების პროფესიული არჩევანი; 3) TIMSS 2019 - შეფასების დავალებებზე მოსწავლეთა პასუხების ანალიზი შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების მიხედვით; 4) დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევებს შორის არსებული განსხვავებები საქართველოში. ღონისძიებას დისკუსიების შეჯამება დაასრულებს.
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში 2002 წელს დაფუძნდა და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეფასების ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებაში. თუ დასაწყისში ცენტრი გამოცდებს მხოლოდ აბიტურიენტებისათვის ატარებდა, პროფესიონალთა გუნდის დიდი შრომის შედეგად მოკლე დროში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობის არეალი გაფართოვდა. დღეისათვის ის ატარებს სხვადასხვა ტიპის გამოცდასა და ტესტირებას, ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში, ასევე კონსულტაციას უწევს კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური