საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება; სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

4 ოქტომბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.
საბჭომ დამატებითი გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღო. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. 
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 549 811 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 493 414 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 7 408 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 78 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 2 840 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 7 457 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL), რეგიონული უსაფრთხოების სამსახურისა (RSO) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ოფისის ერთობლივი ორგანიზებით, კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა.
სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
აშშ-ის ელჩმა კრიზისული სიტუაციის მართვისა და ინციდენტებზე რეაგირების კუთხით სამართალდამცველთა გადამზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: კრიზისის მართვისა და სამეთაურო შტაბის პრინციპები; კრიზისის ხელმძღვანელობა; უწყებათშორისი თანამშრომლობა კრიზისულ სიტუაციებში, ისტორიული და პრაქტიკული მაგალითები და სხვ.
ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოწვეული ტრენერები - ჯეიმს ნიუტონი და ოთომ ბრაუნი უძღვებოდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შსს-ს პრეს-რელიზი

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თავდაცვის პრეს-სამსახურში განუცხადეს, კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და  ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს. კურსის განმავლობაში მათ შეისწავლეს: სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, სამხედრო–ალპინისტური და სამთო ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და დაშავებულის კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ასევე, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაცია, გადავიდნენ სამთო მომზადების შემდგომ ეტაპზე და გაიარონ ,,სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი“.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ელექტრონულად ხმის დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე მსჯელობს. პროექტის დანერგვის შემთხვევაში, წინასწარ შერჩეული ოლქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემას ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებენ და კენჭისყრის შედეგები, ელექტრონული დათვლის საშუალებით, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ცესკო ერთ-ერთ მოწინავე კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს; კომისია დღეს „სმარტმატიკს“ შეხვდა; კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში.

„ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ პროექტის შესაძლებლობები, თუ რა სარგებელი ექნება ამით ერთის მხრივ ამომრჩეველს და მეორეს მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს. ამასთან ქმნის შედეგების ძალიან მცირე დროში მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად კენჭისყრის პროცედურების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტული უბნის შედეგების გამოცხადება. ამ დეტალური განხილვების შედეგად უახლოეს დღეებში ცესკო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე უბანზე ვარაუდობს, მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი.  მისი გამოყენებით ნაწილობრივ ან სრულად ტარდება არჩევნები ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აზიის ბევრი ქვეყანა. 

 „ვიმედოვნებთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიური სიახლის დანერგვას შეუწყობს ხელს, რომლის პილოტირება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება. აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე უკვე დაინერგა მრავალ სხვა ქვეყანაში, ჩვენ აღნიშნულ სერვისს 25 სხვადასხვა ქვეყანაში ვახორციელებთ.“  - განაცხადა კომპანია სმარტმატიკის წარმომადგენელმა ლუის კორონელიმ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

"ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ განცხადებას ქუთაისის „ტორპედოს“ ახალ აუქციონთან დაკავშირებით:

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არსებული პირობებით ქუთაისის „ტორპედოს“ აუქციონში მონაწილეობას არ მივიღებდით. ბიზნესის მხრიდან პირველი აუქციონის აბსოლუტურმა იგნორირებამ და შედეგად აუქციონის ჩაშლამ კლუბის ამჟამინდელი მეპარტონე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მიიყვანა იმ აზრამდე, რომ ინტერესის გასაჩენად საჭირო იყო პირობების შეცვლა და ბიზნესის მომთხოვნა-საჭიროებებზე მორგება. გამოცხადდა ახალი აუქციონი პრაქტიკულად იგივე პირობებით, თუმცა გასხვისების ვადამ გადაიწია 15 სექტემბრამდე, რაც კლუბისთვის ასევე დამაზარალებელია. შესაბამისად, გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არც ამჯერად მივიღებთ მონაწილეობას ამ აუქციონში. მეტიც, ქუთაისის „ტორპედოს“ ინტერესებიდან გამომდინარე, საერთოდ გამოვერთვებით პრივატიზების პროცესს. ვინაიდან კლუბის გადარჩენისთვის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გასვლა ქუთაისის მერიას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი აუქციონების გარეშე, უმოკლეს ვადებში, პირდაპირ გადასცეს კლუბი მსურველ კომპანიას. წარმატებებს ვუსურვებთ „ტორპედოს“ და მის მომავალ ახალ მეპატრონეს", - აღნიშნულია „ალიანსი ჯგუფი ჰოლდინგის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება (საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ), რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. დღეს კი 3 700 - მდე ვიდეოკამერა, რომლითაც ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ გადასცა. კამერების გადმოცემის შემდეგ ცესკოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მთელი ის პროცესი თუ როგორ მოხდება კამერებით ვიდეოგადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის საჯაროობის უზრუნველყოფა. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი სიორიძე და ცესკოს წევრი ივანე ნორაკიძე ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ამ მასშტაბით უპრეცედენტოა და ამ პროცესს არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.“

„მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბი“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება 3 200 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული.  ამასთან ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება.  როგორც ცნობილია წელს პირველად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება.

ჩინელმა მეცნიერებმა მოლეკულური წესრიგის მისაღებად დაამსხვრიეს და შეაერთეს ფულერენები. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს. 

მათი ინფორმაციით, ამისათვის კი ჩინელმა ტექნოლოგებმა განახორციელეს ინტენსიური სიცხე და წნევა 1200 გრადუსი ცელსიუსით. მეცნიერებმა ამ მეთოდით, AM-III-ის სახელწოდების  ყველაზე მყარი და გამძლე მინა დაამზადეს მსოფლიოში.

ანალიზმა გამოავლინა, რომ მასალის სიმტკიცე 113 გიგაპასკალს აღწევდა, ხოლო ბრილიანტმა, როგორც წესი, იგივე ტესტში 50-დან 70-მდე გიგაპასკალს მიაღწია.

მინა რომელიც ბრილიანტზე უფრო მყარია, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მზის ენერგიის წარმოებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია 2 ოქტომბრის არჩევნების ორგანიზებისთვის აქტიურად მუშაობს. 25 აგვისტოდან ეტაპობრივად დაიწყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესიც. Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი  ტესტით შემოწმებისა და შესაბამისი ტრენინგების გავლის შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიებში ტარდება პირველი სხდომები, სადაც კანონმდებლობის მიხედვით უნდა აირჩეს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და საარჩევნო კომისიის მდივანი.  ეს არის საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პირველი ეტაპი, რითაც ისინი ფაქტობრივად მზადებას იწყებენ, რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს დახვდნენ სრულ მზადყოფნაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კი, მისი წარმდგენი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში, საფუძველს მოკლებული ქმედებებით, ამ პროცესის მიმართ უნდობლობის დანერგვას ცდილობს. კერძოდ, - მეორე დღეა საოლქო საარჩევნო კომისიებში შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრთა მიმართვები განცხადებების სახით.

განცხადებებში, რომლებიც ერთნაირი შინაარსისაა, პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები აპროტესტებენ საქმიანობას, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიებმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად უნდა განახორციელონ. ამავე განცხადებებში მითითებულია, რომ პირველ სხდომებში პარტიის უფლებამოსილი პირების ჩართულობა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ისინი კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს (მაგალითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე ასარჩევ პირთა წრე) აპროტესტებენ განცხადებების წარდგენით საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში, ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გაუგებარია აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის  წარმომადგენლების პოზიცია, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნები ხელმძღვანელი პირების არჩევასთან მიმართებაში, მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, რომლითაც ცალსახადაა დადგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი. აქედან გამომდინარე გაურკვეველია, კანონის ფარგლებში რა რეაგირებას ითხოვს აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი საარჩევნო ადმინისტრაციისგან.

ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გამოწვევას ემსახურება.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში აქტიური ჩართულობისთვის არ არის აუცილებელი  ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა, საამისოდ კომისიის ყველა წევრს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა ჩართული იყოს საარჩევნო პროცესში.

მოვუწოდებთ საუბნო კომისიებში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს,  განახორციელონ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული  უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ რეგლამენტის მიხედვით და იყვნენ კონსტრუქციულები. საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი წევრის მხრიდან კანონშეუსაბამო ქმედებებზე, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება სათანადო რეაგირება.

ბიზნეს იდეების გაზიარების გზით, მეწარმე ქალები,  ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების უფასო, საკონსულტაციო სესიებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად, პარტნიორი ბანკებისგან (თიბისი და საქართველოს ბანკი) სპეციალური პრიზების მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ

თბილისი, 26 აგვისტო, 2021 წელი – Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Forbes Woman-თან პარტნიორობით აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ხელმძღვანელი ქალი მეწარმეებისთვის. 

კონკურსი She's Next, Empowered by Visa-ს გლობალური ინიციატივის ფარგლებში ტარდება და მიზნად ისახავს ქალთა მეწარმეობის გაძლიერებას, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის დამფუძნებელი და მმართველი ქალებისთვის, ცოდნის, რესურსების, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების გზით. კონკურსი განკუთვნილია იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეები, ან უკვე მართავენ საკუთარი ბიზნესს, მაგრამ სირთულეებს აწყდებიან  ბრენდის სტრატეგიის დაგეგმვის, ბიზნეს პროდუქტის პოპულარიზაციის, ან მარკეტინგული კომუნიკაციების მართვის პროცესში. კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს ქალი, საქართველოს მოქალაქე, ეკავოს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის,  ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლის თანამდებობა, ან იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული პირი[1].

„ქალი მეწარმეებისთვის კონკურსის გამოცხადება საქართველოში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს Visa-ს ინიციატივას, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერაზე რეგიონში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ She's Next გლობალური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავაძლიეროთ  ქალთა ლიდერობა, რომელიც წამყვანი, მამოძრავებელი ძალა ხდება ახალი ბიზნესის წამოწყების პროცესში. კონკურსის ყველა ელემენტი მიზნად ისახავს ქალებისთვის ბრენდის ექსპერტთან უფასო მენტორინგის სესიაზე წვდომის უზრუნველყოფას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პარტნიორების - თიბისი და საქართველოს ბანკებისგან”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს  რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში.

კონკურსი ოთხ ეტაპად ჩატარდება:

  • განაცხადის შეტანისა და დამუშავების პროცესი: პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს თითოეული განაცხადის შესაბამისობას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებთან და პირობებთან, რის შედეგადაც შეირჩევა ათი ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მეწარმე ქალი, რომლებიც უფასო ონლაინ მენტორინგის საკონსულტაციო სესიებში მიიღებენ მონაწილეობას.  
  • საკონსულტაციო სესიები: ათი შერჩეული მონაწილე ქალი, დაესწრებიან უფასო ონლაინ საკონსულტაციო სესიებს, რომლებსაც გაუძღვება ბრენდ ექსპერტი. კონკურსანტები, ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშავებენ საკუთარი ბრენდისთვის სტრაგეგიას, მიიღებენ რეკომენდაციებს ბიზნესის განვითარებასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდის შესახებ.
  • კონკურსის მესამე ეტაპზე, ათივე კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს იდეა ონლაინ პრეზენტაციის ფორმატში ჟიურის წინაშე.  სამ საუკეთესო ფინალისტს შეარჩევს პროფესიონალი ჟიური. Forbes Woman Georgia სამი შერჩეული ფინალისტის მონაწილეობით, მოამზადებს მაღალი ხარისხის პროფილურ ვიდეოებს, რომლებიც განთავსდება Forbes Woman Georgia-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე. 
  • დასკვნით ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული, სამი ფინალისტიდან, გახდება ის ერთი მეწარმე ქალი, რომლის ვიდეოც დააგროვებს ყველაზე მეტ პოზიტიურ გამოხმაურებას (მოწონებას) Forbes Woman-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე. გამარჯვებული მიიღებს დამატებით პრიზს და მისი ისტორია, ინტერვიუს ფორმატში გამოქვეყნდება Forbes Woman-ის ბეჭდური ჟურნალის  მომდევნო გამოცემაში.

განცხადებების შერჩევის კრიტერიუმები:

  • სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
  • ქალი, რომელსაც უკავია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ან არის მცირე ან საშუალო ბიზნესში დასაქმებული, ან სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელი[2] პირი.

პრიზები და სპეციალური შეთავაზებები ბანკებისგან, კონკურსის 10 მონაწილისთვის და გამარჯვებულისთვის:

  • საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს  ადაპტერის 6 თვიან პაკეტს,  რომელიც ითვალისწინებს, საკუთარი მარაგების გაციფრულებას თანამედროვე მარაგების მართვის სისტემის Optimo-ს მეშვეობით და პროდუქციის ონლაინ რეალიზაციას საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზრის Extra.ge-ს მეშვეობით.

საქართველოს ბანკი 10 საუკეთესო კონკურსანტს გადასცემს ბიზნეს საბანკო მომსახურების 12-თვიანი უფასო პაკეტს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საბანკო მომსახურების მიღება საკომისიოს გარეშე, ხოლო კონკურსის ერთ გამარჯვებულს დამატებით ექნება შესაძლებლობა დაესწროს სამი კოენის  ერთ ქოუჩინგის სესიას.

  • თიბისი ბანკი დააჯილდოვებს  10 საუკეთესო მონაწილეს  TBC ბიზნეს კლუბის ერთწლიანი პრემიუმ პაკეტითა და Visa ბიზნეს ბარათით, რაც მათ საშუალებას მისცემს უფასოდ ისარგებლონ  სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, ასევე დაესწრონ ბანკის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს. 

დაინტერესებული კანდიდატები უნდა გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის წესებსა და პირობებს და  2021 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ონლაინ -  ბმულზე, სადაც სპეციალურ გრაფაში  წარმოადგენენ სამოტივაციო წერილს ქართულ ენაზე.

 

###

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge,  https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE



[1] კონკურსის წესები და მონაწილეობის პირობები, იხილეთ ბმულზე https://www.forbeswoman.ge/wp-content/uploads/2021/08/SME-Contest-Rules-GEO-ENG.pdf

[2] კონკურსში მიიღება მხოლოდ ერთი განაცხადის ფორმა და ბიზნეს იდეა თითო განმცხადებელზე.

2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეუთო/ოდირის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებისთვის მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების იმ ნორმებსა და წესებზე, რომელიც როგორც ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში ისე უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე იმოქმედებს.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ ცვლილების იმპლემენტაციაზე ისაუბრა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 აგვისტოს შედგა. საქართველოში ეუთო ოდირის მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური