საქართველოს მთავრობა „ლიბერთი ბანკს" მადლობას უხდის ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიღებული ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებისთვის.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით და „ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება, - შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოხდება პენსიების განსხვავებული წესით გაცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

პენსიის ნაღდი ფულით მიღებაზე დადგენილი გრაფიკის სანახავად მოქალაქეებმა უნდა შეამოწმონ ვებ-გვერდი www.myliberty.ge, ან დარეკონ მობილური ტელეფონიდან ნომერზე - 032 208; ხოლო ქალაქის ნომრიდან - 208.

საქართველოს მთავრობა მიმართავს თხოვნით პენსიონერებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდონ ფულის გამოსატანად ბანკის რიგში დგომას, რამდენადაც პლასტიკური ბარათით გადახდა დღეს ფაქტობრივად ყველა მომსახურების მიღებისას შესაძლებელია. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ პენსიის თანხის ნაღდი ფულის სახით მიღების სურვილი აქვთ, რიგში დგომისას აუცილებლად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

რამდენიმე დღის წინ „ლიბერთი" ბანკმა, საკუთარი ინიციატივითა და რესურსით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიების წინასწარ გასაცემად 100 მილიონი ლარი გამოყო. ამ ინიციატივის მიზანი იყო, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი, 70 წელს გადაცილებული ადამიანების დაცვა ვირუსით გამოწვეული მომატებული საფრთხეებისგან, კერძოდ, მათთვის ბანკში მისვლის საჭიროების შემცირება და პენსიის აღებისას მოქალაქეების ნაკადების მაქსიმალურად გადანაწილება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

ლიბერთი ბანკმარამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.    

ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის შემცირდეს პენსიის ასაღებად ბანკში მისვლის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში  მაქსიმალურად გადანაწილდეს ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადები პენსიის აღების დროს და რაც მთავარია დავიცვათ ისინი ვირუსით შესაძლო დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

      ლიბერთი ბანკს პენსიის მიმღები ადამიანების ნაკადის გადანაწილებაში საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს და სწორედ ამიტომ, დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობა გამოყოფს შესაბამის თანხებს რომლის საშუალებითაც, ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერი ასაკის პენსიონერს.   

      28 მარტიდან, პენსიების ნაღდი ფულით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბანკის მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით, რომლის ნახვაც შესაძლებელი იქნება (თარიღი და საათი)  ვებ გვერდზე  www.myliberty.ge ან  032208 მობილურიდან და 208 ქალაქის ნომრიდან.

28 მარტიდან, ყველა პენსიონერს ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შეეძლება სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, ყველგან სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი.

‘მინდა ხაზი გავუსვა და მოგმართავთ ყველას თხოვნით, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, სანამ არ დარწმუნდებიან რომ მათ შეუძლიათ თავისი კუთვნილი პენსიის ნაღდი ფულით გამოტანა, თუ ესეთის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, თავისი ბარათით ისინი ყოველთვის შეძლებენ სარგებლობას სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

ჩინეთი მზად არის, აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ამ სიტუაციაში ჩინეთმა და აშშ-მა უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ეპიდემიასთან საბრძოლველად. ზოგიერთმა ჩინურმა კომპანიამ და საწარმო უკვე აღმოუჩინა დახმარება აშშ-ს. ჩინეთი აცნობიერებს სირთულეებს, რომელიც ამერიკულ მხარეს აქვს და მზადაა დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“ – აღნიშნა სი ძინპინმა

ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ ითანამშომრლებს ჩინეთთან და ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმას, რაც მისივე თქმით, „ორივე ქვეყნის ინტერესებშია“.

მისივე განცხადებით, ჩინეთი გააგრძელებს აშშ-თან თანამშრომლობას ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 27 მარტის მონაცემებით, ჩინეთში დაავადებული პირების რაოდენობას აჭარბებს.

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“,  საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

„სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობითა და აპარატურით უკვე თბილისშია“, – წერს ელჩი არჩილ კალანდია.

 

26 მარტი 2020 - ლიბერთის ინიციატივით, პირველად საქართველოში, შეიქმნა სრულიად ახალი პროდუქტი ქართულ საბანკო რეალობაში და ამ ინიციატივის განხორციელებაში ბანკს მხარი დაუჭირა სექტორში წამყვანმა კომპანიებმა: ავერსი, ნიკორა სუპერმარკეტი, ფარმადეპო და პსპ.
შედეგად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას, შეძლებენ ნაღდი ფულის გატანასაც.
‘ქვეყანაში არსებული დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, სულ მოკლე დროში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად გავერთიანდით ორი მიზნის გარშემო - ერთი, რომ დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. და მეორე, გავზარდოთ ბარათით გადახდის მოტივაცია.
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი წამყვანი, თუნდაც კონკურენტი კომპანიების, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მენეჯმენტს ამ იდეის გაზიარებისა და მყისიერი რეაგირებისთვის.’ - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ
მომსახურების ახალი არხი ლიბერთის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლოეს დღეებში, რის შესახებაც ბანკი საკუთარ მომხმარებლებსა და ფართო საზოგადოებას საინფორმაციო არხების საშუალებით შეატყობინებს.

ჩინეთის ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის გვარცელების გამო, ორთვიანი მკაცრი კარანტინის შედმეგ შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

ჩინეთის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შიდა გადაადგილება ნაწილობრივ განახლდა.

კერძოდ, დღეიდან მოქალაქეებს ქალაქის ფარგლებში ავტობუსით გადაადგილება შეუძლიათ. ყოველ ავტობუსში მძღოლთან ერთად იმყოფება ზედამხედველი, რომელიც უსაფრთხოების წესებს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, 28 მარტიდან უხანში მუშაობას განაახლებს მეტროს ექვსი ხაზი. მგზავრები ვალდებულები იქებიან, ატარონ პირბადეები, ასევე მგზავრობამდე გაიზომონ ტემპერატურა და გაიარონ რეგისტრაცია.

ხელისუფლება რისკ ჯგუფების წარმომადგენლებს, კერძოდ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ურჩევს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან ჯერ თავი შეიკავონ.

უხანში ტრანსპორტის გადაადგილება 23 იანვარს აიკრძალა. უპრეცენდენტო ზომების ფარგლებში, ასევე აიკრძალა ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ასევე საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.

მოგვიანებით ანალოგიური ზომები აამოქმედეს ხუბეის მთელ პროვინციაში.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ხუბეის პროვინციიდან სხვა პროვინციაში ტრანსპორტით გადაადგილება დასაშვები გახდა.

გამონაკლისს მხოლოდ ქალაქი უხანი წარმოადგენს, სადაც ჯერ მხოლოდ შიდა გადაადგილებაა დასაშვები.

ქალაქ უხანიდან გასვლის შეზუდვა კი 8 აპრილიდან მოიხსნება.

 

SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა. რეალურად, დღეს ჩვენ მსოფლიო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ვერაგი მტრის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მარსის კოლონიზაციის პროექტით შეპყრობილი ყოვლისშემძლე ცივილიზაცია, დღეს ხელის დაბანით და სოციალური იზოლაციით „ებრძვის“ 120 ნანომეტრიან (1 ნანომეტრი = 10-9მ) „მონსტრს“.

„ესპანური გრიპის“ (1918 წლის იანვარი - 1920 წლის დეკემბერი) პანდემიის გამოცდილების (500 მილიონამდე ინფიცირებული და 50 მილიონზე მეტი სიკვდილი) ფონზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების „მოკრძალებული“ მასშტაბები შეშფოთებას არც უნდა იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება - განსხვავება H1N1-ის პირველი პანდემიის დროინდელ და XXI საუკუნის მედიცინას შორის. ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ფანტასტიკური მიღწევების მიუხედავად, თანამედროვე ცივილიზაცია არც თუ ისე თავდაჯერებულად გამოიყურება გლობალური საფრთხის წინაშე; რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინის საქმე არ არის და მოითხოვს საყოველთაო სახელმწიფოებრივ/ საზოგადოებრივ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახლო მომავალში შევძლებთ ამ უდიდესი გამოწვევის გამკლავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩართულები და ჩვენი მოვალეობა არა მოლოდ პანდემიაზე ფოკუსირება, არამედ მისი თანმდევი პრობლემების გადაჭრა და პრევენციაა, რომელთაგან უმთავრესი ყალბი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და არაადეკვატური ინტერპრეტაცია გახლავთ.

არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელზედაც მინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო, სათავე დაუდო ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარტის სტატიამ სენსაციური სათაურით: „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“).  სტატიის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2).

აღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის - ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტი 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

საუბედუროდ, ინფორმაცია მყისიერად ატაცებულ და ტირაჟირებულ იქნა სოციალური მედიის მიერ, შესაბამისი ფატალური რისკის შემცველი რეაქციით -  პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება!

ინფორმაციის წყაროს მაღალი ავტორიტეტის გამო, სკეფსისი, სამწუხაროდ, გაჩნდა პროფესიულ სამედიცინო წრეებშიც.

კატასტროფული რისკის შემცველ სიტუაციაზე, თავისი პოზიცია დროულად დააფიქსირა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭომ. აღნიშნული დანაყოფის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოვანი დე სიმონემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების სპეკულაციებს COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი. ჰიპერტენზიის საბჭოს კონტრარგუმენტად მოჰყავს ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ, თუმცა იქვე დასძენს, შემდგომი კვლევების აუცილებლობის თაობაზე.  

ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე!!!

ამდაგვარად, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთათვის, დაემატა კიდევ ერთი მანდატორული მითითება:

გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება!!!     

 

პროფესორი კახაბერ ჭელიძე

თსსუ შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი

 

საქართველოს შინაგან დაავადებათა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს და წარმატებულს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად გაითვალისწინონ საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები.

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, ვთვლი, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100 000 ლარი“, - აცხადებს დეპუტატი გ. ენუქიძე.

საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma (ჯი-ემ-პი) 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რომ უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა ესენციური მედიკამენტებით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი.

გვინდა ასევე განვაცხადოთ, რომ ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას.

GM Pharma-ში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები - ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System), WMS (warehouse management system) - რაც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს, რომელშიც ვიმყოფებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

შესაბამისად, გვინდა მოგმართოთ, რომ ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური