Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაშია შესული. სწავლება 5 ლოკაციაზეა გაშლილი, სადაც სხვადასხვა აქტივობა ერთმანეთის პარალელურად - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობს.
დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება მოხდა. 
ერთობლივ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ასეულის პირადი შემადგენლობა და IV მექანიზებული ბრიგადის სამედიცინო ასეული იყო ჩართული. აშშ-ის მხრიდან კი, ერთობლივ წვრთნებში ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის 1-91-ე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. 
Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. 

დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა  შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ - 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე.

სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების  მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად.

მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რიკ დემსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა რიკ დემსს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ევროპის საბჭოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონითი კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. 

დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა გერმანიის ნაკრების ძიუდოისტი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი "ვაზარით" დაამარცხა. 

ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან ორთაბრძოლაში ჯერ "ვაზარი" გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა შებოჭვით დაასრულა. მეორე ტურში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან "ვაზარით" აგებდა, თუმცა ჩამორჩენა "ვაზარითვე" გააბათილა და შემდეგ ავასატე იპონით (წმინდა გამარჯვება) დაამარცხა.

მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დროისათვის ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოცეს.

 

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის (შარლ მიშელის) შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. ამის შესახებ ი.კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე 19 აპრილის (შარლ მიშელის) შეთანხმებას „ქართული ოცნება“ გაუქმებულად აცხადებს.

„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯია“, - ხაზი გაუსვა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ აქვე დაამატა, რომ მმართველი პარტია მზად არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არა ხმათა 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება, საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს და მიესალმება. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,“- დასძინა ი. კობახიძემ.

 

თბილისი, საქართველო- 2021 წლის 27 ივლისიUSAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა და BP საქართველოს ხელმძღვანელმა აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად შეუწყობს ხელს საქართველოს თემების გაძლიერებას. მემორანდუმის ფარგლებში USAID, bp-ისთან ერთად ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკონომიკის გაძლიერებას. ამასთანავე, USAID და bp შეეცდებიან ერთობლივი ძალებით მოიძიონ ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გადაჭრას შეუწყობს ხელს და წაახალისებს რეგიონალურ თანამშრომლობას.

USAID-ის მზარდი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობაზე

არსებული მემორანდუმი ასახავს USAID-ის სტრატეგიის ერთ-ერთ მიზანს - გააფართოვოს და გააღრმავოს კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად განვითარებას. კერძო სექტორთან პარტნიორობით სააგენტო მიზნად ისახავს გააძლიეროს  საქართველო გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, შექმნას ანგარიშვალდებული ინსტიტუტები და მიაღწიოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.  USAID მოხარულია bp-სთან პარტნიორობით და ელის, რომ ერთად შეძლებენ მედეგობის გაძლიერებას რეგიონებში და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც შეამცირებს კლიმატურ ცვლილებებს.

“bp საქართველოსთან დაწყებული ეს პარტნიორობა შესაძლებლობას მისცემს USAID-ს გავაძლიეროთ საქართველოს რეგიონების მედეგობა, რომელიც 2020 წელს დაწყებული ჩვენი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია “- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა. „bp და USAID წლების განმავლობაში თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს თემებში მედეგობას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის მოწყვლად მოსახლეობას, რომელებიც  საქართველოს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ. ველით, რომ ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე.“

bp საქართველოს ხელმძღვანელმა, აიტან ჰაჯიევამ განაცხადა, რომ „bp-ის მდგრადი განვითარების სტრატეგიის მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.  რაც ასევე ხელს უწყობს ჩვენი გეგმის განხორციელებას  - განახლებული ენერგიით უზრუნველვყოთ მოსახლეობა და დედამიწა. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა USAID-თან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და რესურსები, რათა ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას იმ თემებში, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს თანამშრომლობა საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება მედეგობის გაზრდაში, რასაც მოჰყვება მდგრადი შემოსავლები ოჯახებისა და დასაქმებული ადამიანებისათვის.“

არსებული პარტნიორობის განვითარება

ურთიერთგაგების მემორანდუმი ეფუძნება USAID -სა და bp-ს შორის  უკვე არსებულ წარმატებულ პარტნიორობას. 2018 -2020 წლებში USAID-მა პროგრამის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში ითანამშრომლა bp-სთან. ამ თანამშრომლობის შედეგად განახორციელდა ერთობლივი პროექტები ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენებთან  არსებულ  41 სოფელში შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. USAID-მა და bp-მ ერთობლივად დააფინანსეს 685 000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომლის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების გაფართოების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა გრანტები, ჩაუტარდა ტრენინგები და გაეწია ტექნიკური დახმარება.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout.  

bp-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:  bp უკვე 25 წელია საქართველოში  ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს თავისი პარტნიორების სახელით. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. კომპანია  ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.  დღემდე ენერგო ინფრასტრუქტურაში  4 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 100 მილიონი აშშ დოლარი  დაიხარჯა და მიმართულია მდგრადი განვითარების პროექტებზე.  ნავთობისა და გაზის პროექტების პარტნიორებთან, დონორებთან და ბიზნესპარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ადგილობრივ თემებს და ფართო საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებთ პროგრამებს როგორიცაა - ენერგიასთან და ენერგო ეფეტურობასთან წვდომა, ბიზნეს სტარტაპები და სოფლის მეურნეობა, განათლება და პარალიმპიური სპორტი. 2003 წელს bp-მ და მისმა ნავთობისა და გაზის პარტნიორებმა დაიწყეს ახალი პროგრამა- „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების  ინიციატივა“, რომლის ფარგლებშიც ბოლო 18 წლის განმავლობაში 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.  www.bpgeorgia.ge  

BP საქართველოს პრეს-რელიზი

თაბრიზში ირანელი ხელოვანების მიერ შეიქმნა მსოფლიოში პირველი ჭკვიანი და ციფრული ხალიჩა. ხალიჩაზე პირდაპირი წვდომის შემთხვევაში, მისი სმარტფონით სკანირებით ყველას შეუძლია ხალიჩის ნებისმიერი ფრაგმენტისა თუ ნახატის შესახებ ინფორმაციის მიღება.

ოლიმპიური ატლასის ციფრული ხალიჩა, 230X170  ზომით, მოქსოვილია 55 რიგად რვა მქსოველის მიერ 6 თვეში. ხალიჩის დიზაინერის განცხადებით, მსოფლიოში პირველ ციფრულ ხალიჩაში  გამოყენებულია 330-მდე თემა, რომელთაგან 50 უკავშირდება ოლიმპიურ სპორტის სახეობებს, ოლიმპიურ თამაშებში მათი მიღების წელს და  თითოეულ სახეობაში მოპოვებული მედლების რაოდენობას.

თაბრიზში მოქსოვილი ოლიმპიური ატლასის ხალიჩა, რომელშიც 250 ბუნებრივი და ქიმიური საღებავია გამოყენებული, გამოირჩევა ორი მახასიათებელით. პირველი ის, რომ ის არის  მსოფლიოში პირველი ჭკვიანი სპორტული თემატიკის ნამუშევარი, მეორე კი ის, რომ მსოფლიოში პირველი ჭკვიანი და ციფრული ატლასის ხალიჩა გაიყიდება ხელოვნების ციფრული ნამუშევრების გასაყიდ NFT საიტებზე.

წყარო: http://fna.ir/2igkv

PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ - კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” - თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის ბავშვების ყველაზე სათუთი კანისთვის.

„SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, მაღალეფექტური დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდია, რომლის ინოვაციური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს მეცნიერთა საბჭო დერმატო-ალერგოლოგის, დერმატო -ფარმაკოლოგისა და ბიოქიიკოსის სამეცნიერი კონსულტანტების შემადგენლობით. პროდუქციის მაღალეფექტურობას აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფრომულები განაპირობებს. ჰიპოალერგიული ფორმულა, რომელსაც 100%-იანი ტესტირება აქვს გავლილი და მოწოდებულია ყველა ტიპის კანისთის, უსაფრთხოა ორსულებისთვისა და ოჯახის ყველა წევრისთვის. უახლოეს პერიოდში დღეებში PSP არაერთ საინტერესო და მსოფლიოში ცნობილ ბრენდს შესთავაზებს მომხმარებელს“ - აცხადებენ PSP-ში.

„თუ შენ კარგად გამოიყურები - თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს“ ამბობენ სიმონე და რობერტ ვერეტები და სწორედ ამიტომ ქმნიან SVR-ს - „სილამაზე განწყობისთვის“.

2021 წლის 26 ივლისს, რომში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ხოლო იტალიური მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე მანლიო დი სტეფანო.
შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა; ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის და აღნიშნული პლატფორმის ეფექტიანი გამოყენების საკითხს, ასევე, მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობას. 
კონსულტაციების ფარგლებში, თეიმურაზ ჯანჯალიამ და მანლიო დი სტეფანომ ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა თავდაცვის, სამართალდაცვით, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და შავი ზღვის ეკონომიკურ პოტენციალზე, სამომავლოდ, სავაჭრო-ეკონომიკური სახის ურთიერთობების მეტად გაღრმავებისა და იტალიური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით. ამასთან, საუბარი შეეხო დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს ენერგეტიკის, ტურიზმის საზღვაო, საერთაშორისო სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
კონსულტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე. თეიმურაზ ჯანჯალიამ იტალიელ დიპლომატთან საუბრისას ხაზი გაუსვა 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის წარდგენას,  ევროკავშირთან ფიზიკური დაახლოების, დარგობრივი თანამშრომლობის მეტად განვითარების საკითხებს და „ასოცირებული ტრიოს“ სამომავლო გეგმებს. მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ამ კონტექსტში ქართული მხარის მოლოდინები და ყურადღება გაამახვილა იტალიური მხარის პოზიციის არსებით მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე.
ასევე, თეიმურაზ ჯანჯალიამ მანლიო დი სტეფანოსთან საუბრისას განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი  საქართველოს ალიანსში სრულფასოვანი წევრობის სურვილს და იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გააქტიურების კუთხით. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-ს ფარგლებში არსებული ღირებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 
ამასთან, იტალიელ კოლეგას დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ; ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე; ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას და იტალიის მეტი ჩართულობის მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადაეცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
მხარეებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ევროპის საპარლამენტო ასამბლეიდან, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციის საშუალება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და რიკ დემსმა შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტები შეასრულა და პროცესი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რაც პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციისა და დამშვიდებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციამ მაღალ დონეზე იმუშავა, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ყველა ძალადობის ფაქტი მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჟურნალისტებს თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო ყველა რეიტინგებით მოწინავე ქვეყანაა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს წინ და მედია თავისუფლება გარანტირებულია.
მთავრობის მეთაურმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი განაგრძობს უკანონო ქმედებებს აღმოსავლეთ ევროპაში და ადამიანის უფლებების საკითხებს მანიპულაციისა და პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება დიდი წარმატებაა, რაც საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით მოხდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას.
მთავრობის მეთაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების და ნდობის აღდგენის პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ადეკვატურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავ ხმამაღლა ისაუბროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ მის მიერ აღებული პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური