ლუდი „ქარვის“ კამპანია რეალური ადამიანების ისტორიებზე და მათ მიერ გაზიარებულ ემოციებზე დაფუძნებით შეიქმნა. სარეკლამო რგოლში რთულია გაარკვიო რა დროა, რადგან დროზე მნიშვენლოვანი არის ის ემოციები და ის გრძნობები, რომელიც ნებისმიერი თაობისთვის და დროისთვის მუდმივია და ყველა თაობის ახალგაზრდებისთვის აქტუალურია.

მოგზაურობა, მზე, ზღვა, მეგობრობა, პეპლები მუცელში, ეჭვები, ჩუმი ჩანაფიქრები. ეს ის მომენტებია, რომელთაც მძაფრი ემოციები თან ახლავს და რომლებიც, როგორც წესი, ახალგაზრდობის წლებში კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება და კარგ მოგონებებად რჩება.

განქარვების ფილოსოფიაც ესაა, შეხედო ცხოვრებას ისეთად, როგორიც ის არის, მისი გამოწვევების გათვალისწინებით, მაგრამ ამ გამოწვევებმა არ უნდა შეგვიშალონ ხელი, შევიგრძნოთ ახალგაზრდობის თითოეული შესაძლო ემოციური მომენტი და მივიღოთ ცხოვრებისგან ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას დასამახსოვრებელს გახდის.

კამპანია დაიწყო კითხვით - რა არის ახალგაზრდობა სამ სიტყვაში და რა ემოცია ენატრებათ ადამიანებს, ვისაც შეუძლია თამამად თქვას, რომ ახალგაზრდობის წლები სავსედ და საინტერესოდ იცხოვრეს. ეს ერთგვარი შეხსენებაა ახალი თაობისთვის, ვისაც დიდი გამოწვევა შეხვდა ყველაზე საინტერესო დროს, რომ ახლა სწორად ის დროა, რომელიც აღარ განმეორდება.

„ქარვა - არის ბრენდი, რომელიც გეხმარება განიქარვო და ცხოვრება აღიქვა ისეთად, როგორიც ის რეალურად არის, რადგან ყოველი გამოწვევისა თუ დარდის გათვალისწინებით, ყოველ ჩვენგანს აქვს ძალა და უნარი, ყოველდღიურობაში იპოვოს  ან შექმნას  მომენტები, რომლებიც ემოციებით სავსე იქნება და რომლებიც წარმოქმნის ჩვენს ცხოვრებას.

ეს კამპანია არის გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის და შეხსენება, რომ ცხოვრება მშვენიერია და ახლა ის დროა, გადაწყვიტონ თუ როგორ მიუდგებიან თითოეულ მომენტს, რადგან ცხოვრება იზომება ემოციებით და იცხოვრონ ისე, სულ რომ ახსოვდეთ,“ - ამბობს „ქარვის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა. (R)

 

„იცხოვრე ისე, სულ რომ გახსოვდეს“ - ლუდი „ქარვის“ გზავნილი ახალგაზრდებს (ვიდეო)

ჩეხეთის რესპუბლიკა აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მხარდაჭერას. ამ მანდატის ფარგლებში, საქართველოს ჩეხ სამედიცინო ექსპერტთა დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით ეწვია. მისიის მთავარი მიზანია პარტნიორობის გაღრმავება ადგილობრივ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ინსტიტუტებთან, რათა ნიადაგი მომზადდეს ჩეხეთის რესპუბლიკის სამეციდინო-ჰუმანიტარული პროგრამის (MEDEVAC) ის მისიის დასაარსებლად საქართველოში. საწყის ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში მოხდება ადგილობრივი მედპერსონალის გადამზადება, ონკო-გინეკოლოგიისა და კიბოს პრევენციის საკითხებში. ჩეხეთის სამედიცინო ექსპერტთა დელეგაციას ხელმძღვანელობენ პროფესორები მიხალ ზიკანი, და ჟირი სლამა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვევა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს. დელეგაციას დაგეგმილი აქვს რეგიონული ვიზიტებიც - ბათუმისა და რუხის საავადმყოფოებში და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში. იგეგმება შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთანაც.

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი დმანისის ინციდენტთან დაკავშირბით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გათავაზობთ: „მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა.  პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.

ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ  დანაშაული და კანონის  წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“, - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში. 

კახა ოქრიაშვილი, პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი

შსს-ს განცხადება დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით: "შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, დმანისში, ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა, გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
დმანისში დაპირისპირების განმეორების პრევენციის და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას", -- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
 
 

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. 16 მაისს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაში მონაწილე ორ პირს ამ წუთებში დმანისის პოლიციის განყოფილებაში კითხავენ. სამი პირი კი სამართალდამცავებმა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. პოლიციასთან იმყოფება მაღაზიის გამყიდველი და ერთ-ერთი მეპატრონე.

დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ადგილობრივ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია მაღაზიის მეპატრონე, რომელსაც სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და სახლში იმყოფება. ინციდენტის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. განადგურებულია მაღაზიის ინფრასტრუქტურა. დმანისის შესასვლელებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. დაპირისპირება მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

საქართველოს შსს-ს ავრცელებს განცხადებას ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. მასში შსს საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოების გარანტს. სამინისტრო დაიცავს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და კანონით გარანტირებულ სხვა უფლებებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 17 მაისი აერთიანებს ღონისძიებებს, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა. 17 მაისი სიმბოლურად შეირჩა, რადგან 1990 წლის ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება.

 

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2020 წლის სამმხრივი განცხადების თანახმად, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარები დისლოცირდება ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონებში, რომლებსაც აქვთ რთული მთიანი რელიეფი და კლიმატური პირობები. ეს პროცესი ხორციელდება ჩვეულ რეჟიმში და სისტემატურად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საზღვრის დაცვის სისტემების გაძლიერების ზომები ხორციელდება მხარეების ხელთ არსებული რუკების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს საზღვარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის გასაგები მიზეზებით არ ყოფილა სახელმწიფო საზღვარი და ამ მიზეზით ჩვენ ვსაუბრობთ რთულ ტექნიკურ პროცესზე, რომელსაც ამჟამად თან ახლავს მხარეებს შორის უთანხმოება. გაკვირვებას იწვევს, რომ სომხურმა მხარემ ამ პროცესზე არაადეკვატური რეაგირება იქონია და პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მიუღებლად მიგვაჩნია ოფიციალური წრეების მცდელობები, გამოიყენონ ეს საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის სომხეთში წინასაარჩევნო სიტუაციასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 მაისიდან საზღვრის ამ მონაკვეთზე გაგზავნილია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა, მიმდინარეობს მოწინააღმდეგე მხარის მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები და იდგმება ნაბიჯები ვითარების ნორმალიზებისთვის.

„ვურჩევთ სომხურ პოლიტიკურ და სამხედრო წრეებს, არ ჩავარდნენ პანიკაში, მიიღონ სახელმწიფოთაშორისი სასაზღვრო რეჟიმის რეალობა აზერბაიჯანის ზანგილანის, გუბადლინის, ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების გასწვრივ და არ გაამწვავონ ვითარება რეგიონში. ასეთი შემთხვევები შესაძლებელია და უნდა გადაწყდეს ორივე მხარის სამხედროებს შორის ორმხრივი კონტაქტების გზით“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შეგახსნებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენიტეტის ხელყოფაში და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გადაკვეთეს სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სიუნიქის რაიონში.

წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanis-sagareo-uwyeba-somkhet-azerbaijanis-sazghvartan-dadzabulobastan-dakavshirebit-ganckhadebas-avrcelebs/

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყება იტყობინება.

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთი ქვედანაყოფი რუმინეთში გამართულ წვრთნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოში გადის მომზადებას.

„ტროას ნაკვალევის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწრაფი რეაგირების ამოცანები შეასრულეს და ჩასაფრების, შენობის შტურმით დაკავებისა და შენარჩუნების კომპონენტები შეისწავლეს. მათ წარმატებით ჩაატარეს რეიდი და მოწინააღმდეგე ძალა გაანეიტრალეს. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორებისგან დადებითი შეფასება მიიღეს.

მრავალეროვნულ სწავლებაში “ტროას ნაკვალევი” საქართველო პირველად მონაწილეობს. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. „ტროას ნაკვალევი“ 3 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. სწავლებას ხუთი ქვეყანა მასპინძლობს და მასში 10 ქვეყნის (აშშ, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„მთავარი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ საქართველოს საკითხის, კერძოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის აქტუალიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაცია. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. კერძოს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. 2014 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ჩვენ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გადაწყვეტილება არის განსაკუთრებული და უპრეცედენტო, რადგანაც პირველად აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიც არის ოკუპაცია.

გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში. როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია და ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია, რომ მოიძებნოს. მინდა, კიდევ ერთხელ, ჩემი მადლიერება გამოვხატო ორგანიზაციის ყველა წევრის მიმართ, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

„გარდა ამისა, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, რაზეც გადაწყვეტილებაში არის დეტალურად საუბარი.

უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გამო და მისთვის 12 წელზე მეტი ვადით უკანონო მისჯის გამო. მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყველა უკანონოდ დაკავება. ასევე განსაკუთრებული შეშფოთება არის გამოთქმული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებზე, დაუსჯელობის გამო და პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში.

კიდევ ერთი ელემენტი, რომელზეც ამ გადაწყვეტილებაში არის საუბარი, არის მოწოდება დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში ასევე ხაზგასმულია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მნიშვნელობის შესახებ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

„ამას მიესალმება და ასევე, ეს იქნება კარგი საფუძველი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც მოხდეს გამოხმაურება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

არის ასევე მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც ხედავთ, ძალიან მკაცრი შეფასებებია. უპრეცედენტოც, შეიძლება ითქვას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინდა, კიდევ ერთხელ ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა წევრი ქვეყნის მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობის მნიშვნელოვანი წარმატება, ყველა იმ დიპლომატიის მისიის და განსაკუთრებით, სტრასბურგში ჩვენი მისიის წარმატებული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი დიპლომატიური სამსახური“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

წყარო: https://1tv.ge/news/davit-zalkaliani-evropis-sabchos-ministrta-komitetze-mighebuli-gadawyvetileba-uprecedentoa-pirvelad-aghmasrulebel-doneze-dafiqsirda-termini-okupacia/

2021 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებულ იქნა მორიგი, მერვე გადაწყვეტილება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. წინა გადაწყვეტილებების მსგავსად, მიღებული დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გადაწყვეტილებაში ყურადღებაა გამახვილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებაზე, რომელიც მიღებულ იქნა 2021 წლის 21 იანვარს საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. მინისტრთა კომიტეტი მიესალმება სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე, კერძოდ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით არაადამიანურ მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში.
მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ რეგიონში, არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
დოკუმენტში მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს იმ დაუსჯელობის გამო, რაც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტებს ახლავს და მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, გადაწყვეტილება ხაზს უსვამს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ.
მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საოკუპაციო ძალების მხრიდან ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაჭრეს დაკავების დროს. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს ზაზა გახელაძისა და სხვა უკანონო დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ.
ასევე, გადაწყვეტილება მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომისარს ყურადღებით დააკვირდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

გადაწყვეტილების სრული ტექსტი იხილეთ: (დანართი 1.)

ინგლისური ვერსია - CM Decision on the conflict in Georgia

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური