ზაზა ფაჩულიას მორიგი გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 12:37

„გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად 118:98 დაამარცხა „ორლანდო ეჯიქი“, ზაზა ფაჩულიამ კი 20 წუთში 14 ქულა მოაგროვა და რაც მთავარია, სროლათა მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. ქართველი ცენტრის მეურკვე გახლდათ მონტენეგროელი ნიკოლა ვუჩევიჩი, რომელსაც ზაზამ დუელი გასულ სექტემბერში, სანაკრებო დონეზეც მოუგო.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ოკლენდელებმა მესამე პერიოდი 42:24 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ფაჩულია საკმაოდ ეფექტური იყო როგორც შეტევაში, ისე დცვაში. ფაჩულიამ 8 ცდიდან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. 14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ეაც შეეხება „ორლანდოს“ ცენტრს, ვუჩევიჩმა ზაზაზე 4 წუთით მეტი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

„გოლდენ სტეიტში“ 27 ქულით სტეფ კარი გამოირჩა. 21 ქულა მოაგროვა კლეი ტომპსონმა. ორივე ამ კალათბურთელმა 7-7 სამქულიანი  ჩააგდო. კევინ დიურანტი 15 ქულას დასჯერდა, ოკლენდელთა მეორე ცენტრმა ჯავალ მაკდიმ კი 13 ქულას უწია.

44 მატჩიდან 38 მოგებით „გოლდენ სტეიტს“ ლიგის საუკეთესო შედეგი აქვს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 24 იანვარს, სტუმრად „მაიამი ჰითთან“ გამართავს.

 

ფაჩულია All-Star-ის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, მაგრამ შანსი არსებობს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 იანვარი 2017 11:48

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში 1 528 941 ხმა (!) მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურანტს ჩამორჩა, თუმცა, გამოკითხვის ახალი ფორმატის თანახმად, მაინც სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ქართველი ცენტრი ნბა-ს მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა დააღალატეს, რომელთაც ზაზას, შესაბამისად, მე-12 და მე-10 ადგილები მიუჩინეს. შედეგად, ფაჩულიას კოეფიციენტი 6.25-ს გაუტოლდა და ის დასავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ცხადია, ეს ქართველი კალათბურთელისთვის მაინც დიდი წარმატებაა, რადგანაც ის კონფერენციაში მხოლოდ დურანტს, კავაინ ლეონარდს, ენტონი დევისს, დემარკუს კაზინსსა და დრეიმონდ გრინს ჩამორჩა, უკან კი მარკ გასოლი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლამარკის ოლდრიჯი და დეანდრე ჯორდანი მოიტოვა.
ზაზას “ოლ სტარში” მოხვედრის შანსი ჯერაც აქვს, თუკი, მას დასავლეთ კონფერენციის გუნდის თავკაცი, რომელიც “გოლდენ სტეიტში” მისივე დამრიგებელი სტივე კერი იქნება, მას სათადარიგოთა შორის დაასახელებს.

  გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთ კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროზანი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანტეტოკოუნმპო, ჯიმი ბატლერი.

 დასავლეთ კონფერენცია

ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

 

ფაჩულიას გამარჯვება ჩემპიონ "კლივლენდთან"

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 15:09

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ბოლო წლების მთავარ მეტოქეს უმასპინძლა და ისე მოუგო, შანსი არ დაუტოვა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდ კავალერსი“ 126:91 გაანადგურა, ქართველი ლეგიონერი კი ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მოზიარე იყო. ფაჩულია თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მომხსნელი გახდა - ზაზას არ ჰყავდა კონკურენტი ფარზე - მან 13 მოხსნა 21 წუთში მოიპოვა.

„გოლდენ სტეიტმა“ „კლივლენდთან“ გასული სეზონის ფინალური სერია თადმა, ხოლო 25 დეკემბერს კლივლებდში ბოლო წამებზე 108:109 დამარცხდა. დღევანდელი გამარჯვება იყო სრული რევანში გასული წაგებებისთვის. ოკლენდელებმა მოქმედი ჩემპიონი 35 ქულის სხვაობით დაამარცხეს.

ზაზა ფაჩულიამ 13 მნოხსნა მოიპოვა, რითაც თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად მატჩის საუკეთესო მეფარე გახდა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში - 21 წუთი ითამაშა და ნახსენებ 13 მოხსნასთან ერთად 4 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველ ცენტრს მეტოქე მეფარეებიდან კონკურენტი არ ჰყავდა. ფაჩულიამ მატჩის უმეტესი მოხსნა მიითვალა თანაგუნდელ დრეიმონდ გრინთან ერთად.

 „გოლდენ სტეიტმა“ უშუალო კონკურენტის ძლევით კიდევ უფრო გაიმყარა დასავლეთ კონფერენციისაა და სრულიან ნბა-ს ლიდერობა. 35 მოგებითა და 6 მარცხით ოკლენდელები საუკეთესო შედეგს ფლობენ და მორიგ მატჩს 19 იანვარს, სტუმრად „ოკლაჰომასთან“ გამართავენ. 

 

ზაზა ფაჩულია ნბა-ს ოლ სტრის გამოკითხვაში ლიდერთა შორისაა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 11:00

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” მეორე შუალედური შედეგების მიხედვით ზაზა ფაჩულია კვლავ მეორე ადგილზეა.საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 823 736 ხმა აქვს და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზის ლიდერ თანაგუნდელ კევინ დურანტს  163 743 ხმით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო. როგორც მოგეხსენებათ წელს წესები შეიცვალა და შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ. ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება, სასტარტო ხუთეულებს კი 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, - ზაზა ფაჩულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 13:22

ზაზა ფაჩულიამს"გოლდენ სტეიტმა" საკრამენტოში "კინგსი" 117:106 დაამაარცხა. მატჩის შემდეგ, ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშესთან, რომელიც ზაზა ფაჩულია გახდა, ბლიც ინტერვიუ შედგა:

"საკრამენტოს" ლიდერ დემარკუს კაზინსს მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდა. რა იყო მის წინააღმდეგ კარგად თამაშის გასაღები?

- იგი მაღალი დონის კალათბურთელია, ბურთს ხსნის, შეტევებში კარგად გადადის, საშუალო ტყორცნებსაც მშვენივრად აგდებს, სამქულიანებსაც, კარგად იყენებს "პიკ ენდ როლს". ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ მთავარია გონივრული თამაში, ბევრი მუშაობა, ძალისმიერი თამაშით საქმის გართულება. თუმცა, ვთვლი, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა.

- ასეთი სწრაფი, ფიზიკური თამაში ყველასთვის რთულია...

- დარბაზში დიდ დროს ვატარებთ, ზედმეტ წონასაც ვაგდებთ და ვძლიერდებით.

- შეტევაში ძალიან აქტიური იყავი - ხუთი მოხსნა მეტოქის ფარზე. რატომ?

- რატომაც არა?! შეტევებისას ბევრი ბურთი აგვიცდა, მე მათი დაუფლებისთვის ვიბრძოდი.

- მატჩის ყველაზე ეფექტურ მომენტი: დურანტის დაფარება, ფაჩულიას ზურგსუკნიდან პასი, კარის ორქულიანი...

- ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, უნდა ეცადო ლამაზად განაგრძო თანაგუნდელის ეფექტურად დაწყებული. ბურთი მეტოქის კალათისკენ ზურგით მდგომმა მოძრაობაში მივიღე, იყო გარბენის დაფიქსირების ალბათობაც. ამიტომ დაუფიქრებად ზურგსუკან, გარღვევაზე მყოფ კარის გადავაწოდე.

- ბავშვი წინა რიგში იჯდა. რას ნიშნავს საკუთარი შვილის წინაშე კალათბურთის თამაში?

- ეს ოცნებაა. მის ასაკში ასეთი გამოცდილება დიდი ბედნიერებაა. ბევრს სწავლობს, წიგნებს კითხულობს და მეც ვცდილობ, შრომა დავუფასო. როცა შესაძლებლობა მაქვს, ჩემს გვერდით მყავდეს.

- რა ჰქვია?

- დავითი.

- დარწმუნებული ვარ, დავითიც ამაყობს.

 

ფაჩულიამ დემარკუს ქაზენსი გაჩერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 13:16

ზაზა ფაჩულიას ყოველთვის შეეძლო პრინციპული მატჩების მაღალ დონეზე თამაში. საქართველოს ნაკრებში მას არც ერთი პრინციპული მატჩი არ ჩაუგდია და ყოველთვის, ღირსეულად უკაპიტნია გუნდისთვის. მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდში მას დღეს, გამთენიისას თავისი პრინციპული მატჩი ჰქონდა და ფაჩულიამ არც ამჯერად უღალატა საკუთარ ტრადიციას.

ერთი შეხედვით, რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი რიგითი მატჩი გახლდთ, რომელსაც „გოლდენ სტეიტი“ სამეზობლოში, „საკრამენტო კინგზთან“ ატარებდა, თუმცა ქართველი ცენტრისთვის ამ შეხვედრას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ, როცა ნბა-ს ოლ სტარის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოქვეყნდა, სადაც ფაჩულია დასავლელ წინახაზელებს შორის მეორე გახლდათ, ხოლო საკრამენტოელი დემარკუს ქაზენსი მე-6, Youtube-ზე და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ქაზენსმა აღშფოთება გამოთქვა - აქაოდა, ზაზა რატომაა მეორეზე და მე სადღაც ქვემოთო. ამ ვიდეო-რგლის ავთენტურობა საეჭვოა და არავინ იცის, ქაზენსი ნამდვილად გულისხმობდა თუ არა კონკრეტულად ოლ სტარტის გამოკითხვას, როცა ამბობდა, სასაცილოაო. 

ასე თუ ისე, რამდენიმე დღეში ფაჩულიას (და ქაზენსსაც) შესანიშნავი შანსი გაუჩნდათ საიმისოდ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე, პირად დაპირისპირებაში დაემტკიცებინათ. ქაზენსი ძალიან მაგარი ცენტრია და მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ მითვლილი მისი 28,5 ქულა და 10 მოხსნაც ნებისმიერ მეფარეს მოსჭრის თვალს. შესძლოა, მავანმა სწორედ ამ რიცხვების გამო ჩათვალოს, რომ ქაზენსი იმსახურებს ოლ სტარში თამაშს და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მასსა და ფაჩულიას შორის თუკი არჩევანი იქნება გასაკეთებელი, ოლ სტარში მოხვედრას უპირველესად ქართველი ცენტრი იმსახურებს.

ხასიათის არამდგრადობისა და არაპროფესიონალიზმის გამო დათმო ქაზენსმა დღეს, გამთენიისას ფაჩულიასთან დუელი, ხოლო მისმა გუნდმა „გოლდენ სტეიტთან“ წაგო. ქართველ ცენტრთან ორთაბრძოლაში თამაში ისე დალაგებულად, რომ არ მისდიოდა, როგორც ზოგადად სჩვევია, ქაზენსი განრისხდა, ტექნიკური ჯარიმა მიიღო, ხოლო მოედნიდან გასულმა სათადარიგოთა სკამს დასცხო ჯერ წიხლი, შემდეგ კი მუშტებიც მიაყოლა. ზაზა კი ამ დროს აუღელვებლად, უსიტყვოდ და რაც მთავარია შედეგიანად თამაშობდა. ფაჩულიას არ აქვს იმგვარი შთამბეჭდავი სტატისტიკა, როგორიც ქაზენსს, მაგრამ იმ დროში, რამდენსაც ქართველი ცენტრი საშუალოდ თამაშობს, ქაზენსზე გაცილებით სასარგებლოა. 

იმ მომენტისთვის ქაზენსი წყობილებიდან გამოვიდა, რიტმიდან ამოვრდა და ეს უპირველესაც ფაჩულიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც ბურთი რამდენჯერმე ჩაუჭრა ქაზენსს და კარგი დაცვით მას მაქსიმალურად შეუზღუდა ქულების და მოხსნების მოპოვების შესაძლებლობა. მართალია, საბოლოოდ საკრამენტოელმა გოლიათმა ზაზაზე 3-ით მეტი მოხსნა მიითვალა, მაგრამ ფაჩულიას დომინაცია ამ კომპონენტში თვალსაჩინო იყო: ერთი, რომ საკრამენტოელმა ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა, თუმცა ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარზე 5 ბურთი მოხსნა, დემარკუს ქაზენსმა კი - ვერც ერთი.

„საკრამენტოს“ მთავარმა ლიდერმა შეხვედრა 17 ქულით დარულა, რაც მის საშუალო მონაგარზე ბარე 12 ქულით ნაკლებია. აფროამერიკელმა ცენტრმა ქართველ ვიზავიზე გაცილებით ცუდი შედეგიანობით ესროლა. ზაზამ თამაშიდან შესრულებული 5 სროლიდან 4 ჩააგდო, ქაზენსმა კი 11-დან 4.

კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რითაც ფაჩულიას უპირატესობას დავინახავთ, თუმცა მთავარი ისაა, რომ ზაზას გუნდმა მოიგო, ხოლო ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამერიკელებმა, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე კარგად ესმით კალათბურთი, საუკეთესოდ არა 30 ქულის მიმთვლელი სტეფ კარი, ანაც 28 ქულის მომგროვებელი კევინ დიურანტი დაასახელეს, არამედ  საუკეთესოობა 10 ქულისა და 7 მოხსნის გამჩარხველ ფაჩულიას არგუნეს, რომელმაც მეტოქის მთავარი ლიდერი გააჩერა და წყობილებიდან გამოიყვანა, რის შემდეგაც მასპინძელთა გუნდის დამრცხება სირთულეს აღარ წარმოადგენდა და ასეც მოხდა: „გოლდენ სტეიტმა“ 117:106 მოიგო და ლიგაში ლიდერობა 38-დან მოგებული 32 მატჩით განიმტკიცა.

რაც შეეხება ფაჩულიას სრულ სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურაება: 22 წუთი, 10 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 3 ჩაჭრა, 2 პასი. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 2017 წელს ზაზამ 4 მატჩი ჩაატარა და ოთხივეში უწია 10-ქულიან ზღვარს. ფაჩულია დღეს ისეთივე პოპულარულია ნბა-ში, როგორც ლებრონი, დიურანტი, კარი ან ნებისმიერი სხვა სუპერვარსკვლავი. ამხელა ყურადღების ცენტრში მყოფი ქართველი ლეგიონერი ყოველ შეხვედრაში ამტკიცებს საკუთარ ძალას.

მორიგი გამოცდა ფაჩულიას და მის „გოლდენ სტეიტს“ 11 იანვარს, შინ „მაიამისთან“ ელით.

 

 

 

ზაზა ფაჩულია მე-2 ადგილზეა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 11:02

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” შუალედური გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” ცენტრ ზაზა ფაჩულიას 439 675 ხმა მოუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის წინა ხაზში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დიურანტს (541 209) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის “ოლ სტარის” გამოკითხვაში ფაჩულიამ ჯამში 768 112 ხმა მიიღო და სანუკვარ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა (მის წინ, გამსვლელ ადგილზე მყოფ კავაი ლეონარდს 782 339 ხმა ჰქონდა). ახლა, პირველი შუალედური შედეგებით, ზაზა გაცილებით უკეთეს მაჩვენებელზე მიდის და მართალია, წლეულს გამოკითხვის წესებიც შეიცვალა (შერჩევაში გულშემატკივრების წილი მხოლოდ 50% იქნება, 25-25%-ანი წილი კი კალათბურთელებსა და ჟურნალისტებს ექნებათ), არსებობს შანსი, ქართული კალათბურთისთვის ისტორიული ფაქტი მაინც დაფიქსირდეს.

2017 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩისთვის” დასავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეული ქომაგთა გამოკითხვის მიმდინარე შედეგებით რომ დგებოდეს, მასში “გოლდენ სტეიტ უორიორსის” 3 კალათბურთელი მოხვდებოდა: კევინ დიურანტი (“გოლდენ სტეიტი”), ზაზა ფაჩულია (“გოლდენ სტეიტი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”).
თავის მხრივ, ასეთი სახე ექნებოდა აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულს: ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), იანის ანტეტოკოუნმპო (“მილუოკი”), კევინ ლავი (“კლივლენდი”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), დუეინ უეიდი (“ჩიკაგო”).

ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ:
“ოლ სტარის” გამოკითხვის მე-2 შუალედური შედეგები 13 იანვარს გამოქვეყნდება, ხმის მიცემა კი 16 იანვარს დასრულდება. სასტარტო ხუთეულების საბოლოო ვარიანტს 20 იანვარს ტელეკომპანია TNT-ს პირდაპირ ეთერში დაასახელებენ.

1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ: NBAVOTEZazaPachulia (24 საათში ერთხელ)
2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: NBAVOTEZazaPachulia (24 საათში ერთხელ)
3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
4. www.nba.com/vote ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

 
 
 

 

 

NBA-ის წარმომადგენლები დაშავებულ სამხედროებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 12:48

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს. დღეს სამინისტროს აშშ-ის NBA-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სპორტული კომპლექსის დარბაზში დაშავებულ სამხედროებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს.

ამერიკელმა სტუმრებმა აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატეს, მათ ისტორიებს გაეცნენ და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამმართველოსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ჩართულობით განხორციელდა.

სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.

Junior NBA – GBF ქუთასელთა გამარჯვებით დასრულდა

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 26 ივნისი 2016 22:43

დასრულდა Junior NBA – GBF ლიგის პირველი გათამაშება. ტურნირი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოში ამერიკის საელჩომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობის ბიურომ, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებამ და ნბა-ს ევროპის ოფისმა გაუწიეს.

ტურნირი ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურად ჩატარდა და მასში 30-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც თავდაპირველი კენჭისყრის შედეგად ნბა-ს გუნდების სახელები მიენიჭათ. მონაწილეობის მსურველი 51 გუნდი აღმოჩნდა და  ამიტომ საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარება გახდა საჭირო.

როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაში, Junior NBA – GBF-ის მონაწილენი 6 დივიზიონში გადანაწილდნენ. თელავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და თბილისში ჩატარებული დივიზიონის მატჩების შედეგად პლეი ოფის 16 მონაწილე შეირჩა. დასავლეთ კონფერენციის 8 საუკეთესო ქუთაისში შეიკრიბა, ხოლო აღმოსავლეთის - თბილისში. გამართული საპლეიოფო მატჩების შემდედ ორივე კონფერენციის 2 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ოთხთა ფინალის სათამაშოდ თბილისში შეიკრიბნენ. 

დასავლეთ კონფერენციის ფინალში ქუთაისის გუნდმა, რომელიც „გოლდენ სტეიტს“ წარმოადგენდა, „დალას მავერიკსის“ სახელით მოასპარეზე აჭარის ნაკრები დაამარცხა. აღმოსავლეთ კონფერენცია „ფილადელფიამ“ (ჰიუნდაი) მოიგო, რომელმაც „კლივლენდის“ სახელით მოასპარეზე რუსთაველებს მოუგო.

კონფერენციათა გამარჯვებულები კი 25 ივნისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დიდ ფინალში შეხვდნენ, მანამდე კი მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც „კლივლენდმა“ „დალასს“ სძლია. სპეციალურად Junior NBA – GBF-ის ფინალზე დასასწრებად მოწვეულ იყვნენ ნბა-ს და ქალთა ნბა-ს მოთამაშეები, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სპორტის დესპანები - ჟარკო ჩაბარკაპა და კალანა გრინი, რომლებმაც ფინალურ მატჩამდე ნბა-ს წარმომადგენლებთან - ტროი ჯასტისთან და ვანია ჩერნოვეცთან ერთად ტურნირის მონაწილე 100-ამდე ბავშვს საკალათბურთო კემპი ჩაუტარეს. კემპში ამერიკელებთან ერთად ქართველი მწვრთნელებიც მონაწილეობდნენ.

ფინალური მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელებმა უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით აჯობეს ჰიუნდაის. შესაბამისად, პირველი Junior NBA – GBF-ის გამარჯვებული „გოლდენ სტეიტი“ გახდა.

 დაჯილდოვების ცერემონიალში ოთხთა ფინალის ოთხივე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. გუნდებსა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ნბა-ს საერთაშორისო მიმართულებების დირექტორი ტროი ჯასტისი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი მიესალმნენ, რის შემდეგაც ფედერაციის პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოს ხელმძღვანელს მადლიერებისა და საიმედო პარტნიორობის ნიშნად საგანგებო პრიზი გადასცა.

გამორჩეული მოთამაშეების დაჯილდოვება

ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა - მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა ოთხთა ფინალის გამორჩეულ მოთამაშეებს საკუთარი და ასევე ნაკრების სხვა წევრთა სათამაშო მაისურები გადასცეს. მაისურებთან ერთად გამომცემლობა „პალიტრას“ მიერ დაწესებული საბავშვო წიგნები შემდეგმა მოთამაშეებმა დაიმსახურეს:

 ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე (რუსთავი), ალეკო ვახტანგაძე, გიორგი სულაბერიძე და ცოტნე ვაშაყმაძე ( ქუთაისი), მიშო დაბრუნდაშვილი, ჯორჯ ტაბატაძე (ჰიუნდაი), ნიკა კინწურაშვილი და გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი). 

დალას მავერიკსის დაჯილდოვება

 ოთხთა ფინალში გასული, თუმცა ორივე მატჩის წამგები ბათუმური გუნდი, რომელიც ტურნირში „დალას მავერიკსის“ სახელით ასპარეზონდა, სიგელებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა მანუჩარ მარკოიშვილმა, დუდა სანაძემ, ბექა ბურჯანაძემ და ნიკა მეტრეველმა დააჯილდოვეს.

კლივლენდ კავალერსის დაჯილდოვება

 მესამე ადგილზე გასული რუსთავული გუნდის მოთამაშეებს სპეციალური ბრინჯაოს მედლები ნბა-ს საერთაშორისო მიმართულებების დირექტორმა ტროი ჯასტისმა და ნბა-ს ევროპის კალათბურთის ოპერაციების მენეჯერმა ვანია ჩერნოვიცმა გადასცეს.

ფილადელფია სიქსერსის დაჯილდოვება

 ჰიუნდაის გუნდის მოთამაშეები და მწვრთნელები ვერცხლის მედლებით სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერიმ და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს.

გოლდენ სტეიტის დაჯილდოვება

 ქუთაისურმა გუნდმა Junior NBA – GBF-ის დღეს დასრულებული სეზონის ათივე მატჩი მოიგო და ღირსეული ჩემპიონი გახდა. როგორც ამერიკის პროფესიულ ლიგაშია, ჩემპიონოებმა საგანგებოდ დამზადებული ბეჭდები მიიღეს. საჩემპიონო ბეჭდები გოლდენ სტეიტის გუნდის წევრებს გაბრიჩიძემ, ბერლინერიმ და გოგოლაძემ გადასცეს.

MVP

 Junior NBA – GBF-ის პირველი გათამაშების უძვირფასესი მოთამაშე გახდა გოლდენ სტეიტის ლიდერი ცოტნე ვაშაყმაძე, რომელმაც საგანგებო პრიზი ქალთა ნბა-ს ამჟამინდელი მოთამაშისგან - კალანა გრინისგან ჩაიბარა.

საჩემპიონო თასი

 ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციიდან საგანგებოდ ჩამოტანილი საჩემპიონო თასი, ქუთაისელთა კაპიტან ცოტნე ვაშაყმაძეს ევროპაში ნბა-ს სპორტის დესპანმა, პროფესიული ლიგის ყოფილმა მოთამაშე ჟარკო ჩაბარკაპამ გადასცა.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი ტურნირის ჩატარებას, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და ლამაზი ფინალით დასრულდა.  განსაკუთრებით სასიხარულო იყო ეს დღე ფინალში მონაწილე გუნდებისთვის, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომელბმაც ამ საკალათბურთო ზეიმში მიიღეს მონაწილეობა. მადლობას გადავუხდი საქართველოში აშშ-ს საელჩოს, სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,  ნბა-ს ნაციაონალურ საკალათბურთო ასოციაციას  და მათ წარმომადგენლობას ევროპაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შედგა ეს პროექტი და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერად გაგრძელდება.  

ნიკოლას ბერლინერი(საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი): აშშ საელჩოს სახელით მოხარულნი ვარ რომ მხარს ვუჭერთ ამ პროექტს.  JR. NBA-ს ლიგაში  30 გუნდი მონაწილეობდა, სულ კი  450 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, რომელბსაც უამრავი მატჩი ჰქონდათ. დღეს ჩვენ შესანიშნავი ფინალის მომსწრენი გავხდით. ამ ქვეყანაში არის ნიჭი და ეს  ყველა სფეროში, მათ შორის სპორტში კარგად  ჩანს. შორს არ არის ის დღე, როცა საქართველოში NBA-ს სკაუტები ჩამოვლენ  და ამ ნიჭის გამოყენებას შეეცდებიან. მომავალი თაობა ნამდვილად ნიჭიერია.

 

კალანა გრინი (WNBA-ს მოთამაშე და სპორტის დესპანი): საქართველოში პირველად ჩამოვედი და მოხარული ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ პროექტში მივიღე მონაწილეობა. ამ პროექტის მეშვეობით ბავშვებს კარგი შანსი ეძლევათ დახვეწონ თამაში, ისწავლონ გუნდური მუშაობა და  მაქსიმალურად გამოავლინონ თავიაანთი შესაძლებლობები.   ძალიან კარგი ფინალი გამოვიდა, რომლისთვისაც ბავშვებმა ძალიან ბევრი იშრომეს. 

ჟარკო ჩაბარკაპა (ნბა-ს სპორტის დესპანი): მოხარული ვარ, რომ ამ შთამბეჭდავი ღონისძიების მონაწილე გავხდი. მათი შემხედვარე, მომინდა პატარაობაში დავბრუნებულიყავი და თავად განმეცადა ის სიხარული, რაც დღეს და მთლიანად ტურნირის მსვლელობისას ამ ბავშვებმა, მთლიანად ლიგის მონაწილეებმა განიცადეს. დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა და ამ დღის ემოციები კარგა ხანს გამყვება.

მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): წლების შემდეგ პირველად მომეცა შანსი, დავსწრებოდი ქართული კალათბურთის მატჩს და მინდა გითხრათ, რომ ამ ასაკში არ ველოდი ასეთ დონეს. რაც მთავარია, თავად ნბა არის დაინტერესებული ამ პროექტის საქართველოში განხორციელებით და იმედი მაქვს, ეს ტურნირი მომავალ წლებშიც ჩატარდება, რაც დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

ნიკა მეტრეველი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): ჩემს ბავშვობაში ასეთი რამ რომ გამართულიყო, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ნებისმიერი მოთამაშის ოცნებაა, ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღება. ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ წარმატებული მომავალი თაობა გაიზარდოს. აშენდა ახალი დარბაზები, სადაც ყველა პირობა არსებობს და ორგანიზების თვალსაზრისითაც დღეს დავინახეთ, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ახლა ყველაფერი ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომლებსაც პირობები აქვთ და თავიანთი მონდომებითა და შრომით უნდა მიაღწიონ წარმატებებს.

დუდა სანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე): ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი პროგრამები ტარდება საქართველოში და ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა მთელი საქართველო. ეს დიდი მოტივაციაა ნებისმიერი მოზარდისთვის, რადგან ნბა-ს ყველა უყურებს როგორც მწვერვალს. ასეთი პროგრამები დიდად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კალათბურთის განვითარებას, რადგან როგორც დონით, ისე ორგანიზების მხრივ ეს ტურნირი მართლაც გამორჩეული იყო. 

ქართული კალათბურთის მომავალი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 13:02

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დაიწყეს ტურნირი სახელწოდებით “, „JR.NBA – GBF  ლიგა“,  რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიუროს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.  NBA უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავს.  ტურნირი 2004-2005 წელს  დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონათა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის. 

გთავაზობთ „JR.NBA – GBF  ლიგის" გახსნის  ვიდეო-კოლაჟს, რომელიც თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა. 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური