"2020 წელს საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ივლისი 2018 14:32

2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს და კომპანია „გილეადს", რომელთა დახმარების გარეშე ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების ძალიან მაღალ კომერციულ ღირებულებას და აღნიშნა, რომ მოქალაქეს მკურნალობა 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ერთმანეთის მიმართ გულწრფელები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენ, მთელი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება, ასივე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას.

2020 წელს, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დაავადება, თუ არსებობს სწორი სტრატეგია, საზოგადოების სრული მობილიზაცია, მისი დამარცხება აუცილებლად შესაძლებელი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს, სერვისებით მოსარგებლე პაციენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ეხმარებიან, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს დაავადებასთან ბრძოლის აუცილებლობა და პრიორიტეტულობა, ასევე - განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ქართველ ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას.

„დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ეფექტური მუშაობით, საზოგადოების სრული მობილიზაციით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და 2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტი სრულიად ელიმინირებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია შედგა. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროექტის საერთაშორისო პარტნიორები დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური