„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 10:51

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიას განცხადებით, ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

"დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტია, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას. იგი იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ირაკლი იმნაიშვილი 14 წელია მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

 

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 17:52
2019 წლის 18 ივლისს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე − „რუსთავი 2“ (პირველი მომჩივანი), მისი მესაკუთრეები -შპს „ტელეკომპანია საქართველო“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები (შესაბამისად, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები) საქართველოს წინააღმდეგ.
ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ:
  1. ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
  2. დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
  3. დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
  4. 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
  5. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეეტაძესთან დაკავშირებით;
  6. ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
  7. ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.
 
საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე:
 
  1. მოკლე ინფორმაცია საქმის შესახებ
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მომჩივნების წინააღმდეგ. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
  1. შეჩერების ღონისძიება
როგორც ცნობილია, 2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“. საქართველოს მთავრობის მიერ შეჩერების ეს ღონისძიება არ გასაჩივრებულა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილება, ევროპული სასამართლოს პროცედურული წესების თანახმად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
  1. მესამე მხარეები
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვეს საქართველოს სახალხო დამცველმა და შემდეგმა ორგანიზაციებმა: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტი (თავისუფალი უნივერსიტეტი).
ევროპული სასამართლოს მიერ მესამე მხარედ ჩართულნი იქნენ მხოლოდ სახალხო დამცველი და საია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.
  1. მხარეთა არგუმენტები ევროპული სასამართლოს წინაშე
სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.
ძირითად საქმესთან (საკუთრების დავა) დაკავშირებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები ჩიოდნენ, რომ პირველი ინსტანციის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე ჩამოშორებული უნდა ყოფილიყვნენ საქმიდან, ვინაიდან არსებობდა გარემოებები, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი).
ზემოაღნიშნული სამი მომჩივანი ასევე ამტკიცებდა, რომ უზენაესმა სასამართლომ მოულოდნელად შეცვალა დავის სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც ვითარდებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში სამართალწარმოების დროს და არ მისცა მომჩივნებს საკმარისი შესაძლებლობა (ზეპირი განხილვა ან სხვა), გაებათილებინათ მეორე მხარის აშკარად დაუსაბუთებელი არგუმენტები.
მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები, ასევე, ჩიოდნენ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე (საკუთრების უფლება) და ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო დავის შედეგი იყო თვითნებური და არღვევდა მათ ქონებრივ უფლებებს.
ევროპული კონვენციის მე-18 მუხლზე მითითებით, დამატებითი ოქმის პირველ მუხლთან ერთობლიობაში, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნები შინაარსობრივად იმეორებდნენ პირველი მომჩივნის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საკუთრების დავასთან დაკავშირებით სასამართლო პროცედურები სახელმწიფოს მიერ გამოიყენებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება.

უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურასთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს ევროპული სასამართლის წინაშე წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
  • საჩივრის მთელი ის ნაწილი, რომელიც წარდგენილი იყო „რუსთავი 2“-ის მიერ, უნდა ყოფილიყო ცნობილი დაუშვებლად, რადგან კომპანიას არ ამოუწურავს უფლების დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები და ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა  ექვსთვიანი ვადის დარღვევით;
  • უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენება არ იყო თვითნებური. განჩინებები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იყო დასაბუთებული, განხილვა მოხდა გაჭიანურების გარეშე და დაცული იყო შეჯიბრებითობის პრინციპი;
  • უზრუნველყოფის ღონისძიებას ვერ ექნებოდა და არც მოუხდენია უარყოფითი გავლენა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე: არხი მუდამ ფუნქციონირებდა სრული თავისუფლების პირობებში;
  • უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენდა მომჩივნის საკუთრების უფლებაში ჩარევას;
  • არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ სამართალწარმოებასთან მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირს. უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურას არ ჰქონია რაიმე არამართლზომიერი მიზანი;
  • არაფერი იწვევდა მართლზომიერ ეჭვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - ნინო გვენეტაძის, ან მოსამართლეების - თამაზ ურთემლიძისა და მზია თოდუას დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
ძირითად სამართალწარმოებასთან (საკუთრების დავა) მიმართებით, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობამ 2018 წლის 28 მარტსა და 15 სექტემბერს წარადგინა შემდეგი არგუმენტები:
  • მომჩივანთა განცხადებებით არ დგინდება დასახელებულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრობლემა. მომჩივნები თავად იყენებდნენ აშკარად დაუსაბუთებელ ბრალდებებს არაერთი მოსამართლის წინააღმდეგ, რათა ჯერ შეელახათ მათი რეპუტაცია და შემდგომ, უკვე ამგვარად მომზადებული საფუძვლებით მათი აცილება მოეთხოვათ;
  • უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოება და განჩინებები შეესაბამებოდა მომჩივანთა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას. უზენაეს სასამართლოს ბოლო ეტაპზე არ წამოუჭრია რაიმე ახალი სამართლებრივი საკითხი და არ შეუცვლია დავის სტრუქტურა, ვინაიდან ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილულ იქნა იძულების საკითხი; უფრო მეტიც, პირველად შესაგებელში თავად მომჩივნები უთითებდნენ, რომ მოცემულ დავაში სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი (იძულებით დადებული გარიგება) უნდა ყოფილიყო გამოყენებული. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ვერ უსაყვედურებდნენ, რომ მან ის მუხლი გამოიყენა, რომლის გამოყენებასაც თავდაპირველად თავად ითხოვდნენ. შესაბამისად, არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა;
  • საკუთრების შესახებ დავის შედეგი არ წარმოადგენდა მომჩივანთა საკუთრების უფლების დარღვევას, ვინაიდან სადავო სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად და მხარეთა შორის თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით;
  • და ბოლოს, არ არსებობდა არავითარი საფუძველი, რაც დაადასტურებდა, რომ სახელმწიფომ სამართალწარმოება გამოიყენა რუსთავი 2-ის გაჩუმებისათვის ან რომ ქართულ სასამართლოებს არასათანადო მიზნები ამოძრავებდათ.
დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობის არგუმენტები სრულად გაიზიარა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური