პროკურატურის განცხადება-ბედუკაძე ჯღარკავას მიმოწერაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 17:22

2015 წლის 24 ოქტომბერს მოქალაქე ნინო ჯღარკავამ განცხადებით მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავის 2’’-ის ეთერით, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ვრცელდებოდა მისი და ვლადიმერ ბედუკაძის სახელით განხორციელებული ყალბი მიმოწერა „ფეისბუქ“-ის საშუალებით ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მის „ფეისბუქი“-ს პროფილზე უკანონო წვდომას.

იმისათვის, რათა დადგენილიყო, განცხადებასა და წარმოდგენილ მასალებში იკვეთებოდა თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გამოიკითხნენ ხსენებულ ფაქტთან კავშირში მყოფი პირები. შედეგად დადგინდა, რომ ტელევიზიით გასული ხსენებულ პირებს შორის მიმოწერა არის ყალბი და ამის დადგენა სრულიად მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, კერძოდ:
მიმოწერა წარმოდგენილია ე.წ. „ფეისბუქი“-ს ,,სქრინშოთების’’ ანუ ფოტოების სახით. მიმოწერასთან მოცემულია მხოლოდ საათი და არსად ჩანს მიმოწერის თარიღი, რაც ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ე.წ. ,,სქრინშოთები’’ იქმნება მიმოწერის განხორციელების დღეს. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, საათთან ერთად მოცემული უნდა იყოს თარიღიც. გარდა ამისა, ხსენებულ „სქრინშოთებზე“, „ფეისბუქის“ გვერდის მარჯვენა მხარეს მითითებულია წელი - 2012, ანუ სქრინშოთი შექმნილი უნდა იყოს 2012 წელს და უშუალოდ მიმოწერის განხორციელების დღეს, რაც არ დასტურდება. 
ამავე სქრინშოთზე ერთ-ერთ მეგობრობის შემოთავაზებაში ფიგურირებს მომხმარებელი „Nikoloz Xucishvili”. მისი პროფილის გახსნისა და დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პროფილი შექმნილია 2014 წელს და ის 2012 წელს არ არსებობდა, რაც შეეხება პროფილზე განთავსებულ ფოტოს - იგი გადაღებულია 2014 წელს, რაც დასტურდება სურათზე გამოსახული პიროვნების გამოკითხვით. ასევე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ყალბი სქრინშოტი შექმნილია 2014 წლის 12 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, ვინაიდან სწორედ ამ დღეს აიტვირთა „Nikoloz Xucishvili”-ს პროფილზე ის ფოტო, რომელიც ფიგურირებს გადაცემა „განსხვავებული აქცენტებში“ გავრცელებულ „სქრინშოთზე“, რაც თავის მხრივ ემთხვევა გამოკითხული ჟურნალისტის ლაშა ბერულავას მიერ მითითებულ თარიღს, რომ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს მისთვის უცხო პიროვნებისაგან ჩაუვარდა ხელში ეს მასალა. ანალოგიური ვითარებაა „სქრინშოთზე“ მოცემულ კიდევ ერთი მომხმარებლის - „Toni Montana”-ს პროფილთან მიმართებაშიც, რომელიც ასევე შექმნილია 2014 წელს. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით უტყუარად დგინდება, რომ ტელევიზიით გავრცელებული 2012 წლით დათარიღებული მიმოწერა „სქრინშოთები“-ს სახით არის ყალბი.
აღნიშნული გარემოება თავისუფლად შეიძლება გადამოწმდეს ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელის მიერ და ამას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ცოდნა.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გადაცემა „განსხვავებული აქცენტები“-ს წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, მის გადაცემაში გასული მიმოწერა უნდა იყოს „სავარაუდოდ“ 2012 წლის სექტემბრის თვეში განხორციელებული. ამ პერიოდში კი, ჯღარკავასა და ბედუკაძის განცხადებით, ისინი საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, რაც დაადასტურეს სხვა გამოკითხულმა პირებმაც. ასევე, ნინო ჯღარკავამ და ვლადიმერ ბედუკაძემ დაადასტურეს 2012 წლის 30 ოქტომბრიდან „ფეისბუკი“-ს საშუალებით მათ შორის მიმოწერის არსებობის ფაქტი, თუმცა განმარტეს, რომ რეალური მიმოწერა ატარებდა სულ სხვაგვარ შინაარსს და ,,განსხვავებულ აქცენტებში’’ გასულ მიმოწერასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა, რაც დადასტურდა მათ შორის „ფეისბუკი“-ს საშუალებით რეალურად არსებული მიმოწერის დათვალიერებით.
დანაშაულის ნიშნების არსებობის გადამოწმების შემდგომ პროკურატურის მიერ მოხდა ფაქტის სამართლებრივი შეფასება. კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ „ფეისბუქ“ მიმოწერა ცალსახად გაყალბებულია და რეალურად ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია, არ მომხდარა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, ვინაიდან არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები გამოძიება ამ ფაქტზე ვერ დაიწყება. ამასთანვე „ფეისბუქ“ მიმოწერა „სქრინშოთები“-ს სახით არ არის ოფიციალური დოკუმენტი, შესაბამისად არ არის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებიც, რაც გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტის გაყალბებას.
შესაძლებელია გაყალბებული მიმოწერა შეიცავდეს ამა თუ იმ პირის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას, თუმცა ამ კატეგორიის დავა განეკუთვნება სამოქალაქო სამართლებრივ სფეროს და სცილდება პროკურატურის კომპეტენციას. ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

 

ჟურნალისტ,ეკა კვესიტაძეს ნინო ჯღარკავა სასამართლოში უჩივლებს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 13:22

ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ  განაცხადა, რომ იგი აპირებს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს სასამართლოში უჩივლოს. საქმე "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტების" ანონსს ეხება, სადაც ნაჩვენებია მისი მიმოწერა ლადო ბედუკაძესთან, რომელიც ე.წ. "ციხის კადრებს" ეხება.ნინო ჯღარკავას განცხადებით, მისი და ბედუკაძის მიმოწერა, რომლის თანახმადაც მან თანხა გადაურიცხა მის მეუღლეს და გარკვეული მოლაპარაკება აწარმოა მასთან. ჯღარკავას განცხადებით, ეს არის ფოტოშოფი და აბსოლუტური სიცრუე. მისი განცხადებით, ეს ფაქტი მასთან იმიტომ დააკავშირეს, რომ იგი მართლაც არის თამაზაშვილებისა და ღარიბაშვილების ოჯახის მეგობარი.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური