გორის ‘ჯიქი’ საქართველოს ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 10:36

გორის ‘ჯიქმა’ დიდი 10 ტოიოტას ფინალში ბათუმის ‘ბათუმს’ 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

რამდენიმე წლის წინ აწ გარდაცვლილი გოჩა აბაშიძის მიერ დაარსებულმა კლუბმა ჩემპიონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად იარა და წელს რეგულარული გათამაშების მოგების შემდეგ ოქროს კვარცხლბეკი დამსახურებულად დაიკავა.

ფინალმა მოლოდინი გაამართლა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე წარმოებდა ვებ-ოქმი, სადაც ცოცხალ რეჟიმში ხდებოდა განახლება; ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ორივე გუნდის გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდნენ და თამაში ნამდვილ ზეიმად იქცა.

მატჩის დებიუტი ბათუმელების იყო. მე-7 წუთზე თემურ სოხაძის ფეხით ჩაკიდებული ბურთი ალექსი ტუჩაშვილმა ვერ შეიმაგრა და ლელო არ შედგა, მაგრამ ზღვისპირელებმა მეტოქის შერკინებაში ჯარიმა მოიპოვეს და ის ბახვა კობახიძემ 3 ქულად გარდასახა. ‘ჯიქის’ დამრტყმელმა რამაზ ხარაზიშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მერე საქმეში ნერვები ჩაერთო და ორივე გუნდს ჯარიმები გაუცუდდა. 28-ე წუთზე ხარაზიშვილმა 50 მეტრიდან საკუთარი გუნდი დააწინაურა, 3 წუთში კობახიძემ ასევე შორეული დარტყმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს კი ბათუმელი ჯონდი კორტავა სინბინით დაისაჯა და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

‘ჯიქმა’ ბურთი აუტში გადაიტანა, დერეფნიდან მოლი დააყენა და ბექა მამრიკიშვილმა შეხვედრის პირველი ლელო დაამიწა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა.

 

მეორე ტაიმი გორელებმა აქტიურად დაიწყეს, მეტობის გამოყენება სცადეს და მეორე ცდაზე მიზანს მიაღწიეს. ლელოს გატანა ორივე გარემარბს შეეძლო, მაგრამ ხარაზიშვილს მცველმა დაასწრო, ხოლო ნიკა ბიწაძე უბურთოდ შებოჭეს. ‘ჯიქმა’ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ბურთი ფლანგებზე ორჯერ ჩაათამაშა, რის შემდეგაც ლელოში არსენ ტრაპაიძე შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბათუმი’ ანგარიშში 59-ე წუთზე დაბრუნდა. დერეფნის მოგების შემდეგ მოლში სამი შემტევი უკანახაზელიც ჩაერთო და კობახიძემ ლელო თავადვე გარდასახა.

მომდევნო 5 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 67-ე წუთზე კი, ‘ჯიქმა’ კიდევ ერთი ლელო გაიტანა: მრავალფაზიანი შეტევა მათ საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ეტაპობრივად მეტოქის 22-ს უწიეს, იქ ხარაზიშვილი მბოჭავს ერთი-ერთზე დაუსხლტა და ძელებსუკან დადებული ლელო თავადვე გარდასახა. დასკვნით 10 წუთში ‘ბათუმმა’ იბრძოლა, კობახიძემ 2 ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ გადამწყვეტი შეტევა ვეღარ შედგა და ‘ჯიქმა’ 28:22 გამარჯვებით საკუთარი გულშემატკივარი გაახარა.

გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასიც მოიგეს, ხოლო ‘ბათუმს’ ნუგეშად სპონსორისგან 30 ათასი შეხვდა.

„ვულოცავ ამ ახალგაზრდა კლუბს ასეთ დიდ წარმატებას და ყველას, ვისაც ჩვენი გუნდის მაისურით თუნდაც ერთხელ მაინც უთამაშია. მინდა მოვიგონო ის გარდაცვლილი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში მხარში გვედგნენ და იმ ქვეყანაზე მივულოცო ეს წარმატება.

 თამაში დაძაბული გამოდგა. თავი გამოუცდელობამ იჩინა და მხოლოდ ტაიმის მიწურულს დავლაგდით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. როდესაც ბურთზე კონტროლი დავამყარეთ უპირატესობა ხელთ ვიგდეთ და ეს კარგად გამოვიყენეთ. აქცენტი გავაკეთეთ მეტოქის სინბინზე და ამ პერიოდში 2 ლელო დავდეთ. ‘ბათუმი’ კარგი გუნდია, მაგრამ მას დღეს რაღაც დეტალებში ვაჯობეთ“ - განაცხადა ნამატჩევს ‘ჯიქის’ მთავარმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

„ფინალამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით, თამაშის ხარისხს და შედეგს ყოველ წელს ვაუმჯობესებდით და წელს ფინალამდე დამსახურებულად მივედით. ეს ჩვენი შრომის შედეგია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი ბოლომდე დაგვიჭირა“ - გახარებული იყო ‘ჯიქის’ გარემარბი რამაზ ხარაზიშვილი. 

 

ტოიოტას დიდი ფინალი

ჯიქი გორი 28:22 ბათუმი

ჯიქ: კიკნაძე (სვანიძე 51) ბიწაძე ჯინჯიხაძე სამხარაძე (ხუციშვილი 68) ხარაზიშვილი <10-9> ნინიძე ზაბახიძე(ბროძელი 48) / ორაგველიძე (კაკოვინი 64) მამრიკიშვილი (სუთიძე 55-75) დონაძე (გურგენაძე 64) გოგოლიძე ტრაპაიძე; შენგელია^კაპ მჭედლიშვილი სუხაშვილი (დიდებულიძე 71) მწ პალიკო ჯიმშელაძე – 3ლ: მამრიკიშვილი ტრაპაიძე ხარაზიშვილი; 2გ 3ჯ: ხარაზიშვილი

ბთმ: კობახიძე ტრაპაიძე გოგიტიძე (ნინიძე 52) გაბროშვილი ტუჩაშვილი (ბებიაშვილი 46) <10-9> სოხაძე^კაპ (ჯაბნიძე 68) თუთბერიძე / ერისთავი მატკავა (თაგაური 62) პატარაია (ბალიაშვილი 62) ალიქაძე მიქაძე (ცხადაძე 45) კორტავა სბ 36-47 (ამირანაშვილი 48) ფუტკარაძე (კვანტიძე 64) თხილაიშვილი * მწ ირაკლი ნინიძე, დავით გუგუშვილი –  ლ გ 5ჯ: კობახიძე

 

rugby.ge

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური