ევროკავშირი და ჯანმო საქართველოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყობენ ხელს
ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისი ერთობლივად იწყებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის მიზანიც საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ჩამოტანისა და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობაა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახორციელებს. ინიციატივა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა ფაზას მოიცავს და ქვეყანას რუტინული იმუნიზაციის სისტემის გაძლიერებაში დაეხმარება.
სამწლიან ინიციატივას ჯანმო განახორციელებს. საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი ხუთი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად ევროკავშირმა 40 მილიონი ევრო გამოყო. თანხა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების და ვაქცინების გადანაწილების პროცესებს მოხმარდება.
„COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისას ჩვენს საერთო ძალისხმევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ვაქცინაციის კამპანიის სწორ ორგანიზებას ენიჭება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, — „ეს ინიციატივა ვაქცინაციის კომპლექსური პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რათა ქვეყანაში შემოსული ვაქცინების ეფექტიანად გამოყენება მოხერხდეს. მიზანი ისაა, რომ ვაქცინებმა იმ ადამიანებამდე მიაღწიოს, რომელთაც ვაქცინაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ“.
პირველ ეტაპზე დაფინანსება ვაქცინაციისთვის მზადებისა და ვაქცინების შემოტანის პროცესის ხელშეწყობას მოხმარდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებს, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შეძენა, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგები და საინფორმაციო კამპანიები.
პროექტი აგრძელებს ევროკავშირსა და ჯანმოს შორის მიმდინარე თანამშრომლობას, რომლის მიზანიცაა, დაეხმაროს ქვეყნებს COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ თანამშრომლობის ნაწილია 35 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე ინიციატივა, „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“. ინიციატივა პარტნიორ ქვეყნებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება.
ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში