"მადლობას ვუხდი ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის" - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 14:12

გთავაზობთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო "სინხუა"-ს.

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, არაერთი ქვეყანა კვლავ პანდემიის ეტაპზეა გაჩერებული და მათი მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

ამავე დროს, მსოფლიო დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს მიმართ, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ძალიან კარგად გაართვა თავი. მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მკვეთრად დაბალია ინფიცირებულ პირთა რაოდენობა.

1. შეგიძლიათ გვითხრათ რამ განაპირობა საქართველოს ასეთი წარმატება

მომაკვდინებელ ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ რა ზომები მიიღო

 საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების მრუდის შესამცირებლად?

ჩინეთში და მსოფლიოში ვირუსის გავრცელებისთანავე აქტიურად დავიწყეთ ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და მათ გამოცდილებაზე უწყვეტი დაკვირვება. იანვრიდან დღემდე აქტიურად ვაკვირდებით კორონავირუსის განვითარების ტენდენციებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და მაქსიმალურად სწრაფად ვახდენთ პრევენციის, მართვისა და მკურნალობის ღონისძიებების შესაბამისობაში მოყვანას ჯანმოს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა თუ ევროპის წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებთან. ამისათვის ქვეყანაში სპეციალური ჯგუფებიც შეიქმნა.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო და არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად ამ რთული გამოწვევის პერიოდშიც წინა პლანზე სწორედ მოქალაქეები დავაყენეთ და გავატარეთ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები. აღნიშნულმა საკმაოდ დააზარალა ეკონომიკური სექტორი, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ამ უმაღლესი ღირებულების დაცვის მიზნით, ვთვლით რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო.

თავდაპირველ ეტაპზე, თითქმის ყველა ვისაც საზღვარზე, თუნდაც შედარებით მცირე ტემპერატურა ან რაიმე სიმპტომი უფიქსირდებოდა პირდაპირ საკარანტინო სივრცეში გადაგვყავდა, სადაც ხდებოდა მათი ვირუსზე შემოწმება. მსოფლიოში კორონავირუსის მასიურად გავრცელების პარალელურად შევწყვიტეთ საერთაშორისო ფრენები, თუმცა აქტიურად ვახდენდით და ვახდენთ ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებას, რომლებიც საზღვრიდან პირდაპირ სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეში გადადიან, სადაც მათ სიმპტომებზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ხაზი უნდა გავუსვა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს, რომლის მეშვეობით გვქონდა შესაძლებლობა დროულად მოგვეხდინა ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის PCR  ტესტირება, რის შემდეგაც აქტიურად და სწრაფად ხდებოდა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსთან დაკავშირებული რისკები და გამოიყენა ყველა მექანიზმი, რაც ვირუსს ქვეყნის შიგნით გავრცელების საშუალებას არ მისცემდა, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს კი  რა თქმა უნდა  ჩვენს მიერ მიღწეული შედეგი გვაძლევს.

2. ამ ზომებიდან რომელს გამოყოფდითრომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი 

(ან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულირაც დაეხმარა საქართველოს 

ეფექტურად შეეკავებინა ვირუსის გავრცელება ქვეყანაში?

ქვეყნის მთავარი სტრატეგია, რამაც ხელი შეუშალა საქართველოში ვირუსის გავრცელებას, იყო ყველა დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევის იზოლაცია და მკაცრი პროტოკოლი.

აქ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ ყველა სექტორის, მათ შორის ჩვენივე მოქალაქეების აქტიური ჩართულობით. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა აღნიშნული სიტუაციის მასშტაბები და მათ მიერ გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, სოციალური დისტანცირებისა და მაქსიმალურად სახლში დარჩენის კუთხით, ძალიან დაეხმარა ქვეყანას ვირუსის შიდა გავრცელების შეკავებაში.

გარდა ამისა პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა ახალი კორონავირუსით გამოწვეული კოვიდ-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტთა ჯგუფი, სადაც სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად გაერთიანებული არიან დარგობრივი ასოციაციები, დარგის ექსპერტები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  წარმომადგენლები,  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მათი ჩართულობით.

3. რა დამატებითი ზომების მიღება იგეგმება, იმისათვის რომ ეკონომიკის და სოციალური აქტივობის განახლებასთან ერთად 

საქართველომ შეინარჩუნოს ინფიცირების აღნიშნული, დაბალი მაჩვენებელი?

საქართველოში ვირუსის დაბალი გავრცელების მიუხედავად სამთავრობო გუნდი და ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალური მობილიზაციით აგრძელებს მუშაობას. გამოწვევები კვლავაც უკავშირდება სოციალური დისტანცირების აუცილებლობას, რადგან ამაზე ქმედითი და ეფექტური მექანიზმი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვაქცინის არ არსებობის პირობებში, დისტანცირების გზით პრევენცია დაცვის საუკეთესო საშუალებად რჩება. შესაბამისად, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, სამინისტროს მიერ, შემუშავდა სავალდებულო რეკომენდაციები, რომელიც ბიზნესმა და მოსახლეობამ უნდა დაიცვას ვირუსის პრევენციის მიზნით და რაც არის მათი ჯანმრთელობის გარანტი.  აღნიშნული რეკომენდაციების დაცვის მოთხოვნით, ეტაპობრივად დაიწყო ქვეყანაში ეკონომიკის გახსნის პროცესი. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვები თითქმის მოხსნილია და ბიზნესის უმეტესი ნაწილი გაიხსნა, თუმცა რეკომენდაციების შესრულების კონტროლს პერმანენტულად ვახორციელებთ.

ამას გარდა ყოველდღიურად ფართოვდება ის ჯგუფები ვისაც ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით ტესტირება უტარდება საზღვრებზე, საკარანტინო სივრცეებში, საავადმყოფოებში და მაღალი რისკის პროფესიებში.

ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით დიდი ძალისხმევა დაიხარჯა სასტუმროებსა და რეკრეაციულ ადგილებში ინფექციის კონტროლის წესების დანერგვაზე. ბიზნეს ვიზიტორებისთვის ქვეყანაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელი და ბიზნეს გარემო. რეგულარულ PCR ტესტირებაზე იოლი ხელმისაწვდომობა ვიზიტორს საშუალებას აძლევს კარანტინში ყოფნის გარეშე უსაფრთხოდ აწარმოოს ბიზნეს მოლაპარაკებები თუ სხვა საქმიანობა.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მზაობის ხარისხი დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს პირველი ტალღის წინ იყო. სამედიცინო სფერო მეტად მობილიზებულია, ყველა სახელმწიფო სამსახურს აქვს მკაფიო სამოქმედო პროტოკოლი და შესწევს დაუყოვნებელი რეაგირების უნარი თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება და ქვეყანა  მზადებას განაგრძობს.

4. გავრცელებული ინფორმაციითსაქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით.

 ამ კუთხით რა სახის თანამშრომლობა მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის და რა როლს თამაშობს აღნიშნული, კორონავირუსთან ბძოლის წინააღმდეგ?

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიური მხარდაჭერისთვის.

დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპიდან, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ჩინეთის მთავრობის მხრიდან. პეკინში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მარტშისაქართველოს  უსასყიდლოდ გადმოსცა 420 000 აშშ დოლარის ღირებულების PCR ტესტები და ორი შესაბამისი აპარატურა.

ამას გარდა, ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართულ მხარეს მიღებული აქვს 21 000 ცალი სწრაფი ტესტი და 5 ტონამდე პირადი დაცვის საშუალებები.

აღსანიშნავია, რომ გარდა მატერიალური დახმარებისა, ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, ჩვენი ქვეყნების სამედიცინო პერსონალისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით ვიდეო კონფერენციებიც გაიმართა, რომელიც Covid-19-ის ეპიდზედამხედველეობის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, დაავადების კონტროლისა და მკურნალობის საკითხებს ეხებოდა.

საინფორმაციო სააგენტო "სინხუა", ჩინეთი

შსს-ს დაჭრილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 12:22

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსნის, ზურაბ ტაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

ამის შესახებ  რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნატა ხურციძემ განაცხადა. 
მისივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. დაჭრილი პოლიციელი მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პაციენტის ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ექიმების მხრიდან კომენტარი არ კეთდება.

როგორია ნანუკა გულუას ,,დოჩის'' დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 23:31

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობის ნანუკა გულუას (დოჩის) დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
"ძალიან დიდი მადლობა ყველას! ჩემ დაშაქრულ მალინას არაფერი არ მოუვა ძალიან დიდხანს! კარგად ვართ! მიმყავს ჯგირ დო სკვამი ყველაფერი უნდა ვუყიდო" - წერს ნანუკა.

 

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანუკა გულუას დედა ზუგდიდიდან თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

GPI- ს ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის წინააღმდეგ "ჯიპიაი"-ს შემთხვევაში, ჯანმრთელობას დაზღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მომსახურებად იქცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:59

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კომპანია მომსახურებაზე გაურკვეველი მიზეზებით ამბობს უარს. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 25 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ავადმყოფი მცირეწლოვანისთვის საჭირო მომსახურების გაწევაზე, კომპანიამ კვლავ წარმოუდგენელი მიზეზით თქვა უარი.

შპს "კლიპარტის" ერთ-ერთი თანამშრომლის მცირეწლოვანი შვილისთვის, რომელსაც პედიატრის გამოძახება დასჭირდა, "ჯიპიაი"- ს ოპერატორმა მომსახურების გაწევაზე უარი განაცხადა და ავადმყოფი შვილის დედას განუცხადა, რომ მასთან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო. ოპერატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული მიზეზის დასახელების უფლება არ ჰქონდა და გამოძახებიდან ორი საათის შემდეგ, პაციენტს "გამონაკლისის დაშვებას" დაჰპირდა.

თუმცა კომპანიაშიც ალბათ კარგად ესმით, რომ ორი საათის დაგვიანებით, ისიც, გამონაკლისად გასაღებული ექიმის მომსახურების მიღება, უკვე გამოჯანმრთელებულ ადამიანს აღარ სჭირდება.

თავად კომპანიაში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

"ძალიან ვწუხვართ, ვარკვევთ, რატომ ხდება ტექნიკური გაუგებრობა. ვეცდებით, რომ აღმოფხვრათ ეს პრობლემა", - აცხადებენ „ჯიპიაი“- ში.

სადაზღვევო კომპანია, "ჯიპია“- ს მომსახურებით, შპს "კლიპარტის“, შპს "პირველისა" და "რუბრიკის“ თანამშრომლები უკმაყოფილებას არაერთხელ გამოთქვამდნენ, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიები დღეს, "ჯიპიაი"-ს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ.

კომპანიასთან უკვე სამი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში, "ჯიპიაი"- მ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მომსახურების სისტემა, წესრიგში არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან, ზუსტ გადახდას მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებს.

მომხმარებლებს ვინც თვლის, რომ "ჯიპიაი"-მ მისი უფლებები დაარღვია, შეგიძლიათ, დარეკოთ შემდეგ ნომერზე - 595 01 81 71

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური