ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 16:31
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 13 მარტი 2021 13:00

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

COVAX პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 82 ამცრელი დაწესებულება. 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება 29 ცენტრში - თბილისსა და ყველა რეგიონულ ცენტრში გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, რომლებსაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში იქნება 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ასეთი ცენტრი იქნება.

17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35 დაწესებულება, 19 მარტს კი  23 დაწესებულება. ერთი კვირის თავზე ვაქცინაციის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.

ვაქცინაცია კეთდება ორჯერადად, მეორე აცრა 8-12 კვირის ვადაში კეთდება. აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა.

სამედიცინო პერსონალი უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და შენარჩუნებაში და ამიტომ მათი დაცვა ვაქცინაციის გზით ქვეყნის პრიორიტეტია.

ეროვნული გეგმის შესაბამისად,  ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.

ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში  მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო სახელმძღვანელო უკვე შეიქმნა, იმუნიზაციისათვის მომზადებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში სამუშაოდ, სადაც აცრების პირველ ეტაპზე ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფის - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დარეგისტრირდებიან.

პირველ ეტაპზე აიცრება ის პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. ბოლო მონაცემებით ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებული პირების რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია - სამედიცინო დაწესებულებაში სასურველი თარიღის, დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა პერსონალს რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში 13 მარტს, დღის 12:00 საათიდან შეეძლება.

ვაქცინაციის პროცესის დაწყებისათვის სამედიცინო პერსონალის და  პროცესში ჩართული პირების ტრენინგები უკვე დასრულებულია.

საქართველო მზად არის, ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად დაიწყოს.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.

აცრა ნებაყოფლობითია.

COVID-19-ით  ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ით  ვაქცინაციას!

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 14:45

 ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ პროგრამას აგრძელებს სამსახურის მაძიებელთათვის . ერთი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ამ დრომდე უმუშევრები არიან. ამ დროის მონაცემებით, 1400-მდე სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა.პროექტი ევროკავშირის ინიციატივით ხორციელდება და აერთიანებს სახელმწიფო სექტორში არსებულ ბაზებს. პროექტი საქართველოში დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო და მასში ჩართულმა პირებმა უკვე გაუწიეს მომსახურება 1800-ზე მეტ სამსახურის მაძიებელ მოქალაქეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 იანვარი 2017 16:42

 

ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიულ კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირა. მთავრობამ დადგენილება, 2017 წლის ჯანდაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ, 30 დეკემბერს მიიღო, თუმცა ექიმების თქმით, სამედიცინო დაწესებულებებმა ამის შესახებ 3 იანვარს გაიგეს. 

როგორც ღუდუშაურის კლინიკის ფსიქიატრმა განაცხადა, თანხის შემცირება კლინიკების დახურვას გამოიწვევს. თუმცა დირექტორი კლინიკის დახურვის საფრთხეს ვერ ხედავს. მისი განმარტებით, კლინიკაში პაციენტები მკურნალობას საკუთარი სახსრებით გააგრძელებენ. 

„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა'' - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 11 აგვისტო 2016 13:22

„რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად, აღარ იქნება საჭირო ფურცელზე დატანა. ქსელში ჩართულ აფთიაქებს ჩანაწერზე წვდომა მაშინვე ექნებათ. პაციენტი, როდესაც ის აფთიაქში მივა, აღარ იქნება აუცილებელი, რომ მან რეცეპტი ხელით ატაროს. იგი აფთიაქის წარმომადგენელს ეტყვის გვარს, სახელს, პირად ნომერს და აფთიაქს სრული წვდომა ექნება მის მონაცემებთან“,ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მან ასევე  ელექტრონული რეცეპტის სისტემის აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება ამ სისტემის კომფორტულობასა და ოპერატიულობაზე გაამახვილა. ელექტრონული რეცეპტების სისტემის ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 30-მდე აფთიაქი. 

ჯანდაცვაში მდგრადი პროგრესი გვაქვს და ამაზე არავინ დაობს, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 22 ივლისი 2016 13:49

„ჯანდაცვაში  მდგრადი პროგრესი  ნამდვილად გვაქვს და ამაზე არავინ დაობს. თუნდაც ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი ამბობენ, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია არის დასაფასებელი.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროგრესი იყოს მუდმივი, უმჯობესდებოდეს მუდამ ის სფერო, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის“ - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციის სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.  


ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის სისტემის ცვლილებაზე მსჯელობდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 აპრილი 2016 12:16

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის ცვლილებებზე ისაუბრეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და გლობალური ალიანსის წარმომადგენლებმა.მუშაობის პირველი ფაზა უკვე დასრულდა. მსჯელობა მიმდინარეობს 14 სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემაზე, ანაზღაურების საკითხზე, ფარმაციის მიმართულებით რეგულაციებზე.გლობალური ალიანსის ექსპერტები სამინისტროს დოკუმენტების შემუშავებაში ეხმარებიან, რომელთა მიხედვითაც რეფორმა უნდა განხორციელდეს.„გასული თვე იყო ძალიან დატვირთული. ეს იყო ერთობლივი მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსა და გობალური ალიანსის. პროექტი თავისთავად ძალიან ამბიციურია. ის გულისხმობს რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი წინადადებების დოკუმენტი. ვმუშაობთ პირველადი ჯანდაცვის თემაზე. მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ასევე უნდა ვიმსჯელოთ ცვლილებებზე ექიმების კვალიფიკაციის, ანაზღაურების თვალსაზრისით, როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციული კუთხით,“ - განაცხადა გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ორსულებს დედის დღე მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 17:49

დედის დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ორსულებს უმასპინძლა და მათ დღესასწაული მიულოცა. ნინო ბერძულმა მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმას, რომელიც სამეანო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს და დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის რისკის შესაბამის მოვლას უზრუნველყოფს. აღნიშნულ შეხვედრას გინეკოლოგები – ნუკრი კინტრაია და თინიკო გაგუაც ესწრებოდნენ. მომავალმა დედებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები თავად ექიმებისგან მოისმინეს. ნინო ბერძულმა ორსულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

წამლის რეცეპტის ტელეფონით გაცემაზე ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:17
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერას არალეგალურ ქმედებას უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგიმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტის ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეძენა. "სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 14:13

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის არის განკუთვნილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ." 
გასული წლების მსგავსად, პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი. 

გვერდი 1/ 3-დან

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური