რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე 5 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივნისი 2018 11:32

რუსთაველზე, პარლამენტის წინ , სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს. 

საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი. 

თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე თქმით, პოლიცია კარავში შევიდა, იქიდან 5 პირი გამოიყვანა და სწორედ ამის გამო დაიწყო დაპირისპირება.

დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 10:39

ითქვა, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია - ამის შესახებ დეკანოზი შიო მენაბდე, რომლის შვილიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან დეკანოზის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური გამოძიებით მისი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. 

„ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული. 

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. 

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.
კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს. 

უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლად შესვენებულთა დავითისა და ლევანისა“, -წერს დეკანოზი შიო მენაბდე. 

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 02 ივნისი 2018 00:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით, ფეისბუქის გვერდზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

„სარალიძეს ჯერ რუსეთიდან მოვლენილი გახარია დაემუქრა და შემდეგ სუსმა დაუპირა გატაცება.

გახარია, ხელები შორს გამწარებული მამისგან,თორემ ამ შენ წერილს ქართველი ხალხი შენვე შეგაჭმევს“ - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ზაზა სარალიძე - სუს-მა ჩემი "მოპარვა" სცადა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 23:59

ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, - ამის შესაებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, სუს-მა მისი "მოპარვა" სცადა. "რა ვქნა, გავყვე?! ამათ უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს. ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა, სად ან რა ვითარებაში სცადა სუს-მა მისი „მოპარვა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შსს ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს სთავაზობს. „არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძეს - რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 23:07

ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა შენს გვერდშია, - ამ სიტყვებით მიმართა მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძეს. 
„მე ზაზას თანადგომას ვუცხადებ და მის გვერდში ვარ. ჩემი ტრაგედია და ზაზას ტრაგედია ერთია. მინდა ყველას მოგმართოთ, მოდით ის გამოძიება, რომელზეც კითხვები გვიჩნდება, გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ“, - განაცხადა დადუნაშვილმა.

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 ივნისი 2018 13:34

ბრალდების მხარე არ ეთანხმება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი პირების გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. 

გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ.დ.-ს განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დ.ს.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, ხოლო არასრულწლოვან მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს 10 წლისა და 6 თვის ვადით, ხოლო მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს 9 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 13:20

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებასთან დაკაშირებით მოკლული არასრულწლოვანი მამის გამოთქმულ პრეტენზიებს და ამ საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქო აუცილებლად თვლის, რომ ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება მოხდეს, იმისთვის რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას:


„ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა.

დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა.

ბატონი ზაზა აცხადებს, რომ იგი თვეების მანძილზე ცდილობდა სამართალდამცავთა ყურადღების მიპყრობას პოზიციის დასაფიქსირებლად, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.

ეს ადამიანი არის სამართლიანად განაწყენებული და ამდენად მართალი, თუნდაც მისი არგუმენტები არ იყოს ბრალდებისათვის საკმარისი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩქარებულის წესით ხელახლა დაიწყება გამოძიება, რომ შეიქმნება საპარლამენტო სპეციალური კომისია და უცხოელ ექსპერტებსაც მოიწვევენ, – რა თქმა უნდა, წინგადადგმული დიდი ნაბიჯია; შევნიშნავთ იმასაც, რომ ყველასთვის აუცილებელია გამოძიებისთვის სწორი ჩვენებების მიცემა და ამის პასუხისმგებლობის გაცნობიერება, მისასალმებელია საზოგადოების მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფა, მაგრამ გასაკეთებელი სხვაც ბევრია.

ეკლესია გამაერთიანებელია და, ბუნებრივია, ყველას მშვიდობისაკენ მოვუწოდებთ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალაური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

ამ მიმართულებებით ქმედითი ღონისძიებების სწრაფი წესით გატარება უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას კარგა ხნის წინ გაჩენილი განცდა დაუცველობისა და უსამართლობისა მოეხსნას.

თუ ხელისუფლება გამოიჩენს მკაფიო პოლიტიკურ ნებას, ვფიქრობთ, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის ეფექტური გამოძიება ამ პროცესის ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება იქცეს.“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძე ბავშვობაში, მშობლებთან ერთად

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 ივნისი 2018 13:15

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

 

სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:55

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. 
 
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. 

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“ , - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალეკო ელისაშვილი - პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:50

მთავარ პროკურატურასთან, სადაც ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ალეკო ელისაშვილი მივიდა. მისი თქმით ის მზად არის ყველა იმ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ზაზა სარალიძე დაგეგმავს. 

„შვილები მყავს და არ მინდა ჩემ შვილებს სკოლაში ისეთი რამ დაემართოთ, რაც მოხდა და მეორეც არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა აი, ესე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური