საგარეო უწყების კომენტარი ღია ცის ხელშეკრულების საკითხზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 მაისი 2020 12:38

წლების განმავლობაში, რუსეთი სისტემატურად არღვევს ღის ცის ხელშეკრულების დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზირებას. 2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.
ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა ღია ცის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას ღია ცის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10 კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და  დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად. 
ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას. 
ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.
რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ ღია ცის ხელშეკრულების დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია თუ არა, ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ განცხადებებით, რუსეთი ცდილობს ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების, მის მიერვე დარღვევა. 

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 მარტი 2019 11:08

21 მარტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და Hyundai Samho Heavy Industries - ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და Hyundai Samho Heavy Industries ვიცე პრეზიდენტმა იუნგ ჰო იომ მოაწერეს.
უდიდესი კორეული კომპანია ანაკლიის პორტის თანამედროვე ტიპის ამწეების პროვაიდერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის გიგანტური ამწეებს მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში მყოფი გემთმშენებელი კომპანია HSHI -ი დაამონტაჟებს.
ტენდერი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად კონსორციუმის პარტნიორი კომპანიები - საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი SSA Marine-ი და დეტალური პროექტის ავტორი BergerABAM-ი უძღვებოდნენ. ტენდერის საბოლოო ეტაპზე 4 წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ფინეთიდან, კორეიდან, ჩინეთიდან.
HSHI მსოფლიოში სიდიდით მეოთხე გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 40 ხომალდს აგებს. მის პროდუქტებს შორისაა გემები, ტანკერები, საკონტეინერო გემები, მშრალი ნაყარი ტვირთის გადასაზიდი და სხვა ტიპის ხომალდები, ასევე სანავსადგურე სფეროსთან დაკავშირებული სხვა ტექნიკა, მათ შორის, უახლოესი ტექნოლოგიებით აგებული თანამედროვე ტიპის ამწეები. კომპანიის ყოველწლიური ბრუნვა 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“- ზე 37 -ჯერ მძიმე იქნება. პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დაკომპლექტდეს. იგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიების, ეგრეთ წოდებულ STS (Ship-to-shore) ამწეების დამონტაჟება, რომლებიც საქართველოს პორტებში პირველად ხდება. STS ტიპის ამწეები დღეს ისეთ მძლავრ პორტებში ფუნქციონირებს, როგორებიცაა სინგაპურის, შანხაის, როტერდამის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ნავსადგურები.
„Hyundai Samho Heavy Industrie მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. ის პორტში აქამდე არნახულ და მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებს და უახლესი ტექნოლოგიის გიგანტურ ამწეებს დაამონტაჟებს. მისი პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც რომ ის დიდი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და მის პროდუქტებს შორის დიდი საკონტეინერო გემები, ტანკერები და სხვადასხვა ტიპის ხომალდებია. თანამშრომლობას სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ ,“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში, ხოლო მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითრების ბანკმა 50 მლნ აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 13:25

თიბისი ბანკმა და ჩინეთის განვითარების ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს არის ყველაზე მსხვილი სასესხო რესურსი, რომელიც ჩინეთის განვითარების ბანკმა ქართულ კომპანიას გამოუყო. აღნიშნული თანხა ზოგად კორპორაციულ მიზნებს მოხმარდება და თიბისი ბანკს საქართველოს ბაზარზე ფინანსური ოპერაციების გაფართოებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტში და ჩინეთთან  სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულ მომხმარებლებს.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად, ქართული პროდუქცია თავისუფლად არის წარმოდგენილი ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა - 2017 წლის მონაცემებით, ექსპორტის, უცხოური ინვესტიციების, ფულადი გადარიცხვებისა და ჩინეთიდან ტურისტული ვიზიტების წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8% შეადგინა (იგივე მაჩვენებელი 2012 წელს 0.7% იყო).

„ვამაყობთ, რომ ჩინეთის განვითარების ბანკთან პირველი ტრანზაქცია განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი პოზიტიური ეკონომიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს პირველი ტრანზაქცია  წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია. შესაბამისად, მომავალში ნაყოფიერი პარტნიორობის არაერთ წელიწადს ველით“, - განაცხადა თიბისი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი შაგიძემ.

ჩინეთის განვითარების ბანკის შესახებ:

ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს მთავრობის დაფინანსებით დაარსდა და ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი სახელმწიფო საბჭოს უშუალო ზედამხედველობით. ის წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინანსური განვითარების ინსტიტუტსა და ჩინეთის უმსხვილეს ბანკს უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივას. ბანკი ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, საწარმოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, მანქანა-დანადგარების წარმოების, ფინანსურ, სოფლის მეურნეობისა და სხვა წამყვან სფეროებში.

1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:21
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

საუკუნის ახალი ხელშეკრულება: ახალი ეტაპი აზერბაიჯანისა და საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
შაბათი, 23 სექტემბერი 2017 22:42

როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში ჩატარდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში საბადოები „აზერის“, „ჩირაგის“ და საბადო „გუნაშლის“ (აჩგ) სიღრმეზე მდებარე ნაწილის ერთობლივად დამუშავების და ნავთობის მოპოვების წილების განაწილების შესახებ შესწორებული და ხელახლა შედგენილი ხელშეკრულების ხელის მოწერის ცერემონია.
ცერემონიაში მონაწილეობას ღებულობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, აშშ–ის, თურქეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები, კომპანიები „BP”–ის, “Chevron”–ის, “INPEX”–ის, “Statoil”–ის, “ExxonMobil”–ის, ”TP”–ის, „ITOCHU”–ის და “ONGC Videsh”–ის წარმომადგენლები.
მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტიანმა პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკისგან შორს მყოფი, ანტი–აზერბაიჯანული პოზიციის მქონე ზოგიერთი ძალები აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება არის უსარგებლო.
სინამდვილეში ამ ხელშეკრულებას გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ ძალებს არ უნდათ ამის დანახვა ან განზრახ არ ხედავენ ამას.
ხელის მოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებას გააჩნია დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის: „ამ საბადოების დამუშავება გაგრძელდება 2050 წლამდე. ამ კონტრაქტზე ხელი მოეწერება აზერბაიჯანისთვის უფრო მომგებიანი, უკეთესი პირობებით. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ უცხოური ინვესტორები ჩვენს ქვეყანას გადაუხდიან ბონუსს 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. SOCAR–ის წილი აწეული იქნება 25 პროცენტამდე. ნავთობის მოგების დონე, რომელსაც მიიღებს აზერბაიჯანი, იქნება 75 პროცენტი.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ „საუკუნის ხელშეკრულების“ ხელმოწერის დროს ნავარაუდევი იყო, რომ „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ში არის 511 მილიონი ტონა ნავთობი. მაგრამ რეზერვებმა გაადაჭარბეს პროგნოზებს. ამჟამად „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ში არის 500 მილიონი ტონა მოუპოვებელი ნავთობი“.
მოპოვების წილების განაწილების შესახებ შეცვლილი და ხელახლა შემუშავებული ხელშეკრულების საფუძველზე BP რჩება პროექტის ოპერატორად. როგორც ხელშეკრულების ერთი ნაწილის, SOCAR–ის აჩგ–ში მონაწილეობის წილი 11,65 პროცენტიდან აწეული იქნება 25 პროცენტამდე და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდს გადაუხდიან ბონუსს 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. არსებობს იმის პოტენციალი, რომ მომდევნო 32 წლის განმავლობაში აჩგ–ში ჩადებულ იქნას 40 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ხელშეკრულების დამტკიცების შემდეგ აჩგ–ში პარტნიორების მონაწილეობის ახალი წილები იქნება შემდეგი შეფარდებით: BP-30,37 პროცენტი, AzACG (SOCAR) - 25,00 პროცენტი, Chevron- 9,57 პროცენტი, INPEX- 9,31 პროცენტი, Statoil- 7,27 პროცენტი, ExxonMobil- 6,79 პროცენტი, TP- 5,73 პროცენტი, ITOCHU- 3,65 პროცენტი და ONGC Videsh Limited (OVL)- 2,31 პროცენტი.
ამ ხელშეკრულების შემდეგ SOCAR–სა და პარტნიორებს შორის აჩგ სახელშეკრულებო ტერიტორიისთვის მოპოვების დამატებითი პტალფორმის შეფასების მიზნით მიღწეულია შეთანხმება საინჟინრო–საპროექტო სამუშაოების ჩატარების შესახებ.
კომპანია BP–ის გენერალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ დადლიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გასული 23 წლის განმავლობაში „საუკუნის ხელშეკრულებამ“ წარმატება მოუტანა აზერბაიჯანს და ყველა ჩვენთაგანს, გააუმჯობესა ენერგიის მიწოდება ევროპაში და ეს სამუშაოები. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აზერბაიჯანის ისტორიაში, რადგან ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო 32 წლის განმავლობაში ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და განვახორციელოთ აჩგ–ის გრძელვადიანი დამუშავების პოტენციალი და ახალი ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით და ახალი ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმუმამდე ავიყვანოთ ნავთობის მოპოვების კოეფიციენტი: „ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით სწორი იქნება ამ ხელშეკრულებას ვუწოდოთ „საუკუნის ახალი ხელშეკრულება“, – აღნიშნა ბ. დადლიმ. 
თურქეთის ენერგო და ბუნებრივი რეზერვების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმაც თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ხელშეკრულების მნიშვნელობას.
ბ. ალბაირაქმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს TANAP–ის მიერ საქმიანობის დაწყება გახდება ისტორიული მოვლენა: „2019 წელს გაერთიანდება TANAP–თან და იქცევა ევროპისათვის გაზის მე–4 სტრატეგიულ წყაროდ. აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობა მნიშვნელოვანი მაგალითია ევროპისათვის. მომავალ წელს TANAP–თან ერთად დაიწყება 16 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტირება“.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „საუკუნის ხელშეკრულებიდან“ გასული ოცდასამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩადებულ იქნა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და მსოფლიო ბაზარზე გამოტანილ იქნა სამ მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი. მან გამოხატა კმაყოიფილება იმით, რომ ხელშეკრულების გაგრძელება ჩვენს ქვეყნებს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ელია ელოშვილმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულების ხელის მოწერის დღე არის დიდი და ისტორიული დღე. მან აღნიშნა, რომ არის დიდი მიღწევები და გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნების ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ხელშეკრულების მომცველ პარტნიორ ქვეყნებს, არამედ მილიონობით ადამიანს.
საქართველო, როგორც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, გამოიჩენს ძალისხმევას ჩვენი თანამშრომლობის ამის შემდეგაც გაფართოვებისათვის. საქართველო მიესალმება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი თანამშრომლობის ამის შემდეგაც განვითარებისათვის უფრო მეტად გააძლიერებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტარის მოადგილემ მანაბუ ჰორიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სტაბილური ენერგომომარაგების განხორციელების, ენერგოწყაროების განშტოების თვალსაზრისით „აზერი–ჩირაგ–გუნაშლი“–ს იაპონიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიბ ერდოღანმა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ, ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ტერჟე სოვიქნესმა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ მილოცვის წერილებში განსაკუთრებულად აღნიშნეს, რომ „ერთობლივი დამუშავების და მოპოვების წილების განაწილების ხელშეკრულების“ გაგრძელებას აქვს ისტორიული მნიშვნელობა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ აზერბაიჯანი მომავალშივ თავს გაამართლებს, როგორც გლობალური ენერგომომმარაგებელი.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს პროექტი არის იმ ეფექტური თანამშრომლობის ერთ–ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც განხორციელდება საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სტაბილურობის დამყარებასა და ჩვენი ხალხების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ევროპის ენერგო უსაფრთხოებაში და წარმატებით აგრძელებს ამ როლის შესრულებას.
ამავე დროს, ეხლანდელმა მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ აზერბაიჯანი თავისი პოტენციალითა და შესაძლებლობებით არ არის 1990–იან წლებში ახლად შექმნილი ქვეყანა. აზერბაიჯანი ისეთი ქვეყანაა, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ხარჯზე.
და მეორეც, იმ დროს ქვეყანაში პრაქტიკულად არ იყვნენ საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტები. არ იყვნენ კოპმანიები, რომლებიც სუბსაკონტრაქტო სამუშაოებს შეასრულებდნენ ევროპული ნორმატივების შესაბამისად, ხოლო აზერბაიჯანს არ ჰქონდა საკუთარი წილის დაფინანსების შესაძლებლობა. ხოლო დღეს სხვა მდგომარეობაა. ქვეყნის სავალუტო რეზერვები აღემატება 40 მილიარდ დოლარს, არის პოლიტიკური სტაბილურობა, ხდება ეკონომიკის ზრდა, ინფრასტრუქტურის განვითარება, აზერბაიჯანს გააჩნია ავტორიტეტი რეგიონში და იგი განავითარებს საკუთარ ბიზნესს მეზობელ ქვეყნებში.
აქედან გამომდინარე ცნობილი ხდება, რომ სწორედ ეს აწუხებს ანტი–აზერბაიჯანულ ძალებს და ისინი ყოველ ნაბიჯზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის განხორციელებით ცდილობენ დარტყმა მიაყენონ მის გაზრდილ ავტორიტეტს. ჩვენ გვჯერა, რომ მათი ეს სურვილი დარჩება აუხდენელი.

ხატაი აზიზოვი

AZERTAC-ის საკუთარი კორესპონდენტი

ევროპოლი და საქართველო ტრანსსასაზღვრო დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 08 აპრილი 2017 09:47

4 აპრილს თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაიტმა ხელი მოაწერეს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას" მძიმე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას, რაც ასევე მოიცავს ეჭვმიტანილ დამნაშავეთა პირად მონაცემებს და ოპერატიული ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.
"ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი გახდება, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. „საქართველო სრულად ითანამშრომლებს ევროპოლთან და გარდა ამისა, გააძლიერებს სამართალდაცვის სფეროში არსებულ ეფექტურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით", აღნიშნა მინისტრმა.
თანამშრომლობის ეს ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი იქნება დანაშაულის ძირითად სფეროებთან გასამკლავებლად, რომელთაც გავლენა აქვთ ევროკავშირზეც და საქართველოზეც. ეს სფეროებია ნარკო-ტრეფიკინგი, ქონებასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და მიგრანტების ფარული გადაადგილება.

წყარო: http://www.euneighbours.eu

გაეროს უმაღლესი კომისარის ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ჰუსეინის განცხადება ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 22:00

1966 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა ორი ფუნდამენტური  ხელშეკრულება (პაქტი) დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანი და რელევანტურია როგორც ნახევარი საუკუნის წინ და მათი რატიფიცირება უნდა მოხდეს ყველა სახელმწიფოს მიერ, განაცხადა გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში ზეიდ რაად ჰუსეინმა თავის განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით გააკეთა.
ზეიდის მოწოდება  გაკეთდა   იმ ორი საერთაშორისო პაქტის 50 წლისთავთან დაკავშირებით , როგორიცაა სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი  და ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი.
“ეს ორი პაქტი წარმოადგენს  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძველს“, განაცხადა ზეიდმა. „დღეის მდგომარეობით  168 სახელმწიფომ მოახდინა სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების პაქტის  რატიფიცირება და 164 სახელმწიფომ კი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტის რატიფიცირება, თუმცა  27 სახელმწიფოს მიერ არცერთი პაქტის რატიფიცირება  არ მომხდარა  და რვა სახელმწიფომ კი მხოლოდ ერთი პაქტის რატიფიცირება განახორციელა. გასული 5 წლის განმავლობაში ამ ორი პაქტის რატიფიცირების ტენდენცია შემცირდა და წელიწადში საშუალოდ მხოლოდ  ერთი პაქტის რატიფიცირება ხორციელდება“, აღნიშნა მან.  
“დღეს ჩვენ ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორიცაა კლიმატის ცვილილებები, ტერორიზმი, რელიგიური და ეთნიკური  უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების  გახშირებული შემთხვევები, შეკრების  და გაერთიანების თავისუფლების, მშრომელთა უფლებების შეზღუდვა ,  ასევე ციფრული ტექნოლოგიების მზარდ სამყაროში, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვა”,  განაცხადა ზეიდმა.  
 “რთული არჩევანის წინაშე ვდგავართ იმის გამო, რომ თანამედროვე სამყაროში ტოლერანტობისა და ჰუმანურობის ნაკლებობის გამო გამოწვევებიც მრავლადაა. ორივე პაქტი, ისევე როგორც ამ პაქტებთან დაკავშირებული იურისპრუდენცია, რომელიც დადგენილია  მათ იმპლემენტაციაზე ზედამხედველი ექსპერტთა კომიტეტების მიერ, გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს”, განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.
„ორივე  პაქტი ძალიან დეტალურად განსაზღვრავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა თავისუფლება შიშისაგან, თავისუფლება გაჭირვებისაგან, გამოხატვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება. ასევე ორივე  პაქტით დეტალურად არის განსაზღვრული ის უფლებები, რომლებიც ცხოვრების ბევრ სხვა ასპექტს მოიცავს: თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება, უსაფრთხოების უფლება, განათლების უფლება, ჯანმრთელობის უფლება, ქალის და მამაკაცის თანასწორობა  და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა”, განაცხადა მან,
“ ეს ორივე პაქტი არ არის მშრალი, აბსტრაქტული იურიდიული ტექსტი, არამედ  მნიშვნელოვანი საშუალებაა იმისათვის, რათა მოხდეს ჩვენი თავისუფლებების დაცვა და მათი ხელშეწყობა, ხოლო კრიზისის დროს კი თანმიმდევრული და ადამიანური  გადაწყვეტილებები მივიღოთ. ქვეყნებში სადაც მოხდა რატიფიცირება, ეს პაქტები მნიშნელოვან ზეგავლენას ახდენენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ”,  ხაზი გაუსვა უმაღლესმა კომისარმა.
“სახელმწიფოებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი მხრიდან პაქტების რატიფიცირების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების განხორციელების გაუმჯობესებას”, განაცხადა ზეიდმა.
“ორივე პაქტი ასევე საშუალებას მისცემს ხალხს, რომ გახადოს მთავრობა ანგარიშვალდებული სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელებაზე /დაცვაზე და ასევე უზრუნველყოს იმ პირების კომპენსაცია, რომელთა უფლებებიც დაირღვა,”დაამატა მან.
“თუმცა 50 წელი გავიდა პაქტების მიღებიდან, მაგრამ ბევრმა ადამიანმა არ იცის თავიანთი უფლებების/მათი განხორციელების შესახებ. ამიტომ ჩემი ოფისი იწყებს ერთ წლიან კომპანიას სათაურით “ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის”, რათა მოხდეს პაქტების განხორციელების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება.   
შეამოწმეთ,რომელმა ქვეყნებმა მოახდინეს ორი პაქტის და ასევე ადამიანის უფლებათა სხვა ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება:  http://indicators.ohchr.org/
უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად თემაზე” “ჩვენი უფლებები, ჩვენი თავისუფლებები, ყოველთვის” იხილეთ ბმული: http://www.ohchr.org/EN/NewsEvents/HRDay2015/Pages/HRD2015.aspx
ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია მიღებული იქნა 1948 წელს და წარმოადგენს ერთიან სტანდარტს ყველა ერისა და ხალხისათვის. იგი პირველი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს, რომ ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური სტანდარტები უნდა იყოს დაცული. მაგრამ მას არ გააჩნია იურიდიული ძალა. იურიდიული ძალის მქონეა ორი პაქტი, რომელიც 1966 წლის 16 დეკემბერს და 1976 წელს შევიდა ძალაში. ეს ორი პაქტი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან ერთად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილს.

სს ლიბერთი ბანკსა და სს პროკრედიტ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 15:31

სასიამოვნო სიახლე სს ლიბერთი ბანკისა და სს პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის:  2015 წლის 9 დეკემბერს, სს პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში ორ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის აქტს მოეწერა ხელი, რომლიც მიხედვითაც  ორი ბანკი ერთმანეთს ე.წ. “Host to host“ კავშირით დაუკავშირდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პლასტიკური ბარათის მფლობელები ლიბერთი ბანკისა და  პროკრედიტ ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდებას შეღავათიანი ტარიფებით შეძლებენ.
სს ლიბერთი ბანკისა და სს პროკრედიტ ბანკის ბანკომატების ჯამური რაოდენობა 500-ზე მეტია და შესაბამისად მომხმარებლებისთვის თანხის განაღდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
პროკრედიტ ბანკის VISA/Master Card და VISA Business ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას ლიბერთი ბანკის ბანკომატებში პროკრეტის ბანკში მოქმედი ტარიფით შეძლებენ, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები კი პროკრედიტ ბანკის პოს ტერმინალებში VISA/Master Card ბარათის გარდა ანგარიშსწორებას ახლა უკვე PAY/UPI სისტემის ბარათებითაც შეძლებენ. PAY არის ლიბერთი ბანკის ადგილობრივი საგადამხდელო სისტემა, რომლის პლატფორმაზეც შექმნილია 1.6 მილიონზე მეტი ბარათი.
„მოხარული ვართ, რომ პროკრედიტ ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის მომხმარებლებისთვის სასიამოვნო თანამშრომლობა შედგა.  დღეიდან, ორივე ბანკის კლიენტები თანხის განაღდებას კიდევ უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლებენ და ამასთან ტარიფი რჩება უცვლელი. “ - აღნიშნა   პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ალექსი მატუამ.
„ლიბერთი ბანკმა უკვე მესამე კომერციულ ბანკთან გააფორმა Host to Host ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს აქვს თანხის განაღდების და ბარათით გადახდის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები და მრავალფეროვანი არჩევანი“ - აღნიშნა დავით ნინიძემ, ლიბერთი ბანკის ალტერნატიული საბანკო არხების მენეჯერმა.

აზიის განვითარების ბანკი და საქართველო ხელს აწერენ წყალარინების და სანაპირო ზოლის გაუმჯობესების სასესხო ხელშეკრულებებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 14:51

 აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა $75 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას ზუგდიდსა და მესტიაში წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით და $20 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას შავი ზღვისპირა ტურისტული კურორტის, ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიის აღმოსაფხვრელად.

 “პირველი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდება წყალარინების სისტემაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება - რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,” განაცხადა ქ-მა იეშიმ ელჰან-კაიალარმა, ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა. “მეორე პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმის შემდგომ განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ეკონომიკის ზრდას.”

"გაზპრომთან" ხელშეკრულება 2003 წელს გაფორმდა, - კახა კალაძე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 11:54

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გაზის დამატებითი მოცულობის მიღება აუცილებელია, რომლის მოწოდებასაც აზერბაიჯანი ვერ უზრუნველყოფს და ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაზპრომთან გაგრძელდება. 

ენერგეტიკის მინისტრმა რუსეთიდან საქართველოში ბუნებნრივი აირის იმპორტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანია გაზპრომი საქართველოს ბაზარზე ყოველთვის ოპერირებდა. მან წარმოადგინა 2013-14 წლების მონაცემები, სადაც მოცემულია თუ რა  მოცულობით  შემოდიოდა ბუნებრივი აირი რუსეთიდან გასულ წლებში. მინისტრმა ისაუბრა ხელშეკრულებაზე, რომელიც გაზპრომთან 2012 წლის 5 აპრილს გაფორმდა და რომელსაც ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აწერს. 2003 წლიდან დღემდე "გაზპრომთან" ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებულია 21 დამატება, ვადის გაგარძელების ასევე, სხვადასხვა ტექნიკური საკითხების დარეგულირების მიზნით.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური