ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება უსუსურია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:47

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ,,ახალი მემარჯვენეები” განცხადებას ავრცელებენ. როგორც პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი, მთლიანად საზოგადოება ვალდებულია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას. ,,ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, არსებული ვითარება ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და საფრთხეს შეუქმის მის ევრიპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების პერსპექტივას.

,,ნიუსდეი“ უცვლელად გთავაზობთ მამუკა კაციტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

,,ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან მედია საშუალებებზე კონტროლის განხორციელების მცდელობას, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის და სისასტიკის ამსახველი კადრების ტირაჟირებას მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა, რის შედეგადაც მასობრივი ხასიათი მიიღო შენობა-ნაგებობების დარბევამ, მკვეთრად გამოხატულმა აგრესიამ და ურთიერთშეურაცხყოფამ. ამ ყველაფრის შედეგად მოხდა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და დაძაბულობის ესკალაცია, რამაც საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მშვიდობას.

სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში საგანგაშოდ გამოიყურება ხელისუფლების უმოქმედობა და უსუსურობა საზოგადოებრივი წესრიგის და არეულობის ფაქტების აღკვეთის მიმართ. მეტიც, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ხელისუფლება არათუ ცდილობს ამ ქმედებების აღკვეთას, არამედ ეს ყველაფერი ორგანიზებულია სწორედ მის მიერ. კიდევ უფრო შემაშფოთებელია პრემიერ-მინისტრის, ჩვენი აზრით, სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელმაც სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო წააქეზა და წაახალისა წესრიგის დამრღვევები.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ხელი დაიბანა პატიმართა მიმართ ჩადენილი სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დამკვეთების და შემსრულებლების გამოვლენასა და დასჯაზე და ნებსით თუ უნებლიეთ უბიძგა მოქალაქეთა ცალკეულ ჯგუფებს ე.წ. ლინჩის წესით ანგარიშსწორების დამკვიდრებისაკენ.

მიგვაჩნია, რომ ყოველივე ეს ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და შესაბამისად, ჩვენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივაზე და სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსთვის, რაც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გადაწყდეს.

ამ ყველაფერზე, ცხადია პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ვერ სძლია ცდუნებას და საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ვერ მოახერხა ეჭქვეშ არ დაეყენებინა ქვეყანაში სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამჯერად მაინც უზრუნველყოს საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება და სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში, რისთვისაც აუცილებელია: დამნაშავეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა; მედიის თავისუფლების პრინციპების და სხვა დემოკრატიული ღირებულებების უპირობო დაცვა.

ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, მთელს საზოგადოებას და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, გამოვიჩინოთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებას; არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, თავისუფალ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში“, - ნათქვამია ,,ახალი მემარკვენეების“ ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებაში.

შეთქმულება ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად-იზორიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:50

.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამზებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

ნოდარ ხადური ხელისუფლების დაპირებას არ ასრულებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 14:11

ნოდარ ხადურმა საზოგადოებას ფინანსთა სამინისტროს ანგარიში წარუდგინა და რამდენჯერმე განაცხადა, რომ მათი საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული. მინისტრის საქციელი კი საპირისპიროზე მეტყველებს - ხადური ბიზნესმენებთან შეხვედრას თავს არიდებს. მინისტრი ბიზნესს რეგულაციებს კონსულტაციების გარეშე უცვლის და უწესებს.

მაგალითად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების ასოცოაციის სახელით გაკეთებული განცხადება გამოდგება. ბიზნესმენები უკვე რამდენიმე თვეა ფინანსთა მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ და როგორც აცხადებენ, სახელმწიფო უწყებების მხრიდან პასუხიც კი არ მიუღიათ.

მეწარმეები უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესის შემოღებას არ ეთანხმებიან. სანამ ნოდარ ხადური მარკირების დაწყების შესახებ ბრძანებას გამოსცემდა, ბიზნესმენებმა მას შეხვედრის თხოვნით მანამდე მიმართეს. მინისტრმა მეწარმეებთან საუბარი არ ისურვა და ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე გამოსცა ბრძანება. მეწარმეებმა ამის შემდეგაც რამდენჯერმე მიმართეს მინისტრს და სთხოვეს, არგუმენტები მოესმინა. ხადური მათ არ შეხვდა.

რას გულისხმობს მინისტრი, როცა აცხადებს, რომ სამინისტროს საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული, გაუგებარი ხდება.

„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე აცხადებდა, რომ არანაირ რეგულაციას, საგადასახადო ნორმას, აქციზის ფასს ბიზნესმენებთან კონსულტაციის გარეშე არ შეცვლიდა. ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა - გადაწყვეტილება ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ მინისტრმა არა თუ კონსულტაციის შედეგად, არამედ დასაბუთების წარდგენის გარეშე მიიღო.

ნოდარ ხადურის გადაწყვეტილება სახელმწიფოს ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი დაუჯდება - მეწარმეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი მარკირებაში წელიწადში 6 მილიონ ლარს გადაიხდის. მარკირების საფასურს შემოსავლების სამსახური შვეიცარიულ კომპანიას გადაუხდის. ხადურის მიერ განსაზღვრული ფასი შესასრულებელი სამუშაოს თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტია. დარგში აღურიცხავობის პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს და ამას შემოსავლების სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს - უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე აღურიცხავობის მასშტაბური ფაქტი ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა. ფინანსთა მინისტრმა გადაწყვიტა, არარსებულ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტს მილიონობით ლარის გადასახადი დააკისროს.

კითხვა ბევრია - მარკირების ფასი, პრობლემის არარსებობა, მილიონები ბიუჯეტიდან, შერჩეული კომპანია, რეგულაციის მოქმედების ვადა... ნოდარ ხადური არც ბიზნესს და არც საზოგადოებას პასუხს არ სცემს. ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა მეწარმეებს არ ხვდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ხელისუფლება" ფატუ ბენსუდას ოფისთან ითანამშრომლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:05

სიტყვიერ დონეზე გაკეთებული განცხადებებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისთან ითანამშრომლებს, - ამის შესახებ ბენსუდასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა. 
მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაცია თავად ჰააგის პროკურორმა მიაწოდა. 
"ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც ამ შეხვედრაზე დაისვა, იყოს ის, როგორ აპირებს პროკურორის ოფისი ობიექტური გამოძიების წარმოებას იმ პირობებში, როდესაც სავარაუდოდ ხელი შეეშლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ მტკიცებულებების შეგროვებაში. პროკურორმა განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის, სიტყვიერ დონეზე დეფაქტო ხელისუფლება აკეთებეს განცხადებებს, რომ ისინი ითანამშრომლებენ პროკურორის ოფისთან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ფატუ ბენსუდას განცხდება იმის თაობაზე, რომ ტერიტორიაზე შესვლა არ არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რათა მოპოვებული იყოს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორის ოფისს არ მისცემენ დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას, მას აქვს სხვა მთელი რიგი შესაძლებლობა და მეთოდოოგია, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს. უპირველესად საუბარია რა თქმა უნდა დაზარალებულებთან ინტერვიუებსა და ფოტომასალებზე, რომელიც უკვე დოკუმენტირებულია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 
ფატუ ბენსუდა არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. მანამდე კი, შეხვედრები გამართა საქართველოს ისუტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან.

"ხელისუფლება რუსთავი 2-ს არ დახურავს," - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 14:37

"ხელისუფლება რუსთავი2-ს არ დახურავს," - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პარლამენტში გააკეთა.

ეკა ბესელიამ სესიაზე რუსთავი 2-თან დაკავშირებით ისაუბრა. 

"თუ ვინმე დღეს ახდენს ძალადობას, თუ ვინმე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ამ ტელევიზიაზე, მოსამართლეებზე, სასამართლოზე. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის თქვენი პოლიტიკური გუნდი, ამას აკეთებდით და აკეთებთ დღესაც. რუსთავი 2-ზე კვალიფიციური ჟურნალისტი მუშაობს, არ მგონია შემთხვევითი იყოს ის, რომ ბევრმა ცნობილმა სახემ დატოვა ეს ტელევიზია. არც ის მგონია შემთხვევითი, რომ ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს მოუწყობს, თუმცა ამის მიუხედავად, "ხელისუფლება რუსთავი 2-ს არ დახურავს და სამართლებრივ დავაში არ ჩაერევა", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 13:37

ჰააგის სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოხმაურება მოყვა თბილისში. როგორც პოლიტიკოსები აცხადებენ, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წელს ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა ეთნიკური წმენდა.

„რადგან დგას დღის წესრიგში ეს საკითხი, დანარჩენი მსოფლიოც დარწმუნებულია იმაში, რომ აქ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება“ - აცხადებს ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძე.

საპარლამენტო უმცირესობა მოუწოდებს ხელისუფლებას აქტიურად ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან, პროკურორის ოფისთან და ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი ფაქტებთან დაკავშირებით დროულად იქნას მიწოდებული

„ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უკვე სამართლებრივად, საერთაშორისო ტრიბუნალის მეშვეობით აჩვენოს რა დანაშაული ჩაიდინა რუსეთმა საქართველოში. თუმცა, ამას ჭირდება საქართველოს მთავრობის სერიოზული ძალისხმევა, რომ ყველა დოკუმენტაცია იყოს დროულად მიწოდებული და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ჰააგის სასამართლომ ამის კარგად დოკუმენტირება შეძლოს“ - განმარტა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიებას მოითხოვს. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ წინადადებით უკვე მიმართა მოსამართლეებს.

ფირცხალავას მუქარა ხელისუფლებას

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 16:06

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ დაცვის მხარეს მოწმეების სასამართლოში მოყვანის უფლება არ ეძლევა.

ამის შესახებ ფირცხალავამ დღესვანდელ პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მოწმეები შსს-ს თანამშრომლები არიან და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

„მივმართავ სახალხო დამცველს, პარლამენტს, პრეზიდენტს და ჩამოსულ ევროპარლამენტართა დელეგაციას. ხელისუფლებას პარასკევამდე დროს ვაძლევ. პარასკევამდე თუ ეს ადამიანები არ გამოჩნდებიან, მე მივმართავ რადიკალურ ზომებს. თუ რა ზომას მივმართავ, ამას პარასკევს მოგახსენებთ“, - მიმართა ფირცხალავამ მოსამართლეს.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

"სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან"-ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 10:28

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშს კანონმდებლები აფასებენ.

უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციის შენიშვნებს არ იზიარებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მასზე არანაირი პოლიტიკური ზეწოლა არ ხორციელდება და ყოფილი ხელისუფლების წევრები  პოლიტიკური ნიშნით არ იდევნებიან.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ განაჩენი პროკურატურას არ გამოაქვს და გამოაქვს სასამართლოს. ამიტომ, ნებისმიერი კითხვა, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს უჩნდება, სასამართლო ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული. როგორ გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იქნება უგულავა, ახალაია, თუ ვინმე სხვა, მოსამართლის დამოუკიდებლობის სივრცეა და მასში ვერავინ ჩაერევა,"-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანგარიშში მოყვანილ შეფასებებს საპარლამენტო უმცირესობა იზიარებს. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ 11 ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე შეისწავლა.

NGO-ები ხელისუფლებას, სასამართლო სისტემას და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 11:56

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმა განხორციელდა, რჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

"ჩვენ, ქვემორე ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვსურს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემის მიმართულებით, რაც გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ, რაც სერიოზულ მონაპოვარს წარმოადგენდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში, საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისკენ. სხვა მოვლენებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დეკლარირება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით არაერთი რეფორმა დაიგეგმა და განხორციელდა, რჩება უმნიშვნელოვანესი გამოწვევები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე.

1. საარჩევნო რეფორმა

საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, საარჩევნო დავები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს ის საკითხებია, რომელთა დაკავშირებითაც საარჩევნო რეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს. აღნიშნული საკითხებიდან, უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტს არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ცვლილება წარმოადგენს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა.

ზემოხსენებული გამოწვევების გადასაჭრელად, საარჩევნო სისტემის თაობაზე, 14 პოლიტიკურ პარტიასა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, უპრეცენდენტო კონსენსუსი შედგა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას წარედგინა ერთიანი ხედვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული მოსაზრებები არ იქნა გაზიარებული მმართველი კოალიციის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა საკუთარი ხედვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ზომების გათანაბრებისა და მაჟორიტარული არჩევნებისთვის 50%-იანი ბარიერის შემოღების შესახებ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება მოქმედი საარჩევნო სისტემის პრობლემებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია.

ასევე, უნდა ითქვას, რომ დაინტერესებული მხარეებისთვის დღემდე არ არის ცნობილი ახალი მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, კერძოდ, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარულ ოლქებს შორის დისპროპორციის პრობლემის გადაჭრას, რაც გამოიწვევს ბევრი ოლქის მექანიკურად შეერთებას ან დაყოფას. ხელისუფლების მიერ მოცემულ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს ღიად, სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხელისუფლება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გეგმავს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კი, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირების მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას საკონსტიტციო ცვლილებების მისაღებად პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. შესაბამისად, კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ საარჩევნო სისტემაში არსებითი ცვლლებები არც 2016 წლის და არც მის შემდგომ გამართული არჩევნებისათვის არ შევიდეს.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებული ძირეული პრობლემების მოგვარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს 2016 წელს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაზე, რაც ცალსახად დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

2. მედია გარემო

2015 წლის სექტემბერში ქვეყანაში მოქმედ ოთხ ეროვნულ მაუწყებელში ერთდროულად დაწყებული სხვადასხვა სახის ძირეული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში მედია გარემოზე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების თაობაზე ტელეკომპანია "იმედისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებით, ასევე, რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებითა და ტელეკომპანია "მაესტროს" გაკოტრების საქმის წარმოებით, ჩნდება ეჭვები ყველაზე რეიტინგული და ეროვნული დაფარვის მქონე ტელევიზიების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის თაობაზე.

აღნიშნულს ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან. 2013 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ნაცვლად 9 წევრისა 7 წევრით მუშაობს. მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტს არ უცდია კონკურსის ხელახლა ჩატარება საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, რაც ვერ უზრუნველყოფს საბჭოს სათანადო წარმომადგენლობითობას. ასევე, კანონის დარღვევით წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩევნები.

მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, ქვეყანაში არ არის უზრუნველყოფილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას არ აწვდის ინფორმაციას მიმდინარე გამოძიებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის შეფასდეს მედიის მდგომარეობა ამ მხრივ.

ასევე, იკვეთება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის შესაძლო ფაქტები, რაც გავლენას ახდენს როგორც მედიის თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში, ისე ცალკეული ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და თავისუფალ პროფესიულ საქმიანობაზე.

ყოველივე ზემოთქმული საფრთხეს უქმნის მედიაპლურალიზმსა და ამომრჩეველთა ინფორმირებულობას შუალედური და მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

3. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

გარკვეული საფრთხეები გამოიკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით. მიმდინარე პერიოდში გამართულ არაერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეთა და მათ მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევისა და აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა. ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების მოტივით, აქციის მონაწილეებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება შეეზღუდათ, რამაც საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა განაპირობა. სამწუხაროდ, კანონის ამგვარ განმარტებას ხელი შეუწყო სასამართლო გადაწყვეტილებებმაც.

4. სასამართლო

სასამართლო სისტემაში, კერძოდ კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ასევე, სხვადასხვა გახმაურებული საქმეების სასამართლოში განხილვის პროცესებმა და ამ საქმეებთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირების მიერ სასამართლოს მიმართ გაჟღერებულმა მოსაზრებებმა ცხადყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიცავს საფრთხეებს ეფექტური სასამართლო სისტემის უზრუნველყოფისა და დამოუკიდებლობისათვის.

5. სამართალდამცავი ორგანოები

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმის ინიცირებით, სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სცადა სისტემის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით. აღნიშნულ სისტემებში არსებული ძირეული პრობლემები, რომლებიც ვერ მოგვარდება გატარებული რეფორმებით, სამართალდამცავ სისტემაზე პოლიტიკური გავლენების შესაძლებლობას ტოვებს, რის ალბათობასაც კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული ინსტიტუციური პრაქტიკა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

• გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და უზრუნველყოს თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა;

სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს:

• უზრუნველყონ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ასევე, მოახდინონ სათანადო და ერთგვაროვანი მიდგომები დამრღვევთა მიმართ, რათა არ მოხდეს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა და კონფლიქტების შემდგომი ესკალაცია", - ნათქვამია "საია"-ს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებაში.

გვერდი 3/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური