ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 21:39 ნორვეგია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:47

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომერით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

„ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

„აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მცველები, მათ დღეს დიდებულად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მთლიანობასი მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩავატარეთ, რამაც განაპირობა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვება. ვეცდებით პრეზიდენტის თასი მოვიგოთ, ამ წუთიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - ასეთი იყო ნორვეგიის ნაკრების თავკაცის ანსტეინ ენგრავსლიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 11:01

8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

„ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 08:57

ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

„პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ცნობილია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:15

გაირკვა ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ყველა გუნდი. ტურნირი 2017 წლის 8-20 აგვისტოს გაიმართება თბილისის ოლიმპიური სასახლეში. ამერიკის კონფედერაციიდან 5 საგზური მოიპოვეს არგენტინის, ბრაზილიის, ჩილეს, ვენესუელისა და მექსიკის გუნდებმა. 

შეჯიბრების წილისყრა გაიმართება 11 მაისს, ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში. უკვე ცნობილია განთესვაც. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მესამე კალათაშია სერბეთის, ბრაზილიისა და შვედეთთან ერთად. ამ ოთხ გუნდს ბოლოს უყრიან წილს და მასპინძელ ფედერაციას ჯგუფის არჩევის საშუალება ექნება.


სრული განთესვა ასეთია:
1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა
3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
4 კალათი: პორტუგალია, რუსეთი, ბაჰრეინი, ტუნისი
5 კალათი: ეგვიპტე, იაპონია, კორეა, ჩილე
6 კალათი: ვენესუელა, ალჟირი, მექსიკა, ნორვეგია
 

ამერიკის ჭაბუკთა ჩემპიონატი ამ უქმეებზე დასრულდა სანტიაგოში, ჩილე. მსოფლიო ჩემპიონატის 4 მონაწილე უკვე ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაირკვა - მას შემდეგ, რაც არგენტინა, ბრაზილია, ჩილე და ვენესუელა ნახევარფინალში გავიდნენ. მეხუთე საგზურისთვის გამართულ პლეიოფში მექსიკამ მოუგო კანადას  (28-25), ურუგვაიმ - პარაგვაის (28-25), ხოლო გადამწყვეტ მატჩში მექსიკამ დაამარცხა ურუგვაი (25-15) და მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზური მოიპოვა. მომდევნო ადგილებზე გავიდნენ კანადა, პარაგვაი, კოსტა რიკა, პუერტო  რიკო და აშშ. ამერიკის ჩემპიონი გახდა არგენტინა, ვინც ფინალში 22-21 მოუგო ბრაზილიას, მესამე ადგილისთვის ჩილემ დაამარცხა ვენესუელაა, 35-20.

5 ამერიკული გუნდის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით მიიღო 11 ქვეყანამ, აფრიკისა და აზიის სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა. ოკეანიის წარმომადგენლის ადგილი ერგო ევროპის მეთორმეტე გუნდს, ნორვეგიას, ხოლო ტურნირის 24-ე მონაწილეა მასპინძელი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა 2013 წელს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ ეწყობა და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთა და კაცთა გუნდებს შორის. მოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდულ, 21-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, ივლისში გაიმართება ალჟირში.

მთელი ტურნირი, 92 მატჩი გაიმართება  თბილისის ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. სავარჯიშო არენებია: სპორტკომპლექს არენას 2 დარბაზი, ფრენბურთის ოლიმპიური არენის ორი კორტი, სპორტის სამინისტროს დარბაზი და დინამოს საკალათბურთო ბაზა. მსოფლიო ჩემპონატის ოფიციალური სასტუმრო იქნება რედისონ ბლუ, სადაც იცხოვრებს ასამდე მსაჯი, დელეგატი და ყველა ოფიციალური პირი. ხუთასზე მეტ სპორტსმენსა და მწვრთნელს მიიღებენ სასტუმრო ჰუალინგი (12 გუნდი), ბომონდ გარდენი (4), გოლდენ პალასი (4) და კრუიზი (4).

18-20 აგვისტოს, ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების დროს, თბილისში გაიმართება IHF საბჭოს სხდომაც.


მსოფლიო ჩემპიონატი ჭაბუკებში (19წ). 8-20 აგვისტო, თბილისის ოლიმპიური სასახლე
8-14 აგვისტო - ჯგუფური ტურნირი (4 ჯგუფი 6-6 გუნდით)
15 აგვისტო - დასვენების დღე
16, 17 აგვისტო - მერვედფინალი, მეოთხედფინალი და პრეზიდენტის თასი 17-24 ადგილებისთვის
18 აგვისტო: დასვენების დღე
19 აგვისტო: ნახევარფინალი, 1-4, 5-8 ადგილები
20 აგვისტო, ფინალები 1, 3, 5, 7 ადგილებისთვის

წილისყრა: 11 მაისს ბაზელში, შვეიცარია

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 09 იანვარი 2017 11:10

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო ლუქსემბურგთან, ამჯერად მეტოქის მოედანზე - 29:35. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად ამ ჯგუფიდან, 11 და 15 იანვარს, იტალია და ლუქსემბურგი იბრძოლებენ, ხოლო საქართველო იმავე მიზნის მიღწევას ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება.

ლუქსემბურგში ნაკრებმა უკვე აუღო ალღო მეტოქის 3-2-1 დაცვას და ჩვენმა ხაზის მოთამაშემ, შოთა გრიშიკაშვილმა 6 გოლიც გაიტანა, მაგრამ ლუქსემბურგელთა პივოტმა შრიოდერმაც შეგვიგდო 7, ხოლო დაცვაში პრობლემების გამო მეტოქე თავიდანვე გავუშვით წინ, განსხვავებით პირველი მატჩისგან, როცა ბოლო მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა იყო.

მასპინძლებმა 18:13 მოიგეს პირველი ტაიმი, შესვენების შედეგ თამაშში კარგად ჩაერთო მეკარე ტორონჯაძე, რამაც საშუალება მოგვცა, ორჯერ სამამდე შეგვემცირებინა სხვაობა (23:26, 27:30), მაგრამ მეტი ვეღრ მოვახერხეთ.

ჩელენჯ ტროფი გაიმართება 2017 წლის ივნისში და გათამაშდება ევრო-2020-ის მთავარი შესარჩევი ეტაპის ბოლო საგზური. უკვე განვლილ შესარჩევ რაუნდში ტრავმების გამო დაგვაკლდნენ ლიდერები, რუსია და მსხვილიძე, ხოლო იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდა, რადგანაც ჩელენჯ ტროფიზე მოთამაშეთა ასაკი 25 წლით იქნება შეზღუდული.

7 იანვარი, 2017. ევრო 2020 - შესარჩევი მატჩი. ლუქსემბურგი, დე კოკის ცენტრი. 800
29:35 ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი: სტივ მორეირა, ქრის ოჟე, ივან პავლოვიჩი - მაქს კოლი (7), ერიკ შრიოდერი (7), დანი სხოლტენი (6), იან ჰოფმანი (4), მარტინ მიულერი (3), ტომი ვირცი (3), ქრისტიან ბოკი (2), ანტუან ბილი (1), ჯიმი ჰოფმანი (1), ალენ ზეკანი (1), საშა მარზადორი, ლუკა ტომასინი
მწვრთნელი: ადრიან სტოტი
საქართველო: შოთა თევზაძე, გიგა ტორონჯაძე - რევაზ ჭანტურია (7), შოთა გრიშიკაშვილი (6), თემურ ორჯონიკიძე (5), ირაკლი ჩიქოვანი (5), ირაკლი კბილაშვილი (2), ხაზეინ რუსტამოვი (2), რატი წითელიშვილი (1), ზურაბ აბრამიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (2), ზურაბ სიმონია, გიორგი მიქავა
მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე
მსაჯები: მარტინ ლილეპეა, მარიონ კული (ესტონეთი)

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის აღიარება ევროპაში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 17:47


სენტ ვოლფგანგში, ავსტრია, დასრულდა ხელბურთის ევროპული ფედერაციის კონგრესი, სადაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ მიიღო ტოპ ორგანიზატორის დიპლომი, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე აირჩიეს ევროპის ფედერაციის სააპელაციო სასამართლოს წევრად.

საქართველოს კონგრესზე წაროადგენდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე,გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და პრეზიდიუმის წევრი, EHF-ის დელეგატი თამაზ თევზაძე.

გვესაუბრება ზურაბ კაკაბაძე: კონგრესი დაემთხვა  ევროპის ხელბურთის  ფედერაციის (EHF) 25 წლისთავს და ეს თარიღი საგანგებოდ აღინიშნა კიდეც.  ახალი პრეზიდენტი, ავსტრიელი მიხაელ ვიდერერი დაარსების დღიდან ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მუშაობდა, ახლა კი ხელბურთის ევროპული ფედერაციის ისტორიაში რიგით მეოთხე პრეზიდენტი იქნება. მის წინამორბედს, ფრანგ ჟან ბრიოს, კანდიდატურის წამოყენების უფლება აღარ ჰქონდა, რადგანაც მას პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ცენზი შეეხო.

მნიშვნელოვნად შეიცვალა აღმასკომი. ვიცე-პრეზიდენტი იქნება მონტენეგროელი პრედრაგ ბოჟკოვიჩი, ხაზინადარი - ჰენრიკ ლა კური (დანია), საშეჯიბრო კომისიის შეფი - ბოჟიდარ ჯურკოვიჩი (სერბეთი), მეთოდური კომისიისა - ერჟი ელიაში (პოლონეთი), პლაჟის ხელბურთის - ოლე ორსტადი (ნორვეგია), მათ გარდა აღმასკომის წევრები არიან უნგრელი გაბრიელ ჰორვატი, შვედი სტეფან ლიოვგრენიდა ლატვიელი ანრის ბრენჩანსი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველად EHF-ის ისტორიაში, ევროპის ფედერაციის ერთ-ერთ სტრუქტურაში ქართველიც იმუშავებს - საქართველოს ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე აირჩიეს EHF სააპელაციო სასამართლოს წევრად.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ კონგრესის დასკვნით სესიაზე აღნიშნეს გამორჩეული ფედერაციების ღვაწლი ხელბურთის განვითარების საქმეში. სულ 6 ასეთი პრიზი დარიგდა:

სანაკრებო დონეზე (ეროვნული და ასაკობრივი) საუკეთესებად დაასახელეს დანია (2014 წელს) და საფრანგეთი (2015),  პლაჟის ხელბურთში საუკეთესოდ აღიარეს ესპანეთი,  ქალთა ხელბურთში მიღწეული პროგრესისთვის ჯილდო მიიღო რუმინეთის ფედერაციამ.

შეჯიბრებების საუკეთესო ორგანიზატორებად აღიარეს: პლაჟის ხელბურთში პორტუგალიის ფედერაცია, ხოლო კლასიკურ ხელბურთში  - საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია, ვინც უმაღლეს დონეზე გამართა ევროპის ახალგაზრდობისოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს, ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება  და ევროპის თვრამეტწლადელთა ჩემპიონატი 2016 წელს სპეციალური დიპლომი გადმოგვცეს პრეზიდენტმა ჟან ბრიომ და საშეჯიბრო კომისიის  თავმჯდომარემ, ლეოპოლდ კალინმა.

სამშაბათს თბილისში გვესტუმრება უკვე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სპეციალური კომისია - საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე პერ ბერტელსენი (დანია), ასევე მარკო ტოზი ბრანდი (იტალია) და მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი). ვიზიტის თემაა 2017 წლის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი, რომელიც აგვისტოში საქართველოში უნდა გაიმართოს მსოფლიოს 24 უძლიერესი გუნდის მონაწილეობით.

ბერტელსენთან და გორალჩიკთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გვქონდა სენტ-ვოლფგანგში.

ხელბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 01 ნოემბერი 2016 12:28

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. ქართველი ხელბურთელები 2 ნოემბერს, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩს  იტალიასთან გამართავენ, 6 ნოემბერს კი იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებენ.

ხელბურთის ევროპულმა ფედერაციამ შეჯიბრების ფორმატი შეცვალა და ევრო 2020-ზე, რომელიც შვედეთში, ნორვეგიასა და ავსტრიაში გაიმართება, პირველად ითამაშებს 24 გუნდი. შესარჩევ ტურნირში გათამაშდება უკვე 20 საგზური და არა 15, რაც ბევრად უკეთესს შანსს იძლევა საქართველოს დონის გუნდებისთვის.

ოღონდ, მთავარ შესარჩევი რაუნდში მოსახვედრად, ჯერ გასავლელია პირველი საკვალიფიკაციო ფაზა, რომელსაც 2 ნოემბერს სამ ჯგუფად განაწილებული 9 ეროვნული ნაკრები იწყებს. ჩვენი ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი, რომელსაც იანვარში ვეთამაშებით და იანვარშვე გამოვლინდება 3 ჯგუფის 3 გამარჯვებული, რომლებიც მთავარ შესარჩევ რაუნდში ჩაებმებიან 2018 წლის შემოდგომიდან, ყველა უძლიერეს ევროპულ ნაკრებთან ერთად.

აქ მონაწილეობის შანსს პირველ ეტაპზე დამარცხებული 6 გუნდიც იღებს 2017 წლის ჩელენჯ ტროფიდან, თუმცა, სჯობს, აქამდე საქმე არ მივიყვანოთ და ორწრიან ტურნირში ვაჯობოთ იტალიასა და ლუქსემბურგს 

 

ხელბურთიევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 - იანვარი 2017

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, 20:30, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო

იტალია-საქართველო

მსაჯები: დორუ მანეა, რადუ ილიესკუ (რუმ), დელეგატი: სოტირის კონსტანტინუ (კვი)

საქართველოს ნაკრები იტალიაში

GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

RW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, ბათუმი)

უკანა ხაზი: ლექსო წითელიშვილი (1992, ბათუმი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ირაკლი ჩიქოვანი (1989, კელერაში, რუმ), სერგო დათუკაშვილი (1978, ვოივოდინა, სრბ), ზურაბ სიმონია (1994, ქუთაისი)

LW: რევაზ ჭანტურია (1982, პელისტერი, მკდ), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)

P: შოთა გრიშიკაშვილი (1984, ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ)

მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან:  დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.

დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017.  აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა,

ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

2020 ევროპის ჩემპიონატი
2 ნოემ. იტალია - საქართველო
6 ნოემ. საქართველო - იტალია

ქართველი ხელბურთელები ბოსნიასთან დამარცხდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 14:52
საქართველოს ხელბურთლთა ჭაბუკთა ნაკრებმა 19-32 წააგო მატჩი ახალ სპორტის სასახლეში ბოსნიასთან, ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში. სამშაბათს შეჯიბრების მასპინძელი 18 საათზე რუმინეთს ეთამაშება. ქართველებმა ერთადერთხელ, მატჩის დასაწყისში გაათანაბრეს ანგარიში (1-1), შემდეგ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია მეკარე ხანდოლიშვილმა და კარგა ხანს მხოლოდ ერთი ბურთით, 1-2 ვაგებდით, მაგრამ ამის შემდეგ ბოსნიამ სწრაფად დაიწყო უპირატესობის ზრდა, მასპინძლების მიერ დაშვებული შეცდომების რიცხვმა კი ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს გადააცილა - 2-10, პირველი ტაიმის შუაში და 5-14 შესვენებაზე. მეორე ტაიმის შუაში სხვაობა უკვე 15 ბურთი იყო (23-8) და მასპინძლებმა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს გოლების რეგულარულად გატანა. საბოლოოდ, 19-32. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მეკარე ხანდოლიშვილი, ხოლო ბოსნიის გუნდში - ფილიპ ზელიჩი. A ჯგუფი. ბოსნია-საქართველო 32-19 ბოს: გრბავაცი, ჰაშიჩი - კარანოვიჩი 6, სივიჩი 6, ზელიჩი 4, გრგიჩი 3, ჰამზიჩი 3, ჰასელიჩი 3, იოზინოვიჩი 3, კრეშო 2, პრიმორაცი 2, ბულინა საქ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი, ვათიაშვილი - მიქავა 4, რუსტამოვი 4, ბაჯალაძე 3, ცხოვრებაძე 3, გოგავა 1, იობაშვილი 1, ყორიაული 1, ლაპიაშვილი 1, ზარნაძე 1, ბაინაზიშვილი, ბულბულაშვილი, ხელაძე, ტიელიძე მსაჯები: სხოლსი, ზუილენი (ჰოლ), დელეგატები: მხითარიანი (სომ), სიცი (ესტ) A ჯგუფი. რუმინეთი-ლატვია 32-28 რუმინეთი მთელი თამაშის განმავლობაში წინ იყო მოუხედავად იმისა, რომ ლატვიელთა საუკეთესო მოთამაშემ, რაივის გორბუნოვსმა 15 მცდელობიდან 12 გოლი გაიტანა, რუმინეთს ამაზე ყოველთვის მოეპოვებოდა კონტრარგუმენტი და გუნდურ თამაშშიც უკეთესი იყო. რუმინელთა შორის საუკეთესო მოთამაშის პრიზი იონუც ბროასკამ მიიღო (6 გოლი), მასზე მეტი კი კალინ კაბუცმა გაიტანა - 7. რაივის გორბუნოვსი, ლატვია: - შეტევაში ყველაფერი რიგზე იყო, თუმცა, პრობლემები გვქონდა დაცვაში. ცენტრიდან ძალიან ბევრი გოლი მივიღეთ. რუმინეთის ნაკრებში ძალიან მომეწონა გარემარბები. B ჯგუფი. მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23 B ჯგუფის პირველ მატჩში მონტენეგრომ 38-23 მოუგო დიდ ბრიტანეთს. მონტენეგრო ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, მის რიგებში კი დღეს 13 მოთამაშემ გაიტანა გოლი. ყველაზე მეტი, 5 შეაგდო ბრანკო ვუიოვიჩმა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბრიტანელთაგან ჯილდო მიიღო კლაუს ფურმანმა (3). მონტენეგრომ 19-9 მოიგო პირველი ტაიმი, მეორეში კი მშვიდად გაზარდა სხვაობა 15-მდე - 38-23. ბელარუსი-ბელგია 39-24 ხვალ შეჯიბრებაზე მეორე დღეა. საქართველოს ნაკრები 18 საათზე რუმინეთს ეთამაშება. ორ-ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ფინალები კვირას, 21 აგვისტოსაა. 17 და 19 აგვისტო დასვენების დღეებია. ტურნირის გამარჯვებული 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის ითმაშებს. ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი გადაიცემა შეჯიბრების ოფიციალურ ვებგვერდზე: http://ehf2016m18.ge/. ხელბურთი. 18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო თბილისი, ახალი სპორტის სასახლე A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო 15 აგვისტო: რუმინეთი-ლატვია 32-28, ბოსნია-საქართველო 32-19 16 აგვისტო: 14:00 ლატვია-ბოსნია, 18:00 საქართველო-რუმინეთი 18 აგვისტო: 14:00 რუმინეთი-ბოსნია, 18:00 ლატვია-საქართველო B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი 15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი 38-23, ბელარუსი-ბელგია 39-24 16 აგვისტო: 16:00 ბრიტანეთი-ბელარუსი 20:00 ბელგია-მონტენეგრო 18 აგვისტო: 16:00 ბელგია-ბრიტანეთი 20:00 ბელარუსი-მონტენეგრო 20 აგვისტო, 14:00, 16:00, 18:00, 20:00 - ნახევარფინალები 21 აგვისტო, 12:00, 14:00, 16:00, 18:00 - ფინალები

პლაჟის ხელბურთის 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 15:33

ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიემგზავრება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც 8-10 ივლისს თექვსმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან სლოვაკეთი, საბერძნეთი და პორტუგალია. 6 ივლისს სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია. ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ და ნაკრების მწვთნელებმა.  

8-9 ივლისს ჯგუფური ტურნირის მატჩებია. 2-2 საუკეთესო ჩემპიონობისთვიც ბრძოლას განაგრძობს, ხოლო დანარჩენები 9-16 ადგილებს გაითამაშებენ. გვესაუბრება ნაკრების უფროსი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე.

-ტურნირისთვის მზადება ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში დავიწყეთ, როდესაც პირველი შერჩევა ჩავატარეთ 2000 წელს დაბადებულთა შორის. ივნისში ნაკრებმა საქართველოს ჩემპონატის პირველი ტური ტური ითამაშა ყვარელში, შემდეგ ვემზადებოდით გლდანში, ხოლო 25 ივნისიდან ათდღიანი შეკრება გვქონდა ურეკში.

ურეკში სერიოზულად მოვემზადეთ. დილით გვქონდა თეორიული მეცადინეობა, სადაც განვიხილავდით მსაჯობის დეტალებსაც. პლაჟის ხელბურთი შედარებით ახალი სპორტია და წესები აქ ხშირად იცვლება, ამიტომაც მუდმივად საქმის კურსში უნდა იყო. ვემზადებოდით ფიზიკურად და წმინდა სათამაშო ვარჯიშებიც გვქონდა.

გავმართეთ ორი საკონტროლო შეხვედრაც ფოთის „ოქროს ვერძთან". ჩვენ შევარჩიეთ 15 საუკეთესო მოთამაშე, ხოლო პორტუგალიაში მიდის 10 ხელბურთელი. დანანებით მინდა ვთქვა, რომ განაცხადში, წმინდა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხვდა ორი მოთამაშე - წყალტუბოელი გიორგი ხელაძე და ფოთელი რევაზ დიდია. ამის მიზეზი ისაა, რომ მონაწილეები არასრულწლოვანები არიან და ვიზის მისაღებად ძალიან რთული ბიუროკრატიული ბარიერები გვქონდა.

ხელბურთელ გოგონათა ნაკრების მეორე ადგილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 მარტი 2016 11:53

ფარერის კუნძულების ნაკრებმა ფინალში, 1000 მაყურებლის თვალწინ 28-14 დაამარცხა საქართველო და EHF/IHF ქალთა თასი მეხუთე ცდიდან მოიპოვა. აქამდე გუნდს წაგებული ჰქონდა ტროფის 4 ფინალი - 2012 წელს ბულგარეთთან, 2008 წელს ფინეთთან, 2006 წელს ბოსნიასთან და 2004 წელს იტალიასთან. საქართველომაც გააუმჯობესა საუკეთესო შედეგი, რომელიც გუნდმა 2006 წელს აჩვენა - მეოთხე ადგილი.

ფინალი, 13 მარტი
საქართველო - ფარერები 14-28
საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია - ქიტესაშვილი 5, კუნელაშვილი 3, გადელია 2, ვენეცკი 2, ღვალაძე 1, ყველაშვილი 1, ჩოგოვაძე, ჩოხელი, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე - მწვ. გვაზავა
ფარ: ფრიზჰაიმი, ფრიზმუნდსდოტირი - ჰალსდოტირი 9 გ. პოულსენი 6, მატრას ლარსენი 5, კ. პოულსენი 4, ელიასენი 3, ბეკ-ნილსენი 1, ბარდადოტირი, ჰილდიბიარტსდოტირი, დალ ჰანუსონი, ჰოი, პალსდოტირი, ტორდადოტირი - მწვ. იენსენი 
მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ), დელეგატი: გოულაო (პორ), ზედამხედველი: ფეგირი (უკრ)

ფარერები თავიდანვე დაწინაურდა მეკარე ანიკა ფრისჰაიმის და უკანახაზელები, სივ მატრას ლარსენისა და მარი ჰალსდოტირის ბრწყინვალე მოქმედებებით. საქართველოს ნაკრებს პირველ ტაიმში კონტრთამაში ჰქონდა, მე-13 წუთზე გადელიამ შვიდმეტრიანიდან სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა - 4-5, მაგრამ როდესაც ტაიმის ბოლოს ქართველების ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ, კუნელაშვილმა მხრის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, ცხადი გახდა, რომ გუნდს გაუჭირდებოდა. ტაიმი ფარერებმა 11-6 მოიგო.

მეორეში დაშავდა უკვე გადელია და ფარერებმა პროგრესულად დაიწყო სხვაობის ზრდა, რამაც საბოლოოდ 14 ბურთი შეადგინა - 14-28.

წაგების მიუხედავად, ახალ სპორტის სასახლეშ შეკრებილმა მაყურებელმა ოვაცია მოუწყო თავის გუნდს, რომელმაც ტურნირზე 4 მატჩი მოიგო და მთელ ქვეყანას შეახსენა, რომ საქართველოს საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ქალთა ნაკრები ჰყავს. ჩვენი ლამაზი და მებრძოლი გოგონები მთელმა ქვეყანამ გაიცნო, ხელბურთი ერთი კვირის განმავლობაში მედიის ჰედლაინებში იყო.

3 ადგილისთვის . ბელგია - ლატვია 21-30
ბელ: სმეტი, შულგა - გისენსი 6, ჰააზენი 6, მარტინი 2, ლამოტი 2, დე ბლენდე 1, აბელი 1, კარუზო 1, პუტცაისი 1, ტილკინი 1, ანტონისენი, დაუსი, პეტერსი - მწვ. სტრაიკერსი

ლატ: მალცენიეცე, კოკინა - არმანე 9, პურვინა 5, გ. კაულაკანე 4, ლაპსა 4, სკუდრა 3, რუტკოვსკა 2, იუგანე 2, დერგაჩევა 1, უმიაროვა, ზ. კაულაკანე, კრუმინია, ვაიდე - მწვ. ბრიკმანე

ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში ლატვიის გუნდმა 30-21 დაამარცხა ბელგია. ლატვიელებმა გააუმჯობესეს 2012 და 2014 წელს ნაჩვენები შედეგი ტროფიზე - მეხუთე და მეოთხე ადგილი და ამჯერად ბრინჯაოს მედლეი მოიპოვეს.

ბელგია ერთადერთხელ დაწინაურდა მატჩში, მესამე წუთზე და ამის შემდეგ უპირატესობა მეტოქეს გადააბარა. ლატვიელებიდან საუკეთესო მოთმაშის პრიზი მეკარე მალცენიეცემ მიიღო, ხოლო ბომბარდირი გახდა სიმონა არმანე 9 გოლით. ბელგიის გუნდში საუკეთესო იყო შუამარბი ესტელ გისენსი - 6 გოლი. 
აგნია მალცენიეცე, ლატვია - რთული იყო, მაგრამ ჩვენ საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და გავიმარჯვეთ. ჩვენ ვამაყობთ საკუთარი თავით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ.
ესტელ გისენსი, ბელგია - კარგი თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავმარცხდით. მე მინდა მივულოცო ლატვიას გამარჯვება, და ვიმედოვნებ რომ შეცდომების გაანალიზებით ჩვენ გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს.

5 ადგილისთვის. კვიპროსი - ესტონეთი 23-33
კვიპროსმა 2008 წელს ზუსტად მეხუთე ადგილისთვის მატჩი მოუგო ესტონეთს, რომელმაც 8 წლის მერე აიღო რევანში - 33-23. ამჯერად ესტონელების უპირატესობა აშკარა იყო. 8-8 გოლი გაიტანეს ალინა მოლკოვამ და მილენა პოდზიგუნმა, კვიპროსელთაგან საუკეთესო იყო კონსტანტინა ხაძიმატაიუ.

7 ადგილისთვის. სომხეთი - ალბანეთი 29-5
სომხეთმა 29-5 დაამარცხა ალბანეთი და მეშვიდე ადგილი დაიკავა. ალბანეთი ტურნირზე მეორედ გამოდიოდა და 2006 წლის შედეგი, მერვე ადგილი გაიმეორა. სომხეთის ნაკრები ადრე ორჯერ გასულა მეექვსეზე - 2006 და 2010 წელს. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური