ლიბერთი ჭადრაკის ჩემპიონატს აანონსებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 11:25
8 ივნისს, 11:00 საათზე, ლიბერთის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, მთაწმინდის პარკში, 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ჭადრაკის ჩემპიონატი გაიმართება.
 
პირველ 60 მსურველს, ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში.
 
 
გამარჯვებულს, ლიბერთი 500 ლარით დააჯილდოვებს.
 
,,ლიბერთიმ, სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროგრამის ფარგლებში, არაერთი უპრეცენდენტო სოციალური პროექტი წარმატებით განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესებისა და ქვეყნის მასშტაბით ფილიალების განახლების პროცესის პარალელურად, მაქსიმალურად ვზრუნავთ უფროსი თაობის ადამიანებზე. ჩვენთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს ის რომ, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შექმნილი თანამედროვე, კომფორტული დასასვენებელი სივრცეები შეხვედრების, ურთიერთობების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის პოპულარული ადგილები ხდება და მომავალში მსგავსი სახის არაერთ სოციალურ პროექტს შევთავაზებთ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასაც’’- განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018 11:32

საქართველოს პრეზიდენტმა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გახსნა და ცერემონიაში მონაწილე ცნობილ სპორტსმენებსა და საპატიო სტუმრებს „ბლექ სი არენის“ სცენიდან მიმართა:
"მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას - საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვის დიდი ზეიმია.
საქართველო ცნობილია სტუმართმოყვარეობით და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად უმასპინძლებს ამ ღირშესანიშნავ ტურნირს.
ჭადრაკი, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, ქალბატონი ნანა ალექსანდრია კი მსოფლიოს ორგზის ვიცეჩემპიონია. საჭადრაკო ოლიმპიადის 6- გზის გამარჯვებული. საერთო ჯამში საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა...მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია.
მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ცერემონია გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. ბათუმის ოლიმპიადაში, რომელიც 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება, პირველობისთვის 190 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოლებს.

ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მიენიჭა!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:16

ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა! ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ნინო მეხუთე ქალია (ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ), ვისაც ვაჟთა შორის უმაღლესი საჭადრაკო წოდება გადასცეს. ბაციაშვილმა ფიდეს კონგრესამდე, ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და მესამე დიდოსტატობის ნორმა იქ შეასრულა.

ქართველმა მოჭადრაკემ, გადააჭარბა 2500 ქულიან ზღვარს და ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდების მოპოვება შეძლო.  აღნიშნულ ტურნირში ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინომ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა.

ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 15:24

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 11:26

ირანის დედაქალაქ თეირანში, მიმდინარეობს  მსოფლიოს ჩემპიონატი ქალთა შორის ნოკაუტ-სისტემით. ასპარეზობა მსოფლიოს უძლიერესმა 64 ქალმა დაიწყო და მათ შორის 8 ქართველი იყო. სამი წრის შემდეგ გამოვლინდა  8 საუკეთესო მონაწილე, მათ შორისა ქართული ქალთა ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე.

დღეს გაიმართება მეოთხედფინალური მატჩის პირველი პარტია  და ნანას მეტოქე ინდოელი ხარიკა დრონოვალი იქნება. მატჩი 2 ძირითადი პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი ტაი-ბრეიქი გაიმართება.გამარჯვებული მოჭადრაკე  მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

მეოთხედფინალური მატჩები:

ცზიუ ვენზუნი - ტან ჟონგი

ხარიკა დრონოვალი - ნანა ძაგნიძე

ანა მუზიჩუკი - ანტოანეტა სტეფანოვა

ალექსანდრა კოსტენიუკი - ნი შიცზიუნი

შეხვედრათა  განრიგი:

20-22 თებერვალი - IV წრე

23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)

26  თებერვალი     -  დასვენების დღე

27 თებერვალი    -   3 მარტი  - VI წრე (ფინალი)

4 მარტი - დახურვა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$

მეორე წრე - 5 500$

მესამე წრე - 8 000$

მეოთხე წრე - 12 000$

მეხუთე წრე (ნახევარფინალი) - 20 000$

მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$  დაისაკუთრებს.

ნანა იოსელიანს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 10 თებერვალი 2017 12:51

 ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი, რომელშიც 9,11 და 13 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული მოსწავლეები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ დააჯილდოვეს. სასკოლო ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თბილისის და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ჩემპიონი მოსწავლეები 21-30 აპრილს რუმინეთის ქალაქ იასში გასამართ მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გამოვლენ. რუმინეთში სამივე ასაკობრვიი კატეგორიის გამარჯვებული 6 მოსწავლე, 3 გოგონა და 3 ვაჟი გაემგზავრება. მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ვეტერანი დიდოსტატი ნანა იოსელიანი, რომელსაც ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტის რაინდის წოდება გადასცა და 55 წლის იუბილე მიულოცა.

ნანა იოსელიანი  
*საერთაშორისო ოსტატი (1993). 
*ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ქალთა შორის.
*ხუთჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (1980 და 1982 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1992, 1994 და 1996 წლებში კი - საქართველოს ნაკრებში), თითოჯერ კი მეორე (2002) და მესამე (1998) პრიზიორი. 
*საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1981, 82, 86, 87) 
*გოგონებს შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (1978, 79)

ქართველი მოჭადრაკეების ტრიუმფი ჩეხეთში!

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 10:22

ქართული  დელეგაციის ჰეგემონიით დასრულდა ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში გამართული რიგით 26-ე მსოფლიოს ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის. ასპარეზობა  2 კატეგორიაში ჩატარდა: +50 წელი და +65 წლის ზემოთ, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.

ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა (2014;2015;2016 წწ.)  მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორ +65 მოჭადრაკეთა შორის! თუმცა, მანამდე 1995 და 2009 წლებში უკვე გახლდათ  ანალოგიური ჩემპიონატის გამარჯვებული ვეტერან მოჭადრაკეთა შორის.

ასე, რომ ქართველმა ჩემპიონმა თავის 11 ოლიმპიურ ოქროს და ქალთა შორის 5-გზის ჩემპიონობას, 5-გზის სენიორთა შორის ჩემპიონობაც მიუმატა. ნონამ, ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და  9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის. 6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეპატრონა , ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი (1998;1999;2003;2010 წწ.) სენიორთა შორის თამარ ხმიადაშვილი.

50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის ბოლო ტურში პრინციპული გამარჯვებით მოიპოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა გიორგი ბაღათუროვმა! მან, 10-დან  9,5 ქულა დააგროვა და  მთელი ქულით (!) გაასწრო უახლოეს მდევარს. II-III  ადგილები გაინაწილეს: ალექსანდრ რეპრინცევმა (უკრაინა) და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ. შეჯიბრის მესამე ქართველმა მონაწილემ ვარლამ ვეფხვიშვილმა 6,5 ქულა დააგროვა.

50+წ. ქალთა შორის მონაწილეობდა საერთაშორისო ოსტატი ციალა ქასოშვილი. მის აქტივში 11-დან 7 ქულა და მე-7 ადგილია.

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა  6 მოჭადრაკე და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!

3 ქართველი მოჭადრაკის მონაწილეობით ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:09

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში, 3 ქართველი მოჭადრაკის მონაწილეობით ქალთა საჭადრაკო გრან პრის დასკვნითი ეტაპი 21 ნოემბრიდან აიღებს სტარტს და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

2015/2016 წწ.  მსოფლიო ქალთა  გრან პრის  V ეტაპის მონაწილეები არიან:

1.ცზიუ ვენცზიუნი          (ჩინეთი; 2580)

2.ალექსანდრა კოსსტენიუკი (რუსეთი; 2555)

3.დრონოვალი ხარიკა     (ინდოეთი; 2543)

4.ვალენტინა გუნინა        (რუსეთი; 2525)

5.ნატალია პოგონინა       (რუსეთი; 2492)

6.ნინო ბაციაშვილი         (საქართველო; 2489)

7.ლელა ჯავახიშვილი    (საქართველო; 2461)

8.ელმირა სკრიპჩენკო     (საფრანგეთი; 2455)

9.ოლგა გირია                    (რუსეთი; 2450)

10.ნატალია ჟუკოვა           (უკრაინა; 2448)

11.სარასადატ ხადემალშარეხ (ირანი; 2435)

12.ბელა ხოტენაშვილი      (საქართველო; 2426).

ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30-წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.მონაწილეებს არ აქვთ უფლება ყაიმზე შეთანხმების 30 სვლამდე მსაჯის ნებართვის გარეშე.

სატურნირო განრიგი: გახსნა - 18 ნოემბერი; სათამაშო დღეები: 19-22, 24-27 ნოემბერი; 29 ნოემბერი-1 დეკემბერი. დახურვა- 1 დეკემბერი. ტურის დასაწყისი  13:00 საათზე თბილისის დროით.

ყოველი ეტაპის გამარჯვებული ფულადი პრიზის გარდა 120 ბალით + 40 ბალი  (ბონუსი) ჯილდოვდება, მეორე ადგილი- 110+20 ბალი,  მესამე ადგილი - 100+10 ბალი.

2015/16 წწ. ფიდეს გრან პრის გამარჯვებული მოიპოვებს უფლებას მსოფლიოს პირველობაზე მატჩის თამაშის.

 

წესების მიხედვით გრან პრის სერია 5 ტურნირისგან შედგება: უკვე ჩატარდა ეტაპები - მონტე-კარლოში, თეირანში, ბათუმში და ჩენდუში.

ამჟამად, გრან პრის გათამაშებას ინდოელი ხამპი კონერუ ლიდერობს  335 ქულით.მაგრამ, მან უკვე დაასრულა მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე- 253,5 ქულით ცზიუ ვენცზიუნი იმყოფება, ხოლო მესამეზე 250 ქულით  ასევე ჩინელი ჩჟაო სიუე (რომელიც უკვე მორჩა ასპარეზობას). ასე, რომ კონერუს გასწრების შანსი მხოლოდ ცზიუ ვენცზიუნს გააჩნია.

საპრიზო ფონდი - 60 000€

ნინო ხომერიკი ევროპის ჩემპიონია!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 16:47

ზედიზედ მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული ნინო ხომერიკმა! ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეგზე. მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა სუპატაშვილს.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ევროპის ახალგაზრდული  ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა შემდეგ ასაკობრივ (08;10;12;14;16;18) კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.სულ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით  24 მოჭადრაკე  ასპარეზობდა.    

"მაია ჩიბურდანიძის თასი - 2016"

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 13:25

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში, 13-19 ივნისს, მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება ჩატარდა 8,10 წლამდე ვაჟთა და გოგონათა შორის, რომელიც ფიდეს მოქმედი წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად გაიმართა. გარდა ამისა, მაია ჩიბურდანიძის თასის ღია გათამაშება გაიმართა. 

საერთო ჯამში, საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 200-ზე მეტმა მოჭადრაკემ იასპარეზა. გამარჯვებულები და პრიზიორები მაია ჩიბურდანიძემ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ლომინაძემ დააჯილდოეს.

გამარჯვებულები:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

I    ადგილი  - დავით ნემსაძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)  - 7 ქულა;

II   ადგილი  - დავით ქოთოლაშვილი (გორი;მწვრთნელი ოთარ დოლიძე) - 6 ქულა

III  ადგილი - დავით ჭუმბურიძე (ქუთაისი; მწ.ნუკრი ჩარკვიანი) - 6 ქულა;

8 წლამდე გოგონათა  შორის:

I    ადგილი  - ქრისტინე ხვადაგიანი (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)  - 6,5 ქულა;

II   ადგილი  - ვერონიკა ტყეშელაშვილი (ქუთაისი; მწ.მარიამ ვასილცევა) - 6 ქულა

III  ადგილი - ანასტასია კირთაძე  (ქუთაისი; მწ.გიორგი გურგენიძე) - 5,5 ქულა

10  წლამდე ჭაბუკთა შორის:

I    ადგილი  - ზურა ავალიანი  (ქუთაისი;მწვრთნელი გიორგი მენაბდე)  - 6,5 ქულა;

II   ადგილი  - ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი;მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)  - 6 ქულა ქულა;

III  ადგილი - მამუკა ბასილაძე (ქუთაისი; მწ.ინგა კიკვიძე) - 6 ქულა;

10  წლამდე გოგონათა  შორის:

I    ადგილი  - მელანო კილაძე (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე)  - 6 ქულა;

II   ადგილი  - მართა უშხვანი  (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე)  - 6 ქულა ქულა;

III  ადგილი - ქრისტინე დოგრაშვილი   (ქუთაისი;მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე)  - 5,5 ქულა

‘ღია ტურნირი'

I    ადგილი  - თამარ ესაძე  (ქუთაისი; მწვრთნელი მურმან ესაძე)  - 5,5 ქულა;

II   ადგილი  - რუსუდან მაღლაკელიძე  (ბაღდათი; მწვრთნელი ბექა ახალაძე)  - 5,5 ქულა;

III  ადგილი - გიგა გოდერძიშვილი   (გორი;მწვრთნელი ოთარ დოლიძე) - 5 ქულა

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური