საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მესამე ევროპირველობაზე გამოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 23 ივლისი 2019 10:43

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. წყალბურთელთა 33-ე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ესპანური ბარსელონა, 14-28 ივლისს უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატი “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე ჩატარდება, რომელიც 1969 წელს გაიხსნა და ამ დრომდე არაერთ პრესტიჟულ შეჯიბრებას, მათშორის ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა საწყლოსნო სახეობებში. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე, 16 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები, რომელსაც რევაზ ჩომახიძე წვრთნის A-ჯგუფში იასპარეზებს და მეტოქეებად უნგრეთის, იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ეყოლება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარდგება ქართველი მსაჯი ირაკლი კიკალიშვილი, რომლისთვისაც ეს ევროპირველობა ჩვენი ნაკრების მსგავსად მესამე იქნება. ბარსელონაში დელეგატად იმუშავებს, საქათველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური, ჩვენმა ნაკრებმა პლეი ოფში ისრაელის ნაკრების დამარცხებით დაიბევა. საქართველომ ისრაელს ორჯერ სძლია - 12:1 (შინ) და 11:10 (სტუმრად) და 16 საუკეთესოს შორის მესამედ მოიპოვა ადგილი. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუდნი უძლიერეს ჯგუფში მოხვდა - უნგრეთი ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სამ-სამჯერ ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ევროპის ჩემპიონატებზე - 12 ოქრო, 6 ვერცხლი, ამდენივე ბრინჯაო, მსოფლიოზე - 3 ოქრო, 7 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო იტალიამ , ისინი ბოლოს სწორედ ბარსელონაში, 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გახდნენ ჩემპიონები. ორჯერ ვერცხლისა და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ; ევროპაზე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, მსოფლიოზე კი - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ერგოთ. გრანდებთან შედარებით, გერმანიას მოკრძალებული შედეგები აქვს - ისინი შორეულ 1928 წელს გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, მსოფლიოზე კი მხოლოდ ერთხელ გავიდნენ მესამე ადგილზე.
 
საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, 2014 წელს ბუდაპეშტში წარდგა და შვიდივე შეხვედრა დათმო. 2016 წელს, ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 გუნდში მე-14 ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრების მიზანი წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება და მინიმუმ ორი თამაშის მოგებაა.

ნაკრების ბირთვს ის წყალბურთელები შეადგენენ, რომელთაც ორივე ევროპის ჩემპიონატზე (ბუდაპეშტი, ბელგრადი) ითამაშეს და დიდი გამოცდილებაც დაუგროვდათ. გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა, ნიჭიერი წყალბურთელების ნაზავს შეადგენს. საინტერესოა, რომ ორივე ევროპირველობაზე, ნაკრების თამაშში დიდ როლს ასრულებდნენ ლეგიონერები, წლევანდელ ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების სახელით მხოლოდ ორი მოთამაშე - მარკო ელაჩა და დამირ ცრეპულია გამოვა. საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გაიარა და საერთაშორისო ტურნირის, მერიის თასის გამარჯვებულიც გახდა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა ყაზახეთის, სლოვაკეთის და თურქეთის ნაკრებები დაამარცხა. ეს ორი უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი გუნდის პოტენციური მეტოქეა. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, უკეთესი ადგილების დასაკავებლად გასამართ ბრძოლაში ჩვენი გუნდი დიდი ალბათობით, რომელიმე მათგანს მაინც შეხვდება. საქართველოს ნაკრები ბარსელონაში 14 ივნისს გაემგზავრება და სასტუმრო “Fira Congress”-ში დაბინავდება. ევროპირველობის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ქართველი წყალბურთელები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 13:15

საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის ევროპული ეტაპის 2016-17 წლების გათამაშებას იწყებს. 
პირველ შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 15 ნოემბერს თბილისში, "ოლიმპიკის" აუზში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩი 18:300 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთთან მატჩის წინ, მოსამზადებელი შეკრება ორი კვირის განმავლობაში სერბეთსა და უნგრეთში გაიარა. ჩვენი გუნდი რუსეთის ნაკრებს დღეს ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდება: ნიკოლოზ შუბლაძე, ირაკლი რაზმაძე, ზურაბ რურუა (კ), გიორგი ხვედელიანი, ალექსანდრე რუსიშვილი, კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა, ნიკოლოზ შუშიაშვილი, გიორგი მესხი, დამირ ცრეპულია.

მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე. 

სულ შეჯიბრებაში ევროპის 11 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ: ჩვენს ჯგუფში იყო თურქეთიც, მაგრამ მათ ბოლო მომენტში თამაშზე უარი თქვეს.

A ჯგუფი: რუმინეთი, გერმანია, სლოვაკეთი, სერბეთი
B ჯგუფი: ჰოლანდია, ხორვატია, საბერძნეთი, საფრანგეთი
C ჯგუფი: საქართველო, იტალია, რუსეთი

სპორტის მინისტრი 19-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 11:58

სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილესთან, შალვა გოგოლაძესთან ერტად ესტუმრა „ოლიმპიკის" საცურაო აუზს და საქართველოს 19-წლამდელ წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა. მინისტრმა და საწყლოსონო სახეობათა ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალაგზრდული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ნაკრების წევრებიც. 

შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა თბილისის "ოლიმპიკის" აუზში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე წარმატებით ითამაშა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, რომელსაც სექტემბერში ჰოლანდია უმასპინძლებს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქეები საფრანგეთის, სლოვაკეთის, ბელორუსის და ფინეთის ნაკრებები იყვნენ. ფინალური ეტაპის საგზური კი საქართველომ და სლოვაკეთმა მოიპოვეს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 16:32

22 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-14 ადგილზე დაასრულა. იოვან პოპოვიჩის გუნდი მე-13 ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 9:10 დამარცხდა. 

ჩვენი გუნდი სლოვაკეთთან მატჩს მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე უპირატესობა დათმო და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო. საქართველოს ნაკრებიდან 2-2 გოლი ბექა ქავთარაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, თითო გოლის გატანა კი ხუთმა წყალბურთელმა  - მარკო ელეზმა, ანდრია ბითაძემ, მიხეილ ბაღათურიამ, ზურაბ რურუამ და კოტე გეგელაშვილმა შეძლო. 

ევროპის ჩემპიონატი 23 იანვარს დასრულდება. დარჩენილია ორი მატჩი - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრეთი - საბერძნეთს ეთამაშება, ჩემპიონის ვინაობას კი სერბეთის და მონტენეგროს ნაკრებები გაარკვევენ.

ქართველი წყალბურთელები ჰოლანდიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 19 იანვარი 2016 17:37

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, 19 იანვარს საქართველოს ნაკრები მე-9-16 ადგილებისათვის შეხვედრაში ჰოლანდიას დაუპირისპირდა და პერნალტების სერიაში დამარცხდა - 15:16. 

დაძაბულ და ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ძირითადი დრო ფრედ 9:9 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველ წყალბურთელებს გადამწყვეტი დარტყმა გაუცუდდათ და საბოლოო გამარჯვება ჰოლანდიელებს დარჩათ 7:6, ფინალური ანგარიშიც მათ სასარგებლოდ დაფიქსირდა 16:15.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ძირითად დროში 4 გოლი გაიტანა დამირ ცრეპულიამ, 2მარკო ელაჩამ, თითო-თითო კი მარკო ელეზიმ, მიხეილ ბაღათურიამ და კოტე გეგელაშვილმა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მე-13-16 ადგილებისათვის პრინციპულ მეტოქესთან, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან 21 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ მონაწილეობს, გუნდი ჯერჯერობით მოგების გარეშე თამაშობს და ამ მხრივ თურქთთან დაპირისპირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 12:03

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები C-ჯგუფში რუმინეთის, იტალიისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ნაკრები ევროპირველობაზე 11 იანვრიდან ჩაერთვეება და პირველ მეტოქედ რუმინეთი ეყოლება. მატჩი საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხით გადაიცემა, ისევე როგორც ეროვნული გუნდის სხვა თამაშები. 

(იხილეთ სრული განრიგი)

ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს თამაში ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგაც მოუწევს, იმის მიუხედავად თუ რომელ ადგილზე გავა ჯგუფში. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩები 16 და 17 იანვარს, მეოთხედფინალური 18-19 იანვარს, ნახევარფინალური 20 იანვარს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა და ფინალი 23 იანვარს გაიმართება.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონაზე მეორედ მონაწილეობს 2014 წლის შემდეგ.

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, 10-23 იანვარი, ბელგრადი (სერბეთი)

11 იანვარი


საქართველო - რუმინეთი (დასასწყისი 12:30)

13 იანვარი


საქართველო - გერმანია (დასაწყისი 12:30)

15 იანვარი


საქართველო - იტალია (დასაწყისი 20:15) 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ნიკოლოზ შუბლაძე, ივან სტრუიჩი
მოედნის მოთამაშეები: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა (კაპ), კოტე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი.

მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე, იოვან პოპოვიჩი

სპორტის წყალბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 14:02

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 25-27 სექტემბერს ისრაელში, ქალაქ ნეთანიაში გამართული  2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ, 30 სექტემბერს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებსა და მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდნენ და წარმატება მიულოცეს. 
ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურის E ჯგუფში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრედ 5:5ითამაშეს, ხოლო ისრაელი და ლიტვა შესაბამისად 17:6 და 18:6 დაამარცხეს და ჯამში, 2 შესარჩევი ტურის შედეგად მოპოვებული მე-2 გამსვლელი ადგილით და 13 ქულით, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სადაც 16 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. 
შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, რომელიც 6-8 თებერვალს თბილისში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია (21:9) და პორტუგალია (21:3) დაამარცხა, სლოვაკეთთან კი 10:11 დათმო. 

ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში 2016 წლის 10-23 იანვარს ჩატარდება, კენჭისყრა კი 4 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების  მეტოქეების ვინაობა გაირკვევა.


კენჭისყრამდე გუნდები კალათებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ 

1 - სერბეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო
2 - ხორვატია, საბერძნეთი, ესპანეთი, რუმინეთი
3 - რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია
4 - მალტა, სლოვაკეთი, საქართველო, თურქეთი 

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, 20 ოქტომბრიდან საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ლიგის გათამაშებაში ჩაებმევა.

ევროპიდან ამ შეჯიბრებაში 12 გუნდი იასპარეზებს. გუნდები  წილისყრით სამ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უნგრეთს, რუმინეთსა და საბერძნეთს გაუწევს მეტოქეობას. პაექრობები გაიმართება ორ წრედ შინ და გარეთ თამაშის პრინციპით. B ჯგუფში ითამაშებენ სერბეთი, ჩერნოგორია, ესპანეთი და საფრანგეთი, ხოლო C ჯგუფში ხორვატია, იტალია, რუსეთი და თურქეთი. 

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ლიგაზე პირველ მატჩს 20 ოქტომბერს უნგრეთში გამართავს. ამავე დღეს რუმინეთი საბერძნეთს უმასპინძლებს. მეორე ტურის პაექრობები 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. ჩვენები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, უნგრელები რუმინელებს მიიღებენ.
1 დეკემბერი. საქართველო-რუმინეთი, საბერძნეთი-უნგრეთი. მეორე წრის შეხვედრები გაისად გაიმართება.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური