ლიბერთი და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020 12:18

ლიბერთი ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემებით, მსგავსი სახის დახმარებით 50 ათასზე მეტმა ასაკოვანმა მარტოხელა მოხუცმა უკვე ისარგებლა. Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში დაწყებული საქველმოქმედო აქტივობა გრძელდება პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით, რომლის დახმარებით არაერთ ხანდაზმულს გადაეცემა სურსათი და პირადი ჰიგიენის აუცილებელი საშუალებები.

ამას გარდა, ლიბერთის და საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით და წითელი ჯვრის მოხალისეები, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგების მოწესრიგების და დისტანციის დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.

„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და გულით ზრუნავს თავის ასაკოვან მომხმარებელზე. ჩვენთვის პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკში ვიზიტისას, შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მოხარული ვართ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები მხარში უდგანან ლიბერთის თანამშრომლებს და ერთობლივად ვზრუნავთ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თუნდაც მცირედი, მონაწილეობა მიიღოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. (R)

თბილისმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019 09:33

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით თბილისში 3–დღიანი საერთაშორისო რეგიონალური კონფერენცია გაიმართა. 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტმა მონაწილემ ორგანიზაციის წინაშე არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის ნაციონალური საზოგადოების საქმიანობის პრეზენტაცია შედგა.

 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის, ოლგა ჯუმაევას თქმით, ეს იყო განსაკუთრებული ფორუმი ფანდრაიზინგისა და კომუნიკაციების სფეროში. „ჩვენ ვეხმარებით უამრავ ადამიანს, ვისაც კრიზისი შეეხო. ფორუმის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ ის საზოგადოებაში ფილანტროპიის განვითარებას უწყობს ხელს. ფილანტროპია – ეს ის პროცესია, როცა ადამიანები არ არინ გულგრილნი სხვათა გასაჭირის მიმართ. რაც უფრო განვითარებულია ფილანტროპია საზოგადოებაში, მით უფრო მაღალია სოციალური ცხოვრების, ურთიერთდახმარების, მეგობრობის, ბედნიერების სტანდარტები.

მრავალი წლის განმავლობაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან დოტაციებს იღებდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი მათგანი დიდი თანხებით უკვე საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ 250 მლნ დოლარზე მეტი შეგროვდა ამ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციოდ“, – განაცხადა ჯუმაევამ.

ამჟამად ვითარება თანდათანობით იცვლება. ქვეყნები ვითარდებიან, მათ საკუთარი შესაძლებლობები და ფინანსური სახსრები უჩნდებათ. იცვლება წითელი ჯვრის ნაციონალური ორგანიზაციების პარტნიორთა დონორული პრიორიტეტებიც და შესაბამისად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების პასუხისმგებლობა სულ უფრო მატულობს რესურსების მოზიდვისა და საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით.

„ამ ფონზე აუცილებელია სახსრების მოზიდვა სწორედ კომუნიკაციების გაძლიერების გზით. 3–დღიან ფორუმში 30–მდე ქვეყნის 100–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პირველად ანალოგიური ფორუმი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც მაშინ 30 მონაწილე გვყავდა. თბილისის ფორუმი უკვე რიგით მე–6 ღონისძიებაა და ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე მათი წარმომადგენლების რაოდენობა.

პირადად მე სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მიმდინარე წლის მაისიდან ვმუშაობ. ვსაქმიანობ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ადგილობრივ ნაციონალურ ორგანიზაციებთან. ჩემი მიზანია, გაფართოვდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, კერძოდ, მოვიზიდოთ მეტი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები, ვინც დაინტერესებულია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს მსხვილ ჰუმანიტარულ პროექტებს. ახლახანს ჩვენ შევხვდით ავსტრიის ელჩს საქართველოში, ავსტრიული დელეგაციის მონაწილეობით.

საქართველოს წითელ ჯვარს გააჩნია ხანდაზმული ადამიანების მოვლის სფეროში შესანიშნავი გამოცდილება და შესაბამისი მოდელი, რათა ისინი არ გრძნობდნენ თავს საზოგადოების აქტიური ნაწილისგან მოწყვეტილად. ორგანიზაცია ეხმარება სხვა კატეგორიის ადამიანებსაც. ამ მხრივ იგი აქტიურად მუშაობს 28 ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მომზადება საგანგებო ვითარებებისთვის და შესაბამისი ოპერატიული რეაგირება ამჟამად ვასრულებთ მუშაობას იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მაისში, კახეთში, წყალიდოდიბის შედეგად დაზარალდნენ. 5000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შესაბამისი დახმარება”, – აღნიშნა ჯუმაევამ.          

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2018 წელს 100 წლისთავი აღნიშნა. მისი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, თამარ კამკამიძის თქმით,  უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ეროვნული საზოგადოება ზრუნავს და ეხმარება ადამიანებს სოციალურ–ეკონომიკური კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების დაძლევაში.

„საქართველოს წითელი ჯვარი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის ნაწილია და ჰუმანიტარულ სფეროში ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, რომელიც დეკემბერში ჟენევაში გაიმართება.

ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვყნისთვის, რადგანაც 33–ე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი მიზანია შეიარაღებული კონფლიქტების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების, მათ შორის კლიმატური ცვლილებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ასევე იმ არსებული გამოწვევების მიმოხილვა, რასაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ქალაქში თუ სოფლად. ეს არის ის მთავარი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობა, ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლება (რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ეროვნულ საზოგადოებასთან) და მთავარი ჰუმანიტარული პარტნიორები იხილავენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იღებენ ერთობლივ ვალდებულებებს დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, –აღნიშნა კამკამიძემ.     

ვასო კაპანაძე

13 ივნისის სტიქიით დაზარალებული 150 ოჯახი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 03 აგვისტო 2015 20:36

2015 წლის 4 აგვისტოს, 11 საათზე, ფალიაშვილის ქუჩა 41-ში მდებარე ვაკის მუნიციპალიტეტის შენობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება  ვაკის გამგეობასთან ერთად ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებს.
სტიქიით დაზარალებული 150 ოჯახი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს. პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ 150 ოჯახს.
დაზარალებულთა დახმარება შესაძლებელი გახდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მეშვეობით.
დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური