CPT-ი საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 13:17

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საქართველოზე ანგარიშს აქვეყნებს სადაც ხაზგასმით აღნიშნულია,  რომ დაკავების პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ დაუსჯელობასთან და ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში პროგრესი მცირეა."CPT აღიარებს არასათანადო მოპყრობის თავიდან აცილებისკენ გადადგმულ გარკვეულ დადებით ნაბიჯებს. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, დაუსჯელობა სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში. CPT -ს აგრეთვე მიუვიდა ცნობები ციხეებში არასათანადო მოპყრობის შესახებ („მისასალმებელი ცემა" ციხის თანამშრომლების მიერ და ხელბორკილების გადაჭარბებული ხანგრძლივობით გამოყენება). მთავარ სისტემურ პრობლემად არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლაში საჩივრების გამოძიებისას პრაქტიკული დამოუკიდებლობის ნაკლებობა სახელდება. როგორც წესი, ეჭვმიტანილ ოფიცრებს უფლებამოსილება არ უჩერდებოდათ და არ მიიღება ზომები პოტენციური მსხვერპლის დასაცავად ჩვენების შეცვლის მიზნით ზეწოლისგან. CPT-მ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ეფექტიანი ზომები არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევის დამოუკიდებელი, ქმედითი და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველსაყოფად."

ანგარიში ეფუძნება 2014 წლის დეკემბერში შემდგარ CPT-ს ორ-კვირიან ვიზიტს საქართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ციხეებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და სამხედრო მოსამსახურეების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

"ვიზიტის ფარგლებში მონახულებულ ციხეებში არსებული მატერიალური პირობები ზოგადად მისაღები იყო. თუმცა, პატიმართა გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა სამარტოო საკნის პირობებში, გარე სამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობად. CPT ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს პატიმრებისთვის საკანსგარეთ აქტივობების უზრუნველყოფაში პროგრესის ნაკლებობის გამო და იძლევა რეკომენდაციას, გაიზარდოს ციხეების თანამშრომელთა რაოდენობა, გადაიხედოს პატიმართა პაემნებითა და ტელეფონით სარგებლობის წესები და პატიმრების მიეწოდოთ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ."

წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 14:04

საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით  პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა. "ნიუსდეი"პროკურატურის განცახადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩატარებული გამოძიებით გახსნილია დავით ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას და რომან შამათავას ორგანიზებით განხორციელებული მოქალაქე ელბერდ კობერიძის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტი და დადგენილია, რომ 2012 წლის 28 ივლისს, ქ.ზუგდიდში, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა - გიორგი სამუშიამ, ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ისე რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ ელბერდ კობერიძეს, იძულებით ჩასვა თავის სამსახურებრივ ა/ამანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა ქ.თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ის უკანონოდ გამოამწყვდიეს სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ერთ-ერთ ოთახში.

მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე - დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე - გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი - რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს ცემა წამება, რომელიც გრძელდებოდა რამოდენიმე საათის განმავლობაში, კერძოდ, მას არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს ძირს, წაქცეულს უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს და მიმართავდნენ ყველა ხერხს, რათა ე.კობერიძეს რეალურად აღექვა სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. წამებისას ელბერდ კობერიძე გახდა ცუდად და დაკარგა გონება, რა დროსაც უგონოდ მყოფი გაიყვანეს ამავე შენობაში მდებარე სხვა ოთახში და დატოვეს ხელზე ბორკილდადებული, სადაც 8 დღის განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული. 
მთელი ამ დროის განმავლობაში ე.კობერიძის ადგილსამყოფელი უცნობი იყო ოჯახისათვის, რის გამოც მათ დასახმარებლად პოლიციას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, არცერთი სახელმწიფო ორგანო გატაცებული ელბერდ კობერიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა.
2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები და უგონო მდგომარეობაში მყოფი ე.კობერიძე, სამხედრო პოლიციის შენობიდან გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ხელბორკილით მიაბეს საწოლზე, დააწესეს მასზე მუდმივი მეთვალყურეობა და დანაშაულის კვალის შენიღბვის მიზნით იგი დაარეგისტრირეს ელდარ მამალაძის სახელით.
2012 წლის 13 აგვისტოს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაწეული მკურნალობის შემდეგ ე.კობერიძე გადაიყვანეს თბილისში და დატოვეს ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე. სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ე.კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი მისი ადგილსამყოფელი ოჯახისთვის უცნობი რჩებოდა.
აღნიშნულ საქმეზე, დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია განცხადებაში,

სახალხო დამცველი წამების კადრების გასაჯაროებაზე ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:43

წამების კადრების გასაჯაროებაზე ეფექტურ გამოძიებას ითხოვს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განცხადებით გამავრცელებლები სათანადოდ უნდა დაისაჯონ ,რათა შემდგომში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს .მისი თქმით გამოძიება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ბოლომდე არ არის მიღწეული რისი შედეგიც არის მსგავსი კადრების გავრცელება. შეგახსენებთ , რომ უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალა ისევ გამოქვეყნდა ,მასალაში ნაჩვენებია დაკავებულ მამაკაცზე სექსუალური ძალადობადა დამამცირებელი მოპყრობა. 

ქართველი ხალხი ვერ აიტანს შეურაცხყოფას, ვერ აიტანს სულში ჩაფურთხებას-კახა კალაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 11:44

მე გაძლევთ პირობას და ჩვენ, ყველა, გაძლევთ პირობას, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს არ დაბრუნდება, – ამის შესახებ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ საგარეჯოს ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ქართველი ხალხი ვერ აიტანს შეურაცხყოფას და კადრებში ასახული ძალადობრივი რეჟიმი არასდროს დაბრუნდება საქართველოში.
“ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, იმ საშინელ კადრებს, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ამცირებდნენ. მე გაძლევთ პირობას და ჩვენ, ყველა, გაძლევთ პირობას, რომ ეს დრო საქართველოში აღარასდროს არ დაბრუნდება. ქართველი ხალხი ვერ აიტანს შეურაცხყოფას, ვერ აიტანს სულში ჩაფურთხებას და ჩვენ ყველამ ერთად ამაზე ვთქვით “არა!” და ეს ყველაფერი არის წარსულში და ამას აღარასდროს აღარ დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სკანდალური მასალა - ე.წ. ციხის კადრების აქამდე უცნობი დეტალები

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 11:25

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა განსხვავებული აქცენტების მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე-"რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:

 

"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა.

ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა.

ბედუკაძე წლების წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ. "ნიუსდეი: მომხდართან დაკავშირებით ბედუკაძის პოზიციასაც შემოგთავაზებთ. 

„მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 15:31

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომაპნია "რუსთავი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს.

კვირიკაშვილის განცხადებით, პირველი არის ის ფაქტი, რაც გუშინ იხილა - ქუჩაში შელაპარაკებები, კერძოდ, კი ბიზნესმენ გიორგი კოდუასთან ახალგაზრდების ჯგუფის შელაპარაკება.

"მინდა,  ვთხოვო ყველას, მოვუწოდო კიდეც, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ემოციების ქუჩაში გადატანისგან, ვინაიდან ამას შეიძლება მძიმე შედეგი მოყვეს. ასევე მინდა ვთხოვო და, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველებს ექნებათ რეაგირება ასეთ შემთხვევებზე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ვიცეპრემიერის განცხადებით, სრულიად მიუღებელია ძალადობის კადრების გავრცელება,რადგან  "ეს არის დაბრუნება იმ საშინელ წარსულში, რომელიც საქართველომ გაიარა. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს ერთხელ და სამუდამოდ. არ ვიცი, ვინ აკეთებს ამას, ეს ნამდვილად არ შედის მთავრობის ინტერესში და ვინც აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, სად არის, სად მუშაობს, რომელი გუნდის თუ მიმართულების წევრია. ეს არის ადამიანების ფსიქიკის დანგრევა. ახალგაზრდებს შეიძლება, ცხოვრება დავუმახინჯოთ მარტო იმითი, რომ ეს უბედურება ვაჩვენოთ, რაც გაიარა საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა. ამიტომ კატეგორიულად ვემიჯნები, მითუმეტეს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მასშტაბით ასეთი კადრების ჩვენებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მესამე საკითხი, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეხება მედიის თავისუფლებას და მისი თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა, რომელზეც ნებისმიერი მთავრობა უნდა იდგეს.

"ჩვენი მთავრობა ამ ფასეულობაზე ნამდვილად დგას, ამიტომ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ არც ერთი სატელევიზიო, თუ მედიაკომპანიის მაუწყებლობის პოლიტიკაში ჩარევა არ  მოხდეს და არ ხდება ასეთი რამ. არ ვიცი, ვინ იქნება ამ პროცესის გამარჯვებული, ნამდვილად არ ვარ იურიდიული დეტალების საქმის კურსში, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლები ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, თუნდაც ყველაზე არაობიექტურმა სამაუწყებლო სარედაქციო პოლიტიკამ, ვიდრე იმან, რომ ეჭვი გაჩნდეს ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში ქვეყანაში მედიათავისუფლებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მეოთხე საკითხთან დაკავშირებით კი კვირიკაშვილი აცხადებს:        

"მინდა, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობასაც და ყველა იმ ადამიანს მოვუწოდო, ვინც  სააწინააღმდეგო პოზიციაზე დგას, ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უნდა გადააბიჯოს იმ ზღვარს , რომ  სასამართლო გადაწყვეტილება, მოგწონს ეს თუ არა მოგწონს იგი, მისაღები იქნება  ყველასთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს დგას ეს ადამიანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მოროშკინა სააკაშვილს: შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომლებსაც სპეციალურად ითხოვდი და მერე კაბინეტში„ტკბებოდი“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:48

შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომლებსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და “ტკბებოდი“, – ამ სიტყვებით ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
მოროშკინა მიმართვის ვრცელ ტექსტს ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„მიშა, შენ გაწირე შენივე გუნდი! შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და „ტკბებოდი”! იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ “კარტინკამ” შესაძლებლობა მოგცეს, შენი “არდაბრუნება სამშობლოში” აპოზიციონერო, როგორც -“იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა”!
შენ გაწირე ის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც სჯერა შენი! შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე! შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი – რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა ვითომ უფლებადამცველები კი ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია! შენ გინდა, რომ 320.000 მსჯავრდებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენს მხარდამჭერს! ისევ სისხლი გინდა, მიშიკო? ისევ ამძაღდა შენი სული? რატომ არ გასვენებს გამჩენი? რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო! სისხლიანი სურათი საქართველოდან “გაგიპრავებს” ამერიკელებთან გაქცევას! – აი რა არის შენი გეგმა! ხომ არ დაგავიწყფდა, რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი! არ გამოგივა საქართველოს ძაძებში გახვევა!“,- წერს ლალი მოროშკინა.

ნაციონალურმა მოძრაობამ მადლობა უნდა თქვას იმისთვის, რომ ხალხმა ის არ გაუკეთა, რაც ამ ვიდეოებშია - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 11:39

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. ამასთანავე ღარიბაშვილის აზრით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა მათ, რაც ვიდეოებშია ასახული.

"ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან თუ კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შესაძლოა უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სააკაშვილი და მისი მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს - პრემიერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 10:45

პრემიერი წამების კადრების გავრცელებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოქალაქეებს.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კონკრეტული შემთხვევა გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მოქალაქე სახლიდან ღამის სამ საათზე გაიტაცეს.

„მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში სასტიკად გაუსწორდნენ, მუცელიც მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ. იმს გამო, რომ მას არ ჩადენილი, შეუმდგარი დანაშული ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ისეთი ენით ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღებია ის, რაც ამ ვიდეოებში ხდება. მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას მხარს უჭერენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც ამ ვიდეოებში აუპატიურებენ ადამიანებს, ეს არის მათი სიმბოლო," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

არასამთავრობოების აზრით წამების კადრები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 17:15

არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების, ასევე, აღნიშნული ვიდეოების თბილისსა და ზუგდიდში საჯარო ჩვენების ფაქტებს ეხმაურებიან.

"როგორც ცნობილია, ა. წ. 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ეს კადრები 2013 წელს სამეგრელოში სამალავებში ნაპოვნი ვიდეო მასალაა, რომლის აღმოჩენის შემდეგ მოქმედმა ხელისუფლებამ ისინი დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. ბევრი გახმაურებული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. „ციხის კადრები”, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეომასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი გათავისუფლება ახდენდა. ასევე, სრულად იყო იგნორირებული სახალხო დამცველის, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგები. აღნიშნული დანაშაულის სისტემურობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს.

ამის მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ვერ მოხდა ამ სისტემური დანაშაულის სრულად გამოძიება, ყველა დამნაშავის ადეკვატური დასჯა და წამების მსხვერპლთა სრული რეაბილიტაცია. ამას ემატება ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ანგარიშს არ უწევენ იმ ფაქტს, რომ წამების კადრების გავრცელება წამების მსხვერპლთათვის დამატებითი ტკივილის მომგვრელია და ამ შემთხვევების დეტალების საზოგადოებისთვის ამგვარად ჩვენება მსხვერპლთა უფლებების დარღვევაა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ ამ ვიდეოების საჯაროდ ჩვენების ფაქტს.

17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ვიდეოების ატვირთვამ დაადასტურა ის, რომ, როგორც ჩანს, შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება, რომელიც პროექტორების მეშვეობით ქალაქების, ზუგდიდისა და თბილისის ცენტრებში გაიმართა, რის შედეგადაც, აღნიშნული კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს, მათ შორის არასრულწლოვანსაც, შეეძლო. როგორც მედიაში წარმოდგენილ კადრებში ჩანს, ზუგდიდში გამართულ ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წამების ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზატორი მერია არ ყოფილა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში და მათ მიერ გაკეთებული შეფასებები კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს, რომ გავრცელებული ვიდეოები გამოიყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად.

კადრების გავრცელებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულ ოფისებთან (ბათუმი, ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ახალციხე და სხვა) საპროტესტო აქციების ორგანიზება განაპირობა. საპროტესტო აქციები მოქალაქეთა ჯგუფებისა და მთავრობასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული. ზოგიერთ აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაზე. საზოგადოებაში დამატებითი აგრესიის დანერგვით, სიძულვილის ტირაჟირებით შეუძლებელია ქვეყნისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება. თითოეულ პოლიტიკურ ძალას უნდა ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას აკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მამოძრავებელი ძალა და არა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესები, რომლებიც მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი და კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ საკუთარი პოზიციების გამყარებას ემსახურება.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საჯარო სივრცეში კადრების ჩვენებით განუსაზღვრელი წრისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისთვისაც, ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ძალადობის შემცველი კადრების ნახვა. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა ამგვარი მავნე ზეგავლენისგან. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბავშვების, როგორც განსაკუთრებული ჯგუფის დაცვის საჭიროებაზე, მათი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გათვალისწინებით. ამავე დროს, კონვენცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს შეიმუშაონ იმ სახის ინფორმაციისა და მასალებისგან ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვთა კეთილდღეობისთვის, ასევე მათი ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის.

მოვუწოდებთსაქართველოსხელისუფლებას:

იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე ყველა პირმა სათანადოდ აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, პასუხისმგებლობა იმ პირებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც აღნიშნული სისტემის (პატიმრების წამება და უკანონო ფარული მიყურადება) შექმნაში მიიღო მონაწილეობა;

საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია წამების ფაქტების გამოძიებების შედეგების, დამდგარი პასუხისმგებლობის ზომებისა და წამების მსხვერპლთა მიმართ გატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ;

შექმნას ამგვარი ქმედებების ეფექტური პრევენციის სისტემა და უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები. როგორც ჩანს, საქართველოში მსგავსი სისტემა არ არსებობს, ზუსტად ამის გამო, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;

მსგავს ფაქტებზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დროს გაითვალისწინოს წამების მსხვერპლთა ინტერესები;

ეფექტურად გამოიძიონ წამების ამსახველი კადრების გავრცელების და საჯაროდ ჩვენების ფაქტები;

შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულს, დროულად გამოავლენს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავე პირებს და უზრუნველყოფს ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარეშე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიება მიკერძოების განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს.

ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს პატივი სცენ წამების მსხვერპლთა უფლებებს და ნუ მოახდენენ ამ თემის პოლიტიზებას ",-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს რამდენიმე არასამთავრობო როგანიზაცია აწერს ხელს: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, იდენტობა, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო ჩართულობის სააგენტო (სიდა), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური