გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 27 მარტი 2019 14:09

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრანპრიზე ვერ იჭიდავებს. ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყო.

დებულება კრძალავს ნებართვის გარეშე ძიუდოისტების მონაწილეობას სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებებში, გურამ თუშიშვილის შემთხვევაში, კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე სპორტსმენის მონაწილეობის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ინფორმირებული არ იყო და თუშიშვილი ყაზახეთში გაემგზავრა დამოუკიდებლად.

ძიუდო: ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა!

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:39

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!

ბილალ ეიელსალმანი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სიუაბულელა მაბულუ (სამხრეთი აფრიკა), რაიან ვარგასი (აშშ) და ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - ნახევარფინალამდე ვაჟამ ესენი დაამარცხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთ სამხრეთკორეელს ლი-ჰვან კიმს სძლია.

აბე, როგორც ვთქვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში იაპონელმა რუს მიხაილ პულიაევს აჯობა. მეორე ბრინჯაოს მედალს ისრაელის ნაკრების წევრი ტალ ფლიკერი დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო ვაჟასთვის 2017 წელს მესამე მედალია: თებერვალში მან ჯერ პარიზის გრანდ სლემზე დაიკავა მესამე ადგილი, ორ კვირაში კი დიუსელდორფის გრან პრი მოიგო.

„ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პირველობას, ოქროს მედალს ვგეგმავდი, მესამე ადგილი მაინც მისაღებად მიმაჩნია. ვეცდები მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მარგველაშვილის მესამე ადგილით კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე: „ვაჟას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მთელი ტურნირის მანძილზე მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა და დასანანია, რომ მოდუნება წაგებად დაუჯდა... ვთვლი, რომ მან ჭკვიანურად იჭიდავა და კარგი იქნება თუ მომავალში ასე გააგრძელებს ასპარეზობას".

შეგახსენებთ: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

დღეს, 30 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს: ვაჟებში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (57კგ).

“ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის “შევარდენი 2005“ გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 15:27

ავაჭრო ცენტრში "თბილისი მოლი" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  -  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - "ოქროს ლიგა" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში "შევარდენი 2005"-მა ქარელის "დურმიშხანი" დაამარცხა. მესამე ადგილოსნები გახდნენ - "ლიდერი" და "ოლიმპი".

საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულმა 8 საუკეთესო გუნდმა.  შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე გუნდი მონაწილეობდა.

"ოქროს ლიგის" ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. "ოქროს ლიგის" ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი. გამარჯვებული სპორტსმენები მინისტრმა, დავით ქევხიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს. 

ლიგის გამარჯვებულმა "შევარდენი 2005"-მა 50 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ კლუბს - 40 ათას ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებმა 30-30 ათასი ლარი შეხვდათ.

მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება.

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონობა მეცხრედ იზეიმეს

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 23 აპრილი 2017 19:43

საქართველოს ძიუდოიტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მეცხედ მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ  პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ევროპის პირველობა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ქართველებმა ფინალში  რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, ინდივიდუალურ შეჯიბრში ჩვენმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლს ბექა ღვინიაშვილი დაეუფლა,   ადამ ოქრუაშვილმა ვერცხლ მოპოვა, გურამ თუშიშვილმა კი  ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

ქართული ფინალის მოლოდინში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 31 მარტი 2017 15:58

რამდენიმე საათია, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ძიუდოში თბილისის გრან პრი მიმდინარეობს.   საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) თბილისის გრან პრის ფინალში გავიდნენ. პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს ვაზარით მოუგო. გიუნაშვილმა ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბრაზილიელ ჩარლს ჩიბანას ასევე ვაზარით აჯობა.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 17:00საათიდან დაიწყება.

ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 13:32
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. თბილისში იმყოფებიან ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო, რომელთა თანდასწრებით, 6 მარტს ოცდაათმა ქართველმა მწვრთნელმა თეორიული საგამოცდო ტესტები ჩააბარა. ასევე 6 მარტიდან მათთვის დაიწყო ერთკვირიანი პრაქტიკული სემინარი. ერთი კვირის შემდეგ გამოცდებს კიდევ 40 ქართველი მწვრთნელი ჩააბარებს. ხოლო ის მწვრთნელები, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ.

ქართველი ძიუდოისტების საუკეთესო შედეგი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 11:07

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 45 ქვეყნის ნაკრებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.


ტურნირის ბოლო დღეს 3 წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობდა.
-90 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში ბექა ღვინიაშვილი რუს ჰუსენ ხალმურზაევს დაუპირისპირდა, იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.
გამარჯვების მომტანი ილეთი ღვინიაშვილმა შეხვედრის დასრულებამდე რამდეინმე წამით ადრე შეასრულა. 
-90 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერეზადაშვილთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა. -100 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტაველური მეორე ტურში ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან დამარცხდა, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში ადამ ოქრუაშვილმა და ლევან მატიაშვილმა პირველივე შეხვედრები დათმეს.

შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფის გრან პრის 3 დღის ჯამში ქართველმა ძიუდოისტებმა 5 წონით კატეგორიაში 4 მედალი მოიპოვეს. ამირან პაპინაშვილმა(-60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა(-73 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი(-66 კგ) და ბექა ღვინიაშვილი(-90 კგ) ოქროს მედალებს დაეუფლნენ.

73 კილიგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა დიუსელდორფის გრან პრის ქართულ მონაგარს – ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ოქროსა და ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ვერცხლს თავისი წილი ვერცხლი მიამატა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში ამბაკო ავალიანი პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდა. ოქროს დროში, დაღლა შიდოდ დაუჯდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ტატალაშვილმა პირველ მოწინააღმდეგეს – სერბ სტეფან მაჟდოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე ხელის მტკივნეულით. შემდეგ კი, მტკივნეულითვე დამარცხდა უნგრელ ატილა უნგვარისთან.
საქართველოს სახელით გერმანულ ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილიც (ორივე +100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგეს.

ქართველი ძიუდოისტები დიუსელდორფის გრან პრიზე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 13:57

24-26 თებერვალს დიუსელდორფში გრან პრი გაიმართება, სადაც ქართველი ძიუდოისტები სრული შემადგენლობით წარსდგებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
-81კგ - ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
+100კგ - ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო პარიზის გრან სლემიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 12:58

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 11-12 თებერვალს გამართულ პარიზის გრან სლემზე 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 
პრესტიჟულ საერთშორისო ტურნირზე, სადაც მსოფლიოს 61 ქვეყნის 409 ძიუდოისტი მონაწილეობდა, ვერცხლის პრიზიორი 81 კგ. წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მოიპოვეს.
ზებედა რეხვიშვილმა პარიზის გრან სლემის ფინალში გასვლა კარიერაში პირველად შეძლო, ჯამში მან 6 შეხვედრა გამართა, საიდანაც 5-ში გაიმარჯვა და მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმო. 
რეხვიაშვილმა საწყის ეტაპზე საუდის არაბეთის წარმომადგენლ ალი მაჯრაშის, ბულგარელ ივაილო ივანოვს და უნგრელ ატილა უნგვარის სძლია, 1/4 და 1/2 ფინალში საფრანგეთის ნაკრების წევრები - ბაპტისტ პიერი და პაპე დუდუ ნდიაე დაამარცხა, ფინალში კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრები 24-26 თებერვალს დიუსელდორფის გრან პრიზე იჭიდავებენ, სადაც მსოფლიოს 53 ქვეყნის 400-მდე ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას. 

ძიუდოისტების ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ღია პირველობიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 06 თებერვალი 2017 16:47

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება შეძლეს.

ტურნირში მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორმა ძიუდოისტებმა მიიღეს.

-90 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ნოდარ ბერიანმა აიღო, რომელმაც მე-3 ადგილისათვის შეხვედრაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია. 

+100 კგ. წონით კატეგორიაში კი ონისე ბუღაძე ფინალში გავიდა, სადაც რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

თებერვლის თვეში ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრან სლემსა (11-12 თებერვალი) და დიუსელდორფის გრან პრიზე (24-26 თებერვალი) გამოვლენ, სადაც მედლებისათვის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იბრძოლებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური