ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 06 დეკემბერი 2017 16:25

ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 

ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

კაცები

+105 კგ

1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მსოფლიო რეკორდით გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 12:00

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! ლაშამ ერთ-ერთ მოძრაობაში - ატაცში - მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა!

ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართული ევროპირველობა მძიმეწონოსანთა - +105კგ - შეჯიბრით დასრულდა. ტალახაძემ 217კგ აიტაცა (და რიოში ირანელი ბეჰდად სალიმის მსოფლიო რეკორდი კილოგრამით გააუმჯობესა), აკვრაში 250კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 467კილოთი ევროპის ჩემპიონი გახდა! შარშან, ნორვეგიის ქალაქ ფორდეში ლაშამ ევროპის ჩემპიონატი 463კგ-თი მოიგო.

მძიმეწონოსანთა შორის ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძეც, თუმცა მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მესამე შედეგი გახლდათ.

ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ახლა უკვე ევროპის ორგზის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სომეხი ათლეტი, რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გორ მინასიანი (446კგ) და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი (434კგ) ჩამოიტოვა.

ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა ეასპარეზა ანასტასია გოტფრიდს, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენი ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ ექვსი ტრიუმფით, ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული სამი ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით ორჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო.

წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა, წლეულს კი პლანეტის უძლიერესი მამაკაცი კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდ

#VOTE ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ვირჩევთ!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 17 იანვარი 2017 11:13

რამდენიმე საათის წინ ზაზ ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შეწყდა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი მხის მიცემის ახალი ეტაპი დაიწყო. მსოფლიო საუკეთესო ძალოსანს ირჩევს. ჩვენ კი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ნომერ პირველი ძალოსანი გვყავს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად  გამოკითხვა დაიწყო.

ხმის მიცემის წესები:

1. შედით საიტზე www.iwf.net
2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს)
3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვნიშნავთ ერთ ქალ სპორტსმენს, შემდეგ, ერთ მამაკაცს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს. 
5. მოვნიშნოთ 1 ქალი და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი).
6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი. 
7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia).
8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი. 
10. ვაჭერთ ღილაკს VOTE. 
11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

ლაშა ტალახაძის მორიგი გამარჯვება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 16:45

საჩხერემ ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 80-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონ-პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

56 კილოგრამში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი დოკვაძემ, რომელმაც 100 კილოგრამი აიტაცა და 118 კილოგრამი აკრა და ჯამში 218 კილოგრამი დააგროვა. მეორე ადგილზე გავიდა გურამ გიორბელიძე - ორჭიდი 211კგ (ატაცი 94 კგ, აკვრა 117 კგ). მესამე ადგილზე გავიდა ზაზა ფუტკარაძე 209 კილოგრამით (ატაცი 96 კგ, აკვრა 113 კგ).

62 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო შოთა მიშველიძემ, რომელმაც 129 კილოგრამი აიტაცა და 142 კილოგრამი აკრა და ჯამში 271 კილოგრამი მოაგროვა. მეორე ადგილი დაიკავა რამინ შამილიშვილმა 263 კილოგრამით (ატაცი 120კგ, აკვრა 143კგ), ხოლო მესამეზე გავიდა გოდერძი ბერდელიძე 257 კილოგრამით ( ატაცი 120 კგ, აკვრა 137 კგ).

69 კილოგრამ კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო გოგა ჩხეიძემ, რომელმაც ორჭიდში 294 კილოგრამი დააფიქსირა (ატაცი 132კგ, აკვრა 162 კგ), მეორე ადგილზე გავიდა თორნიკე თოდაძე 285 კილოგრამით ორჭიდში (ატაცი127 კგ, აკვრა 158კგ). მესამე ადგილი დაიკავა ვაჟა ქანთარიამ 259 კილოგრამით (ატაცი 115 კგ, აკვრა 158კგ).

77 კილოგრამ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გიორგი ლომთაძე 310 კილოგრამით ორჭიდში (ადაცი 140 კგ, აკვრა 170 კგ). ვერცხლის მედალი მოიპოვა ირაკლი გაბრიჩიძემ 293 კილოგრამით (ატაცი 133კგ, აკვრა 160კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვახტანგ ვეკუამ 291 კილოგრამით (ატაცი 131 კგ, აკვრა 160კგ).

85 კილოგრამ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა რეზი დავითაძე, რომელმაც ორჭიდში 337 კილოგრამი დააგროვა (ატაცი 153კგ, აკვრა 184 კგ) და 42 კილოგრამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნოდარ კაკაბაძეს, რომელმაც 134 კილოგრამი აიტაცა, 161 აკრა და ორჭიდში 161 კილოგრამი დააგროვა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ღარიბაშვილმა 251 კილოგრამით ორჭიდში ( ატაცი 110კგ, აკვრა 141კგ).

94 კილოგრამ კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ლონგო ბრეგვაძე, ვერცხლის მედალი მოიპოვა 2016 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა ახალგაზრდებში, ირაკლი ჩხეიძემ. მესამე ადგილი დაისაკუთრა გიორგი კუზანაშვილმა.

105 კილოგრამ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა დავით ხეცურიანმა, რომელმაც 169 კგ აიტაცა, 204 კგ აკრა და ჯამში 373 კგ მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონი ოცწლამდელებს შორის, გიორგი ჩხეიძე. გიორგიმ ატაცში 164 კგ დაძლია, 200 კგ აკრა და ჯამში 364 კგ მოაგროვა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე კოკაიამ 348 კილოგრამით (ატაცი 158კგ, აკვრა 190კგ).

ჩემპიონატის ბოლო დღის კულმინაცია მძიმე წონაში ჩატარებული შეჯიბრი გახლდათ, სადაც რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე მონაწილეობდნენ. ლაშა ტალახაძემ რიოს ოლიმპიადის ოქროს საქართველოს ჩემპიონატის ოქროც მიამატა. მან 197 კილოგრამი აიტაცა, 225 კილოგრამი აკრა და ჯამში 422 კილოგრამი მოაგროვა. ვერცხლის მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ. ოლიმპიადის პრიზიორმა 192 კილოგრამი აიტაცა, 225 აკრა და ჯამში 417 კილოგრამი მოაგროვა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბაქარ თურმანიძემ 343 კილოგრამით (ატაცი 157კგ, აკვრა 185კგ).

შემდეგი მნიშვნელოვანი შეჯიბრი, სადაც ქართველი სპორტსმენები გამოვლენ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც 4-10 დეკემბერს ისრაელში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ლაშა ტალახაძეც.

აქ შური და ბოღმა არ არსებობს! - ძალოსნების ექიმის ემოციური წერილი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 13:12
ოქრო და ბრინჯაო, მედლები რომელსაც ოქროს ფასი აქვთ... და ისტორია რომელიც დაწერეს ამ ორმა ქართველმა... , - ძალოსნების ტრიუმალური გამარჯვების შესახებ ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "2013 წლის 4 თებერვალს მივედი ძალოსნობის ნაკრებში პირველად... მაშინ დუშეთში გადიოდნენ ბიჭები შეკრებას... ზურა კახაბრიშვილმა მითხრა ადი მიხედე მაგ გუნდს, შენც ბევრ რამეს ისწავლი და იმათაც წაადგები ბევრ რამეშიო.... მაშინ ერთი უპერსპეკტივო, არაფრით გამორჩეული სტუდენტი ვიყავი.... , რომელიც იმას ფიქრობდა რა მეშველება უნივერსიტეტს რომ დავამთავრებო.... ... ავედი... ....დამხვდნენ.... ექიმი ჯერ არასდროს ყოლოდა გუნდს, არც მე ვიცოდი ბევრი რამ... ჯერ არც დიპლომი მქონდა.... მასაჟის კეთებით დავიწყე.... დაუმუშავებელ, გაქვავებულ კუნთებს ვუზელდი ბიჭებს და ვფიქრობდი მომავალზე, რომელიც არ ვიცოდი რას მიქადდა..... მაშინ გავიცანი ირაკლი თურმანიძე, ლაშა ჯერ არ იყო... ალბათ ერთი თვის მერე შევხვდი პირველად.... თუმცა დაუსწრებლად ვიცოდი ერთი "პატარა" ბიჭის არსებობის შესახებ, რომელსაც მთელი გუნდი დიდი შტანგის აწევას უწინასწარმეტყველებდა..... დღე დღეს მისდევდა.... ვშრომობდი, ბიჭები ვარჯიშობდნენ.... ევროპისთვის ემზადებოდნენ მაშინ.... არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორი ურთიეერთობა ჩამომიყალიბდებოდა, ვინ იქნებოდნენ ჩემთვის და ვინ ვიქნებოდი მათთვის მომავალში.... არც იმაზე ვიდებდი თავს, რომ იმ პერიოდში ძალოსნობაზე ვგიჟდებოდი და ძალიან მიყვარდა.... მერე იყო პირველი ევროპა, მსოფლიო, მაშინ გუნდს პრობლემები ქონდა დოპინგთან და სრული შემადგენლობით ვერ მივდიოდით შეჯიბრზე ..... შეკრებებზე ვაკეთებდით ყველაფერს და მერე მიფრინნავდნენ... მე ვიჯექი და ტელევიზორიდან ვგულშემატკივრობდი.... ნელნელა იზრდებოდა გუნდი, იზრდებოდა ბიჭების შესაძლებლობები და მათთან ერთად ვიზრდებოდი მე, როგორც ძალოსანთა ეროვნული გუნდის ექიმ-რეაბილიტოლოგი.... რა მზრდიდა ?! დამოუკიდებლობა... ტრამვები, რომელსაც ბიჭები ტონობით რკინის აწევისას იღებდნენ.... მზრდიდა ურთიერთობა, მათთან ყოფნა ვინც ოჯახებს, პატარა შვილებს და ახალმოყვანილ ცოლებს ტოვებდნენ რათა ევარჯიშათ, ეშრომათ, ოფლის და ტკივილის ფასად წასულიყვნენ , ბოლომდე ებრძოლათ და კვარცხლბეკის პიკზე მიეღწიათ.... ნელნელა ვგრძნობდი, ვისისხლხორცებდი და ვერთვებოდი სპორტის ყოველდღიურობაში .... მანიად მექცა სამედიცინო ჩანთით სიარული.... ძალოსნობის ნაკრები იქცა ჩემს ოჯახად და ჩემი მშობლების თხოვნის მიუხედავად , ცოტა მეტი დრო გამეტარებინა მათთან, ვერ ვჩერდებოდი, სახლში მოსული ორ საათს თუ ჩამოვუჯდებოდი დედას და მამას და ისევ გავრბოდი... გავრბოდი იმიტომ, რომ შეიძლება მათ ვჭირდებოდი, შეიძლებოდა რომელიმეს რამე აწუხებდა, შეიძლებოდა უბრალოდ ჩემი იქ ყოფნით რომელიმეს უკეთ ეგრძნო თავი... და უკან არ ვიხევდი არაფერზე.... ... დიდი კაცია ირაკლი თურმანიძე... დიდი სპორტსმენია.... და მარტო სპორტი არაა.. კაპიტანია, კაცია რომელსაც გუნდი უზარმაზარ პატივს სცემს.. მას ეკითხებიან, ის პასუხობს.. მის აზრს ყველა ითვალისწინებს... იმიტომ რომ უფროსია, იმიტომ რომ გამოცდილია, იმიტომ რომ მან ატარა ძალოსნობის მძიმე უღელი ააქამდე ისე, რომ არ დაიჩოქა და 2016 წლის 16 აგვისტოს მან უფლისგან მიიღო ის, რასაც იმსახურებდა... კიდევ რატომ ვაფასებ იცით ?! იცოდა, რომ ლაშა მოუგებდა... იცოდა, რომ მასზე მეტს აწევდა მაგრამ წარბს არ იხრიდა, ყველანაირად გვერდში ედგა და გულშემატკივრობდა... მეტი სიკარგე რა გინდათ ხალხო... ყველაზე ძლიერი კონკურენტი გყავდეს ნაკრებში და მისი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდე.... ამიტომ მიყვარს ძალოსნები.... აქ შური და ბოღმა არ არსებობს... ..... იმ დიდ კაცზე მინდა კიდევ ვისაუბრო, დღეს რომ ევროპის, მსოფლიოს, ოლიმპიური რეკორდსმენი და ჩემპიონი როა.... 22 წლის... რა პატარააო ალბათ იტყვით... აღარაა პატარა... არ არიან პატარები ძალოსნობაში... კაცი , რომ სახლიდან წამოხვალ, რათა შენი მიზნების მისაღწევად იშრომო, ვეღარ გეძახიან პატარას... ... დიდი კაცია ლაშა ტალახაძე, დღეს უკვე ძალიან დიდი.... წლებია მუხლჩაუხრელად შრომობს .... იცით როგორი კაცია?! არც სპორტი ეშლება, არც კაცობა, არც ზრდილობა და არაფერი... ქიციც იცის და ქიცმაცურიც.... ღვთის მოშიში კაცია ლაშა... ღმერთთან ერთად იბრძვის... რწმენა აქვს და არაფრის ეშინია...ყველაფერი გამოსდის ამ ფიზიკურად და მორალურად ძლიერ ადამიანს.... პირჯვარს რომ გადაისახავს ისეთი სიმტკიცე იღვრება მოძრაობიდან რომ ასე მგონია ჩემზეც გადმოდის ამ გოლიათისთვის უფლისგან მინიჭებული მადლი.... .... რიომდე ერთი თვე და ცოტა მეტი იყო დარჩენილი, გამიცივდა... ანგინა დაემართა... სიცხეები 40 ზე ქონდა ... 5-6 კილო დაიკლო.... დიდი ვარჯიშები ქონდა და ჩაუვარდა... ყველა ვწუხდით .. რა არ ვუმკურნალეთ... ერთი კვირა მაინც გაგვიცუდდა... დაიწყო ისევ მთელი შემართებით... იქამდე არ მოისვენა სანამ ჩვეულ ფორმას არ დაუბრუნდა და ცოტახანში გადააჭარბა კიდეც... მე და ზურა 10 დღით ადრე წამოვედით ბრაზილიაში, მედარდებოდა მაგრამ იმედი მქონდა თავს გაიტანდნენ გოლიათები უჩემოდ... არ გაცივდე და ბევრი არ იწანწალოთქო დავუბარე... ითვალისწინებს ხოლმე ჩემს თხოვნას... ბოლო თვეები ერთ ნომერში ვცხოვრობდით...და სულ კუდში დავდევდი... ყასიდად გამიბრაზდება ხლომე, მაგრამ იცის რომ ცუდს არ ვურჩევ... და მაინც მისრულებს თხოვნას... ძლივს გაიარა ათმა დღემ და ჩამოვიდნენ.... ირაკლის მაჯა ქონდა ნატკენი.... ვერც გავიგე როდის მეტკინაო შემომჩივლა... ლაშა კარგად იყო.. რამოდენიმე კილოს მომატება გვქონდა შეჯიბრამდე გეგმაში... ახლოვდებოდა 16 და მატულობდა დაძაბულობა ... მე, ავთოს, გიას და ზურას უფრო გვეტყობოდა ნერვიულობა ვიდრე ამ ყოვლისშემძლე ბიჭებს... აქეთ გვამხნევებდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო.... ირაკლის მაჯის ტკივილმა უმატა... ნემსებს ვუკეთებდით... შევთანხმდით, რომ შეჯიბრზე ლიდოკაინით გავუყუჩებდით გაუსაძლის ტკივილს.... მაგრამ არ დაგვჭირდა... გამზადებული ნემსები გადავყარე... არ მინდაო ... გავუძლებო და გაუძლო კიდეც... კიდევ ერთხელ უფრო ძლიერად შემაყვარა თავი.... სასწაული ხდებოდა გასახურებელში, ყირაზე ვიყავით, ცალკე ემოცია, ცალკე ამათი გამხნევება, შტანგის დაგება, დაშლა... ასანიძის მათემატიკურად აელვარებული მზერა... ზურას და ავთოს შეძახილები.... და...... გავიმარჯვეთ... ორი მედალი რიოდან.... ძალოსნობის ისტორიაში პირველად, ოქრო და ბრინჯაო, მედლები რომელსაც ოქროს ფასი აქვთ... და ისტორია რომელიც დაწერეს ამ ორმა ქართველმა... მე ამაყი ვარ... მე ვარ ბედნიერი, რომ ვარ ამ ისტორიის ნაწილი... რომ ვარ ამ გუნდის, ამ ბიჭების ექიმი.... რომ ვარ ძალოსნობის ეროვნული ნაკრების დიდი ოჯახის წევრი.... მადლობა ლაშას და ირაკლის... მადლობა გიორგი ასანიძეს, ავთო გახოკიძეს, ზურა კახაბრიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც იოტისოდენა წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.... ხო კიდევ აქ ორ ძალოსანზე ვსაუბრობ... მაგრამ მე მყავს ნამდვილი მგლები საქართველოში, რომლებიც ძალიან მომენატრნენ.. და მინდა მოვიკითხო შორეული ბრაზილიიდან... ჩემო ძალოსნებო მალე ისევ ერთად ვიქნებით! დიდი მადლობა თქვენ ქართველო გულშემატკივარო!!! მიყვარხართ! მეც ძალოსანი ვარ !!! მე მიყვარს საქართველო!!!!"

ძალოსნების ტრიუმფის შემდეგ კახი კახიაშვილი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 10:20
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი თანამდებობიდან გადადგა. საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. კახი კახიაშილი: „ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას. რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია,“- კახი კახიაშვილის განცხადებას ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი რეკორდით გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 17 აგვისტო 2016 09:59
რიო დე ჟანეიროში საქართველო ჰიმნი აჟღერდა. ოლიმპიუი ჩემპიონობა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ იზეიმა. სპორტსმენმა საქართველოს ზაფხული 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 16 აგვისტოს +105 კილოგრამში მოასპარეზე ლაშა ტალახაძე ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა. ქართველმა ჯამში 473 კგ-ის დაძლევა მოახერხა. ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ. დააფიქსირა. ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი რეკორდით გახდა, ქართველმა ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. საქართველოს კიდევ ერთი მედალი ძალოსანმა, ირაკლი თურმანიძემ მოუტანა. +105 კგ-ში თურმანიძემ ჯამში 448 კგ დააფიქსირა (207+241) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ჩხეიძემ ზეწოლას ვერ გაუძლო, - კახი კახიაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 17:47
105 კილოგრამ წონით კატეგორიაში კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა ოლიმპიური დებიუტი გიორგი ჩხეიძემ. გიორგი ახალგაზრდაა, სადღაც ინერვიულა და ყველაფერს შემდეგი დიდი ტურნირისთვის გაითვალისწინებს, - ასე შეაფასა რიოს ოლიმპიადაძე ქართველი ძალოსანის, გიორგი ჩხეიძის გამოსვლა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა. კახი კახიაშვილი (სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი): „19 წლის გიორგი ჩხეიძემ ვერ გადალახა ოლიმპიური დატვირთვა. ნორმალურად დაიწყო, მაგრამ ერთი შეცდომის შემდეგ, ვერ გამოასწორა სიტუაცია, ვერ გაუძლო ზეწოლას. ვერ აიტაცა 173 კილოგრამი. მწვრთნელები ცდილობდნენ აკვრაში წონის გაზრდით სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ გიორგი არ იყო მზად ფსიქოლოგიურად. მწვრთნელები ზრდიდნენ წონას. უკვე არ აქვს მნიშვნელობა, ესეთ სიტუაციაში მეცამეტეზე გახვალ თუ მეჩვიდმეტეზე. მჯერა, რომ ჩხეიძე ამ გამოცდილებას შემდეგ დიდ ტურნირზე გამოიყენებს.“ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი

მე-40 ოლიმპიელი საქართველოდან - ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი რიოში მიდის

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 11:34

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს რიოში კიდევ ერთი წევრი ეყოლება. ოლიმპიური ლიცენზია მიიღო ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა, რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლიდან გამოდის და უკვე მოასწრო წარმატების მოპოვება. 
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები სრული შემადგენლობით მოიხსნა რიოს ოლიმპიური თამაშებიდან და დარჩენილი ლიცენზიები გადანაწილდა 8 ქვეყანაზე. ამ სიაში მოხვდა საქართველოც და ოფიციალურად, ანასტასია გოტფრიდი რიოს ოლიმპიადის მონაწილე გახდა. 
ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს სახელით უკვე მოასწრო ვერცხლის მედლის მოგება ევროპის ბოლო ჩემპიონატზე და წელს, თბილისში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა. გოტფრიდი +75 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. 
კახია კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): „მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი გავიგეთ. ანასტასია გოტფრიდი მონდომებული, მიზანდასახული სპორტსმენია, რომელსაც ბოლო პერიოდში აქვს წინსვლა და მან რიოში გამოსვლა დაიმსახურა. ჩვენთვის საპატიოა, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ძალოსანი წარადგენს. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ნაკრებს.“

ძალოსნობა: ირაკლი თურმანიძე ევროპის ჩემპიონია!

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 29 აგვისტო 2015 12:09

ქართველი ძალოსანი ირაკლი თურმანიძე (+105კგ) ევროპის ჩემპიონია! ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ქართველი ათლეტი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულად ოფიციალურად აღიარა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ირაკლი თურმანიძემ, ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ და ფედერაციის წარმომადგენლებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ირაკლის გამარჯვება მთლიანად ქართული სპორტის გამარჯვებაა! ძალიან კარგია, რომ სამართლიანობა აღდგა და თურმანიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული სამართლიან ბრძოლაში მოიპოვა. მსურს ირაკლის, ასევე ძალოსნობის ფედერაციას და ზოგადად, ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გამარჯვება - ევროპის ჩემპიონობა ერთგვარი წინაპირობა უნდა გახდეს საგაისო ოლიმპიური ჩემპიონობის და ვიმედოვნებ, ასეც მოხდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ძალოსნის ამ წარმატებას"! - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ! არ დაგიმალავთ: ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს - მიხარია, რომ სამართალი აღდგა, მე ხომ პატიოსნად ვიბრძოდი ჩემპიონობისთვის. ვეცდები მომავალშიც მხოლოდ ოქროს მედლები მოვიგო", - განაცხადა ევროპის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ.
„ყველას ვულოცავ ამ წარმატებას - ირაკლიმ, მისმა გარემოცვამ, ფედერაციის მესვეურებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის და კარგია, რომ შრომა დაფასდა. ევროპის ჩემპიონატს თბილისმა მართლაც უმაღლეს დონეზე უმასპინძლა და მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიგო", - ეს უკვე ნაკრების თავკაცი გიორგი ასანიძე გახლდათ.
„გეტყვით, რომ საქართველოში მხოლოდ ასამდე ძალოსანი გვყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ დიდი ტურნირების მოგებას. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, პირადად ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს - ჩვენ ყურადღება არ გვაკლია და ვეცდებით გაწეული დახმარებისთვის მადლობა ოქროს მედლებით გადავიხადოთ", - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა. მანვე მინისტრს ამ დღის აღსანიშნავად ევროპის ჩემპიონატისთვის მოჭრილი სამახსოვრო მედალი გადასცა.
11-18 აპრილს, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თურმანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, თუმცა ოქროსმედალოსანი, უკრაინელი ოლეგ პროშაკი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ჩემპიონობაც ქართველ ათლეტს მიენიჭა.
ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ და პროშაკმა 435 კილოგრამი დაძლიეს, მაგრამ მსუბუქი წონის გამო, ჩემპიონობა უკრაინელს მიენიჭა. მას შემდეგ, რაც  დოპინგ-კონტროლის შედეგები გახდა ცნობილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონად ირაკლი თურმანიძე გამოაცხადა.
+105კგ წონაში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი სამეული ოფიციალურად ასეთია:
1.ირაკლი თურმანიძე (საქართველო) - 435კგ (201+234)
2.ჩინგიზ მოგუშკოვი (რუსეთი) - 432კგ (200+232)
3.ალმირ ველაგიჩი (გერმანია) - 418კგ (193+225)

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური