ძალადობა 4 წლის ბავშვზე-დაკავებულია ბავშვის მამა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 16:07

4 წლის ბავშვზე ძალადობისთვის მამა დააკავეს ქობულეთში. ამ დროისთვის მცირეწლოვანი დროებითი მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

სოციალური მუშაკის ინფორმაციით, ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ექიმის თქმით, პატარას სხეულზე დაზიანებები აქვს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით აღიძრა.

იან კელი ოჯახში ძალადობის აღმოფხვრაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 13:15

ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კუთხით, ამერიკა მზად არის საქართველოს დაეხმაროს. როგორც ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახში ძალადობა ყველა ქვეყანაში აქტუალურია და ეს საკითხი ყველა ქვეყანას აღელვებს. 
"მნიშვნელოვანია ამ კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მუქარის ქვეშ მყოფი ოჯახის წევრები მიიღებენ საზოგადოებისგან და სახელმწიფოსგან თავშესაფარს, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობები ხელმისაწვდომი იქნება, ასევე მართლმსაჯულებისთვის გათვალისწინებულ პირობებს. საქართველო აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას და ცდილობს, რომ ეს საკითხები მოაგვაროს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:04

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას „ჩვენ“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო “Rooms თბილისში“ გაიმართება.
ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.
პრეზენტაციას მოძრაობის წევრები - ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ისინი მისიას, ხედვას და იმ გეგმებს წარადგენენ, რომელთა განხორციელებაც მოძრაობის ფარგლებში იგეგმება.  ნაჩვენები იქნება პირველი ვიდეორგოლიც.  სტუმრებს იქვე ექნებათ მოძრაობაში გაწევრიანების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.   
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

იუსტიციის მინისტრმა ოჯახში ძალადობის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისაუბრა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 14:57

თელავის იუსტიციის სახლში თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი განიხილა. შეხვედრას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ თელავიდან, გურჯაანიდან, საგარეჯოდან, ყვარლიდან, ახმეტიდან, პანკისის ხეობიდან. მათ შორის იყვნენ როგორც რეგიონული, ისე ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების  (რეგიონული განვითარების ფონდი; პანკისის ხეობის ქალთა საბჭო; ქალთა ასოციაცია; გენდერული თანასწორობის კლუბი; თემი ვარდისუბნის, ნადიკვრის; ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასოციაცია „ვეჯინი“; ომბუდსმენის ოფისი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის; ფონდი „ახალი სიცოცხლე“; „ქალთა უფლებების დაცვა“; „თანადგომა“; კახეთის სამოქალაქო ლიგა; გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია) წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად აუხსნა, თუ რა სიახლეებს ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თეა წულუკიანმა განსაკუთრებული ყურადღება ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლისა მოწმის დაცვის მექანიზმებზე გაამახვილა. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი ძალადობისაგან დაცული ადამიანი და საზოგადოებაა.
თეა წულუკიანი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის განსახილველად რეგიონებში საჯარო დისკუსიებსა და კონსულტაციებს მიმდინარე წლის აგვისტოდან მართავს. შეხვედრების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ გზით დანაშაულის პრევენცია. ძალადობის მსხვერპლს ხშირად არ აქვს ინფორმაცია,  როგორ დაიცვას თავი მოძალადისაგან, რა სანქციები ემუქრება მას და რა დახმარებას უწევს სახელმწიფო დაზარალებულს, რაც შეუძლებელს ხდის მისი უფლებების დაცვას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება. ამ ცვლილებების მიღების პირობებში უნდა მოახდინოს საქართველოს პარლამენტმა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, რომელსაც 2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ერთად სტრასბურგში მოაწერა ხელი. სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია მორიგი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპულ გზაზე.
სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის ახალი ცნება − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს მუქარას ან შეურაცხყოფას მსხვერპლის (განურჩევლად სქესისა) ან მისი ოჯახის წევრების მიმართ და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. მაქსიმალურ სასჯელად ამ ქმედებისათვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება.
 
აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად აცხადებს, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც.

იზრდება ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი. ის მოიცავს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია მეუღლის ან ყოფილი მეუღლის, ან პარტნიორის მიმართ; უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ; განმეორებით; ჯგუფურად; იარაღის მუქარით ან იარაღის გამოყენებით; ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენებით; განსაკუთრებული სისასტიკით; მსგავსი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.
ცვლილებების პაკეტი უფრო ეფექტურს ხდის ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვისა და დახმარების მექანიზმებს. „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის მოიცავს არა მარტო ოჯახის წევრ ქალთა მიმართ, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც. ქალი დაცული იქნება არათუ ოჯახურ სივრცეში, ოჯახის მიღმაც. კერძოდ, თუკი დღევანდელი რედაქციით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო იურიდიული კონსულტაციით, დროებით საცხოვრებელში (თავშესაფარში) ყოფნის პერიოდში კი ეძლევა 30-დღიანი შვებულება, ეს უფლება გავრცელდება ოჯახს მიღმა ძალადობის მსხვერპლზეც.
 უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახდება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის შეზღუდვის დროებითი ღონისძიება, რომელიც „შემაკავებელი ორდერის“ სახელწოდებით არის ცნობილი. თუ მოქმედი კანონმდებლობით პოლიციის ოფიცრის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოს მიერ დამტკიცებას მოითხოვს, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასამართლო ჩართულობა ამ საკითხში საჭირო აღარ იქნება და შემაკავებელი ორდერი გამოცემისთანავე შევა ძალაში. ეს ცვლილება, იუსტიციის სამინისტროს აზრით, გააძლიერებს პოლიციას ამგვარი ტიპის ძალადობასთან ბრძოლაში და შემაკავებელი ორდერი უმოკლეს დროში შედეგის მომტანი გახდება.
 
ძალადობის მსხვერპლი, თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არაოჯახური ძალადობის შემთხვევებშიც შეძლებს, მიიღოს დროებითი ბინადრობის ნებართვა.  სამართალწარმოების დასრულებამდე დაუშვებელი იქნება უცხოელის გაძევება საქართველოდან, თუკი ის ძალადობის მსხვერპლია.
 
ცვლილებები ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის მოძალადის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდების ვალდებულებასაც აწესებს. დღემდე ეს ვალდებულება მხოლოდ ოჯახში გამოვლენილი დანაშაულის მსხვერპლის მიმართ არსებობდა. „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების თანახმად, საპატიმროს ადმინისტრაცია ვალდებულია, მოძალადის გათავისუფლებამდე 3 თვით ადრე წერილობით შეატყობინოს საუბნო პოლიციას დანაშაულის ჩადენის ადგილის მიხედვით; თავის მხრივ კი, პოლიცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით,  ვალდებული იქნება, ქალთა მიმართ ძალადობის  მსხვერპლს აცნობოს ამ პირის გათავისუფლების თაობაზე.
ფართოვდება სამედიცინო პერსონალისა და ადვოკატის უფლებამოსილებაც − ძალადობის ფაქტების შესახებ აცნობონ სამართალდამცველებს, რაც ძალადობის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში იმოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით,  ეს დათქმა მხოლოდ  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან მიმართებით არსებობს.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია ან აქვს ვალდებულება,  სამართალდამცველებს მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფაქტების შესახებ. ამის შესაძლებლობა ექნებათ საჯარო სკოლების მასწავლებლებს, დირექტორებს, მანდატურებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს. ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება შეეძლებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსაც.
ძალადობის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ პირად საკუთრებაში არსებული იარაღის ტარება, შეეზღუდებათ ან აეკრძალებათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება; ხოლო თუკი პირი უკვე ფლობს იარაღს დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოქმედების ან დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრულ პერიოდში, მას იარაღი ჩამოერთმევა. ცვლილებების თანახმად, ეს ნორმაც ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედებს და მხოლოდ ოჯახურ დანაშაულზე აღარ გავრცელდება.
 იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა; ასევე, დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან, განახორციელოს პრევენცია, გამოიძიოს და აღმოფხვრას ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და, ზოგადად, ოჯახში ძალადობა; ხელი შეუწყოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას. კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. იქმნება ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ქმედებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO), რომელიც მონიტორინგს გაუწევს მხარეთა მიერ წინამდებარე კონვენციის ცხოვრებაში გატარებას.
 სტამბულის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ეროვნულ კანონმდებლობაში უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც  ქორწინების იძულებასა და ნაადრევ ქორწინებას არეგულირებს.
აღსანიშნავია, რომ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო თანმდევი პაკეტი დაეგზავნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და კერძო სამართლის საბჭოს წევრებს, ასევე, ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს. ყველას მიეცა ერთი თვე კომენტარების მოსაწოდებლად. შემოსული კომენტარების დიდი ნაწილი აისახება კანონპროექტების საბოლოო ვარიანტებში, რომლებიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში სარატიფიკაციო დოკუმენტთან ერთად ჯერ მთავრობას, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარედგინება.
 

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები ძალადობას და ტერორიზმს ემიჯნებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:38

ისლამური რელიგიის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ისლამი ძალადობის და ტერორიზმის კატეგორიული წინააღმდეგია და მათი დაკავშირება ერთმანეთთან მიუღებელია. 

"ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ისლამი არ არის მოძალადე და მუსლიმანი არ არის არასდროს ტერორისტი. თუ ვინმე რელიგიას ამოეფარება და ასეთ ქმედებებს ჩაიდენს, ეს ისლამის რელიგიას არ უნდა მივაწეროთ," - განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფტმა ბეგლას ქამაშიძემ.

ტერორისტულ აქტებს გაემიჯნა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევიც. 

"ისლამი არის სიყვარულის და მშვიდობის მქადაგებელი რელიგია და არა ძალადობისა და ტერორის, კითხვა, თუ რატომ ასოცირდება ისლამი ტერორიზმთან, პასუხი მარტივია, ნებისმიერ დაჯგუფებას, ან ორგანიზაციას შეუძლია სასურველი სახელი დაარქვას და გამოვიდეს საზოგადოების წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ასე მოხდა, ამოეფარნენ რელიგიას. მე გარწმუნებთ, რომ ისლამთან არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმს. ვწუხვართ, იმ ტრაგიკული მოვლენების გამო, რაც საფრანგეთის დედაქალაქში მოხდა," - განაცხადა მუფტმა იასინ ალიევმა. 

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის პროექტის შემუშავება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 14:12

მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, 5-6 ნოემბერს დაბა გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა. შედგა შეთანხმება სამოქმედო გეგმის მიზნებზე, ამოცანებზე და საქმიანობებზე.
სამოქმედო გეგმის ინდიკატორების და ბიუჯეტის ნაწილის შემუშავების და დახვეწის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) გეგმავს შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის, რის შედეგადაც მოხდება აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინება სამოქმედო გეგმაში.

სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობის შემდეგ ეტაპზე მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დასრულებას და მის დამტკიცებას საქართველოს მთავრობა მომავალი წლის იანვრის თვეში გეგმავს.

შეთქმულება ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად-იზორიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:50

.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამზებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოს და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

"უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:37

დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ - "ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 
ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", -ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში

კონფერენცია თემაზე - ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის პრევენციაში.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:17

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მართავს კონფერენციას თემაზე ჯანდაცვის და განათლების სექტორების როლი ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის  პრევენციაში, რომლის მიზანია ჯანდაცვის და განათლების სისტემების როლის გაძლიერება ბავშვზე ძალადობის პრევენციის და შემთხვევებზე რეაგირების საკითხებში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბავშვთა დაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენცია იმართება საქართველოს საზოგადოებრვი ჯანდაცვის ფინდის მიმდინარე პროექტების ფარგლებში:
პროექტი „უსაფრთხო სკოლა, უსაფრთხო ბავშვობა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მეირ. ეს პროექტი, სკოლის ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურის და ბავშვზე ძალადობის პრევენციის სასწავლო პროგრამის მეშვეობით, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას. პროექტის პარტნიორები - Defence for Chldren Intrenational – ECPAT The Netherlands და Children Support Center Lithuania.
პროექტი  „თანამშრომლობა ბავშვზე ძალადობის წინააღმდეგ“ - სამხრეთ კავკასიური რეგიონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამივე ქეყანაში ჯანდაცვის სისტემის ჩართულობის გაძლიერებას ბავშვზე  ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების გასაუმჯობესებლად. პროექტი დაფინანსებულია Oak Foundation-ის მიერ. პროექტის პარტნიორებია -  Reliable Future – Youth Organization (აზერბაიჯანი) და Arevamanuk – Family and Child Care Fund (სომხეთი).
პროექტების ფარგლებში განხორცილებული ღონისძიებიბის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მისი აჭარის ფილიალი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

ბავშვზე ძალადობის პრევენციის მიზნით პროექტი ხორციელდება

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 09 აგვისტო 2015 12:54

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროექტს „ბავშვთა მიმართ ძალადობა – გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“.

პროექტი გრძელვადიანია და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება, გადამისამართება (რეფერირება) და ბავშვზე ძალადობის პრევენცია. სამიზნე ჯგუფები არიან მანდატურები და იმ სკოლების დირექტორები და მოადგილეები, სადაც მანდატურის სამსახური არ არის წარმოდგენილი.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მიერ უკვე გადამზადდა თბილისისა და საქართველოს რეგიონების 1700-მდე მანდატური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადამზადება.

პროექტი ხორციელდება “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ხელშეწყობით.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური