ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" - ნათია ფანჯიკიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 აგვისტო 2017 23:32

ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest – ზე მომხდარ საზარელ ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

განჯიკიძის შეფასებით, "ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება"

"ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა", დიდი ვარ და გამბედავიო და რომელიღაც ნივთიერება მიიღო. ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ყველა თავშეყრის ადგილას ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება. და რადგან ასეთი "წყობისას" ნარკოტიკი და მისი მასიურად შემომზიდავი "უხილავია" სავარაუდოდ თავადვე ამ ბიზნესის მონოპოლისტი ხელისუფლებისთვის, არანაირი ზომა არაა მიღებული, ლეტალური შედეგების რისკის შემცირებისთვის. ახლომახლო სამედიცინო გაძლიერებული მეთვალყურეობაც კი, რაც მსგავს ღონისძიებებზე ნარკოტიკის სიმრავლის გარეშეც უნდა იყოს

და კიდევ, - სიგარეტის ნაცვლად გვირილის გაღეჭვა მშვენიერია, მოწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება, თუმცა სიგარეტისგან ადამიანი ისე ნელა კვდება, რომ სულო ცოდვილო, გაიფიქრებ, ადრე თუ გვიან ხომ ყველა უნდა მოვმკვდარიყავით. პირდაპირი და უშუალო მკვლელის შესახებ, იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც ასე უხვად შემოედინება და მისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, არანაირი საინფორმაციო ბრძოლა არ შეინიშნება"- წერს ფსიქოლოგი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ანაკლიაში 22 წლის გოგონა, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა, რომელიც მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების მიღება გახდა.

ცხოვრება უშგულში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 02 აგვისტო 2017 17:52

უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს  და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს და მათ მოქმედი სკოლა და ამბულატორიაც აქვთ. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“. ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” - განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” - დაამატა ჩარქსელიანმა.

სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” - ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები - კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” - ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” - აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ისდახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრისმეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. 

როგორ გავაუმჯობესოთ ქალაქის ცხოვრება - ექსკურსი მსოფლიოს კულტურული ცენტრების დიზაინში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 19 მაისი 2017 18:55

როგორ იქმნება კულტურული ცენტრები ნულიდან, როგორია მათი სტილიზაციის ძირითადი მიმართულებები და ვინ ავითარებს ქალაქის შემოქმედებით ცხოვრებას? ეს და საკითხები განიხილებოდა თბილისში, პრეზენტაციაზე წიგნისა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“, რომლის ავტორიცაა პეტერ ლენი – მოდური სლოვაკი არქიტექტორი.
წიგნი მრავალი ფოტოთია ილუსტრირებული, ის მოგვითხრობს თანამედროვე კულტურული სივრცეების შესახებ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან შემოქმედი ადამიანები, ეწყობა ფესტივალები, გამოფენები და უამრავი სხვა ღონისძიება თანამედროვე კულტურის სფეროდან.
წიგნი გამოიცა ორგანიზაცია „ტრანსევროპული სივრცეების“ (Trans Europe Halles) და სლოვაკური კულტურული ცენტრის ჟილინა-ზარეჩიეს (Žilina-Záriečie) დახმარებით. ქართულ ენაზე კულტურის ცენტრების შექმნის სახელმძღვანელო ითარგმნა და საზოგაროებას წარედგინა ევროკავშირის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ხელშეწყობით. წიგნი შეგიძლიათ მიიღოთ პროგრამის კოორდინატორისგან ან ჩამოტვირთოთ ელექტრონული სახით პროგრამის საიტიდან.

პეტერ ლენი: ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო
პეტერ ლენი – სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Slovak University of Technology) კურსდამთავრებული 31 წლის ბრატისლაველი არქიტექტორი და სტუდია „20-21 architects“-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან ბევრჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა კონკურსში და იყო არაერთი პრემიის ლაურეატი. 2016 წელს ჟილინას მახლობლად გორაკზე გადასახედი ნაგებობის დიზაინში აიღო სლოვაკეთის არქიტექტორთა პალატის პრემია, ხოლო ექსპერიმენტული კომუნიკაციის საშუალების – ქალაქ ჟილინას ისტორიული ცენტრის შესასვლელთან დასაყენებელი სადემონსტრაციო ეკრანის – მისეული დიზაინი ნაციონალური პრემიით აღინიშნა.
სლოვაკმა არქიტექტორმა მოისურვა, საკუთარი შთამბეჭდავი დიზაინერული გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა წიგნით „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“. წიგნში თავმოყრილია „ტრანსევროპული სივრცეების“ წევრი კულტურული ცენტრების ურბანული, არქიტექტორული და დიზაინერული მახასიათებლები.
„წიგნზე სამუშაოდ მოვიწვიეთ არქიტექტორები, გრაფიკული დიზაინერები, ჟურნალისტები და დირექტორები შვეციის, იტალიისა და ესპანეთის ხუთი კულტურული ცენტრიდან. დაახლოებით ერთი კვირა ვმსჯელობდით, თუ რა უნდა მოეთხრო ჩვენს წიგნს მკითხველისთვის, ხოლო მასზე მუშაობას მთლიანად ორი წელიწადი დასჭირდა. იცით, უბრალოდ წავიყვანე სამი მეგობარი, ჩავსხედით მანქანაში და გავწიეთ ამ კულტურის ცენტრების შემოსავლელად, ერთი ქალაქიდან მეორეში. ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო“, ამბობს ლენი.

წარსულის მქონე შენობების სიყვარული
ისე გამოვიდა, რომ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელ ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა აურის და ისტორიის მქონე შენობები. ამიტომ შემოქმედებითი საქმიანობისთვის ადგილის შერჩევისას დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ინდუსტრიულ სივრცეებს, კერძოდ – მიტოვებულ ქარხნებს, საწარმოებს და სამკერვალო ფაბრიკებს. იმიტომ, რომ ამ შენობებს წარსული ჰქონდათ.
რა დასამალია, რომ ამ შენობებში ქირა ყოველთვის უფრო იაფია, ხოლო დიზაინერების ამბიცია, ნანგრევებიდან ორიგინალური და თანამედროვე კულტურის ცენტრი შექმნან – უფრო მეტი. მით უმეტეს, რომ ამგვარი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა შეიძლება არა მხოლოდ შენობებში, არამედ გემებზეც, მატარებლებში, გაზის საცავებში, ბუნკერებში, გვირაბებში, სარდაფებში და ეკლესიებსა და სხვა, ერთი შეხედვით, კულტურისთვის შეუფერებელ ადგილებშიც კი.
პეტერ ლენიმ თავის წიგნში შეიტანა ინგლისის, ავსტრიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, შვეციის, ესპანეთის, იტალიის, უნგრეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიტვის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების სწორედ ამგვარი ცენტრები, ასევე – მათი ნულიდან შექმნის ამბები. ავტორის თქმით, იგი არ ცდილობდა, წიგნისთვის მეცნიერული ფორმა მიეცა, არამედ სურდა, უბრალოდ ეამბნა, როგორ შეიძლება, ლამის არარეალურიდან შექმნა რეალურად ლამაზი, სტილური და ფუნქციური ადგილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
„თანამედროვე კულტურის ცენტრის საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ მაგალითად მიმაჩნია მანიფატურე კნოსი (Manifatture Knos) იტალიის ქალაქ ლეჩში. მის მენეჯმენტს ძალიან ინოვაციური იდეები აქვს: ის კი არა, რომ დიდად არ მართავდნენ ცენტრს; ისინი არ ადგენენ კონკრეტულ პროგრამას. ეს იმიტომ, რომ მათ ცენტრი აღიარეს ღია პლატფორმად ნებისმიერისთვის, ვინც კი მოისურვებს, მივიდეს და აქ თავისი კულტურული ღონისძიება გამართოს საკუთარი გემოვნებით. ეს ხელოვანების თავისუფლების უიშვიათესი მაგალითია“, – თქვა პეტერ ლენიმ.

მარეკ ადამოვი: მომწონს მათი თავისუფლება
მარეკ ადამოვი არქიტექტორი არ არის, ის აქტივისტია კულტურის ცენტრში, რომელიც მოქმედი სარკინიგზო სადგურ ჟილინა-ზარეჩიეს შენობაშია განლაგებული. ის სლოვაკურ ქალაქ ჟილინაში მდებარეობს და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მოვლენებს: ფესტივალებს, სპექტაკლებს, პერფორმანსებს, სემინარებს, ჩვენებებს, გამოფენებსა და კონცერტებს აძლევს ასპარეზს.
36 წლის სპეციალისტი ადამოვი ამ არტ-გარემოში უკვე ოცი წელია ტრიალებს და მას თავის ცხოვრების პროექტს უწოდებს. „მე ძალიან დაინტერესებული ვარ ხელოვნებით და ხელოვანთა დახმარებით, იმიტომ, რომ ისინი გასაოცარ იდეებს ქმნიან, ისინი კრიტიკულად უდგებიან შეხედულებებს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. და მე მომწონს მათი თავისუფლება, რასაც ბიზნესგარემოში ვერ ნახავ“.
მარეკის თქმით, ეს უაღრესად სასიამოვნო და ამავე დროს სასარგებლო საქმეა: როცა ასეთ ეკლექტურ კულტურულ სივრცეში ერთმანეთს ხვდება მრავალი ადამიანი, რომლებიც, როგორც აქტივისტს მიაჩნია, გამოთქვამენ ახალ იდეებს, ამყარებენ შემოქმედებით კავშირებს და წყვეტენ, თუ როგორ გააუმჯობესონ ქალაქის ცხოვრება. „საშინლად მომწონს კულტურული ცენტრის შექმნის თავად პროცესი, როცა მოხალისეების და დაინტერესებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება იდეა, გამოინახება მისი განხორციელების და ოცნების სინამდვილედ ქცევის გზები. როცა ხედავ, რა დიდია სურვილი, გაკეთდეს მართლაცდა შთამბეჭდავი სივრცე კარგი დროსტარებისთვის, საინტერესო ურთიეთობებისთვის, იდეების, აზრების და ემოციების გაცვლა-გამოცვლისთვის“.

როგორია კულტურული ცენტრების გამოცდილება საქართველოში?
საქართველოში მსგავსი ფორმატის მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი პირველად 2016 წლის 1 ოქტომბერს გაჩნდა. ასეთად იქცა Fabrika, რომელიც მოთავსებულია ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკაში, 8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე. ცენტრ Fabrika-ის გაჩენა – ეს ძველი საწარმოო სივრცის თანამედროვე არტ-ცენტრად ქცევის გასაოცარი გამოცდილება გახლავთ.
ქართველმა არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რადიკალურად არ შეეცვალათ საბჭოთა ეპოქის სულისკვეთება, მათ შეინარჩუნეს წარსულის პიკანტური ატმოსფერო და სივრცეს დაუმატეს კომფორტი, მიმზიდველი მინიმალიზმი, ურბანული ელემენტები, აგრეთვე – ერგონომიულობის და დახვეწილი ესთეტურობის დეტალები.
„იდეის ავტორი თავდაპირველად იყო ორი ახალგაზრდა Multiverse Architecture-დან: დევი ქიტუაშვილი და გოგიტა საყვარელიძე. ისინი დიდხანს ეძებდნენ შესაფერის შენობას და ბოლოს ამ ფაბრიკაზე შეაჩერეს არჩევანი. ამის შემდეგ იპოვეს პარტნიორები „აჭარა ჯგუფის“ და „გრატო მენეჯმენტის“ სახით. სწორედ ამ ჯგუფმა მშენებლებთან ერთად წელიწადნახევარში შექმნა ცენტრი Fabrika“ – გვითხრა ცენტრის ბრენდ-მენეჯერმა მარიკა კვირკველიძემ.
დღეს ცენტრში გახსნილია რესტორნები, კაფე-ბარები, ჰოსტელი, სამხატვრო სტუდიები, გალერეები, ქოვორქინგ-ზონები. აქ ტარდება სემინარები, გამოფენები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა კულტურული ღონისძიება. თბილისის Fabrika-ს მიიჩნევენ საქართველოს კულტურულ და შემოქმედებით სფეროში ჩაბმული ადამიანებისთვის განკუთვნილ უნიკალურ ადგილად და გამოცდილების გაზიარების, მხარდაჭერის და განვითარების შესანიშნავ საშუალებად თანამედროვე ხელოვნების ქართველი წარმომადგენლებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური