გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:28

2019 წლის 4 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 73-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად - საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

აღსანიშნავია, რომ წელს გაეროს წევრ ქვეყნებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ რეზოლუციის თანაავტორები და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისადმი მიმართულ საყოველთაო ძალისხმევაში. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 44 მეტი ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას. თანასპონსორობით აღნიშნული რეზოლუცია ერთგვარად  უფრო წონადი გახდა, რადგან იგი უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ 44 ქვეყნის სახელითაა, და მას უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვა, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

რეზოლუციის წარდგენისას, გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კახა იმნაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. ბატონმა იმნაძემ,   ხაზგასმით განაცხადა, რომ უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთები რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და ასევე, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულისტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების „ტრაგიკული დაღუპვა“ საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია.

სხდომაზე აგრეთვე გაკეთდა შემდეგი მხარდამჭერი განცხადებები: სუამ-ის ქვეყნების სახელით ისაუბრა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა; ჩრდილო ევროპული და ბალტიის ქვეყნების სახელით განცხადება გააკეთა ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, რომელსაც მიუერთდნენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ნიდერლნდები, პოლონეთი და სლოვენია. მხარდამჭერი ეროვნული განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის მუდმივმა წარმომადგემლებმა.

მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, რადგან აღნიშნული საკითხი, მის საბოლოო გადაჭრამდე, რომელიც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სრულ დეოკუპაციას და აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, არის და იქნება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანდგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:05

2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
 
ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
 
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
 
მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
 
მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
 
ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

ცხინვალის რეგიონში რუსული წვრთნები ტარდება, რომელშიც 2.5 ათასი სამხედრო მონაწილეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 02 თებერვალი 2018 16:32

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ რუსულ ბაზებზე სამხედრო წვრთნები ტარდება, სასწავლო განგაშის გამოცხადების შემდეგ წვრთნაში 2.5 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა და იარაღი ჩაერთო. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით იარაღისა და ეკიპირების მიღების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო ტექნიკა ბაზიდან გამოიყვანეს და მექანიზირებული კოლონით ძარწემის პოლიგონისკენ გაემართნენ. გამოყენებული იქნა შენიღბვის ელემენტები

სამხედრო ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის რაიონში შესრულებული იქნა მთავარი და სათადარიგო პოზიციების გამაგრებისა და საინჟინრო აღჭურვის ამოცანები.

 

სამხრეთ-აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებსა და სამხედრო ნაწილებში საბრძოლო მზადყოფნის მომზადება ტარდება რაიონის ჯარის მეთაურის პოლკოვნიკ ალექსანდრ დვორნიკოვის ხელმძღვანელობით.

ცხინვალის ციხიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 ნოემბერი 2016 10:10

ცხინვალის ციხიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ძმები გაბარაევები ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ოჯახის წევრები კი ყვებიან, რომ ისინი ხუთი დღის წინ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.გაბარაევები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა ახლობლების მტკიცებით მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთიათ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 12:12

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლება სომხების გენოციდის აღიარებას აპირებს და სანაცვლოდ ოფიციალური ერევანისგან ოსი ხალხის გენოციდის აღიარებას ელოდება.ე.წ. პარლამენტში აღნიშნავენ, რომ საკითხი საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა, თუმცა ოფიციალური მოთხოვნა სომხური დიასპორისგან ერთი დღის წინ მიიღეს.გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტი უახლოეს დღეებში, საკითხს განსახილველად სესიაზე გაიტანს.

ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მოსახლეობამ ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:18

ბუნებრივი აირის დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მოსახლეობამ   ენერგეტიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს. 

წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება კომუნალური გადასახადების გაუქმებას დაჰპირდა, რის გამოც 3 წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის საფასური არ გადაიხადეს და დავალიანებამ ათასობით ლარს მიაღწია. 

აქციის მონაწილეებს გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი თქმით, გადასახადის გაუქმების შესახებ პირობა არ მიუციათ და ერთადერთი შეღავათი, რაც დაწესდა დაგროვილი დავალიანების რამდენიმე წელზე გადანაწილებაა. 

ცხინვალისა და სოხუმის ციხეებში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 10:39

ცხინვალისა და სოხუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საქართველოს არც ერთი მოქალაქე აღარ იმყოფება. 

ქართულმა მხარემ, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, 13 პატიმრის გათავისუფლება მოახერხა. 

პატიმრები სასჯელს ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით იხდიდნენ, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გათავისუფლებული 13 მოქალაქის სანაცვლოდ, ცნივალსა და სოხუმს 4 პატიმარი გადაეცა. პატიმრების გაცვლა გალის რაიონის სოფელ ოტობაიასთან ე.წ. პირობით საზღვარზე მოხდა. 

ცხინვალის რეგიონიდან 2 ქართველი გაიტაცეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 10:59

საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ,ოკუპირებული, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა, 2 ქართველი დააკავეს. დაკავებულები გორის რაიონის სოფელ ბერშუეთისა და თბილისის მაცხოვრებლები, 19 და 40 წლის ასაკის არიან. გატაცებულებს სავარაუდოდ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 10:00

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქი წლის განმავლობაში 150 ერთეული ახალი ტექნიკით განახლდა, რომელთა შორისაც არის ახალი ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი ისკანდერ - ემი, რომელსაც 500 კილომეტრის რადიუსში შეუძლია რეაქტიული კომპლექსების, არტილერიისა და ვერტმფრენების განადგურება.

შეიარაღების განახლება 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კნოლევში ადგილობრივი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 12:35

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა 60 წლის თამაზ ციქუბაძე მაშინ გაიტაცეს, როცა შეშის მოსაგროვებლად საკუთარ ვენახში  იყო გასული.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, სოფელ კნოლევის მკვიდრი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.
დაკავებული  ე.წ. უშიშროების კომიტეტში გადაიყვანეს, რადგან თან არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 
ამჟამად მისი ვინაობა დგინდება.
მამაკაცის დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევა პირველად არ მოხდა და რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებები ხშირად ხდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური