საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აპრილი 2020 12:47

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ  ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მით უფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას. აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები იმ პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელებას. მსგავს კრიტიკულ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელთაც ისედაც ზეწოლისა და დისკრიმინაციის პირობებში უხდებათ ყოფნა. 

საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ვითარების გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიმყოფებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის შეჩერება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით.

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 15:41

ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

„საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური