საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019 15:21

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში. 

ცვლილებების მიხედვით: გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტი, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადების და ჯარიმების 50 პროცენტი. 

გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5 პროცენტი, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2 თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30 პროცენტისა. 

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის თანხის 5 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10 პროცენტით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5 პროცენტზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20 პროცენტს, გადამხდელი დაჯარიმდება 25 პროცენტის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50 პროცენტისა. 

ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე - საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა. 

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად. 

აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება. 

საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა.

მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში სისტემური ცვლილებები დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 19:03

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგი გამართა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, თანამდებობები დატოვეს: მინისტრის მოადგილეებმა - თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნისა და მისი თანამედროვე მოთხოვნებზე მორგების მიზნით, იგი არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას გეგმავს, რასაც ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა ესაჭიროება.

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მოადგილეების რაოდენობა შემცირდება და 7-ის ნაცვლად, დარჩება 5. ცვლილებები კი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში საზოგადოება განათლების სისტემის ახალ, თამამ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ კადრებს გაიცნობს, რომელთა დანიშვნაც შესაბამისი პროცედურების გავლით მოხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ნოემბერი 2017 11:39

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ისაუბრა. 
„თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. 
ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. 

წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:

• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

თქვენ იცით, რომ ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, კიდევ უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და პასუხისმგებელია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაზე, არამედ საგარეო ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინოვაციურ მოწყობაზე და სხვა სექტორულ განვითარებაზე. ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის და ეკონომიკის სხვა მიმართულებების ერთი „ქოლგის" ქვეშ მოქცევა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ეფექტიანს და შედეგზე ორიენტირებულს გადის. 

• ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი, პოლიციელის პრესტიჟი, დანაშაულთან ბრძოლა და საზოგადოებრივი წესრიგი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ პრიორიტეტის ხაზგასასმელად, მინისტრი ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. გიორგი გახარია სწორედ მენეჯერული გამოცდილებით არის შერჩეული ამ პოსტზე და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. 

• აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი.
ეს უნდა იყოს ოპერატიული ფუნქციებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი აპარატი, რომელიც პირდაპირ პრემიერს დაექვემდებარება. გიორგი მღებრიშვილი, მისი გამოცდილებით, იქნება ამ სტრუქტურის კარგი ხელმძღვანელი.

• ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. 
მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და აჩვენა კონკრეტული შედეგები „საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. 
სწორედ ამ პერიოდში მოხდა საქართველოს რკინიგზის ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში, დაიწყო ყურის ქვეყნებისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა; მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი, თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა.
მამუკა ბახტაძე გახლავთ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა INSEAD-ის ცნობილ ბიზნესსკოლაში, საფრანგეთში.

• განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში.
მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის არაერთი ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Goldman Sachs-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.
იგი კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირები მრავალ წამყვან უნივერსიტეტთან, მათ შორის ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, და ა.შ.

• კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის განათლებასთან გაერთიანება, ერთის მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს ახალგაზრდულ მიმართულებას და მოახდენს მის ინტეგრაციას განათლების რეფორმასთან.
მეორეს მხრივ, რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, მისი ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას.

• გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. სწორედ ასეთი მოდელი მოქმედებს წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში - ესპანეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში. მსგავსი მოდელებია პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბულგარეთში. 
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ორივე მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას და არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შესუსტებას. 

• საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
ახალი გამოწვევები, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს, გულისხმობს გაცილებით უფრო ფართო კონტექსტს, რომელიც მთელი ჩვენი საგარეო უწყების პრიორიტეტი და ძირითადი ხაზია. თავისთავად ის, რომ ამ მიმართულებას ვიცე-პრემიერი ფარავს, მიუთითებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული შიდა რეფორმების კოორდინაციის აუცილებლობაზე.

• პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. 
ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა.

• ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

• საკანონმდებლო პროცესის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდი ახალი შემადგენლობით წარვდგებით პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

• ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხო და რომლებიც, ბუნებრივია, ჩვენი გუნდის წევრებად რჩებიან, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის.

• რაც შეეხება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების არსს, რატომ არის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი? ჩვენი ყველა საარჩევნო დაპირება და რეფორმა ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და სწრაფ განვითარებას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება.

• შსს-ს, პროკურატურის, სასამართლოს, სასამართლოს, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანი. სწორედ ამიტომ ყველა ამ ცვლილებამ შედეგად გამოიღო ადამიანთა უფლებების მიმართულებით მიღწეული უდიდესი პროგრესი, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო შეფასებაში.

• ჩვენ ასევე ძირეულად შევცვალეთ და ადამიანზე ორიენტირებული გავხადეთ: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებული მრავალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რიგით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

• ამავე დროს, ჩვენი ხელწერაა, რომ ცვლილებები მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, არა რადიკალურად, არამედ ევოლუციურად განვახორციელოთ.

• თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს, რათა კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი ჩამოყალიბდეს, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია. სწორედ ესაა დაგეგმილი ცვლილებების არსი.

• დარწმუნებული ვარ, რეფორმები და ცვლილებები ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე.

 

გიორგი კვირიკაშვილი: ,,ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 12:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს დაავალა სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული  სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების პრემიებით წახალისების საკითხი უზრუნველყოს.

,,პირველ რიგში, მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტოს. ვინც იყო ამ სტიქიის ლიკვიდაციაში ჩართული, მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ჩვენ დაგვჭირდება მომავალი სისტემური ცვლილებები, ასევე ინფრასტრუქტურის განახლება. დღევანდელ დღეს, გლობალური დათბობის პირობებში, ხედავთ რა სიტუაციაც არის მთელი ევროპის მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ასეთი გამოწვევებისთვის. ვფიქრობ, რომ საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ამიტომ, პირველივე დღიდან, როდესაც აბასთუმანში ცეცხლი ჩაქრება, ჩვენ ამ საკითხზე მოგვიწევს მუშაობა. წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც საჭირო იქნება გათვალისწინება ამ რესურსის და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან. ვფიქრობთ, რომ ძალა შეგვწევს და აუცილებლად გავაკეთებთ ამას. მინდა ვთქვა, რომ ფართობი ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, დაახლოებით 200 ჰექტრის ფარგლებშია დამწვარი ტყის ფართობი.  ღირსეული საქმეა ჩვენი ულამაზესი ტყის აღდგენა მთელი მოსახლეობის ჩართულობით და მათ ვისაც სურვილი ექნება,  თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ამ  საქმეში, ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ იმ ტყეს, რომელიც განადგურდა. ეს ჩვენი ვალია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 16:59

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო. საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. 

საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები 2010 წელს განხორციელდა, რომელიც მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს. მამუკა მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად მომზადდა და ძირითადი ყურადღება არსებით სიახლეებზე გაამახვილა.

ძლიერი პარლამენტი ეს არის საპარლამენტო ქვეყნების მოწყობის ფუნდამენტი. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი, რაც ოპოზიციისთვის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებით და მთავრობის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით გამოიხატება“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე. წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო. ფრაქციის თავმჯდომარე მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს აწესებს. მანვე შრომითი უფლებების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომითი ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, 2015 წლიდან ისევ  აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლება ზრუნავს შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დამატებითი ღონისძიებები გაატაროს.

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. გამომსვლელების ძირითადი კრიტიკა ე. წ. ბონუსის სისტემის შემოღებას და მისი გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა. გიორგი წერეთელმა კონსტიტუციური პროექტის ერთ-ერთ დადებით სიახლეზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე გაამახვილა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაზეა საუბარი.

ირმა ინაშვილმა თავისი პოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსესუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს.

ზესტაფონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმაც მიმართა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით მომზადდა, რათა ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება არ შეფერხდეს და უკეთესი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ანრი ოხანაშვილი კონსტიტუციის მეორე თავს და იქ მოცემულ მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეეხო, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში ცალკე მუხლად გაიწერება სოციალური სახელმწიფოს არსი, რაც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის პრივატიზების, პრეზიდენტის არჩევის და საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებით დაინტერესდნენ. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიციები გააცნეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გაგრძელდება.

ცვლილებები მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 12:30

თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი განახლდა. განახლებული ცენტრი დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, მერის მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ცენტრი შშმ პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. სმენადაქვეითებული ადამიანები საინფორმაციო მონიტორით ისარგებლებენ. ასევე, მოწყობილია პანდუსი, ტაქტილური ბილიკი, უსინათლო მოქალაქეებისათვის სივრცის რუკა, ასევე ადაპტირებული ოპერატორის მაგიდები.

მოქალაქეებს ყველა სერვისის მიღება ერთ სივრცეში შეეძლებათ. გარდა ამისა, დაწყებულია ელექტრონული მომსახურების დანერგვა და უახლოეს პერიოდში  ნებისმიერი მომსახურების მიღებას მოქალაქეები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

ასევე, იზრდება სამუშაო საათები და ცენტრი მოქალაქეებს  09:00- დან 20:00 საათამდე მოემსახურება. განახლებული ცენტრი შაბათსაც,  10:00 - დან 14:00 საათამდე იმუშავებს.  

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივებული პრინციპით მიწოდებას გულისხმობს. აქ არის თავმოყრილი ყველა ძირითადი სერვისი, როგორც დოკუმენტაციის ჩაბარების და მიღების, ასევე, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. აქ იქნება განლაგებული ყველა მნიშვნელოვანი სამსახური, მათ შორის, თბილისის ადვოკატი, ქონების მართვის სამსახური, არქიტექტურის სამსახური. მნიშვნელოვანია ის, რომ სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ხაზგასასმელია ისიც, რომ თუ ადრე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი მუშაობდა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს და დამატებით იმუშავებს ასევე შაბათ დღეს, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, რათა მეტ მოქალაქეს მოვემსახუროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მერიაში ახალი წლიდან დაინერგა (MSDA) დოკუმენტბრუნვის ახალი, ელექტრონული პროგრამა, რამაც შეამცირა  მოქალაქეების მომსახურების ტრანზაქციის ხანგრძლივობა და განახლებულ ცენტრში ფიზიკური და იურიდიული პირები სწრაფი სერვისის მიღებას შეძლებენ. მოქალაქეთა მომსახურების განახლებული ცენტრი მოქალაქეებს ხვალიდან მოემსახურება.

მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი 2008 წლის შემდეგ, პირველად განახლდა. ცენტრში

ამორტიზებული იყო ინტერიერი, დარღვეული იყო მომსახურების სტანდარტები, არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისათვის და ისინი ვერ ახერხებდნენ სერვისების სრულყოფილად მიღებას. 

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში-თავისუფალი დემოკრატების ახალი ინიციატივა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 12:34

ცვლილებები საგდასახადო კოდექსში - თავისუფალი დემოკრატების ახალი ეკონომიკური ინიციატივა,დღეს დავით ონოფრიშვილმა  პარლამენტში დაარეგისტრირა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მოითხოვს, რომ მოვალეების გათავისუფლებას სანქციების დაფარვის ვალდებულებებისგან.

"დავინახე შესაძლებლობა გარკვეული სახის ხელ შეწყობის, შეიძლება ასობით ან ათასობით ადამიანებისათვის, რომლებსაც უკვე დიდი ხანია აქვთ საბანკო, კომერციული თუ სხვადასხვა ინსტიტუტების წინაშე ვალდებულებები. ამ ინიციატივით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კომერციულ ბანკებს, სხვა ინსტიტუტებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ და არის ამის მოტივაცია, რომ რიგ შემთხვევებში ეს ჩაითვალო, ჩვენ ვთვლით, რომ ასობით და ათასობით ჩვენ მოქალაქეს შეექმნას ის საფუძველი როცა ისინი მიმართავენ, რომ უკვე ხანდაზმულის ვადა  არ არის  გასული მაგრამ დიდი ხანია ვერ ემსახურებიან ამ ტიპის სხვადასხვა გვარ კომერციულ სესხებს, მათ ეს ჩამოეწეროთ აი ამ ცვლილებების შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა დავით ონოფრიშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 14:39

პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შესვლა – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ საკითხის ინიცირება არ შედის არც საქართველოს და არც ქართველი ხალხის ინტერესებში. 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური შეცდომა იქნება, ამიტომ "რესპუბლიკური პარტია" საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესს ემიჯნება. 

"ცალსახად ითქვა, რომ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე არანაირი თემა არ განხილულა, ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის გარდა. პოლიტსაბჭოს ამ სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლობა არ იყო - მე გახლდით როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. ცხადია, "რესპუბლიკელიც" ვარ, მაგრამ "რესპუბლიკურმა პარტიამ" პოლიტსაბჭომდე განცხადება გააკეთა, რომლითაც მან ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით ნაკლული სამართლებრივად არ არის. თუკი ვინმე თვლის, რომ რაიმე მეტად და უკეთესად შეიძლება ჩაიწეროს შიგნით, ამას სწორი დრო და სწორი ტაქტიკა სჭირდება. იმ ვითარებაში, როდესაც ცვლილების ინიცირება ხდება, ამით იმის გაცხადება ხდება, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა კონსტიტუციას რაღაც აკლია, ხოლო თუ ინიცირებას სწრაფი გადაწყვეტილება არ და ვერ მოჰყვება, მაშინ ჩვენ ვტოვებთ პრობლემას კიდევ უფრო გამრავლებულს და პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გარკვეულ პოლიტიკურ დანაღმულ ველზე შესვლა. ამ თემით უახლოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, არანაირად არ შედის საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებში. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი თემა გვაქვს, რომლის საფუძველზეც და რომლის ფონზეც უნდა მოხდეს საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღება და არა საეჭვო წარმოშობისა და საეჭვო მიზნების თემით. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეს თემა გულწრფელად აწუხებს, მაგრამ საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს ემსგავსება. ამიტომ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და "რესპუბლიკური პარტია ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

პოლიტიკური პარტიების დაცვისთვის საკანონმდებლო ცვლილებები დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 16:13

პოლიტიკური პარტიებისა და მათი წევრების უფლებების დასაცავად საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და მის წევრებს თვითნებობისა და საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციისაგან დაიცავს. შესაბამისი ცვლილებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
 
„ბევრი პრობლემა გვქონდა საჯარო რეესტრში, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდებოდა დაპირისპირება − შეიკრიბება ერთი ჯგუფი და მეორე ჯგუფის წინააღმდეგ ახორციელებს პარტიული გადაწყვეტილებების  მიღებას; შეიცვლება  ხოლმე ხელმძღვანელი პირი ისე, რომ თავად ხელმძღვანელმა არ იცის ამის შესახებ. ამგვარი დავები დღესაც მიმდინარეობს სასამართლოში.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს სტაბილურობა, დაცულობა სჭირდება; ამიტომაც ერთხმად დავამტკიცეთ კანონში ცვლილება, რომელიც  სავალდებულოს გახდის შემდეგ წესს: თუკი, როდესაც ვაფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას, დღესაც  სავალდებულოა, რომ იქ იყოს ნოტარიუსი,  რომელიც კანონთან შესაბამისობაზე მოაწერს ხელს − რომ პროცესები კანონის დაცვით წარიმართა და ვერავინ შეძლებს, ამ პარტიის დამფუძნებელი დოკუმენტაცია შემდგომში სადავო გახდეს, სწორედ შემდეგაც, თუკი ამ მონაცემებში შევა ცვლილება  ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებების მომენტშიც იყოს ნოტარიუსის ყოფნა სავალდებულო, რაც პოლიტიკური პარტიის წევრებს, ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს დაიცავს ნებისმიერი  უთანხმოებისგან და საბოლოოდ დაიცავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მით უმეტეს, რომ ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით და, მით უმეტეს, რომ ეს ინიციატივა ეკუთვნის თავად პოლიტიკური პარტიების ჯგუფს და არასამთავრობო ორგანიზაციას“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
კანონპროექტი იმ პროცედურული ნორმების დახვეწას ითვალისწინებს, რომლებიც პოლიტიკური გაერთიანების − პარტიების წესდებაში ან/და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანას არეგულირებს. პარტიის წესდებასა და რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სხვა მონაცემში ცვლილების შესატანად პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებაა საჭირო.  ყრილობის ოქმი დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ, რომელიც პარტიის ყრილობას დაესწრება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ ოქმის დამოწმება აუცილებელია მხოლოდ პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პოლიტიკური გაერთიანების შექმნისას.
 
აღნიშნული ცვლილებების აუცილებლობის საკითხი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა დააყენა. კანონმდებლობაში დღეს არსებული რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ სამართლებრივად შეიქმნას პოლიტიკური გაერთიანება და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება, თუმცა, მისი ფაქტობრივი ფუნქციონირების საკითხი ეჭვის ქვეშ დადგეს. გარდა ამისა, მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლევა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თვითნებურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარტიიდან ცალკეული წევრის გარიცხვასთან დაკავშირებით, როგორც ეს უახლოეს წარსულში რამდენიმე პარტიის შემთხვევაში მოხდა.
 
პოლიტიკური პარტიის წევრების თვითნებობისაგან დასაცავად  და პარტიის შესახებ ცრუ მონაცემების რეგისტრაციის თავიდან აცილების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები სავალდებულოს ხდის ნოტარიუსის დასწრებას არა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ყრილობაზე, არამედ მის ნებისმიერ ყრილობაზე, რათა ეჭვი იმასთან დაკავშირებით − ყრილობა ნამდვილად შედგა თუ არა, გამოირიცხოს. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიის ყრილობაზე ნოტარიუსის დასწრება გამორიცხავს პოლიტიკური გაერთიანების მხრიდან გადაწყვეტილების თვითნებურად მიღების შესაძლებლობას, მათ შორის, პარტიიდან მათი წევრების გარიცხვის შესახებ, რაც პოლიტიკური გაერთიანების უფლებებს უფრო დაცულს ხდის.
 
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია პოლიტიკურ გაერთიანებებს ავალდებულებს, საჯარო რეესტრს წარუდგინონ მხოლოდ პარტიის წესდებაში შემავალი ცვლილებები. ახალი რეგულაციით,  ასეთი ვალდებულება იარსებებს პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სხვა რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაშიც. პოლიტიკური გაერთიანება ვალდებული იქნება, 10 დღის ვადაში წარუდგინოს საჯარო რეესტრს შესაბამისი დოკუმენტაცია. პარტიების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ამოქმედდება. ასეთი რეგულირება ხელს შეუწყობს რეესტრის მონაცემთა სრულყოფას და ცვლილებების შემთხვევაში მათ მუდმივ განახლებას, პოლიტიკურ გაერთიანებებს კი დაიცავს საჯარო რეესტრში მათ შესახებ ცრუ ან არასწორი ინფორმაციის არსებობისაგან.
 
კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა პარტიის სახელმწიფო რეგისტრაციისა და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ერთ პროცედურად გაერთიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ  პარტიის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია პოლიტიკურ გაერთიანებას გაათავისუფლებს გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების აუცილებლობისაგან.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 16:01

ომიტეტის დღევანდელ სხდომაზე  საბოლოო - მესამე მოსმენით  განიხილეს კანონპროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".

კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით შეიქმნა. საჭირო გახდა კოდექსის ზოგიერთი მუხლის დაზუსტება, ამასთანავე გაჩნდა აუცილებლობა გარკვეულ დარღვევებზე  სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენისა. ავტორთა განცხადებით, ეს ცვლილებები საჭიროა იმისათვის, რომ სამინისტრომ საკუთარი უფლებამოსილებები გარემოსდაცვით სფეროში კიდევ უფრო სრულყოფილად განახორციელოს.

კანონპროექტის მიზანს კოდექსის შესაბამისი მუხლების  დისპოზიციების/სანქციების  დაზუსტება, მუხლების ტექნიკური/ტერმინოლოგიური დახვეწა, ასევე, გარკვეულ ქმედებებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა წარმოადგენს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება  ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის მოთხოვნების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულება. წარმოდგენილი ცვლილებებით ივსება სამართლებრივი ვაკუუმი და კოდექსს ემატება რამდენიმე მუხლი, რომლითაც სანქციები წესდება გარკვეულ დარღვევებზე. კოდექსში შესატანი ცვლილებებითა და დამატებებით გარკვეულ ქმედებებზე  იზრდება ჯარიმის ოდენობაც.

მაგალითად, მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებით, მათი ნაწილებით ან დერივატებით უკანონოდ ვაჭრობისათვის, ამიტომ კოდექსს ემატება 663  მუხლი, რომელიც აღნიშნული ქმედებისათვის ითვალისწინებს ჯარიმას კონფისკაციასთან ერთად. ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ეხება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის  ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, გარეულ ცხოველთა უკანონო დატყვევებას და სხვა.

კომიტეტის წევრებს წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ჰქონდათ და მათ პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური